Skip to main content

Cocktails&Dreams - კოქტეილები და ოცნებები „ფაბრიკაში“


Cocktails&Dreams-ი „ფაბრიკაში“ - კიდევ ერთი ადგილი, უცხოური გამოცემების თვალსაზრისით, საუკეთესო თბილისური ბარებიდან. რა დაგხვდებათ აქ? ყოფილი საფეიქრო ფაბრიკისთვის დამახასიათებელი ინდუსტრიული დიზაინი, დიზაინერული ავეჯი ხელოვნური დაძველების ეფექტით, კარგი ვენტილაცია, კარგი გათბობის და გაგრილების სისტემით, ცოცხალი ხეები უზარმაზარ ქოთნებში,  „კოკა-კოლას“ ვინტაჟური აპარატები, ძველი რადიოლები, საბჭოთა სასურსათო მაღაზიის სასწორები, საბჭოთა სასკოლო სკამებს მაქსიმალურად დამსგავსებული სკამები, ალუმინგადაკრული მაგიდები, აქა-იქ ამოწვერილი ლურსმნის თავებით (სახელოებს მოუფრთხილდით), საყრდენ ბოძებს შორის გაბმული ჰამაკები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის სავარძლები, საბჭოთა სასადილოს სტილში თეთრი კაფელი და კედელზე გამოკრული ვარდისფრად განათებული ნეონის აბრა: „კოქტეილები და ოცნებები“, ზუსტად ისეთი, ახალბედა ტომ კრუზს რომ ქონდა თავის ბარში, ფილმიდან „კოქტეილი“. როგორც ჩანს, „ფაბრიკის“ მეპატრონემ აისრულა თავისი ახალგაზრდობის ოცნება. აბა, ვინ არ იყო შეყვარებული შავ-ბნელ 90-იან წლებში ტომ კრუზზე და ვინ არ ოცნებობდა ბარზე ნიუ-იორკში.
ახლა, ოცნებების და კოქტეილების გარდა რა აქვთ ბარში: ნორმალური პიცა, ნორმალური ბურგერი, სენდვიჩები, სალათები, გემრიელი სუპები, ნორმალური პასტა, ნიოკიც კი სეიჯით და ბეკონით საკმაოდ ნორმალური აქვთ, მერე რა რომ სეიჯს ქართულად სალბი ქვია და ჩვენთანაც კარგად ხარობს. რამეს დაუვიწყარს შეჭამთ-თქო ვერ მოგატყუებთ, მაგრამ აქ ჭამა ნამდვილად ღირს, უკმაყოფილო არაფრით დარჩებით. საინტერესო აქვთ დესერტიც - საფირმო ვაშლის ნამცხვარი ფრანჯიპანით და ნაყინით. უგემრიელესი, მაგრამ საარაკოდ პატარაა მთლად ტყემლის კურკისხელა არა, მაგრამ ატმის კურკაზე სულ ოდნავ დიდი ნიუ-იორკული ჩისბურგერი ჟოლოს ჯემით. ეს ის შემთხვევაა, როცა შენს პორციას ვერავის გაასინჯებ. ნორმალური აქვთ პაკეტის ჩაიც, რომელთანაც ქაფქაფა წყალი ჩაიდნით მოაქვთ, დაუნანებლად. თორემ, თბილისში ისეთი შემთხვევებიც ვიცი, ჩაის პაკეტს ნახევარი ჭიქა მდუღარე რომ მოაყოლეს. და თან, ჩაის ბონუსად ლიმონთან და შაქართან ერთად, ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა, ბისკოტის სტილის შოკოლადის ნამცხვარიც მოყვება.
მართალია აქ ტომ კრუზი არ დაგხვდებათ, მაგრამ ფაბრიკულ Cocktails&Dreams-ში საღამოს გატარება ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, რომ „ფაბრიკაში“, ჩაის და ყავის სმის გარდა, სხვა გასართობსაც ადვილად და ბევრს იპოვით.




სამზარეულო « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი  « « «
ფასები   ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, ეგნატე ნინშვილის 8

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე. არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესი