ბავშვობაში, მეორე
მსოფლიო ომამდელ ევროპულ შავ-თეთრ კინოებს რომ ვუყურებდი, ერთი რამის მშურდა
ყოველთვის: ფრანგული ან
იტალიური სოფლების ცენტრში გაშლილი. ყვავილებითა და ქოლგებით მორთული ღია კაფეების,
სადაც დამღლელი დღის ბოლოს სოფლის მცხოვრებლები იკრიბებოდნენ, წრუპავდნენ ყავას და
იქვე გამომცხვარ ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს მიირთმევდნენ. აგერ ამდენი წელი გავიდა,
21-ე საუკუნე დაგვიდგა და სოფლის კაფეები ჩვენში დღემდე ეგზოტიკის სფეროში რჩება, რომ
აღარაფერი ვთქვათ იქ ჩამომსხდარ და ყავის წრუპვაში გართულ გლეხებზე. სამაგიეროდ, ამჯერად
ამერიკულ ფილმებში ნანახი კიდევ ერთი კარგი ტრადიცია ავითვისეთ მეტ-ნაკლებად: სულ უფრო
და უფრო მეტი და საბედნიეროდ, ხარისხიანი საგზაო კაფეები ჩნდება ტრასაზე.
სწორედ ასეთი კაფეების
ნაირსახეობას მიეკუთვნება ამავე სახელწოდების სასტუმროსთან არსებული კაფე „ჩიკო“, ასპინძის
შესასვლელში, რომელიც ტრადიციულ ქართულ რესტორანს
დიდი და დახურული დარბაზით, ტერასას ულამაზესი ხედით, ლუდის ბარს და სახაჭაპურეს აერთიანებს.
გარდა იმისა, რომ
კარგი ხედია, სიგრილე სამცხე-ჯავახეთის გაუსაძლის ხვატში, მოხერხებული სკამები, უჩვეულო
სისუფთავე ყველგან (სამზარეულოს და ტუალეტების ჩათვლით) და გემრიელი კერძები, ჩემი
აღფრთოვანება წარმოიდგინეთ, ჩვენებური გაგებით, სადღაც დასაკარგავში ერთნაირ ფორმებში
გამოწყობილი, ყურზე მიკროფონით და გულზე სახელიანბეიჯმიმაგრებული მიმტანები და მაგიდაზე
დადგმული გამოძახების ზარის ღილაკები რომ დავინახე. მერე ნუ იტყვი, როგორი ღიმილით, გულიანად
და როგორი სისწრაფით გემსახურებიან და თბილისის ბევრი ცნობილი რესტორნისგან განსხვავებით,
სადაც ვერ გაიგებ გამოძახების ღილაკი მაგიდაზე რატომ აქვთ (აჭირე თითი რამდენიც გინდა,
სანამ თვითონ არ ჩათვლიან საჭიროდ არ მოვლენ), აქ დაჭერას ვერ ასწრებ, რომ მორბიან.
და არ გეგონოთ, რომ კლიენტები ცოტა ყავთ - მაგიდა გათავისუფლებას ვერ ასწრებს, რომ
ახალი და ახალი ჯგუფები სხდებიან.
რა აქვთ გემრიელი?
უთხელეს, ღუმელისგან ზუსტად საჭირო დონემდე გაფიცხებულ ცომში ჩაღვენთილი ყველით გაძეძგილი
ხაჭაპური, აშკარად ახალი ხორცისგან დამზადებული და კარგად შესუნელებული ზომიერად ცხიმიანი
ქაბაბი, საკმაოდ კარგი მწვადი, მართლა კეცში გამომცხვარი და არა მერე სილამაზისთვის გადადებული მჭადები, სვანურ მარილში ამოგანგლული კარტოფილი ფრი და რაც მთავარია, აუცილებლად
გასინჯეთ ადგილზე დაყენებული და ქვევრში შენახული მესხური ლუდი.
რა არ მომეწონა?
გაგიკვირდებათ და კიტრი-პამიდვრის სალათა. კიტრი იყო აშკარად წინასწარ დაჭრილი და მესხური
მზისგან გამომშრალი და მიუხედავად იმისა, რომ უხვად ეყარა მწვანილი და ხახვი, საერთოდ
არ ქონდა მარილი ან რამე სხვა საკმაზი - მაგალითად ძმარი. და კიდევ ყველი იყო აი, ძალიან
არაქართულად და ევროპულად დაჭრილი - თხლად,
თხლად და სულ არ უხდებოდა კეცის ბუთქუნა მჭადებს. თუმცა, ძალიან გემრიელი კი იყო.
და ალბათ ყოველივე
ზემოთქმულის მერე აღარ არის იმის დამატება საჭირო, რომ „ჩიკოში“ ტერმინალი აქვთ და
აქ ბარათითაც შეიძლება გადახდა.
სამზარეულო « « « «
მომსახუება « « « « «
კომფორტი « « « « «
ფასები ₾
₾ ₾
მისამათი: ასპინძა,
E691, ს11
Comments
Post a Comment