ძველი თბილისის იტალიური ეზოს იდილია:
სარეცხის თოკზე გაფენილი ჩითის კაბები.
ნაცნობ-მეგობრებსა თუ ძველმანების ბაზარზე საგანგებოდ
მოგროვებული და ახლა თავმომწონე დეკორაციებად ქცეული თითბირის ტაშტები, ფანჯრის დეკორატიული
გისოსები, იმიტირებულ აივანზე გასამზეურებლად გამოფენილი ნაირფერი საბნები და ფარდაგები,
ახლა უკვე ბარის მაგიდად ქცეული ძველებური
ლოგინის თავი, ცისფერ ცაზე მოლივლივე მერცხლებით
მოხატული ჭერი.
ფერად-ფერად
ფართლეულ გადაფარებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის მაგიდები.
აღმოსავლური სარდაფი ქვედა სართულზე და ზამთარ-ზაფხულ
ღია დასაჯდომი ტერიტორია მწეველებისთვის.
პირდაპირ გეტყვით: სარდაფში ჩასვლა არ მიყვარს. აღმოსავლურ
სტილში - ჭრელა-ჭრულა ხალიჩებით, დაბალ ტახტებზე დაყრილი სხვადასხვა ფერის, ფორმისა
და ზომის ბალიშებით გაფორმებულ ინტერიერს ერთი ძალიან დიდი ნაკლი აქვს. უზადოდ მოვლილი თუ არ არის, მრავალ სტუმარ ნაჯდომ-ნაწოლ-მინაყუდები
ბალიშები და ტახტის გადასაფარებლები ხალხმრავლობაში ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება და
ფაქტურიდან გამომდინარე, ერთგვარ სიბინძურის განცდას ტოვებს. და თან, ჩახუთული ჰაერი.
ასევე, თბილისური რესტორნების 90%-ის მსგავსად ადგილის ეკონომიის მიზნით მაგიდები ისე
ახლო-ახლოსაა მიდგმული, რომ ნახევრადწამოწოლილ უცხო ხალხს შორის მოუხერხებელ სავარძელზე უხერხულად წამოკოტრიალებულს
თავი რომაული ნადიმის მონაწილე გგონია. ვერ დაილაპარაკებ, ვერ მოისვენებ, აი, ზურგს
კი ნამდვილად იტკენ. რა თქმა უნდა, თუ არ გაგიმართლა და ერთადერთ ევროპულ მაგიდასთან არ მოხვდი.
სამაგიეროდ, ზედა სართულზე, თბილისურ ეზოში სიამოვნებით
დავდივარ.
რატომ?
მართლაც სასიამოვნო გარემოა და Althaus-ის უგემრიელესი ჩაიც აქვთ - ცივიც და ცხელიც. ჩაისთან აუცილებლად შეუკვეთეთ მურაბები, კარგი არჩევანი აქვთ.
საკუთარი ნამცხვრებიც გემრიელი აქვთ, ამიტომ არ დახარბდეთ და ვიტრინაში გამოფენილ „აზატოს“
ნამცხვრებს არ ეტაკოთ და ადგილზე გამომცხვარი ვაშლის ღვეზელი ან სხვა ნუგბარი შეარჩიეთ
მენიუდან.
სასიამოვნო სურპრიზი გელოდებათ ჩაის სახლში სადილობას
თუ გადაწყვეტთ. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სპაგეტი კარბონარა, სრულიად
დამაკმაყოფილებელი სალათა „ცეზარი“ და უგემრიელესი აღმოსავლეთევროპული ხორციანი კერძები.
ბერძნული მუსაკაც (ბადრიჯნისა და ხორცის მობრაწულა) იდეალური იქნებოდა, რომ არა ხორცის
ეკონომიის მიზნით თავზე მოსხმული ბეშამელის (თეთრი სოუსი) არარეალურად სქელი ფენა.
ძალიან უცნაურად და სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ გემრიელი
და არაქართული საჭმელი თუ მოგენატრათ, ჩაის სახლში წადით ოპერასთან.
ოღონდ, გაითვალისწინეთ: დაახლოებით ყოველ მესამე-მეოთხე
მისვლაზე ან შეკვეთა ავიწყდებათ საერთოდ, ან ძალიან აგვიანებენ მოტანას, ან ჯერ დესერტი
მოაქვთ და მერე საჭმელი. ერთი სიტყვით, ძალიან დაბნეული მიმტანები ყავთ. ოღონდ ყოველთვის
არა, კარგი და ცუდი დღეები აქვთ. და ცუდი დღე თუ დაგემთხვათ, მკაცრი გაფრთხილებაც კი
არ ჭრის, რომ ძალიან გეჩქარებათ, ან შიმშილით კვდებით. ზრდილობიანად გიღიმიან, თავს
გიქნევენ, გაიმედებენ და ამბავი არ მიაქვთ სამზარეულომდე. რამდენჯერმე გაირკვა, რომ
მიმტანებს საერთოდ არ ქონდათ გადაცემული შეკვეთა. ასეთ სიტყვაძვირ მესაიდუმლეს მიმტანად
კი არა, მეგობრად ინატრებდა კაცი.
მაგრამ იტალიურ ეზოში მირთმეული და პარმეზანდაუშურებლადმოყრილი კარბონარა ნამდვილად ღირს ამად.
სამზარეულო ««««
მომსახურება ««
კომფორტი «««
ფასები ₾ ₾ ₾
Comments
Post a Comment