რა
არის ტიფლისურ „სიცილიაში“ სიცილიური? მხოლოდ სახელი. ლაუნჯ-ბარი რატომ ქვია? ალბათ
ნათლიამაც არ იცის.
პაწაწინა,
კოხტა კაფე, შიგნით სამი თუ ოთხი მაგიდით, მაგრამ გარეთ კარგად მოსაჯდომი სავარძლებით,
სიცილიურობის და ლაუნჯობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ზოგადად საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას
ტოვებს. ერთი შეხედვით კიდევ უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება პერსონალი, რომელიც თავს არ ზოგავს თქვენს
შიგნით შესატყუებლად. აქებენ და ადიდებენ მენიუს. რაც არ აქვთ, დაგპირდებიან, რომ ძალიან
მალე ექნებათ. სიამაყით მოგიყვებიან, რომ თვითონ მზარეული თუ არა, მისი უახლოესი მეგობარი
მაინც ცხოვრობდა იტალიაში წლების მანძილზე და ამიტომ ყველაფერი ეხერხება. ერთი ბეწო
ოთახის ჩახუთულობაზე და სუნზე თუ დაიწუწუნებთ, საკმაოდ ხმაურიან გამწოვსაც ჩართავენ, თუმცა ლაპარაკში
გაერთობით თუ არა, მალევე გამორთავენ.
გვერდით ოთახში გახაზირებულ სამზარეულოს
ქუჩის კედელი მთიანად მინის აქვს. ამიტომ მართლა ძალიან სახალისოა, ამ სიტყვის პირდაპირი
მნიშვნელობით, ვიტრინაში გამოფენილ, საქმეში გართულ და პიცის ცომთან მოფუსფუსე ლოყებღაჟღაჟა ახალგაზრდა მზარეულზე
დაკვირვება. მაგრამ ეს პროცესი მხოლოდ ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან ჩანს კარგად და თვითონ
კაფის სტუმრებისთვის, სამწუხაროდ, მიუწვდომელია.
ახლა
რაც შეხება მენიუს: მიუხედავად იმისა, რომ აბრაზე წარწერით სუფთა სიცილიურ სამზარეულოს
გვპირდებიან, საკმაოდ მწირია დ არც ერთი ცნობილი სიცილიური კერძი არ არის. კიდევ უფრო
ცნობილი იტალიური კერძების სახელები კი შეცდომით წერია. მაგ: კვადრო ფორმაჯო (უნდა
იყოს: კვატრო ფორმაჯი), სიცილია კლასიკი (უნდა იყოს: სიჩილია კლასიკა) და ა.შ.
პიცა
იყო ძალიან ჩვეულებრივი. პურის ცომზე გაკეთებულ „მარგარიტას“ (უნდა იყოს „მარგერიტა“)
თავისი სამად-სამი ინგრედიენტიდან, პამიდვრის სოუსი, ყველი და ბაზილიკო, ერთი - ბაზილიკო
- აკლდა. ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ სიცილიურ პიცასთან შედარებით... სიცილიური
პიცა იცით როგორია? აი, როგორც ნამდვილი მეგრული ხაჭაპური სამეგრელოში. ოთხი ყველის
(კვატრო ფორმაჯი) პასტაც "ისე რა" იქნებოდა, საშინლად მლაშე რომ არ ყოფილიყო. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს,
რომ სოუსის ზედმეტი სიმლაშე ზუსტად იმ ქართული მარილიანი ყველის ბრალი იყო ოთხი სახეობის
იტალიური ყველი რომ ჩაანაცვლეს.
პერსონალის
ინტერესიც თქვენდამი შეკვეთის მიცემის პარალელურად კლებულობს. კი კითხულობენ როგორ
მოგეწონათო, მაგრამ პასუხს აღარ უსმენენ, არ აინტერესებთ. არ ვიცი, გამოუცდელობის ბრალია
თუ რამე სხვა მიზეზიც არსებობს, ორი მაგიდა თუ გაივსო, მესამეს ვეღარ აუდიან უკვე.
მართლა
იპოვით ახალ ტიფლისში სიცილიას? ვერა. უფრო მეტიც, კედელზე გამოკრულ უზარმაზარ პანორამაზეც
კი სიცილიის ულამაზესი ხედების ნაცვლად ჩრდილოეთ იტალიის, ლიგურიის პატარა
დასახლების ჩინკვე ტერეს ფოტოა აღბეჭდილი. ერთადერთი ნათელი მომენტი ისაა, რომ სიცილიური მუსიკაც არ აქვთ ჩართული - მართლა საშინელია მოსასმენია.
სამზარეულო
«
მომსახურება
« «
კომფორტი
« «
ფასები
₾ ₾ ₾ ₾
მისამართი:
თბილისი, აღმაშენებლის 38, ახალი ტიფლისი
Comments
Post a Comment