2000-იანი
წლების მოდური რემონტი, 2000-იანი წლების მოდური მენიუ, 2000-იანი წლების მოდური ატმოსფერო
- აი, რა დაგხვდებათ „კანაპეში“. სტაბილურად კოხტა, სტაბილურად მოვლილი, სტაბილურად
ხალხმრავალი, მაშინ როდესაც 2000-იანი წლების კიდევ უფრო მოდური და პოპულარული „ყავის
სახლისა“ და „ლიტერატურული კაფის“ სახელი კი არა ძვლებიც აღარ არის დარჩენილი.
საჭმელი...
რა გითხრათ? კედელზე გამოკრულ დაფაზე ჩამოწერილი საკმაოდ ამბიციური დღის კერძებისა
და სალათების მიუხედავად - პიცა, ძალიან ისე
რა, 2000-იანი წლების კლასიკა პურის ცომზე, ჯერ კიდევ რომ სწავლობდნენ კეთებას. პასტა
ცუდი არაა, მაგრამ სხვაგან უკეთესსაც ნახავთ. მუდმივ კლიენტებში ყველაზე პოპულარული
კერძია კარტოფილი ფრი და კეტჩუპი. ერთი სიტყვით, ეს არაა ადგილი სადაც მშიერი მიხვალ.
ან თუ მიხვალ, შეეცდები მსუბუქად გადაიარო.
აქ
საჭორაოდ და საღამოს (ან შუადღის) მშვიდ, სასიამოვნო ატმოსფეროში გასატარებლად, ან
სულაც საკუთარ ლეპტოპთან გემრიელად ჩასაჯდომად დადიან, უაზრო ფონური მუსიკისა და კედელზე ასევე
უაზროდ ჩამოკიდებული და ჩართული ტელევიზორის გარეშე. და კიდევ კარგ ყავას სვამენ, ასევე
2000-იან წლებში პოპულარულ ოჯახურ, გემრიელ
ნამცხვრებთან ერთად. რა აქვთ კარგი? ტარტალეტკა მარწყვით, ირისი, მოხარშულ „სგუსჩონკიანი“ ნამცხვრები, მუსები, ხილის ტორტები და რამდენიმე
სახეობის ჩიზქეიქი. ძალიან გემრიელია ბარაქიანად და დაუნანებლად ჩამოსხმული შოკოლადის,
კარამელის ან ვანილის მილქშეიკიც (2000-იან წლებამდე გლიასე). თბილისური კაფეების დიდი
ნაწილის მსგავსად, მადლობა აპარატებს და იტალიური ყავის შემომტანებს, კარგია ყავაც.
ჩაი ისე რა. ნორმალურია ტირამისუს ერთპავეზინიანი (პეჩენია) თბილისისთვისაც კი ძალიან
მოკრძალებული პორციაც.
არ
ვარგა ბრაუნი, რომელიც მეტისმეტად მშრალია და ჩვეულებრივი შოკოლადის კექსისგან არაფრით
განსხვავდება. მართალია, გემრიელია, მაგრამ ხანდახან ჩიზქეიქს და ტორტებსაც „კანაპეს“
რომ არ შეეფერება ისე სამარცხვინოდ ხელოვნური წითელი ჟელეს იაფფასიანი სარკალა ასხია
თავზე. საშინელებაა ნოვატორული ოპიუმი, რომელსაც კატეგორიულად არ გირჩევთ, კბილებში
გამოუმცხვარ ბეზეში გაუმდნარი შაქრის კრაჭუნი თუ არ განიჭებთ სიამოვნებას. არის კარგად
ნაცადი და ძველი ნამცხვრების კატეგორია, რომლებიც გადაკეთებას და გაუმჯობესებას აღარ
საჭიროებს. უკვე დაცულია იდეალური ბალანსი - ხრაშუნა და ტკბილი ბეზე, აბრეშუმივით ნაზი
მოხარშული კრემი, ფხვიერი ცომი და ლიმონი ან ალუბალი, რომელიც თავისი სიმჟავით ბეზეს
ზედმეტ სიტკბოს ანეიტრალებს. ოპიუმიც ზუსტად ასეთია და აღარაა საჭირო ველოსიპედის ახლიდან
გამოგონება.
მომსახურებაც
ნორმალური, თბილისური. ფასებიც თბილისური - არსებულ სერვისზე და კონკრეტულ პროდუქციაზე
1/3-ით მაღალი.
კიდევ
მივალ? რა თქმა უნდა, თანაც ხშირად.
სამზარეულო « « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾
₾ ₾
მისამართი:
თბილისი, აბაშიძის 14
Comments
Post a Comment