კიდევ ერთი კარგი
და საინტერესო ადგილი თბილისში -
ფეხის და კისრისმოსამტვრევი
შესასვლელით - პირდაპირ კიბეზე შედიხარ. სარდაფში მწეველთა და მიწის ზედაპირზე არამწეველთა
დარბაზებით. სასიამოვნო გარემო, მარტივად, მაგრამ ეფექტურად გადაწყვეტილი ინტერიერით.
მოკლე და შინაარსიანი მენიუ აქაოდა ძველებური ყაიდის,
ზოგი კარგად მოძიებული და გათანამედროვებული და ზოგიც კარგად ნაფიქრი და მოგონილი ახალი
ქართული კერძებით. მომსახურება ნორმალური, გულთბილი მაგრამ ქართული ხუშტურებით. კერძის
მოლოდინიში დროის გასაყვანად საგანგებოდ შექმნილი ერთჯერადი მაგიდის გადასაფარებლები "ქალაქობანას" და „კრისტიკ-ნოლიკის“ სათამაშო ცხრილებით, რომლებიც პასტასთან ერთად მოაქვთ
და თაროებზე გამოფენილი საბჭოთა პერიოდის სათამაშოები.
რაც მთავარია, ადგილი
რომელიც ტურისტებზე და მათ შორის ადგილობრივ ტურისტებზე, ანუ ქართველებზეც სწორადაა
გათვლილი. არ უნდათ, ბატონო, უცხოელებს კაცმა არ იცის საიდან მოტანილი პიცისა და თითიდან
გამოწოვილი ბეფსტროგანოვის ჭამა, რომელსაც ბუსტრუგუნიდან დაწყებული და ბიფსტროგანოვით
დამთავრებული რას არ ეძახიან სხვადასხვა რესტორნებში. ისინი საქართველოს და ქართული
სამზარეულოს გასაცნობად ჩამოდიან და ქართველებსაც ძალიან გვიყვარს, მაგრამ მაინც მოგვწყინდა
ყველგან ერთ თარგზე გამოჭრილი ხაჭაპური, ხინკალი და ქაბაბი.
აქ შენზე იზრუნეს,
შეწუხდნენ, რა მოეწონებაო - დაფიქრდნენ. ნაცნობ-მეგობრების და ბიცოლა-ბებიების კარგად
ნაცად რეცეპტებთან ერთად იუმორიც მოიშველიეს და მოიგონეს: იხვის ტოლმა, კომშში ჩაშუშული
ხბოს ხორცი, "ბროწლის წვენ" მოწუწული მწვადები, ხაჭაპური კეცზე, თაფლა გოგრის სალათა,
სხვადასხვა ჯურის შეჭამანდები... და „მაჭამე რამეს“ რუბრიკაში გაერთიანებული ბოსტნეულის,
რძის ნაწარმისა და ხორცეულის დაფები.
მენიუს კულინარიაში
კარგად გარკვეული მოყვარულის ან კულინარიულ სასწავლებელში ბეჯითი, მაგრამ ჯერ ახალბედა
პროფესიონალის ხელი ეტყობა. კონცეპტუალურად და შინაარსით ყველა კერძი სწორადაა მოფიქრებული,
მაგრამ უმეტესობას იდეალურობამდე რაღაც სულ პატარა, პუნწკლი ნიუანსი აკლია. აი, სულ
ოდნავ, სულ ცოტათი სქელი რომ იყოს კომშთან ერთად ჩაშუშული ხბოს ხორცის საოცრად არომატული და უგემრიელესი სოუსი... მოკლედ, ყველაფერი ერთნაირად გადასარევია-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ცუდი
არც ერთი არაა. ზოგი კარგია, ზოგი უკეთესი.
მაგალითად: რძის პროდუქტების დაფაზე, რომელიც
ორი სახეობის ყველის (სულგუნი და ჭყინტი), მჭადისა და შოთის, წიწაკიანი კახური ზეთის,
აჯიკიანი და კიტრიანი მაწვნისა და ლეღვისჩირიანი და თხილიანი ნადუღისგან შედგება, ყველაფერი
ერთნაირად გემრიელი არაა, მაგრამ ერთიანობაში ყველა კარგია. უგემრიელესია დაფის ყველაზე უბრალო
ნაწილი - კიტრიანი და სუნელებიანი მაწონი და ჭადი ყველით. აჯიკიანი მაწონი ისე რაა
და წიწაკიანი ზეთი, უბრალოდ სოუსი მოვალეობას ასრულებს. დაფის ყველაზე ძვირიანი და ნაფიქრი კომპონენტი
- ნადუღი ლეღვის ჩირით და თხილით კი... დააკვირდით რა მადისაღმძვრელად ჟღერს? ყველაზე
უგემურია. რაღაც აკლია, რაღაც ჭირდება, რომ ყველა გემო გამოიკვეთოს და სიმფონიასავით შეიკრას. ან
მარილი, ან პილპილი, ან სიცხარე ან სამივე ერთად და ჯავზის კაკალი... მოკლედ, რაღაც
გემოს დამატება უნდა და სასწაული გახდება.
პორციებია მსუყე,
ფასები კარგი, გემოთა შეთანხმებები საინტერესო. მზარეულმა აშკარად კარგად იცის, რომ
საჭმელს კონტრასტული გემოს გარდა განსხვავებული ტექსტურაც ჭირდება და კერძებში საკმაოდ
კარგადაა შეხამებული ტკბილის (კომში, გარგრის და ლეღვის ჩირები), მჟავესა (კოწახური,
შინდი, ბროწეული) და ცხარეს (წიწაკა, პილპილი), რბილისა (მოთუშული ხორცი, ბოსტნეული
და ხილი) და ხრამუნას (მოხალული თხილი, ნიგოზი,
ნუში) ბალანსი.
განსაკუთრებული
პოპულარობით სარგებლობს დესერტები: გამომცხვარი ვაშლი ჩირით და ნიგვზით, მოთუშული კომში
ტკბილი ნადუღით, მსხლის ფელამუში და ხაპის ტკბილი. ერთი სიტყვით, ის დესერტები, რომლის
მომზადებასაც დიდი ოსტატობა არ უნდა, მაგრამ კარგი და ხარისხიანი პროდუქტი თუ არ გაქვს,
არაფერი გამოვა.
სახლში გემრიელად,
სიყვარულით მომზადებული კერძები და შინაური, არაოფიციალური ატმოსფერო თუ გიყვართ, ეს
ადგილი თქვენთვისაა. ამიტომ ნუღარ ატეხთ განგაშს, რომელიმე კერძზე კოვზი თუ დაავიწყდებათ,
ან ადგილზე მოუდღებული კომპოტის ნაცვლად იქვე დაწურულ ლიმონათს თუ მიიღებთ (ორივე კარგია).
ეს არაა საქეიფო რესტორანი, აქ საჭმელად და საღამოს მშვიდ საუბარში გასატარებლად დადიან.
სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾
₾
მისამართი: თბილისი,
დავით აღმაშენებლის გამზ. 23 (ახალი ტიფლისი)
Comments
Post a Comment