ამ ავადმოსახსენიებელ
რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная
голова
ногам
покоя
не
дает-ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში
ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა,
ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ
გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და
ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ
წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე
ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად
საუბარი და...
ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ.
ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი
ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“,
სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი,
უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელექტრონული მუსიკით, რაც „ტერასის“ ფეისბუქგვერდზე
გამოქვეყნებული ფოტომასალითაც დასტურდებოდა.
სიმართლე გითხრათ,
შეიძლება ტენდენციური ვარ, მაგრამ მცხეთის ლაუნჯისგან ბევრს არ ველოდი, თუმცა „ფრენდების“
სელფები რომ მახსენდებოდა, ისე სოლიდურად, ისე მოდურად გამოიყურებოდა ეს ადგილი...
არ ვიცი, მე მათ ადგილას ფოტოგრაფიას პროფესიად გავიხდიდი და რეალობის ასე გალამაზებისთვის
კაი ფულსაც გავაკეთებდი. მოკლედ, რადგანაც ზაჰესი და პლატინის ქუჩა არაფერს გვეუბნებოდა,
ბევრის დასაცინი კი გავხდით, მაგრამ ჩავრთეთ ნავიგატორი და ძალიან ადვილად და სწრაფად
მივადექით მტკვრის სანაპიროზე გადმოკიდებულ ტერასიან, უზარმაზარ აივნიან და საკმაოდ
სიმპათიურ არც თუ ისე პატარა რესტორანს, რომელიც ერთი შეხედვით, არც ბარს გავდა და
არც ლაუნჯს.
შევედით ლუდის ბარის
სტილში მოწყობილ, ქვის კედლებიან და მასიური ხის ავეჯიან დახურულ დარბაზში, შემოგვეგებნენ.
ვუთხარით, სიმშვიდეში ჭორაობა და ყავა გვინდაო. დიდი ენთუზიაზმით ეგრევე პირველი სართულის
ლაუნჯი შემოგვთავაზეს. აივანზე გაგვიყვანეს, ტერასაზე გადაგვახედეს და: იცით, რა? წვიმდა,
სავარძლებზე ბალიშები დასველდა და მაინც ჩახვალთო? ბუნებრივია, მეორე სართულის აივანზე
შევაჩერეთ არჩევანი, სადაც ლამაზად მომრგვალებულ ნაწილში ერთადერთ დაკავებულ მაგიდასთან
ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი ქეიფობდა. არ ვიცი, ხმაურს მოგვარიდეს თუ რამე სხვა მიზეზი
იყო, ჩვენ წაგრძელებული აივნის მეორე უკიდურეს ნაწილში გვიკრეს თავი და ნაირ-ნაირი
ხინკლებით და ქაბაბ-მწვადებით გაძეძგილი მენიუ მოგვართვეს, რომელშიც ბერძნულ სალათას თუ არ ჩავთვლით,
ევროპული ვერაფერი ვნახეთ. „ცეზარი“, თუნდაც სოკოსი, ასე თუ ისე ამერიკულია და ანანასი მწვადი (რომელიც მიმტანმა
სულ არ იცოდა რა იყო და როგორც გაირკვა, არც ქონიათ), შეგვიძლია ეგზოტიკურად ჩავთვალოთ.
დიდხანს ვიქექეთ
თუ ცოტა, ზოგი არ ქონდათ (გვითხრეს, რომ ფასი რასაც არ აწერია არ აქვთ), ზოგიც მიმტანმა არ
იცოდა რა იყო, ბოლოს არჩევანი ისევ ბერძნულ სალათზე და სამეფო ხაჭაპურზე შევაჩერეთ. რაც
შეეხება დესერტს - ნუტელას ბლინსა და შოკოლადისა და ბანანის ბლინს შორის მდიდარი არჩევანითა
და ჩაროზით (ჩაროზში რა შედიოდა, არც მიმტანმა და არც მე ვიცი. ჩაროზი ხომ ქართულად დესერტს ნიშნავს) შემოიფარგლებოდა. თანაც როგორც გაირკვა ბლინი მხოლოდ საფირმო ქონდათ,
ორი სახის ჯემითა და ნიგოზით.
