16 Apr 2018

„შიო რამენი“ და იტალო-იაპონური მაჩამისუ


სად გასინჯავთ ჩვენი კულინარიული აკადემიის წყალობით თბილისის კაფეებისა და რესტორნებისთვის ლამის სავალდებულოდ ქცეულ ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ დესერტებს - ტირამისუს და პანაკოტას? გაგიკვირდებათ და, იაპონურ რესტორანში.
რა უნდა ტირამისუს, თუნდაც საუკეთეოს, იაპონურ რესტორანში? არ ვიცი. ალბათ ჯერ ერთი ის, რომ რესტორნის შეფი სავარაუდოდ კულინარიული აკადემიის ნიჭიერი სტუდენტი იყო. მეორე - ტირამისუ და პანაკოტა თბილისში ერთობ მოთხოვნადი პროდუქტია. მესამე -  ერთხელ აკეთებ და ფრიად დიდხანს ინახება. და მეხუთე,  იაპონური დესერტები  საკმაოდ სპეციფიკური, ჩვენი გემოვნებისთვის ძალლიან უჩვეულო და არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია.
მოკლედ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო პანაკოტა და მამისაგან სახელად მაჩას ტირამისუ, ხოლო სიყუარულით სახელი მისი  - მაჩამისუ თუ გინდათ, აუცილებლად წადით „ფაბრიკაში“ და მოინახულეთ „შიო რამენი“, ჩაყავით კოვზი მასკარპონენარევ პანაკოტას უნაზეს მასაში და მოემზადეთ ნეტარების ზღვაში ჩასაძირად. აღარაფერს ვამბობ, რა სიამოვნებას მიიღებთ, მაჩასგან (დაფქული იაპონური მწვანე ჩაისგან) გამწვანებული და საკეთი გულუხვად დანამული, ჰაეროვანი და ზომიერად ტკბილი ტირამისუსგან.
ახლა რაც შეეხება, იაპონური რესტორნის იაპონურ ნაწილს - სუპ რამენს: რა გითხრათ? ყოჩაღ, „შიოს“. აუცილებლად წადით და აუცილებლად გასინჯეთ მწვანე ხახვით და სეზამის მარცვლებით შესუნელებული და იაპონური ატრიით, რბილად მოხარშული კვერცხით, უგემრიელესი ხორცის ნაჭრებით სავსე იაპონური წვნიანის, ანუ რამენის სხვადასხვა სახეობები. თამამად გადაეშვით თავით და ჩაწექით იაპონური სიამოვნებით სავსე უზარმაზარ მათლაფაში და ამ ნოყიერი „პირველი კერძის“ მერე ადგილი თუ დაგრჩათ, ნუ აუვლით გვერდს გიოზასაც,  დაბრაწულ იაპონურ პელმენს. გასინჯეთ კიმჩიც, ალბათ ასევე ნიჭიერი მზარეულის წყალობით იაპონურ რესტორანში მოხვედრილი ჩინური კომბოსტოს კორეული მწნილიც. რაც შეეხება დესერტს, უკვე იცით რაც უნდა ქნათ.
კიდევ რა აქვთ საინტერესო? კარგი მომსახურება, ბევრი ღიმილი და დანა-ჩანგალი ჩემნაირი შოვინისტი კლიენტებისთვის. მომკალით და ვერ ვხვდები, აქ, ჩემს სამშობლოში მაინც რატომ უნდა ვიჩხირკედელაო - ტირამისუს და კიმჩის თუ იტანს იაპონური მენიუ, ჩემგან ჩანგლით მიყენებულ წყენასაც გადაიტანს როგორმე.

სამზარეულო  « « « « «
მომსახურება   « « « « «
კომფორტი  « « « «
ფასები             ₾  ₾  ₾

