აჭარაში ან გურიაში
რომ ხარ და კაცმა არ იცის რატომ, მეგრული საჭმელი მოგენატრება, სად უნდა წახვიდე? რა
თქმა უნდა - ფოთში. მერე შვებულების განმავლობაში ნაჭამ მეგრულ საჭმელს რა ფასი აქვს
ბუნებაში, მეგრულ ოდაში, ფაცხაში ან ჯარგვალში, ხის ტაბლაზე და კერიასთან ახლოს თუ
არ მიირთვი. ჰოდა, სწორედ ასეთი ადგილია ასწლოვან ევკალიპტებში საგულდაგულოდ შემალული
„ჯარგვალი“ მალთაყვაში, ზედ ფოთის შესასვლელთან. ოღონდ, არის ერთი პატრა პრობლემა: გეფიცებით, თუ არ იცი სადაა და თვალებგაფაციცებული თუ არ ზიხარ მანქანაში, გზიდან
ასე 20 მეტრზე შეწეულ და გარემოს იდეალურად შეხამებულ ეზოს, შანსი არაა, ვერ მიაგნებ.
და, შესახვევთან თუნდაც პაწაწინა მაჩვენებლის დაყენება აგერ უკვე მერამდენე წელია,
არავის მოსდის აზრად. განსაკუთრებულად მონდომებულები ისედაც აგნებენ - გაგიკვირდებათ და საღამოსკენ შეიძლება
ადგილიც არ დაგხვდეთ.
ეჰ. ადრე ყველაფერი
კარგი ქონდათ, ახლა კი: ელარჯი, შემწვარი წიწილა, მეგრულად შეკმაზული კიტრი-პამიდვრის
სალათა და მეგრული სულგუნი საკმაოდ კარგად ინარჩუნებს უწინდელ ხარისხს. შარშან, შარშანწინ
და იმის წინ ხაჭაპურიც კარგი ქონდათ, კუპატიც და მეგრული შაშხიც. წელს მთელი სამეგრელოს
მასშტაბით თავისმომჭრელი ხაჭაპური გამოგვიცხვეს. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე რომ
არ უქნიათ არც ერთხელ ისეთი. მეგრულ ხაჭაპურს რომ ეკადრება ისეთი ყველი ზემოდან კი არა,
შიგნითაც არ იდო, ცომი კი იყო ისეთი თხელი და გადამჟავებული იყო რომ, ფქვილის ნამცეცები ერთმანეთს
ებღაუჭებოდნენ, რომ არ დაშლილიყო. თან წაღება ვცადეთ და 200 მეტრში სასტუმრომდე არ
მიგვყვა - დაიტკეპნა, დაიზეპა და დაიფშვნა.
სამეგრელოში თავის
ვერგამოსაყოფი იყო ქონის ნაჭრებით, ღვიძლით და ფილტვით დატენილი ვითომ მეგრული კუპატიც.
არადა, მეგრული კუპატის თავისებურება სწორედ ისაა, რომ შიგნით ღვიძლს, გულს, ფილტვს
და სხვა მაგარფაქტურიან შიგნეულს არ დებენ. კრაწუნა კანში მოთავსებული შიგთავსი ენაზე
უნდა დნებოდეს და სუნელების არომატით გაბრუებდეს.
ისედაც ერთ თაბახის
ფურცელზე ერთ რიგად დატეული მენიუდან აღარ ქონდათ მეგრული შაშხი და მეგრული ხარჩო,
ეგ ზამთრის საჭმელებიაო... ჰო, რაც შეეხება მენიუს და მომსახურებას: სამზარეულო საკმაოდ
სწრაფია. სანამ სხვები სამზარეულოში ტრიალებენ, ერთი შუახნის ქალი, გამწარებული დარბის
მაგიდასა და მაგიდას შორის. თქვენს შერჩეულ მაგიდას ეზოს ნებისმიერ ნაწილში გადაგიტანთ და თეფშებსაც კი გამოგიცვლით კუპატსა და ქათამს შორის. მენიუ ერთი ცალი აქვთ, ფაილში ჩადებული, მრავალჭირნახული
და უკვე გვარიანად გაცვეთილი ამოპრინტერებული და მერე ფანქრით და პასტით "რედაქტირებული" თაბახის ფურცელი. ასე, რომ ჯობია
არ მოითხოვოთ, ბევრი მაინც არაფერი წერია.
არ ვიცი, პატრონი
შეიცვალა თუ ერთჯერადი შემსვლელები რომ ვიყავით იმიტომ დაგვიბრიყვეს ასე, ან დღე (უკაცრავად, დღეები - ორჯერ ვიყავით) ქონდათ
განსაკუთრებულად ცუდი... ყველაფერი ხდება ხოლმე. ამდენი წელი კარგები იყვნენ და ახლა
რა ეტაკათ, მართლა არ ვიცი. თანაც შეუძლებელია ასეთ ხაჭაპურს აცხობდნენ იქ სადაც ამდენი
ადგილობრივი დადის. ერთი სიტყვით, ძალიან მწყდება გული კიდევ ერთი კარგი და მრავალნაცადი
ადგილი რომ ფუჭდება.
სამზარეულო « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾ ₾
მისამართ: ფოთი,
გურიის ქუჩა 220, მალთაყვის უბანი
Comments
Post a Comment