Skip to main content

"ბერნარდი" აბაშიძეზე


როგორია აბაშიძის „ბერნარდი“? ტიპური ლუდის ბარი - ტიპური ნახევრად ჩაბნელებული ინტერიერით, ტიპური მასიური ხის ავეჯით, ტიპური „ქვის“ კედლებით, ტიპური მრავალჭირნანახი და დაკაწრული, სადა, თეთრი ჭურჭლით, ტიპური უაზროდ ჩართული ტელევიზორით კედელზე, ტიპური ხელსახოცის კონტეინერებით, ტიპური შეძლებისდაგვარად სწრაფი (გააჩნია რამდენი ხალხი ყავთ), ზომიერად ზრდილობიანი, მაგრამ უსახური და ემოციას და ზედმეტ ყურადღებას მოკლებული მომსახურებით, ქართული ლუდის ბარისთვის დამახასიათებელი ტიპური კერძებით და ტიპური საშუალო ფასებით. ერთი სიტყვით, „ბერნარდი“ კარგად „დანავაროტკებული“ და ევროპულ ყაიდაზე გათანამედროვებული სახინკლეა, რომელსაც მენიუ რატომღაც მამა-პაპური რესტორნის აქვს.
ატმოსფერო როგორია? ტიპურად ლუდისბარული - სრულიად საკმარისი კომფორტი და სისუფთავე იმისათვის, რომ გემრიელად და ნოყიერად ჭამო და ბევრი ხალხი, ზუზუნი, გუგუნი და რია-რია, დიდხანს რომ ვერ გაჩერდე იმისთვის. აბა, მაინცდამაინც აქ რატომ უნდა მოხვიდე? იმიტომ რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი ორი კერძი - ხინკალი და ქაბაბი, აქ რომ აქვთ ასეთი გემრიელი დიდი ხანია სხვაგან არსად მიჭამია. ლუდიც ნორმალური აქვთ და თანაც ცივი. 
რაც შეეხება დანარჩენს, ალბათ იმიტომ რომ „ბერნარდი“ ავტორის ჩანაფიქრით ბარზე მეტად ტრადიციული რესტორნის კატეგორიაში გადის, აქაურ მენიუში 6 სახეობის ხინკალთან, ხბოს ბეჭთან და ღორის კანჭთან ერთად ლუდის ბარისთვის ისეთ უჩვეულო და არატიპურ კერძებსაც შეხვდებით, როგორიცაა სოკო კეცზე, ბაჟე, პრასი ან  ისპანახი. მენიუშია ქართული წარმოშობის, მაგრამ დღეისათვის ეგზოტიკურად ქცეული კერძებიც: ჩაშუშული და შემწვარი ტვინი, ჯიგრის მწვადი ბადექონში, შემწვარი და ჩაშუშული კურდღელი.
მოკლედ, აქ არ მოხვალთ გასართობად ან რომანტიკული საღამოს გასატარებლად. აქ საჭმელად მოდიან და საჭმელი მართლაც კარგია - სმა-ჭამა კი დიდად შესარგი. აშკარად კარგი მზარეული ყავთ, რომელიც სწორედ იმ კერძებს ამზადებს კარგად, ლუდის ბარში რაც უნდა იყოს კარგი. ბევრი ასეთი ხინკალი და „სახინკლე“ თბილისს.

სამზარეულო « « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილის, ი. აბაშიძის 29/31

Comments

  1. ეს "ჯიგრის მწვადი" რა უბედურებაა. დაწერეთ "ღვიძლის".

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი...

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს...

„ვეფხი და მოყმე“ - იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა

დაცდილი მაქვს, ოდესმე ვინმეზე რამე ცუდი დაუმსახურებლად თუ მითქვამს ან მიფიქრია, უკან დამბრუნებია... არ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სანაპიროზე, „ვეფხის და მოყმის“ ობელლისკის მოპირდაპირე მხარეს, გაგარინის აღმართზე, უტროტუარო, მისასვლელად მოუხერხებელ, მანქანის გასაჩერებლად მიუდგომელ და გაგანია საცობებით გადატვირთულ ადგილას ამაყად აღმართულ, არც მეტი არც ნაკლები, ოთხსართულიან რესტორანს, რომელიც შენობის თანამედროვე, ევროპული არქიტექტრურისთვის და კლასიკური ტიპისთვის სრულიად შეუფერებელ და აშკარად ადგილმდებარეობას მისადაგებულ სახელწოდებას - „ვეფხ და მოყმეს“ ატარებდა, იმდენი ვფიქრობდი: ღმერთო, რამდენი ზედმეტი ფული, უაზრო ამბიციები და ცოტა ტვინი უნდა გქონდეს, ასეთ შეუფერებელ ადგილას, რომ მოგების და ხეირის ნახვის იმედით, ამხელა რესტორანი ააშენო-მეთქი. ჰოდა, როგორც უკვე გითხარით, ჩემი უსამართლო ფიქრებისთვის მალევე დავისაჯე და განგების ნებით, ძველით ახალი წლის ღამეს, წინასწარ შეკვეთილ სუფრაზე „ვეფხისა და მოყმის“ ე.წ ვეროპულ დარბაზში ამოვყავი თავი. რა დამხვდა? სუფთა, ე...