მისამართი: თბილისი, "ფაბრიკა", ეგნატე ნინოშვილის 8

1 Apr 2018

რესპუბლიკა გრილ ბარი


საერთოდ, სარესტორნო კრიტიკა რესტორანში ერთი ვიზიტით და ერთი შეკვეთა-მომსახურებით იწერება. ითვლება, რომ სულ ცოტა პრეტენზიის მქონე საზკვების ობიექტშიც კი სტანდარტი ერთი უნდა იყოს - ყოველ დღე, ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში. რაც ქართული სამომხმარებლო ბაზრის და მომსახურების პირობებში, ნამდვილად ფანტასტიკის სფეროა.
ალბათ რა აღფრთოვანებული, მაღალფარდოვანი და აღტაცებული ვიქნებოდი „რესპუბლიკა გრილ ბარს“ მარტო ერთხელ რომ ვწვეოდი და აღარ მიმედგა ფეხი. აღარ გამესინჯა მანამდე აწ დახურულ „გასტრონომში“ უპირობოდ შეყვარებული ბურგერების: „ყასბის საყვარლის“, „ჰოთ-გოგის“ და „ხაშურელი ბიჭის“ გარდა არაფერი. მაგრამ, რა ვქნა, რომ მომეწონა, ძალიან მომეწონა... დღემდე ყველა მადლობას მიხდის, ვისაც კი „ყასბის საყვარელი“ ვასწავლე. დღემდე ვდაობთ სახლში „რესპუბლიკის“ ბურგერი ჯობია თუ „გრაუნდ-84“-ის...
მოკლედ, „რესპუბლიკა გრილ ბარის“ ბურგერები კარგია, ძალიან კარგი. იმდენად კარგი, რომ მენიუს დანარჩენი ნაწილისგანაც მეტს ითხოვ, უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებ და კიდევ უფრო კარგი გინდა ყველაფერი. პრეტენზია გიჩნდება, რომ სხვა კერძებიც ისეთივე გემრიელი უნდა იყოს,  როგორც ბურგერი და არ არის. ერთი სიტყვით, სტეიკები არაა თავმოყვარე სტეიკი რომ უნდა იყოს ისეთი. გარნირს არა უშავს და სოუსი ბანძია. თანაც, სტეიკის ტიტლიკანა ნაჭერს არც ერთი მოყვება და არც მეორე  და ცალკე უნდა იყიდო. ფილე მინიონი არაა ხორცის უბრალო ნაჭერი, ფილე მინიონი განძია. ჭამა-სმა-მომზადების გურუ გორდონ რამზის დავესესხები და ვიტყვი, რომ ფილე მინიონი „როლს-როისია“  საქონლის ხორცის ნაჭრებს შორის და მისი სწორად მომზადება და უძვირფასესი სოუსით გაკეთილშობილება თუ არ გეხერხება, ხელი არ უნდა მოკიდო. მით უმეტეს, არ უნდა შეიტანო მენიუში და არ შეურაცხყო რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ბლანტი მასით, რომელსაც გინდა ყველის სოუსი დაარქვი და გინდა სოკოსი, არც ერთის გემო არ იგრძნობა. აღარ გავაგრძელებ, რომ მენიუდან სტეიკის რამდენიმე სახეობა სულ არ ქონდათ, კარეიკა კი დიდი არ იყო და ყველაზე მსუქანი ნაჭრების შერჩევას კი დაგვპირდნენ მაგრამ, გამოდის რომ პორციაში სხვადასხვა ზომის ნაჭრები მოაქვთ... მერე ასეთ დროს გახსენდება, რომ ბურგერშიც არ არის ხორცი ყოველთვის ერთნაირად შემწვარი, ხანდახან მეტისმეტად მშრალია. რამდენჯერმე ბეკონიც ვერ იყო კნაწუნა - იწელებოდა. მაგრამ მაინცდამაინც ლუქსის კლასის რესტორანში თუ არ ხარ, მოსულა მსგავსი ამბავი. რომ დაფიქრდე, ამაზე მეტი რა უნდა მოთხოვო საბურგერეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, რატომაც არა?
ჰო, კიდევ პანაკოტას სულ არ ქონდა შაქარი. არ ვიცი, დაავიწყდათ და უშაქრო დესერტი მაინც შეასღეს კლიენტებს თუ ჩანაფიქრი იყო ასეთი, ზემოდან მოსხმული ზედმეტად ტკბილი ხილის სოუსის იმედად. სამაგიეროდ, გამომცხვარი ჩიზქეიქი იყო ძალიან გემრიელი. ნამდვილად ღირს გასინჯვა.
რა გითხრათ? ბურგერი თუ მართლა გიყვართ, მაშინ „რესპუბლიკა გრილ ბარზე“ უკეთეს ადგილს ვერ ნახავთ. აქ არის ბურგერების მოყვარულთა შანგრილა.  მომსახურება კარგი აქვთ, მეოგობრული და თავაზიანი. გარემოც საბურგერეს დარია. და, კიდევ ერთი ... ლუდი არ უვარგათ სასტიკად. ცოტა ხნის წინ მარტო გაფილტრული არ ვარგოდა და ბოლო მისვლაზე გაუფილტრავიც მთხლე იყო - უგემური, წყალწყალა და მჟავე.

სამზარეულო  é é é
მომსახურება  é é é
კომფორტი é é é
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, პავლე ინგოროყვას 19

19 Mar 2018

”მონ კაფე“ აბაშიძეზე


ვაკეში, აბაშიძეზე ბევრი ახალი და ბევრიც ოდესღაც ძალიან პოპულარული და კარგად ნაცნობი კაფეა შემორჩენილი, სადაც ძველი კლიენტები დღემდე ერთგულად და რეგულარულად დადიან. მათ შორისაა „მონ კაფეც“, ნახევრადჩაბნელებული, მუქი მწვანე ინტერიერით, კედელზე ბრინჯაოსფერ ჩარჩოებში ჩასმული ტილოებით, ჩუქურთმებიან სარკეებით,  რელიეფური ჭერით, მძიმე, მასიური, ტყავის დივან-სავარძლებითა და აბაჟურიანი კანდელაბრებით, რომლებიც თანამედროვე თბილისური კაფეების ავეჯისგან განსხვავებით ნამდვილად არაა სახლიდან გამოტანილი ან ნაცნობ-მეგობრებში შეგროვებული. უფრო მეტიც, ფუფუნებასა და სიმდიდრეზე საბჭოთა პერიოდის წარმოდგენის საუკეთესო ტრადიციების სრული დაცვითაა შერჩეული და ნაყიდი.
ახლა, გარდა კომფორტული, ლამაზი და მდიდრული ინტერიერისა, რა გამოარჩევს „მონ კაფეს“ აბაშიძის სხვა კაფე-ბარებისგან? პირველ რიგში, ერთი  საინტერესო მომენტი, რომელსაც აგერ უკვე წლებია ვაკვირდები: რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, საკმაოდ თვალწარმტაც კაფეში ან არავინაა, ან მაქსიმუმ 2-3 მაგიდაა დაკავებული. რაც განსაკუთრებულად თვალშისაცემია, ზუსტად მის გვერდით პრაქტიკულად ყოველთვის გადავსებული „კანაპეს“ ფონზე. და, ზუსტად ამ მიზეზის გამო, წლების მანძილზე არ ვყოფდი ცხვირს „მონ კაფეში“. როგორც  მოგეხსენებათ, კაფის დატვირთულობაა მისი ხარისხის ყველაზე ზუსტი და სწორი მაჩვენებელი და ასევე გაგრძელდებოდა ძალიან დიდხანს, რომ არა აქტიური კამპანია საზკვების ობიექტებში მოწევის წინააღმდეგ და ჩემი მწეველი მეგობრები. დიახ, „მონ კაფე“ სწორედ ის ადგილია, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯერ კიდევ თავისუფლად მოწევთ.
თვითონ კაფე როგორია? კლასიკური სტილი, რბილი, კომფორტული ავეჯი, ოქროსფერი ჩუქურთმები და და გოგენის და მანე-მონეს პერიოდის საფრანგეთი თუ გიყვართ - მშვიდად საჭორაოდ და საჭუკჭუკოდ - იდეალური. სამზარეულოც ნორმალურია, 2000-იანი წლების თბილისის კაფეების ტრადიციული და სტანდარტული ხარისხის კერძებით. ვერ გეტყვით, რომ რამე განსაკუთრებულს გაჭმევენ, მაგრამ ცუდიც არაა - კარგად ნაცნობი სენდვიჩები, ბლინები, სუპები, სალათები, პიცა და პასტა... გემრიელია დესერტიც, თვალს თუ დავხუჭავთ, რომ პანაკოტაში გაუხსნელი ჟელეს კურკუტებია და შტრუდელთან კოვზი მოაქვთ. აბა, მიდით და ცადეთ შტრუდელის გაჭრა კოვზით. ამ გახსენებაზე, არატკბილ კერძებთან არ მოაქვთ მარილი და პილპილი თუ არ მოითხოვე.
განსაკუთრებით საინტერესოა კოქტეილების მენიუ: არის კოქტეილების ერთი საერთო ჩამონათვალი და მეორე, დიფერენცირებული ჩამონათვალი - რომის კოქტეილები, ტეკილას კოქტეილები და ა.შ. იგივე კოქტეილებით და განსხვავებული ფასებით. მიმტანმა არ იცოდა რატომ. მივადექი  ბარმენს. იმან, ერთგან მარტო სახელები წერია და მეორეგან ინგრედიენტებიცაა ქვემოთ მიწერილიო. მაშინ ფასი რატომაა განსხვავებული-თქო. აბა, მანახეო, არ მენდო სიტყვაზე. ეტყობა, არც კოქტეილების ჩამონათვალი იყო მისი შედგენილი. დღემდე ვერ ეგუება ქართული ცნობიერება იმას, რომ კი ხარ შენ რესტორნის მეპატრონე (უფროსი!), შენ ჩადე ფული, მაგრამ კარგად რომ იმუშაოს რესტორანმა, მენიუ მზარეულმა უნდა შეადგინოს და კოქტეილების სია კი ბარმენმა. არაა ეს შენი და შენი სიდედრის საქმე. მოკლედ, ბარმენი მიმტანზე მეტად გონებამახვილი აღმოჩნდა, იხტიბარი არ გაიტეხა და ერთგან მარტო ერთი რომით კეთდება და მეორეგან ორნაირითო. აღარ ჩავეძიე, რომი კია შავი და თეთრი, მაგრამ ტეკილაზე და ჯინზე რას იტყვი-თქო. დაწვრილებით აღარ მოგიყვებით იმაზე, რომ მიმტანები გარტყმაში არ არიან რა კერძი რისგან კეთდება, რისი სოუსი აქვს, კლაბსენდვიჩში კვერცხი შედის თუ არა და უფრო მეტიც, სამზარეულოში რომ მიდიან საკითხავად, იქიდან ამბავი ვერ მოაქვთ შენამდე. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ შემთხვევით გვერდით მაგიდაზე დაქალებთან ერთად მჯდომი და შენი ქირქილისგან შეწუხებული, სავარაუდოდ ბარის მეპატრონე ქალბატონი დგება, ყურით მოათრევს მენეჯერს, რომელიც გიბოდიშებს, რომ მიმტანი ახალია და ჯერ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს. რას ვიზამთ? კლასიკური მაგალითია კარგი იდეის, კარგი სამზარეულოსი და ცუდი მენეჯმენტის. 
მსგავსი მომსახურებით ჩვენში ვერავის გააკვირვებ. მენიუ და კერძები ზუსტად ისეთია, როგორც ბევრგან, უფრო ხალხმრავალ კაფეებში - არც უფრო ცუდი და არ უფრო კარგი. გარემო კი ბარე ბევრი სახელგანთქმული რესტორნისას ჯობია - უფრო ლამაზია, უფრო სუფთა, უფრო კომფორტული და უფრო მდიდრული. მაგრამ, ასეთ ფონზე მგონი მაინც მივხვდი „მონ კაფეს“ ასეთი სიცარიელის მიზეზს: ფასებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ კარგა ხნის წინ შედგენილ მენიუში დღემდემდე 2-5 ლარით ძვირია ყველა კერძი და კოქტეილი თბილისის ანალოგიური სტილის ბარებთან შედარებით. რას იზამ? ძვირიანი ინტერიერის ხარჯებია ამოსაღები. „მონ კაფეს“ გახსნის მერე, არსებული ინფლაციის ფონზე, სხვებიც თითქმის დაეწივნენ მის ფასებს, მაგრამ კლიენტებს როგორც ჩანს, პირველი, ბევრი წლის წინანდელი შოკი ახსოვთ და უბრალოდ, აღარ შედიან. ჩემთვის დღემდე ფენომენს წარმოადგენს, ამდენი წელი როგორ ან რატომ არსებობენ უკლიენტო ობიექტები. მით უმეტეს, ასეთი ნორმალური. სხვა რომ არაფერი, მარტო გათბობის და გაგრილების ხარჯი გაგყიდის, აღარაფერს ვამბობ გაუსაღებელ და გადაყრილ პროდუქტებზე და მზარეულის, დამლაგებლის, ნებისმიერი პერსონალის ტყუილ შრომაზე. თუ გააკეთე, ამუშავე ბარემ. არ ვიცი, შეიძლება მზრუნველი ქმარი უსრულებს საყვარელ ცოლს ოცნებას და დაუშურლად დებს ფულს მშვენიერი მეორე ნახევარის ბიზნესვუმენობის იმიტაციაში. და, ცოლიც საკუთარი სამზარეულოს ნაცვლად, საკუთარ ბარში სვამს დაქალებთან ერთად ყავას. მოკლედ, თუ ასეა, ბევრი ასეთი ქმარი ქართველ ქალებს. მომკალით და, არამგონია კაცის ხელი ერიოს „მონ კაფეს“ დიზაინისა და კონცეფციის შემუშავებაში, ან ასეთი აწყობილი ადგილის უაზროდ მოცდენაში. კარგი, ცოლი თუ არა, დედა მაინც არის ამ საქმეში გარეული.

სამზარეულო  «« «
მომსახურება   ««
კომფორტი  ««««
ფასები   ₾ ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბლისი, აბაშიძის 14

11 Mar 2018

Cocktails&Dreams - კოქტეილები და ოცნებები „ფაბრიკაში“


Cocktails&Dreams-ი „ფაბრიკაში“ - კიდევ ერთი ადგილი, უცხოური გამოცემების თვალსაზრისით, საუკეთესო თბილისური ბარებიდან. რა დაგხვდებათ აქ? ყოფილი საფეიქრო ფაბრიკისთვის დამახასიათებელი ინდუსტრიული დიზაინი, დიზაინერული ავეჯი ხელოვნური დაძველების ეფექტით, კარგი ვენტილაცია, კარგი გათბობის და გაგრილების სისტემით, ცოცხალი ხეები უზარმაზარ ქოთნებში,  „კოკა-კოლას“ ვინტაჟური აპარატები, ძველი რადიოლები, საბჭოთა სასურსათო მაღაზიის სასწორები, საბჭოთა სასკოლო სკამებს მაქსიმალურად დამსგავსებული სკამები, ალუმინგადაკრული მაგიდები, აქა-იქ ამოწვერილი ლურსმნის თავებით (სახელოებს მოუფრთხილდით), საყრდენ ბოძებს შორის გაბმული ჰამაკები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის სავარძლები, საბჭოთა სასადილოს სტილში თეთრი კაფელი და კედელზე გამოკრული ვარდისფრად განათებული ნეონის აბრა: „კოქტეილები და ოცნებები“, ზუსტად ისეთი, ახალბედა ტომ კრუზს რომ ქონდა თავის ბარში, ფილმიდან „კოქტეილი“. როგორც ჩანს, „ფაბრიკის“ მეპატრონემ აისრულა თავისი ახალგაზრდობის ოცნება. აბა, ვინ არ იყო შეყვარებული შავ-ბნელ 90-იან წლებში ტომ კრუზზე და ვინ არ ოცნებობდა ბარზე ნიუ-იორკში.
ახლა, ოცნებების და კოქტეილების გარდა რა აქვთ ბარში: ნორმალური პიცა, ნორმალური ბურგერი, სენდვიჩები, სალათები, გემრიელი სუპები, ნორმალური პასტა, ნიოკიც კი სეიჯით და ბეკონით საკმაოდ ნორმალური აქვთ, მერე რა რომ სეიჯს ქართულად სალბი ქვია და ჩვენთანაც კარგად ხარობს. რამეს დაუვიწყარს შეჭამთ-თქო ვერ მოგატყუებთ, მაგრამ აქ ჭამა ნამდვილად ღირს, უკმაყოფილო არაფრით დარჩებით. საინტერესო აქვთ დესერტიც - საფირმო ვაშლის ნამცხვარი ფრანჯიპანით და ნაყინით. უგემრიელესი, მაგრამ საარაკოდ პატარაა მთლად ტყემლის კურკისხელა არა, მაგრამ ატმის კურკაზე სულ ოდნავ დიდი ნიუ-იორკული ჩისბურგერი ჟოლოს ჯემით. ეს ის შემთხვევაა, როცა შენს პორციას ვერავის გაასინჯებ. ნორმალური აქვთ პაკეტის ჩაიც, რომელთანაც ქაფქაფა წყალი ჩაიდნით მოაქვთ, დაუნანებლად. თორემ, თბილისში ისეთი შემთხვევებიც ვიცი, ჩაის პაკეტს ნახევარი ჭიქა მდუღარე რომ მოაყოლეს. და თან, ჩაის ბონუსად ლიმონთან და შაქართან ერთად, ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა, ბისკოტის სტილის შოკოლადის ნამცხვარიც მოყვება.
მართალია აქ ტომ კრუზი არ დაგხვდებათ, მაგრამ ფაბრიკულ Cocktails&Dreams-ში საღამოს გატარება ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, რომ „ფაბრიკაში“, ჩაის და ყავის სმის გარდა, სხვა გასართობსაც ადვილად და ბევრს იპოვით.




