Skip to main content

2017 წლის შეჯამება

ისე მოხდა, რომ ამ წელს თქვენთან ერთად არც მეტი არც ნაკლები 57 რესტორანი შემოვიარე და ალბათ ხვდებით, რომ თბილისური მომსახურების ინდუსტრიის ტრადიციის თანახმად, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - სტაბილურობამდე და ერთიან სტანდარტამდე, სამწუხაროდ,  ძალიან ბევრი გვიკლია. 

დავიწყოთ კარგით:
1. „ბრედბარში“ ძველებურად გემრიელ სტაფილოს ნამცხვარს, ქათმის ღვეზელს და „ოპერას“ აცხობენ.
2. „ლიტერატურული კაფეში“ ისეთივე კარგია მენიუ, როგორც 10-15 წლის წინ. ალუბლის ნამცხვარს, დღესაც თითებს ჩაატანთ. 
3. „თბილ სიოში“ ბევრი რამის, რაც არ უვარგოდათ, გაუმჯობესება სცადეს. არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ რომ შეწუხდნენ და ეცადნენ, ესეც ძალიან კარგია.
4. „ბეღელში“ ძუნძღლიანი მენიუ გამოცვალეს და ახალი აქვთ. ხინკალი კი ისევ ისეთივე გემრიელია.
5. „ახალ მზიურში“ არაჩვეულებრივი კინოჩვენებების ტრადიციას ზამთრის სუსხის მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელეს.

"პოლში" მზრუნველად დაგდებული ამოტრიალებული ეკლერი. გეფიცებით, ასე მოიტანეს

ახლა ისე რა ამბები:
1. „მადათოვის სახლმა“ ხარისხი მთლად არ გააფუჭა, მაგრამ საგრძნობლად დააგდო. ახლაც კარგია, მაგრამ აღფრთოვანებას აღარ იწვევს. ხაჭაპური აღარაა ისეთი მაგარი (ყველი კარგია, მაგრამ ცომი აღარ ვარგა), ცხელი გოგრის სალათაც ვერაა უწინდელივით თითების თან ჩასაყოლებელი, რაღაც-რაღაცეები აკლია. გამომცხვარი კომშისთვისაც აღარ ემეტებათ ძველებურად დაკარამელებული ნუში და გაფორმებაზეც აღარ იკლავენ თავს. ერთადერთი რამაც მათი კრეატიულობა შეინარჩუნა „ბუს კვერცხებია“, როცა 20 ლარად აბსოლუტურად უაზრო და არაფრისმთქმელ დესერტს ღებულობ: დატკბილულ ნადუღზე დასხმულ ერთ კოვზ ჩაშაქრულ თაფლს, ორი პუნწკლი გატარებული ნიგვზით და მართლა „ბუს კვერცხები“ გრჩება ხელში. „ბუს კვერცხებს“ როცა უკვეთავ - ამას იმსახურებ სწორედ.
ერთიდაიგივე სალათა "მადათოვის სახლში"
2. „კანაპეში“ არ მახსოვს ბოლო რამდენი წელი, მაგრამ აშკარად ძალიან ბევრი, ერთნაირად გემრიელი და ძალიან მაგარი ტარტალეტკა რომ ქონდათ, მაინცდამაინც ჩემი ქება-დიდების მერე გამოცვალეს მცხობელი ან რეცეპტი და აღარ ვარგა. 
3. მომსახურება და ატმოსფერო გაუარესდა „პოლშიც“ (აუტანელი ყაყანი, თეფშზე ამოტრიალებულად დაგდებული ეკლერი, უყურადღებო მიმტნები...) და ნამცხვრებიდან რაც არ უვარგოდათ, დღემდე არ ვარგა. ტარტის ჭამისას, ისეთი მაგარია ფსკერი, შეიძლება თეფში ან კოვზი შემოგატყდეს.
4. ჩემს სათაყვანო და ნალოლიავებ „სირაჯხანაში“, კომპოტის გრაფინის ფსკერისგან მოხატულს და ტკბილი სითხისგან ბუზების საჭერ ზედაპირად ქცეულ გადაუწმენდავ მაგიდასთან დამსვეს. თუმცა, საჭმელი და გარემოს ისევ არაჩვეულებრივი აქვთ.
5. „ინგლისურ ჩაის სახლშიც“ აღარ აქვთ ჩემგან ხოტბაშესხმული ბრაუნი - არ ვიცი რას ერჩოდნენ რაც იყო იმას, მაგრამ ახლა რაც აქვთ, მომკალი და არაა მაგი ჩემი სიდედრი. თავზე საკმაოდ უხარისხო შოკოლადმოსხმულ და გაუსაძლისად გატკბილებულ ნამცხვარს, აღარც ნიგოზი აქვს და აღარც ძველებური სინაზე.

