არც თუ ისე დიდი
ხნის წინ, თბილისს კინოთეატრების სიახლოვეს სახაჭაპურეების ახალი ქსელი „სახაჭაპურე
№1“ შეემატა.
რა გითხრათ? სწორედ
ისეთია, როგორიც უნდა იყოს სწრაფი კვების ობიექტი. თუმცა, ცოტათი უფრო სუფთა, ცოტათი
უფრო კომფორტული, ჩამოსასხმელი ლაღიძის წყლებით და სახაჭაპურესთვის ცოტა უცნაური დესერტებით
- ტირამისუ, ჩიზქეიქი, ბრაუნი, ხაჭოს პუდინგი, შოკოლადის მუსი, მაფინები და ასე შემდეგ.
რა აქვთ კარგი?
პირველ რიგში - ღია და ხელისგულზე გადაშლილი სამზარეულო, სადაც ხედავ რა და როგორ სისუფთავეში
მზადდება. არ დგას დამწვარი ზეთის და გადამჟავებული ყველის სუნი. აკურატულად და სუფთად ჩაცმული პერსონალი.
ხაჭაპურების ძალიან დიდი არჩევანი, მოხარშული ყველიანი კვერები და საკმაოდ გემრიელი,
ბარაქიანი და კრემით გაძეძგილი ძველებური პონჩიკები. კიდევ, შეფ-მზარეულის მასტერკლასების
ხაჭაპურის ცხობაში დაოსტატების მსურველთათვის.
როგორია ხაჭაპური?
ზუსტად ისეთი, როგორიც მასაზე გათვლილ მსგავსი ტიპის რესტორნებში. ერთ ღუმელში გამომცხვარი
ერთნაირი ყველით, ერთნაირი ცომით, სხვადასხვა დანამატებით და განსხვავებული ფორმით: კლასიკური
ცომი, ჩვეულებრივი ყველით - იმერული, იგივე თავზე მოყრილი დაფშვნილი ყველით და კვერცხით - მეგრული,
იგივე თავზე სულგუნის ნაჭრებით - ლაზური, იგივე მოხარშული კარტოფილით და ყველით - ხაბიზგინი,
იგივე მოხარშული კვერცხით და ნახევარმთვარის ფორმით - გურული ღვეძელი, იგივე ჭარხლის
ფოთლებით და უველით - ჭახრაკინა, იგივე ნავის ფორმით, კარაქით და უმი კვერცხით - აჭარული, იგივე ყველის
გარეშე და ხორცით - კუბადრი, ლობიანი, აჩმა....
მოკლედ აქაური ხაჭაპურები ცუდი არაა და კინოდან
ან საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოსულმა შეიძლება შევიარო, მაგრამ მართლა კარგი, ხაჭაპურული
ხაჭაპური თუ მომენატრა, სხვაგან წავალ. არც უცხოელს მივიყვან ხაჭაპურის გასასინჯად.
შეიძლება მომედავოთ, ამხელა არჩევანი თუ აქვთ, მეტი რა გინდაო. მაგრამ, ზოგადად, არც
ყველა ხაჭაპური ცხვება ერთი ცომით და არც ამათი ყველია მთლად სახაჭაპურე. ხომ ვთქვი,
მასიურ წარმოებაზე და სწრაფ კვებაზე გათვლილია-მეთქი და გასაგებია, რომ დიდი რაოდენობის მომხმარებელზე
გათვლილ რესტორანში არ დაიწყებენ ხუთნაირი ცომის ზელას. აღარ ვლაპარაკობ რა ძნელია
ქართულ ბაზარზე ერთნაირი ხარისხის და რამდენიმე სახეობის ყველის შოვნა: იმერულს უფრო
მარილიანი ყველი უნდა და უბრალო ცომი, მეგრულს სასულგუნე, უმარილო ჭყინტი და კვერცხზე
და კარაქზე და მაწონზე მოზელილი ცომი და ა.შ.
27 ლარი რომ ღირს
ერთი ხაჭაპური, იქ უნდა ურტყა მზარეულს თავში ერთნაირად გაკეთებული იმერული და მეგრული
ხაჭაპურები, თორემ აქ რას ვემართლები? პრეტენზია არ მაქვს. პირიქით, მადლობა ასეთი
არჩევანისთვის, ეგებ სხვებმაც მიბაძონ.
ერთი სიტყვით, როცა
გეჩქარება და გშია - წავა. მით უმეტეს, რომ მომსახურებაა სწრაფი. უბრალოდ, ფასებია
სასადილოს ტიპის სწრაფი კვების დაწესებულებისთვის და ზემოთ რომ ვამბობდი იმ ყველისთვის
ცოტა მაღალი, მაგრამ მაინც მისაღები.
სამზარეულო « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი ««««
ფასები ₾ ₾ ₾ ₾
მისამართი: თბილისი,
რუსთაველის გამზ. 5
Comments
Post a Comment