სანამ შეკვეთას
ვუცდიდით, აივნის მეორე ბოლოში კომპანია წამოიშალა, ახალგაზრდა, სკმაოდ სასიამოვნო
„წაკაიბიჭო“ მამაკაცი გამოეყო და ენერგიული ნაბიჯით გამოემართა ჩვენსკენ, როგორ მოგემსახურნენო?
საფირმო სალათა ან მწვადი ქოთანში შემოგთავაზესო? რომ გაიგო არაო, ყურით მოიყვანა
ახალგაზრდა ბიჭი, აშკარად მენეჯერი ახლავე შესთავაზე რა გვაქვს საფირმოო. იმან სალათიო.
რა არის მერე სალათშიო? ბალახიო. რა ღირს საათიო? 30 ლარო. მერე 30-ლარიან ბალახს აჭმევ ხალხს შე უბედუროო?... მოკლედ, ახალგაზრდა მამაკაცი „ტერასის“ მეპატრონე აღმოჩნდა,
როგორც დრომ გვიჩვენა, ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ძალიან ღელავს თავისი რესტორნის
ბედზე და დღედაღამ პერსონალის წვრთნაშია.
ეშველებათ რამე? დღევანდელი მონაცემებით,
მე მეპატრონის ადგილას აკაკი წერეთლის „გამზრდელს“ ბოლომდე არ წავიკითხავდი.
ყურადღებას არ გაკლებენ,
ყველა მიმტანი სათითაოდ მოდის 5-5 წუთის შუალედში, მაგრამ თეფშს არ გიცვლიან. მარტო
ლიმონათს რომ უკვეთავ ორ-ორი ჭიქა მოაქვთ, შენი ინიციატივით გამოცვლილი თეფშებიდან
ერთი მიაქვთ, მეორეს ტოვებენ. ორი დაცლილი ლიმონათის ბოთლიდან ერთი მიაქვთ, მეორეს ტოვებენ.
მენიუში შეტანილი კერძების „შინაარსის“ შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. არ ვამბობ გასინჯულიც
რომ უნდა ქონდეთ, აბა რანაირად უნდა მითხრან, მაგალითად რამე მწარეა თუ არა? სახეზე აწერიათ, რომ დაავალეს რაც შეიძლება მეტი დაგახარჯინონ, თორემ მკაცრადაც დასჯიან, შენ კი არაფერს უკვეთავ. მენიუში
შეტანილი კერძების უმრავლესობა რეალურად არ აქვთ. სამაგიეროდ არ არის მენიუში არც საფირმო
მწვადი და არც საფირმო სალათა, რომელიც მართლა რომ შემოგთავაზონ და დათანხმდე, წარმოიდგინეთ
რამხელა სიურპრიზი აღმოჩნდება სალათში გადახდილი 30 ლარი...
ცალკე თემაა მუსიკა,
რომელიც ჩვენს საპატივცემულოდ ბოლო ხმაზე ჩართეს. ქუთაისის მარშუტკით გიმგზავრიათ? თუ
არა, ვისაც უმგზავრია, კითხეთ და მიხვდებით. „სამი დალიე შეგერგება“ მოგვენატრა.
კიდევ მივალ? შემოდგომაზე,
რომ აგრილდება აუცილებლად - ხომ უნდა ვნახო რა არის ქოთნის მწვადი. ლაუნჯში? აღარასდროს. ისე, ისიც უნდა აღვნიშნო,
რომ ბერძნულ სალათში აშკარად იგრძნობოდა უხვად მოსხმული ცივად დაწურული სუგფთა ზეითუნის
ზეთის გემო და ყველიც ფეტა იყო. და არც ხაჭაპურს აკლდა ყველი.
სამზარეულო « « «
მომსახურება « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾
მისამართი: ზაჰესი,
პლატინის 1, ჯვრის მონასტრიდან პირველი ასახვევი
Comments
Post a Comment