Skip to main content

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე.
არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესია, მაგრამ „პერო“ რესტორანიც არაა და სწორედ ხინკალი და ქაბაბია იქაური სპეციალიზაცია. და, მეორე, რესტორნის წინ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ბევრი მანქანა დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი თუ დადის, საჭმელიც ნორმალურია.
მოკლედ, ინტერიერი სუფთა, კომფორტული, მსგავსი ადგილისთვის იშვიათი, კარგი ვენტილაციით - საჭმლის და სიგარეტის სუნი არ გახრჩობს. ფართო, ნათელი დარბაზი, მაგიდებს შორის ნორმალური მანძილით - თავი მეზობელს სუფრაზე არ გგონია და სხვების დიალოგებით არ ტკბები.
მენიუ... ჰო, აქ ცოტა ცუდად გვაქვს საქმე - ცელოფნის ფაილებიან ყდაში ჩასმული „ვეფხისტყაოსანი“ კერძების უსასრულო ჩამონათვალით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამზარეულოში კერძების უმრავლესობა წინასწარ მზადდება, ძალიან გრძელი მენიუ ყოველთვის იმაზე მეტყველებს, რომ შემოთავაზებული საჭმლის დიდი ნაწილი ყოველთვის ვერ იქნება ახალმომზადებული. კაი, ვთქვათ, ფხალეული წინა დღის ჯობია, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ საკმაოდ ხალხმრავალ რესტორანში თუნდაც მარტო 10-12 სახეობის სალათის ინგრედიენტების ყოველ დღე ახლიდან მოხარშვა, შებრაწვა, დაჭრა და ა.შ. აღარ ვლაპარაკობ სხვა კერძებზე. ნუ, ხინკალი და ხაჭაპური არაა პრობლემა, რამდენი ვარიანტიც არ უნდა ქონდეთ, ყველა ერთ "თარგზე" მზადდება.
ეს რაც შეეხება მენიუს შინაარსს, გარეგნობა კიდევ უარესი: ფურცლებზე გადაკრულ ცელოფანს ჭუჭყის სქეეეეელი, სქეეეეელი ფენა ადევს. ერთი სიტყვით, მენიუს დათვალიერების მერე ხელის დაბანა მიგიწევთ. საბედნიეროდ, აქ მთავრდება უარყოფითი შთაბეჭდილებები და იწყება ყველაფერი კარგი.
მომსახურება სწრაფი. ზრდილობიანი, მომღიმარი მიმტანები, რომლებიც თბილისის ბევრი ელიტარული და საკმაოდ ძვირადღირებული რესტორნის პერსონალისგან განსხვავებით, ისეთ რთულ დავალებებსაც კი ართმევენ თავს, როგორიცაა მთლიანი შეკვეთის ერთდროულად მოტანა. მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთის უჩვეულობით გაოცებულ მიმტანს საკმაოდ დიდხანს ვუხსნიდით, რატომ გვინდოდა სუპ-ხარჩო და ხინკალი ერთად და ჯერ სუპი და მერე ხინკალი არა (მე ხინკალს ვჭამდი, მეგობარი -  ხარჩოს), შეკვეთიდან დაახლოებით 15-20 წუთში მაგიდაზე ზუსტად ერთდროულად გაჩნდა სუპი, ხინკალი, იმერული ხაჭაპური, ლიმონათი და პურიც კი. ახლა არ მითხრათ, რომ ხშირად არ გქონიათ შემთხევა, როცა ჯერ კერძი მოაქვთ და მერე კარგახანი ელოდებით ლიმონათს ან პურს. ანუ ცხვირწინ დადებული კერძი გიცივდებათ და ზიხართ და მისატანებელს უცდით. 
სუპ-ხარჩო - გემრიელი, ბარაქიანი პორცია, ხორცის რამდენიმე, ერთი შეხედვით, საკმაოდ მსუყე ნაჭრით. თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ძვალი და ხრტილი უფრო მეტი იყო, ვიდრე ხორცი. არა, სუპი და მით უმეტეს, სუპ-ხარჩო გემრიელი რომ გამოვიდეს, ძვლიანი ხორცია საჭირო, მაგრამ ის ძვალი მერე სამზარეულოში რჩება და კლიენტის მათლაფაში არ უნდა მოხვდეს. ჰო, თვითონ ხარჩოც ოდნავ გრილი იყო, მაგრამ მოდით, შეკვეთის უჩვეულობას მივაწეროთ, მთლად ასე ზუსტად ვერ გამოზომეს ხინკლის მოხარშვის, ხაჭაპურის გამოცხობის და სუპის შეცხელებისთვის საჭირო დრო.
იმერული ხაჭაპური - უგემრიელესი, ყველთ გაძეძგილი, ღუმელში გამომცხვარი თავზე გადასმული კვერცხით. მეტყვით, ღუმელში თუ აცხობენ და თავზე კვერცხს უსვამენ ეგ რა იმერული ხაჭაპურიაო. ვიცი ბატონო, რომ არაა, მაგრამ გემრიელი ხომაა? მოდით, თბილისური ხაჭაპური ვუწოდოთ, მით უმეტეს, რომ თბილისის რესტორნების უმეტესობაშიც ზუსტად ასე იქცევიან, ერთი ხაჭაპური აქვთ და ზემოდან ყველის გარეშე იმერულს ეძახიან და ზემოდან ყველით - მეგრულს.
ქალაქური ხინკალი - გემრიელი, ზომიერი, კარგად შესუნელებული. გადამრიე, არა, მაგრამ ძალიან ნორმალური. აი, სულ ცოტათი მეტი წვენი რომ ქონოდა, სულ ცოტათი გრძელი „ხვრიიიიპ“ რომ გამოდიოდეს... მაგრამ, სამაგიეროდ თეფში გექნებათ სუფთა. ჰო, სახინკლეების უმრავლესობაში, თუ შეგიმჩნევიათ, ხინკალს კუჭები აქვს უმი. კარგ ხინკალს კუჭიც მოხარშული უნდა ქონდეს, ეგებ ცომის ჭამა მიყვარს. ჩვენ კი ვიცით, რომ ზედმეტად დიდი და მოხარშვას რომ ვერ ასწრებს ის კუჭი, ჩვენი ჯიბის და თვალის მოტყუებაზეა გათლილი, მაგრამ მაინც. "ბეღელში" ხინკლის კუჭიც მოხარშული იყო.
და, მთავარი, მაგიდაზე დარჩენილი ხინკალი და ხაჭაპური კონტეინერებში მზრუნველად ჩაგვიწყვეს, კონტეინერები ცელოფანში ჩაგვილაგეს და სახლში გამოგვატანეს, საღამოს ისევ მოგშივდებათო...

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾ ₾

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე