ამ ბოლო დროს მართლაც კარგი და ხარისხიანი საცხობების გახსნის სასიხარულო ტენდენცია
შეინიშნება ჩვენს ქალაქში. „ბელას“ ტორტებისა და „მადას“ იაფფასიანი და საკმაოდ დაბალი
ხარისხის მასმარკეტის პროდუქციის ფონზე აშკარად გამოკვეთილ და შედეგად, უნამუსოდ ფასებამაღლებულ
„ანტრეს“ უკვე ბევრი ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა.
მათ შორისაა ფრანგული „პოლიც“, რომელიც 1989 წლიდან არსებობს და მსოფლიოს
30-მდე ქვეყანაში 500-ზ მეტი ფრანშიზა აქვს გახსნილი. ერთი სიტყვით, როგორც იქნა ჩვენც ჩავეწერეთ
ევროპასთან მიახლოებული თუ დაახლოებული ქვეყნების სიაში და აბაშიძეზე, ყოფილი კინო
„ყაზბეგის“ ადგილას, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი „პოლის“ ფიალიალი გაიხსნა.
სუფთა, სასიამოვნო გარემო, სწრაფი მომსახურება, მწეველთა და არამწეველთა
დარბაზები და უგემრიელესი ასორტიმენტი. ერთადერთი რამაც მადა შეიძლება დაგიკარგოთ,
შესასვლეთან გაჩერებული სარკესავით პრიალა, მონიკელებული „მერსედესია“, რომელიც პარკინგის საათების ხანგრძივობით
თუ ვიმსჯელებთ, აშკარად მეპატრონეს ეკუთვნის. არა რა, არ შეიძლება კარგ მანქანას ასეთი
შეურაცხყოფა მიაყენო, მერე რა რომ ფული გაქვს, კოლუმბიელი ნარკობარონი ხომ არ ხარ? ეს ლირიული გადახვევა იყო და ახლა ისევ საქმეზე:
რა შეიძლება გასინჯოთ? უგემრიელესი ქათმის, კრევეტენის, თინუსის და, არამხოლოდ, ტარტები და ტარტინები,
ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი სალათის ბარაქიანი პორციები, გემრიელი სუპები (მომიტევეთ,
ვიცი რომ ქართულად ასე არ ქვია, მაგრამ სიტყვა „სუფი“ ყურს მჭრის და წერის ხალისს მაკარგინებს),
ქათმის რულეტი გოგრის პიურესთან ერთად, სხვადასხვანაირი სტეიკები და ადგილზე დამზადებული ლიმონათი, რომლის ერთადერთი ნაკლი
ისაა, რომ გემო ყოველ ჯერზე ეცვლება. ხან მეტი პიტნა აქვს, ხან ნაკლები ლიმონი და ა.შ.
ალბათ იმ მომენტისათვის მარაგში არსებული პროდუქტის რაოდენობიდან გამომდინარე. პრინციპში ძალიან მაგარი
აქვთ შებოლილი იხვის სენდვიჩიც, მაგრამ მე რომ შევუკვეთე, როგორც ჩანს ქართველი რესტორატორებისათვის
ჩვეულმა მომჭირნეობა იჩინა თავი და საცხობში, სადაც პურს ადგილზე აცხობენ, სენდვიჩი
წინა დღის პურით მომიტანეს. შიმშილს რა ვუთხარი, თორემ რაც მე ვიწვალე - ვიჯექი და რეზინადქცეულ პურის ბაგეტს კბილებჩასობილი ორივე ხელით ვექაჩებოდი, რომ მომეკბიჩა.
დესერტებიდან გვერდს ნუ აუვლით უნაზეს, ჰაეროვან ჟოლოს შარტლოტს და გიგანტურ მაკარონებს, უკაცრავად მააკააღუუნებს,
როგორც იქაური მიმტანები ეძახიან ფრანგულ ყაიდაზე. თუმცა, იმათ არ ვეტყვი, მაგრამ თქვენ
გაგიმხელთ, რომ ფრანგულ კულინარიაში ორი განსხვავებული ნამცხვარი არსებობს
- მაკარონი და მაკარუნი. პოლში მაკარონებს აცხობენ. პროფესიონალმა მცხობელმა წესით
კი უნდა იცოდეს რას აცხობს, მაგრამ მაგათზე ბევრად მცოდნე კულინარებსაც უჭირს ამ პატარა
ნიუანსში გარკვევა და ამიტომ ეს უმნიშვნელო შეცდომა ვაპატიოთ. მით უმეტეს, რომ აქვე
შეგიძლიათ გასინჯოთ საკმაოდ ნორმალური ყავის და შოკოლადის ორამაგი შუ, ანუ რელიჟუსები, ეკლერები, შტრუდელი,
ელზასური და ჩვეულებრივი ფლანები და კიდევ ბევრი გემრიელობა.
რას არ გირჩევთ? ულამაზეს და უგემრიელეს შიგთავსიან ტარტალეტებს, რომლებსაც ნაზი, ფხვიერი ცომის ნაცვლად ფრანგულ საკონდიტროს ნამდვილად რომ არ ეკადრება
ისეთი მაგარი ძირი აქვთ. ტარტალეტის გასინჯვას მაინც თუ გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ,
რომ თითქმის რკინა-ბეტონად ქცეულ ცომთან კოვზით ცხარე ომის და რაკარუკის გამართვა მოგიწევთ. არ მომეწეონა შოკოლადის ჩიზქეიქიც, რომელსაც ნაღების ყველის ნაცვლად აშკარად ხაჭოს მომჟავო გემო აქვს.
ერთი სიტყვით, თბილსს კიდევ ერთი ნამდვილად კარგი ობიექტი შეემატა.
ნაღების ყველის ნაცვლად ხაჭო და ძველი პური რას შეგვაშინებს, ეგეთები აგვიტანია?
ნაღების ყველის ნაცვლად ხაჭო და ძველი პური რას შეგვაშინებს, ეგეთები აგვიტანია?
სამზარეულო «««
მომსახურება «««
კომფორტი «««
ფასები ₾ ₾ ₾ ₾
მეც მომიტანეს მანდ ძველი კრუასანი
ReplyDelete