კარგი და კარგად
შესრულებული პოპულარული სიმღერები, ტრადიციული ირლანდიური პაბის კარგი იმიტაცია და
შესაბამისი გარემო - აი, ასეთია “ნალი” ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების
გასაყარზე.
რითი განსხვავდება
„ნალი“ თბილისის სხვა პაბებისგან? პირველ რიგში „ნალიბენდით“. რომელიც ყოველდღე არა,
მაგრამ კვირაში რამდენიმე საღამო რეგულარულად უკრავს. „ნალიბენდი“ როცა არ არის, სხვა
ჯგუფები ეცვლებიან ერთმანეთს. ასე, რომ ცოცხალი მუსიკა აქ ყოველ საღამოს გელით. კიდევ
იმით, რომ უკვე ბევრზე ბევრი წელია სტაბილურად ერთნაირი კარგი ხარისხი უჭირავთ - თბილისური
ტრადიციის მიხედვით, არ უმჯობესდებიან, მაგრამ უარესობაც არაა, რაც თავისთავად კარგი
ფაქტია. ფასებიც დღევანდელი თბილისისთვის საკმაოდ კარგია - მისაღები. მომსახურებაც
სწრაფი და ზომიერად ყურადღებიანია, პაბში რომ უნდა იყოს ზუსტად ისეთი. პუბლიკაც პაბისტური - ლუდის და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული
კარგი ტიპები - მხიარული, ხმაურიანი და ალბათ ხვდებით, რომ აქ ყველა თუ არა, ყოველი
მეორე მაინც ეწევა, ამიტომ ბუღიც ტრადიციულად პაბური დგას, მაგრამ მაღალი ჭერი შველის.
რა არ უვარგათ?
გაგიკვირდებათ და კანჭი, რომლის კარგად გაკეთებაც თბილისის ლამის ყველა ლუდის სოროში
ისწავლეს: ზომითაც რაღაც უდღეურია, კანიც არააა რომ უნდა იყოს ისეთი დაბრაწული, იწელება
ცუდად გამოყვანილი ტყავივით, იჭრება წვალებით, იღეჭება სიმწრით. მოკლედ, კანჭი ვერაა
კანჭურად ვაჟკაცური. თუმცა, მწნილების ნაკრები კარგი მოყვება. ნეკნები გემრიელია, მაგრამ
არ აწყენდა ცოტა უფრო რბილი იყოს. კარგი კბილები თუ არ გაქვთ, შეკვეთა არ ღირს.
სამაგიეროდ, ქათმის
ფრთები აქვთ, სხვისი არ ვიცი და მე ხელიდან ვერ გამაგდებინეს, ისეთი. უგემრიელესი აქვთ
ჩიპსებიც პამიდვრის სალსით. ენაზე დნება ხრაშუნა ცომში ამოვლებული დაბრაწული ხახვის
რგოლები და... სადმე პაბში კი არა, დიდი ხანია არსად, არსად, თბილისის არცერთ პიცერიაში
არ მიჭამია ასეთი გემრიელი „მარგერიტა“ - უთხელესი, უკნაწუნესი ცომით და თავზე მოყრილი
ტონა პარმეზანით.
სხვა რა გითხრათ?
გიყვართ ლუდი, ვისკი და ლუდს რომ უხდება ისეთი გარემო? ირლანდიური რაგუ ან მეცხვარეების
მობრაწულა? შეზარხოშებული, მოგუგუნე საზოგადოება „სამი დალიე შეგერგებას“ და შალახოს
ცეკვის გარეშე? მაშინ წადით „ნალში“ - არ ინანებთ.
სამზარეულო « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾ ₾
მისამართი: თბილისი,
ლ. ქიაჩელის 4/1
Comments
Post a Comment