და, რაც შეეხება ცუდს:
1. ცნობისმოყვარე ჟირაფებიანი „კოფიბრეიქი“ დაიხურა, რაც რატომღაც არ მიკვირს.
2. სამწუხაროდ, დაიხურა „ბურგერბარი გასტორნომიც“, რომელიც კარგი ხარისხის მიუხედავად, პარტნიორებს შორის კონფლიქტს შეეწირა. თუმცა, მათი მენიუს გასინჯვა „რესპუბლიკა გრილ ბარში“ შეიძლება.
კარგად გადაწმენდილი მაგიდა "სირაჯხანაში"
3. კაფე „ლა ფრანსი“, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, „პომიდორისიმოს“ შეეკედლა პირველ სართულზე.
4. უკვე მეორე წელია ბათუმის „რეტროში“ სეზონზე, ანუ ზაფხულში კლიენტების მატებასთან ერთად ხაჭაპურის ხარისხს აფუჭებენ (ყველის რაოდენობა კლებულობს და ხარისხიც ვერაა ძველებური), ამ ზაფხულს თბილისშიც მიბაძეს. დიდი ხანია ეგეთი ცუდი აჭარული არ მიჭამია არსად, ყველი იყო მძაღე. შეიძლება ერთჯერადი მოვლენა იყო, მაგრამ მე აღარ შევსულვარ - არ ვატარებ საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს.
5. „დანკინის" უგემრიელესი ხაჭაპურიც გაბანძდა, ცარიელი გაფშიკინებული ცომია და აღარც ყველია რომ უნდა იყოს ისეთი. აშკარად დაეტყო, რომ "სმარტის" სამზარეულოში აღარ აცხობენ.

ჰო, კიდევ ფრანგულმა გზამკვლევმა, "გო და მიიომ" საქართველოს რეტორნებს ჩამოუარა და 40 საუკეთესო დაასახელა. ჩამონათვალი ჩემში და სხვებშიც ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ობიექტურობასთან დაკავშირებით და ისიც აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გზამკვლევი პირველად არ ეხვევა მსგავს სკანდალში. სხვა ქვეყნებშიც ხშირად ხდება მათი რეიტინგი საფუძვლიანი უკმაყოფილების საგანი. არ გამოირჩევიან, მოკლედ, დიდი პატიოსნებით და საქართველოში ხომ საერთოს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბიზნესმენების (რესტორატორების) ვიწრო წრემ იხალისა ერთმანეთში - ერთმანეთი და საკუთარი რესტორნები დაიჯილდოვეს. მე კი საქმე გამიჩნდა, შემოვივლი ყველას და ამ ძაღლის წელში თვითონ დავრწმუნდები სადაა ძაღლის თავი დამარხული. სხვათა შორის, "გი და მიიოსთან" "მადათოვის სახლს" და "სირაჯხანას" ძალიან მაღალი რეიტინგი აქვთ. 

მოკლედ, ბდნიერ 2018 წელს გისურვებთ და მალე დაგიბრუნდებით 40 საუკეთესო რესტორანთან ერთდ!

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე. არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესი