ნამდვილი „ბრაუნი“ - ბევრი შოკოლადით,
ბევრი ნიგვზით. გარედან გამომცხვარი, ხრაშუნა. შიგნით სველი, დაზეპილი და თბილი. ზემოდან შოკოლადის
და კარამელის სოუსებით მოწუწული, ნაყინის ბურთებით - აი, რისთვის უნდა მიხვიდეთ „ინგლისურ
ჩაის სახლში“. ასეთ „ბრაუნს“ სხვაგან ვერსად ნახავთ. ეს „ბრაუნი“ სამუდამოდ შეცვლის
თქვენს შეხედულებას „ბრაუნზე“. აღმოაჩენთ, რომ „ბრაუნი“ არ ყოფილა ჩვეულებრივი კაკაოს
კექსი, რომელსაც კაცმა არ იცის რატომ ჭამენ ნაყინთან ერთად. პირდაპირ გეტყვით, საერთოდ
ბევრად გემრიელი და უკეთესად მომზადებულებიც არსებობს, მაგრამ მოცემულ მომენტში ესაა
თბილისში საუკეთესო. მართლა გემრიელი, მართლა არომატული და ზუსტად ისეთი ჩაცომებული,
როგორიც უნდა იყოს „ბრაუნი“. ზუსტად ეს თვისება გამოარჩევს „ბრაუნს“ ჩვეულებრივი კექსისგან
და არც ნაყინის მიტანებაა სავალდებულო. თუმცა, ძალიან უხდება, ოღონდ თბილს.
ზოგადად,
კულინარიაში მიღებული წესია, რომ ტექსტურის დასაბალანსებლად და კიდევ უფრო გასაკეთილშობილებლად
მშრალ, უკრემო ნამცხვართან მისატანებლად კრემის ნაცვლად სოუსს ამზადებენ. ამიტომ მოაქვთ
თბილი კექსები და პეროგები ნაყინთან ერთად (ნაყინი დნება და სოუსის მოვალეობას ასრულებს),
ან ცივი კექსები თბილ სოუსთან ერთად, რაც გარდა ტექსტურისა, ტემპერატურის სასიამოვნო
კონტრასტსაც იძლევა. „ბრაუნი“ იჭმევა ცხლად და ამიტომაც ძალიან უხდება ნაყინი.
მოკლედ,
„ინგლისური ჩაის სახლის“ „ბრაუნი“ ეს ის შემთხვევაა, როცა მარტო ერთი კერძისთვის მიდიხარ
სადმე. მერე რა, რომ სხვა ნამცხვრებიც მეტ-ნაკლებად კარგი და ნორმალური აქვთ. კარგია
Whittard-ის ჩაიც, თუმცა „ჩაის
სახლში ოპერასთან“ ასევე კარგ ჩაის უფრო იაფად დალევთ. იგივეს გეტყვით დანარჩენ მენიუზეც
- ყველაფერი უფრო ძვირი, ძვირი და ძვირია, ვიდრე
ბევრგან. გამორჩეულ „ბრაუნში“ ცოტა მეტს და უფრო მეტსაც სიამოვნებით იხდი, მაგრამ ასეთივე და უფრო გემრიელ ბლინებს კი სხვაგან უფრო იაფად შეჭამ.
ჩემთვის
ცოტა არ იყოს გაუგებარია რა უნდა თუნდაც ინგლისურ, მაგრამ მაინც ჩაის სახლში ფახიტასს,
ბეფსტროგანოვს,
საქონლის სუკს სოკოთი და ნაღებით, სტეიკს გარნირით და პაბის (ბრიტანული ლუდის ბარის)
სხვა კერძებს. ამ ფონზე ბევრად უფრო ლოგიკურია მოხარშული ხაჭაპური, რომელიც საღი აზრიდან და სურათიდან როგორც ჩანს, მოხარშული ხაჭაპური კი არა, რაც არ უნდა დაარქვა, მაინც
მეგრული კვერი ანუ მრგავლი და დაბრტყელებული პელმენია.
