ოდესღაც - ცოტა
თუ ბევრი წლის წინ „პომიდორისომოს“ საფირმო პიცა თბილისის ყველა პიცაზე მეტად მიყვარდა:
დაბრაწული, კრაწუნა ცომი კარგი ყველით, უგემრიელესი პამიდვრის სოუსით, ზემოდან მთლიან
ნაჭრებად გულუხვად დალაგებული სალიამით და პროშუტოთი... ერთი სიტყვით, საუკეთესო ცომი, საუკეთესო
პროდუქტებით. დღეისათვის რა არის დარჩენილი „პომიდოისიმოს“ საფირმო პიცისგან? მარტო
სახელი და ინგრედიენტების ჩამონათვალი მენიუში. ქვევიდან გაზეთილ
ცომზე დასხმული სოუსი, გემრიელი ყველი და - ისე წვრილად დაჭრილი, რომ სახეხზე გახეხილი გეგონება,
რაღაც გაურკვეველი სახეობისა თუ ჯიშის ლორი და სალიამი. არადა, როგორ მონდომებით დამიქნია
თავი მიმტანმა, კი, პროშუტოთიო, როცა გადავამოწმე პიცის „შემადგენლობა“ შეკვეთის მიცემის
მომენტში... არ ვიცი, შეიძლება მაინცდამაინც იმ დღეს გაუთავდათ პროშუტო და ნარჩენები
მოაყარეს აქა-იქ, მაგრამ მაინცდამაინც საფირმო კერძზე რატომ აკეთებ ეკონომიას? ნუ მიიღებ შეკვეთას. ხომ შეიძლება ჩემნაირი ინტრიგანი
კლიენტი იყოს შემოსული, რომელსაც კარგად ახსოვს, რომ ადრე მთელ-მთელი ნაჭრები ელაგა? თუმცა, მგონია რომ არ იყო ჩემი პიცა გამონაკლისი და ახლა სწორედ ასეთია
„პომიდორისიმოს“ საფირმო.
მოდით, ობიექტურობის
გამო ვიტყვი, რომ სხვაგან ასეთ პიცაზე ამდენი პრეტენზია არ მექნებოდა. პიცა არ იყო
ცუდი, მაგრამ კარგიც არ იყო. საქმე იმაშია, რომ ამჯერად პიცერიაში ვიყავი და თან იქ, სადაც ადრე და თან ბევრჯერ კარგი კი არა, ძალიან კარგი პიცა მქონდა ნაჭამი.
უფრო უარესი იყო ბრუსკეტა - ღუმელში გამდნარი ყველისგან გასული ცხიმისგან თუ პამიდვრისგან გასული წვენისგან დამბალი, ნახევრადგახუხული პურის ნაჭრები უგემურად შეკმაზული პამიდვრით, რომელსაც არაფრის, საერთოდ არაფრის გემო არ ქონდა. არადა, სადა და მარტივად მოსამზადებელი ბრუსკეტას ერთადერთი
ღირსება კარგ პროდუქტებშია - სურნელოვან პურში, გემრიელ და ცხიმიან ყველში, ხორციან პამიდორში
და საუკეთესო ხარისხის, არომატულ ზეითუნის ზეთში და ჰო, კიდევ პური უნდა იყოს თბილი, ზემოდან ხრაშუნა და შიგნით რბილი და არა სველი და დამბალი. თითქოს პატარა და უმნიშვნელო
დეტალია - ჩვეულებრივი „ზაკუსკა“, უბრალოდ პამიდვრიანი პური, მაგრამ ისეთი უგემური იყო, ისეთი,
რომ ზემოთ და ავადმოხსენიებული პიცისგან რამე კარგი გემო თუ მქონდა პირში დარჩენილი და ორიოდე კეთილი
აზრი თავში, ისიც გაანოლა და წაშალა და ეძახე ახლა წვრილმანი.
ადრე, „პომიდორისიმოში“
სტეკიც კარგი ქონდათ. შეიძლება ახლაც კარგია. მაგრამ ბრუსკეტას მერე სხვა
რამის გასინჯვა აღარ მომინდა.
სხვა რა გითხრათ? გარემო კომფორტული. მომსახურება ნორმალური. სიტუაციაც სასიამოვნო - საჭორაოდ და წასახემსებლად. ყავა კარგი. ნამცხვრებიც გემრიელი. უბრალოდ, „პომიდორისიმოში“
წლებთან ერთად ისევე შემოცვეთიათ მენიუ, როგორც უკვე აქა-იქ გადამსკდარი დერმატინი სავარძლებზე და კიდეები მაგიდის გადასაფარებლებზე. ეჰ, კიდევ ერთი
კარგი ადგილი გაბანძებულა თბილისში.
სამზარეულო « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾ ₾
მისამართი: თბილის,
ი. ჭავჭავაძის 33
Comments
Post a Comment