Skip to main content

იტალიური „გარაჟი“ ვაკეში

პიცერია „გარაჟი“ ყოველთვის მომწონდა - იტალიურად გემრიელი იყო ყველაფერი. სხვა პიცერიების და მსგავსი „დაწესებულებების“ ფონზე, ერთადერთი არ მომწონდა ფასები. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და არ ვიცი, კარგი ამბავია და უნდა გვიხაროდეს თუ ცუდი, მაგრამ იგივე ხელფასების და იგივე შემოსავლის ფონზე, ამასობაში ჩვენი ინფლაციის და დოლარის კურსის გადამკიდე, თბილისის ყველა პიცერია თავისი ფასებით დაეწია კი არა, ბევრმა კარგად გადაუსწრო „გარაჟს“. მოკლედ, ახლა „გარაჟი“ საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა.  
რა დაგხვდებათ აქ? ტრადიციულ იტალიურ პიცერიულ, კუბობკრულ წითელ-თეთრ მაგიდის გადასაფარებლებზე, უბრალო სასადილოს სტილში მოწყობილ, სადა ინტერიერზე და კედლებზე ჩამოკიდებულ, ჩვენებურად მაკარონის და იტალიურად - პასტისგან შექმნილ, მხატვრულ კომპოზიციებზე არ შევჩერდები, იმიტომ რომ „გარაჟი“ დღე-დღეზე სხვა მისამართზე გადადის და იქ რა იქნება არ ვიცი. ამიტომ აქაურ გარემოზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.
სამაგიეროდ მენიუ ექნებათ იგივე და იმედია, მომსახურებაც. იმიტომ, რომ მეპატრონეც იგივე, წარმოშობით სარდინიელი, იტალიელი რჩება.
რა მიყვარს „გარაჟში“ ყველაზე მეტად? შენი შეკვეთილის მოტანამდე საჩუქრად მორთმეული ბრუსკეტა - გახუხულ პურზე, წვრილ კუბიკებად დაჭრილი, ნივრით და ზეთუნის ზეთით შეკმაზული პამიდვრის განცხრომად ქცეული გემრიელობა, სართად მოყოლებულ ფოკაჩას პაწაწინა ნაჭერთან ერთად. რა უნდა იყოს ცარიელი პური, პამიდორი და ზეთი? სწორედ სისადავეშია დამალული ნამდვილი ნეტარება. ან სად ნახულობენ ყოველ ჯერზე ასეთ გემრიელ პამიდვრებს?
მოკლედ, სადაც პამიდორს კმაზავენ ასე კარგად, ხომ ხვდებით რომ პიცერიაში პიცაც კარგი აქვთ? კარგი აქვთ სალათებიც, გრლზე შემწვარი ბოსტნეული და სხვა წვრილმანებიც. მაგრამ, განსაკუთრებულად კარგი აქვთ ლაზანია ბოლონეზეს სოუსით. რომელიც ისე სწრაფად მოაქვთ, რომ დიდი ეჭვი მაქვს, წინასწარ გამზადებულს ყინავენ და მერე მიკროტალღურ ღუმელში აცხელებენ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია - ბევრი პარმეზანით, ბევრი ბეშამელის სოუსით, კარგი პასტით და ბლომად პამიდორში ჩათუთქული უგემრიელესი ხორცით. ერთი სიტყვით, ძალიან მსუყე და დიდად შესარგი კერძია.
გაერთობით „გარაჟში“? ვერა. „გარაჟი“ გასართობი ადგილი არაა, აქ კარგად ჭამისთვის და მშვიდად საუბრისთვის დადიან. აქ არ ყაყანებენ, არც ბუღია, თუმცა, ეწევიან მემგონი. არც უაზროდ ჩართული ტელევიზორი ან მუსიკა მოგაბეზრებთ თავს. სტუმართან აქ ვერაფრით მოიწონებთ თავს კარგი და გემრიელი საჭმლის სიყვარულის გარდა.
მართლა კარგია „გარაჟი“.

სამზარეულო «««
მომსახურება « « «
კომფორტი    « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, მოსაშვილის 24 (სულ მალე გადადიან სადღაც აბაშიძეზე)

Comments

Popular posts from this blog

პური გულიანი ფუნიკულიორზე

თბილისის სიცხისგან შეწუხებულები ხან სად ვეძებთ თავშესაფარს და ხან სად. ბევრს გულწრფელად გვჯერა, რომ მაღლა, ფუნიკულიორზე სიგრილე დაგხვდება და ხალისით მივეშურებით მთაწმინდის პარკისკენ შუადღის ხვატისგან დასამალად. ჩვენდა სამწუხაროდ, ზაფხულში იქაც გაუსაძლისად ცხელა და სიამოვნებას აღარც პარკის ატრაქციონები გვანიჭებს და აღარც ქალაქის ლამაზი ხედები. მოკლედ, ასე თუ მოხდა და სხვდასხვა მიზეზით „ბომბორაზე“ მაინც აღმოჩნდით, გულს ნუ გაიტეხთ და გასაგრილებლად და თბილისის პანორამით დასატკბობად ფუნიკულიორის კომპლექსის პირველს სართულზე განთავსებულ კაფეტერია „პური გულიანს“ ეწვიეთ. რა დაგხვდებათ აქ? პირველ რიგში: დახურულ სივრცეში ჩართული კონდიციონერი და გარეთ, ღია აივანი გრილი ნიავით. თბილისური დელიკატესი - ლაღიძის წყლები. აქვე დამზადებული, არაქარხნული ნაყინი, რაც დამეთანხმებით, რომ ნამდვილი ფუფუნებაა თბილისში. შეიძლება დაუვიწყარი და არნახული არაა, მაგრამ ხელით გაკეთებულ ნაყინს მაინც სხვა გემო აქვს. ამავე ნაყინისგან ათქვეფილი გლიასე (მილქშეიქი). თბილისში საუკეთესო, ძველებური პონჩიკი. საკმაო

„შიო რამენი“ და იტალო-იაპონური მაჩამისუ

სად გასინჯავთ ჩვენი კულინარიული აკადემიის წყალობით თბილისის კაფეებისა და რესტორნებისთვის ლამის სავალდებულოდ ქცეულ ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ დესერტებს - ტირამისუს და პანაკოტას? გაგიკვირდებათ და, იაპონურ რესტორანში. რა უნდა ტირამისუს, თუნდაც საუკეთეოს, იაპონურ რესტორანში? არ ვიცი. ალბათ ჯერ ერთი ის, რომ რესტორნის შეფი სავარაუდოდ კულინარიული აკადემიის ნიჭიერი სტუდენტი იყო. მეორე - ტირამისუ და პანაკოტა თბილისში ერთობ მოთხოვნადი პროდუქტია. მესამე -  ერთხელ აკეთებ და ფრიად დიდხანს ინახება. და მეხუთე,  იაპონური დესერტები  საკმაოდ სპეციფიკური, ჩვენი გემოვნებისთვის ძალლიან უჩვეულო და არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია. მოკლედ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო პანაკოტა და მამისაგან სახელად მაჩას ტირამისუ, ხოლო სიყუარულით სახელი მისი  - მაჩამისუ თუ გინდათ, აუცილებლად წადით „ფაბრიკაში“ და მოინახულეთ „შიო რამენი“, ჩაყავით კოვზი მასკარპონენარევ პანაკოტას უნაზეს მასაში და მოემზადეთ ნეტარების ზღვაში ჩასაძირად. აღარაფერს ვამბობ, რა სიამოვნებას მიიღებთ, მაჩასგან (დაფქული იაპონური მწვანე ჩაისგან) გ

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე