სად
გასინჯავთ ჩვენი კულინარიული აკადემიის წყალობით თბილისის კაფეებისა და რესტორნებისთვის
ლამის სავალდებულოდ ქცეულ ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ დესერტებს - ტირამისუს და პანაკოტას?
გაგიკვირდებათ და, იაპონურ რესტორანში.
რა
უნდა ტირამისუს, თუნდაც საუკეთეოს, იაპონურ რესტორანში? არ ვიცი. ალბათ ჯერ ერთი ის,
რომ რესტორნის შეფი სავარაუდოდ კულინარიული აკადემიის ნიჭიერი სტუდენტი იყო. მეორე - ტირამისუ
და პანაკოტა თბილისში ერთობ მოთხოვნადი პროდუქტია. მესამე - ერთხელ აკეთებ და ფრიად დიდხანს ინახება. და მეხუთე, იაპონური დესერტები საკმაოდ სპეციფიკური, ჩვენი გემოვნებისთვის ძალლიან
უჩვეულო და არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია.
მოკლედ,
თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო პანაკოტა და მამისაგან სახელად მაჩას ტირამისუ, ხოლო სიყუარულით სახელი მისი - მაჩამისუ თუ გინდათ, აუცილებლად წადით „ფაბრიკაში“
და მოინახულეთ „შიო რამენი“, ჩაყავით კოვზი მასკარპონენარევ პანაკოტას უნაზეს მასაში
და მოემზადეთ ნეტარების ზღვაში ჩასაძირად. აღარაფერს ვამბობ, რა სიამოვნებას მიიღებთ,
მაჩასგან (დაფქული იაპონური მწვანე ჩაისგან) გამწვანებული და საკეთი
გულუხვად დანამული, ჰაეროვანი და ზომიერად ტკბილი ტირამისუსგან.
ახლა
რაც შეეხება, იაპონური რესტორნის იაპონურ ნაწილს - სუპ რამენს: რა გითხრათ? ყოჩაღ,
„შიოს“. აუცილებლად წადით და აუცილებლად გასინჯეთ მწვანე ხახვით და სეზამის მარცვლებით
შესუნელებული და იაპონური ატრიით, რბილად მოხარშული კვერცხით, უგემრიელესი ხორცის ნაჭრებით
სავსე იაპონური წვნიანის, ანუ რამენის სხვადასხვა სახეობები. თამამად გადაეშვით თავით და
ჩაწექით იაპონური სიამოვნებით სავსე უზარმაზარ მათლაფაში და ამ ნოყიერი „პირველი კერძის“
მერე ადგილი თუ დაგრჩათ, ნუ აუვლით გვერდს გიოზასაც, დაბრაწულ იაპონურ პელმენს. გასინჯეთ კიმჩიც, ალბათ
ასევე ნიჭიერი მზარეულის წყალობით იაპონურ რესტორანში მოხვედრილი ჩინური კომბოსტოს
კორეული მწნილიც. რაც შეეხება დესერტს, უკვე იცით რაც უნდა ქნათ.
კიდევ
რა აქვთ საინტერესო? კარგი მომსახურება, ბევრი ღიმილი და დანა-ჩანგალი ჩემნაირი შოვინისტი
კლიენტებისთვის. მომკალით და ვერ ვხვდები, აქ, ჩემს სამშობლოში მაინც რატომ უნდა ვიჩხირკედელაო
- ტირამისუს და კიმჩის თუ იტანს იაპონური მენიუ, ჩემგან ჩანგლით მიყენებულ წყენასაც
გადაიტანს როგორმე.
სამზარეულო « « « « «
მომსახურება « « « « «
კომფორტი « « « «
ფასები
₾ ₾ ₾
მისამართი:
თბილისი, "ფაბრიკა", ეგნატე ნინოშვილის 8