როგორია
„რეტრო“? ზუსტად ისეთი, ქართველების წარმოდგენაში როგორიც უნდა იყოს ტიპური
სწრაფი კვების ობიექტი - რაღაც საშუალო ტრადიციულ სახინკლესა და სასადილოს შორის,
ცოტა უკეთესი სუნით. მასიური ხისგან გამოთლილი უხეში მაგიდები და სკამები, ხით
მოპირკეთებული კედლები და ინტერიერი, რომელიც არაფრით გამოირჩევა მთელ
საქართველოში მიმოფანტული უამრავი მსგავსი ტიპის დაწესებულებებისგან.
სიმართლე
გითხრათ, ახლა ვფიქრობ, ვფიქრობ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირად დავდივარ,
იმდენად ტიპურია ყველაფერი, რომ ინტერიერის რაიმე კონკრეტულ დეტალს ვერ ვიხსენებ.
ამიტომ „რეტროს“ ფეისბუქგვერდს მივმართე და სასიამოვნოდ გაოცებული
დავრჩი, და ობიექტურობის გამო აუცილებლად უნდა დავწერო, რომ თურმე სადღაც ფართო,
ნათელი და თანამედროვე სტილის დერმატინგადაკრულ, რბილ სკამებიანი ფილიალიც ქონიათ.
სამ „რეტროში“ ვარ ნამყოფი: თბილისში, ქობულეთსა და ბათუმში: ღმერთი-რჯული მსგავსი
არსად არაფერი შემხვედრია. არადა, გვერდი სწორედ მსგავსი ფოტოებითაა სავსე ამიტომ
იმედს ვიტოვებ, რომ სადღაც (სავარაუდოდ თავისუფლების მოედანზე) ნამდვილად არსებობს ასეთი "რეტრო". თუმცა, ხის უხეშ სკამებს თავისი
დანიშნულება აქვს - დიდხანს ვერ დაჯდები. მსგავს ადგილას საჭორაოდ და გასართობად არ
დადიხარ, უნდა ჭამო, ადგე და წახვიდე.
მომსახურებაც
ტიპური: შეძლებისდაგვარად სწრაფი და ყურადღებიანი, გადაჭედილი დარბაზის ფონზე.
მიმატანები ისე დარბიან, რომ თქვენთან ზედმეტი ცერემონიებისთვის და პრეტენზიების
მოსასმენად უბრალოდ არ ცალიათ.
ატმოსფერო
- გადაჭედილი, ზუზუნი, გუგუნი და დანა-ჩანგლის საქმიანი ჩხაკუნი.
მენიუ
- „მაჭახელას“ მენიუს ანალოგი. იმერული და მეგრული ხაჭაპურები, ქართული ყაიდის
პიცები, საკმაოდ ბარაქიანი და გემრიელი სალათები, სხვა ტრადიციული კერძები,
აჭარული სტილის ლობიანი წიწაკის მწნილით და რა თქმა უნდა, საფირმო კერძი - გიას
ცომგაცლილი ხაჭაპური.
ქართული
სამზარულო იმდენად ნელა ვითარდება (ბაბუაჩემი რასაც ჭამდა ახალგაზრდობაში, იმას
ვჭამთ დღესაც), რომ ნებისმიერ სიახლეს და მით უმეტეს კარგს მივესალმები. არა,
მოვიტყუე, ნებისმიერს ვერა: ვარდისფრად და ცისფრად შეღებილი ხინკალი და კუჭში ჩათხრილი საწუპავი
ნამდვილად კატასტროფაა, მაგრამ გია აგირბას მიგნება, აჭარული ხაჭაპურისთვის ცომი
გამოეცალა, მართლა ძალიან მაგარია. ნეტავ, ბევრი გიასნაირი ყავდეს საქართველოს.
მოკლედ, აჭარული
ხაჭაპუი თუ გიყვართ, მიდით „რეტროში“ და მიირთვით მისი პატარა, საშუალო, დიდი, გიგანტური
და სულაც უკიდეგანო, გნებავთ ცომგაცლილი და გნებავთ ტრადიციულად ცომიანი ვარიანტი.
როგორია?
ბევრი
ყველით, ზუსტად ისეთი ჭყინტით, ხაჭაპურში რომ უნდა იდოს.
კარგი
ცომით.
კვერცხით,
„კოდას“ ქათმები რასაც დებენ ისეთით, მეტი არჩევანი არ გვაქვს.
კარაქით...
ნამდვილი კარაქი დახატავდა, მაგრამ „რეტროს“ კლასის დაწესებულებას რა უნდა
მოთოხოვო, როცა ხარისხიანი კარაქი საქართველოში სახლისთვისაც სანთლით საძებნელი
გახდა.
და, წადით აუცილებლად მშიერი, ყველაზე პატარა ბაჭაპურიც კი ძალიან მსუყე და დიდია!
სამზარეულო
« « «
«
მომსახურება
« « «
კომფორტი
« « «
ფასები
₾ ₾ ₾
Comments
Post a Comment