ასევე
ძალიან ძვირია ალკოჰოლური სასმელები და კოქტეილებიც. საფირმო ჩაის კოქტეილი არც მეტი,
არც ნაკლები 33 ლარი ღირს. ნეტავ, რას ასხამენ შიგნით? ან ის კაცი მანახა ჩაის სახლში
რომ წავა დასათრობად ან ბარში კოქტეილის მოსაწრუპად. მე პირადად ძალიან გამიტყდება,
მე რომ ჩაის ვსვამ ელეგანტურ კაფეში და გვერდით მაგიდასთან ვიღაც ღრეობს. უფრო მეტიც,
ძალიან არ მესიამოვნება „ელ გრეის“ არომატი ღორის კანჭის არომატთან ერთად. ყველაფერს
აქვს თავისი ადგილი.
მომსახურება - არც შენ გაწუხებენ
და არც თვითონ იწუხებენ ზედმეტად თავს. ძალიან ცივი, ღიმილის გარეშე, მკაცრი სახით
- ალბათ კაფის მენეჯმენტის აზრით, ინგლისური.
გარემო? ჰოოო, ერთი შეხედვით
საკმაოდ სასიამოვნო კაფეა. მაგრამ კედლები, ჭერი, იატაკი, ბოლო ხმაზე კივის, იხვეწება,
მუხლზე დაჩოქილი ითხოვს რემონტს. იატაკზე დაჩეჩქვილი და ამოტეხილი ლამინატი, პლინტუსების
გასწვრივ გახსნის დღიდან დაგროვებული და დატკეპნილი ჭუჭყის კანტი, კედლებზე ლაქები
და კუთხეებში დაგოფრილი შპალერი, ტალახიანი ფეხსაცმლის ხახუნისგან უმოწყალოდ დაბინძურებული
და გატუტყნული რბილი ავეჯი, ვიტრინებზე ოღრო-ჩოღროდ ჩამოკიდებული სურათები, უზარმაზარ
ვინტაჟურ ჭაღებზე ალაგ-ალაგ გადამწვარი ნათურები.
და, რაც
მთავარია და რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, შემსვლელებისგან კი არა, დრო-ჟამისა
და უპატრონობისგან მომსპარი საპირფარეშო: ატკეჩილი მეტლახი, გატეხილი უნიტაზის ავზი
უზარმზარაი ბზარებით, ჩამოტეხილი სარკე, წყლის ნალექისგან ყვითლად მოჭიქული ნიჟარა,
შტეფსელზე მიწებებული თმები, ხელის საშრობზე
ჭუჭყიანი ჩვრებისგან დარჩენილი ზოლები და მთელ სიგრძეზე უზარმაზარი ღრიჭო კარებში,
რომელიც საერთო დერეფანში გადის. სანამ შიგნით ხარ შენ ხომ იცი რა ხდება გარეთ, მაგრამ
გარეთ გამვლელებიც საქმის კურსში არიან შენ რას აკეთებ შიგნით.
იცით
რაზე დავფიქრდი ახლა? საჯარო და გამოსაჩენი ადგილები რომ ამ დღეშია, წარმოგიდგენიათ
სამზარეულოში რა ხდება?
მოკლედ,
პირველ ორ აბზაცს ქვემოთ ყველაფერი დაივიწყეთ და წადით „ბრაუნის“ საჭმელად. იმისთვის
მაინც, რომ გასინჯოთ როგორია ნამდვილი „ბრაუნი“ და უზარმაზარი სიამოვნება მიიღოთ. და,
ჩაის კოქტეილის ან მოხარშული ხაჭაპურის გასინჯვას თუ გარისკავთ ვინმე, გეხვეწებით,
არ დაიზაროთ და აზრი გამიზიარეთ.
სამზარეულო « « « «
მომსახურება « «
კომფორტი « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾ ₾
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 5 (მარჯანიშვილის
თეატრის პირდაპირ)
Comments
Post a Comment