ბათუმის გზაზე თუ
შემოგაღამდათ ან პირიქით, ძალიან ადრე მოგიწიათ ჩასვლა, ან დაღლილი ხართ და დაბინავება
გეჩქარებათ, გზაზე სწრაფად და გემრიელად წასახემსებლად იდეალური ადგილია რესტორანი
„წყალწმინდა“, ზედ ტრასაზე, სუფსის გადასახვევიდან ურეკამდე არმისული, მარჯვენა მხარეს.
ზაფხულში ღია, მაგრამ მოჩრდილული ვერანდით და ზამთარში კარგად გაღუღუნებული პატარა
კუპით.
აქ დილის ცხრა საათზეც
კარგად გაჭმევენ, შუაღამითაც და ზამთარშიც, როცა ირგვლივ ყველაფერი დაკეტილია უსეზონობის
გამო. რა დროსაც არ უნდა შეხვიდეთ, თავაზიანი და სოფლის ყაიდაზე ჯანსაღად ჩაკურატებული,
სიმპატიური ქალბატონები მაშინვე მოწყდებიან რომელიმე არხის რომელიმე სერიალს და დაუზარლად
და ღიმილით მოგემსახურებიან და თქვენი ყველა ახირების თუ კაპრიზის დაკმაყოფილებასაც
შეეცდებიან შეძლებისდაგვარად - როგორც კი გაიგეს, რომ კრაჭუნა ჭყინტი ყველი მიყვარს,
სასწრაფოდ დაჭრეს ახალი თავი. თანაც ზამთარში, კლიენტის სიმწირის დროს.
რა აქვთ კარგი? პირველ რიგში, იქვე, პალიასტომზე ახალდაჭერილი კეფალი,
რომელსაც საგანგებოდ თქვენთვის შეაპიწკინებენ და ლიმონის ნაჭრით გაპრანჭულს მოგართმევენ
სახლის ტყემალთან ერთად. საკუთარი ხელით დამწნილებული ხრაშუნა მწვანე პამიდორი და კიტრი. სოფლის ყაიდაზე დაჭრილი და კარგად შემწვანილებული კიტრი-პამიდვრის სურნელოვანი სალათა. კრაჭუნა
ყველი, ახალგამომცხვარი მჭადები და ტრადიციული იმერული ხაჭაპური - ხან ნორმალური, ხან
კიდევ უკეთესი.
და, არ დაგავიწყდეთ, ზღვის
სანაპიროს სურნელის ბოლომდე გასასიგრძეგანებლად და ყელის ჩასაკოკლოზინებლად, აუცილებლად გასინჯეთ ახლომახლო
ბაღებში დაკრეფილი ხილისგან სახლში მოდუღებული ფეიხოას "შინაური" კომპოტი.
სამზარეულო « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾
Comments
Post a Comment