Skip to main content

ამრა – აფხაზური სამზარეულო თბილისში


კეთილმოწყობილი, მშვიდი, სასიამოვნო გარემო.
სწრაფი და ზრდილობიანი მომსახურება.
კომპანია „მაქს. არეალისგან“ ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში მინიჭებული 2016 წლის „წლის საუკეთესო საოჯახო რესტორნის“ ტიტული.
უგემრიელესი, კარგად შეკმაზული აფხაზური და მეგრული სამზარეულოს კერძები. 
სწორად შედგენილი მენიუ კარგად გატკუცუნებული წიწილებითა და აფხაზური შაშხით.
უკვე თითქმის მოვიწყებას მიცემული სოხუმური ნაყინი, ქვიშაზე მოდუღებული სოხუმური ყავა... და საერთო დარბაზის შესასვლელში 90–იანი წლების პირველი კერძო რესტორნებისთვის ჩვეული და უკვე კარგახნის წარსულს ჩაბარებული სცენა -  წესით სტუმრისთვის განკუთვნილ მაგიდასთან საბუღალტრო დავთრებითა და სტაციონარული ტელეფონით გემრიელად მოკალათებული ადმინისტრატორი.
ასევე, 90–იანი წლებიდან შემორჩენილი რესტორნის მეპატრონის ახლობლების მაგიდა. რომელიც ცალკე კი არ დგას, ან რამე განსაკუთრებული კი არ აწერია. უბრალოდ, დაჯდომას თუ დააპირებთ, სხვაგან გადაგიყვანენ და სხვამ თუ დაიკავა ვინმემ, მაშინვე შენიშნავთ ახალმოსულების  სხვებისგან განსხვავებულ შინაურულ ქცევასა და მიმტაცების განსხვავებულად მოწიწებულ მომსახურებას.
თითქოს ყველაფერი კარგია, წესრიგშია – გარემო, სისუფთავე, მომსახურება, ფასები, აღარაფერს ვამბობ, მართლაც უგემრიელეს და საკმაოდ ბარაქიან კერძებზე. მაგრამ, არ ვიცი ზუსტად როგორ ვთქვა... აი, ძალიან 90–იანების პატარა და მანამდე უცნობ, კაპიტალისტურ გარემოზე ჯერ კიდევ ვერმორგებული ერთგვარად უხერხული, გამოუცდელი რესტორნების ატმოსფერო ტრიალებს ირგვლივ. თავისი, საჭოთა კავშირის ნგრევის მერე ახალგამოჩეკილი და ახალნაშოვნი ფულისგან ცოტა გათავხედებული თუ გათამამებული „ბიზნესმენებითა“ და მათი ახლობლებით. ალბათ სწორედ ამიტომ არ გტოვებს ბოლომდე უცხოობისა და დისკომფორტის შეგრძნება - რომ აქ შენი ადგილი არ არის.
მაგრამ ჩაიხედავ მენიშუში, მოგიტანენ შეკვეთას და ყველაფერი გავიწყდება. ხარბად ჩაასობ ჩანგალს საფირმო, უგემრიელეს, თავზე სულგუნდამდნარ, საკმაოდ მსუყე სოხუმურ კატლეტში და მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად მარილიანი კი არა, აშკარად მლაშეა ჭამ... ჭამ...ჭამ...ჭამ... ვერ წყდები. ვერ ძღები. ვერ ჩერდები და მერე რა, რომ თავში სულ ერთი ფრაზა გიტრიალებს: „ზედმეტ მარილც ფარშში ხორცის სიძველის დასამალად უშვებიან... ზედმეტ მარილს ფარშში ხორცის სიძველის დასამალად უშვებიან“... ისეთი გემრიელია, ისეთი მიმზიდველი, მაინც ჭამ... ჭამ... ჭამ... და ჭამ... სანამ კატლეტში „სკვაზნოიზე“ ჩაყოლებულ, დაახლოებით 15–სანტიმეტრიან თმის ღერს არ გადააწყდები....

თმა კალტლეტში


სამზარეულო ««
მომსახურება «««
კომფორტი «««
ფასები ₾ ₾ ₾ ₾

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

ფოთის ჯარგვალი

აჭარაში ან გურიაში რომ ხარ და კაცმა არ იცის რატომ, მეგრული საჭმელი მოგენატრება, სად უნდა წახვიდე? რა თქმა უნდა - ფოთში. მერე შვებულების განმავლობაში ნაჭამ მეგრულ საჭმელს რა ფასი აქვს ბუნებაში, მეგრულ ოდაში, ფაცხაში ან ჯარგვალში, ხის ტაბლაზე და კერიასთან ახლოს თუ არ მიირთვი. ჰოდა, სწორედ ასეთი ადგილია ასწლოვან ევკალიპტებში საგულდაგულოდ შემალული „ჯარგვალი“ მალთაყვაში, ზედ ფოთის შესასვლელთან. ოღონდ, არის ერთი პატრა პრობლემა:  გეფიცებით, თუ არ იცი სადაა და თვალებგაფაციცებული თუ არ ზიხარ მანქანაში, გზიდან ასე 20 მეტრზე შეწეულ და გარემოს იდეალურად შეხამებულ ეზოს, შანსი არაა, ვერ მიაგნებ. და, შესახვევთან თუნდაც პაწაწინა მაჩვენებლის დაყენება აგერ უკვე მერამდენე წელია, არავის მოსდის აზრად. განსაკუთრებულად მონდომებულები ისედაც აგნებენ - გაგიკვირდებათ და საღამოსკენ შეიძლება ადგილიც არ დაგხვდეთ. ეჰ. ადრე ყველაფერი კარგი ქონდათ, ახლა კი: ელარჯი, შემწვარი წიწილა, მეგრულად შეკმაზული კიტრი-პამიდვრის სალათა და მეგრული სულგუნი საკმაოდ კარგად ინარჩუნებს უწინდელ ხარისხს. შარშან, შარშანწინ და იმის წ