ბოლო რამდენიმე
წლის ვერცერთ უცხოურ გამოცემას ვერ ნახავთ, სადაც თბილისის საუკეთესო ბარების ჩამონათვალში
Black Dog Bar-ი არ მოხვდა. აქებენ ბარის კრეატიულობას, კომფორტს, მომსახურებას და რაც
მთავარია, სამზარეულოს.
კარგი, კრეატიულობაზე
არ ვდავობ - ჯერ ეს ერთი, როგორც „სათაურიდან“ ჩანს, ბარში ძაღლთან ერთად გიშვებენ.
მეორე, საღამოობით (განსაკუთრებით უქმე დღეებში), ბარმენი საკმაოდ მარტივ მაგრამ მართლაც
სახალისო თამაშებს და კონკურსებს სთავაზობს ბარის სტუმრებს. მაგალითად, ზარის წკრიალს
გაიგონებთ თუ არა, სასმელი შეგიძლიათ მოითხოვოთ უფასოდ. მესამე, მაგიდის თამაშების
მოყვარულთათვის აქვთ მაგიდის ფეხბურთი. შეიძლება კრეატივში ჩაითვალოს ნათურებზე აბაჟურის
ნაცვლად შემოხვეული გაზეთის ფურცლებიც, რომლებიც საკმაოდ სასიამოვნო ყვითელი შუქით
ანათებს იქაურობას.
გარკვეული კრეატივია
მენიუშიც - ყველით დატენილ წიწაკას თუ შეუკვეთავთ,
ოთხი ცალიდან ზოგი ცხარე შეგხვდებათ და ზოგიც ტკბილი - ასეა ჩაფიქრებული. მაგრამ, სამწუხაროდ,
აქ მთავრდება მენიუს მთელი კრეატიულობა. არა, ცუდი არაა, არც ბურგერი და არც ბურიტო. მაგრამ,
სხვადასხვა ჟურნალებში გასაწერი და საქებიც არაა ნამდვილად. ტიპურად თბილისურია
ბურგერი, ზედმეტად გამომშრალი კატლეტით და
პამიდვრის ერთი ნაჭერით. ასეთივე მშრალი ქათმის ფილეა გახვეული სომხურ ლავაშში ბოსტნეულთან
ერთად, რომელსაც მექსიკური ბურიტო ალბათ მარტო იმიტომ ქვია, რომ რამდენიმე ლობიოს მარცალია
სოუსში - არც მექსიკური სიცხარე, არც სუნელების არომატი, მექსიკაში ასე პოპულარული ცოცხალი ქინძიც კი არ არის.
არ მომეწონა ასევე
ნაქები და ლამის ცამდე აყვანილი გაფილტრული ლუდიც, რომელსაც მომკალით და აშკარად პარფიუმერული
არომატი დასდევს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში იგივე საპნის არომატი ქონდა რამდენიმე
სხვა ბარშიც საქართველოში გამოხდილ ლუდს, როგორც ჩანს ლუდის ფხვნილია შემოტანილი ასეთი.
მოკლედ, ლუდს თუ მოითხოვთ, გაუფილტრავი შეუკვეთეთ, გაფილტრულს ბევრად ჯობია.
რაც შეეხება მომსახურებას,
მართლა კარგია: სწრაფი, თავაზიანი და ღიმილიანი.
ახლა კომფორტი:
აქ კომფორტი არაა. ერთ ციდა ოთახში, სამიოდე მაგიდასთან ორადორი ზურგიანი სკამი დგას.
ზურგი ოდნავ მაინც თუ გაწუხებთ, ეს თქვენი ბარი არ არის. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ის უზურგო ტაბურეტიც ლამის მაგიდის სიმაღლე და შესაბამისად, ძალიან მოუხერხებელი დასაჯდომია. საუკეთესო ვარიანტია, ჩამოჯდეთ
ბართან, შეუკვეთოთ ყველით დატენილი წიწაკა ან ნაჩოსი და დალიოთ ლუდი, ოღონდ გაუფილტრავი,
იხალისოთ ბარმენთან ერთად და მიიღოთ მონაწილეობა საყოველთაო მხიარულებაში - Black
Dog Bar-ში ყოველთვის ხალხმრავლობაა. ჰო, და ფასებია აქ კიდევ სასიამოვნოდ დაბალი.
სამზარეულო « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « «
ფასები ₾
₾
მისამართი: თბილისი,
ლადო ასათიანის 33
Comments
Post a Comment