სამზარეულო « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი  « « «
ფასები   ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, ეგნატე ნინშვილის 8

2 Mar 2018

სალობიე ბია - „Gault&Milliau” - 11 ქულა 20-დან


სახელგანთქმული ფრანგული კულინარიული გზამკვლევი „Gault&Milliau”-ს ქართულმა გამოცემამ „სალობიე ბიას“ 20 მაქსიმალურიდან 11 ქულით თბილისის 40 საუკეთესო რესტორანს შორის საპატიო 21-ე ადგილი მიანიჭა. 21-ე ადგილს არასერიოზულად ნუ შეხედავთ, იმის გათვალისწინებით, რომ „სალობიე ბიასთან“ ერთად ამ ადგილს იგივე ქულით კიდევ 5 რესტორანი იყოფს, 12 ქულა კი ერთდროულად 8 რესტორანს აქვს მინიჭებული. მოკლედ, გზამკვლევის მესვეურებმა ნაწყენი არავინ დატოვეს და თბილისის რესტორნების მიერ დამსახურებულ მაქსიმალურ 14,5-სა და 10 ქულას შორის, არც მეტი არც ნაკლები 32 რესტორანი მოხვდა. ასე, რომ 12 ქულა მართლაც ძალიან კარგი შედეგია.
ახლა, მე რას ვფიქრობ „სალობიე ბიაზე“? რესტორნის სტანდარტებამდე აღზევებული და ნეტარების განზომილებაში გადაყვანილი ოჯახური კერძები თუ მოგწონთ, ძალიან კარგი. გასართობად და დროის სატარებლად კი სხვაგან უნდა წახვიდეთ. სოლოლაკის ნახევრადსარდაფისა და სარდაფის ორ პატარა ოთახში განთავსებული და კლიენტების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე გათვლილი ბისტრო არ ღალატობს ბოლო პერიოდის ელიტარულობაზე პრეტენზიის მქონე თბილისური რესტორნებისთვის ტრადიციად ქცეულ დიზაინს, რომელიც, რომ არ მოგატყუოთ, ცოტა არ იყოს მოსაწყენი გახდა უკვე: უბრალოდ შეთეთრებული კედლები, არცთუ ისე მოხერხებული მინიმალისტური სტილის მაგიდები და სკამები, თაროებზე შემოდგმული ახლობლებში შეგროვებული ძველი ნივთები, იატაკზე გაცვეთილი, მრავალჭირნანახი ფარდაგები და თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები კედლებზე (ამჯერად საკმაოდ კარგი). საბედნიეროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგიდის გასაწყობი ჭურჭელი მაინც არის ახალი. პირველყოფილი ადამიანის და გამოქვაბულის არ იყოს, უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში ყველაფერი კარგი ნესტიან სარდაფში ან აგურის შეულესავ კედლებში ხდება. სახასიათო რეჟისორების ერთ თარგზე მოჭრილი ფილმების არ იყოს, პირველი ნახვის აღფრთოვანებამ გამიარა უკვე და მიწის ზემოთ და გაშლილ სივრცეში, დღის სინათლეზე მინდა ჭამა.
რაც შეეხება ხელნაწერ, სისტემატიურად განახლებად(!), შეფი გიორგი იოსავას ერთგვერდიან და სულ რამდენიმეკერძიან მენიუს, ყველაფერი ერთმანეთზე უფრო გემრიელია: ლობიო ქოთანში მჭადთან და აქვე, „სალობიე ბიაში“ დამწნილებულ მჟავეულთან ერთად, ლობიანი რაჭული ლორით, ადგილზე გამომცხვარი პური, ადგილზე დამზადებული ლიმონათი, ადგილზე მოთუხთუხებული ტყემალი, "სალობიე ბიასთვის" გამოხდილი და ჩამოსხმული არაყი. სულ მიკვირს ხოლმე ქართული რესტორატორების, როგორ შეიძლება კარგი რესტორანი გქონდეს და თვითონ არ აკეთებდე და სხვისგან ყიდულობდე მწნილს, ტყემალს, პამიდვრის საწებელს, არ ასაწყობებდე სეზონურ მარაგს. ნამდვილად ჭკვიანი და საქმის მოყვარული ხალხია „სალობიე ბიაში“ და ამიტომაც აქვთ ყველაფერი ასეთი გემრიელი.
ამბობენ, რომ ღომის ღომი და ნიგვზიანი ხარჩო აქვთ ზღაპარი. მაგრამ რად გინდა? დღის 5 საათზე, თარიღს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მთელ თბილისში რომ ყველა რესტორნის ყველა მაგიდა დაჯავშნილი იყო ისეთ დღეს არ ქონდათ. თურმე წინა დღეს გაუთავდათ და ახლა ხარშავდნენ. ამიტომ იძულებული გავხდი და ხარჩოს ნაცვლად შქმერული შევუკვეთე და არც ვინანე. ნივრიან სოუსში ჩადებული საარაკოდ შემწვარი ქათმის ხორცისთვის მზად ვარ მის შემოქმედს მივუძღვნა ოდა, ვუმღერო დითირამბები, დავადგა დაფნის გვირგვინი და მივანიჭო ნობელის პრემია ჩემი გემოვნების რეცეპტორებისთვის უდიდესი სიამოვნების მინიჭების დარგში. თუმცა, თვითონ სოუსს ცოტა უფრო შესუნელებულს, ცოტა მეტი „ტაფით“ ვისურვებდი. მოგეხსენებათ, ქათამში ყველაზე გემრიელი მისი შენაწვავი ტაფა, ანუ ტაფაზე დარჩენილი ცხიმია.
სამაგიეროდ მინიმუმ სამჯერ ნაკლებ ქაცვის პორციას ვისურვებდი ჩიზქეიქის ყაიდაზე დამზადებულ ქაცვის ნამცხვარში. ქაცვის საკმაოდ მწკლარტე და მძაფრ გემოს აშკარად ვერ ანეიტრალებდა ნაღების საკმაოდ სქელი ფენა. მოკლედ, ქაცვის ნამცხვარი კარგია (განსაკუთრებით ფერები), მაგრამ ძირითად კერძებთან ახლოსაც ვერ მიდის, კომპონენტების პროპორციებში აქვს პრობლემა. სამაგიეროდ არაჩვეულებრივია ტარხუნის პანაკოტა, თუ გაგიმართლათ და დაგხვდათ  - სეზონურია და უფრო ზაფხულის თვეებში აქვთ. 
ეკუთვნის „სალობიე ბიას“ თბილისის საუკეთესო რესტორნების სიაში მოხვედრა? შეფ-მზარეულ გიორგი იოსავას აუცილებლად, ცალსახად, სავალდებულოდ, თბილისის კი არა, საქართველოს საუკეთესო მზარეულების სათავეში მოქცევაც, რესტორანს კი - არა. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ სარდაფში განთავსებულ სალობიეში ნესტის და დახშული ჰაერის სუნი წაგაქცევთ, განსაკუთრებით სამზარეულოში რამე კერძს თუ ხარშავენ მაშინ. 2. როგორც უკვე გითხარით, ჩემი სტუმრობის დღეს ისედაც რამდენიმე კერძიანი მენიუდან, ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე მოთხოვნადი კერძი გაუთავდათ და ხარჩოს კლიენტების მოსვლის მერე ხარშავდნენ. მსგავსი რამისგან არავინ დაზღვეული არ არის, მაგრამ როცა მთელი მენიუ ისეთი კერძებისგან შედგება - ნიგვზიანი ხარჩო, ამოლესილი ლობიო, სოკოს მარინადი, ლობიანის ცომი და გული - რომელიც დიდი ქვაბით წინასწარ მზადდება, ლამის ერთ კვირაზეა გათვლილი და შეკვეთისას მხოლოდ აცხელებენ, ასეთი რამ არ უნდა დაგემართოს. გააკეთე რა ახალი სანამ წინა პორციის ქვაბი ამოსალოკი გახდება.

სამზარეულო «««««
მომსახურება ««««
კომფორტი    «««
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, ი. მაჩაბლის 14

21 Feb 2018

Black Dog Bar - ბარი, სადაც ოთხფეხა მეგობართან ერთად გიშვებენ


ბოლო რამდენიმე წლის ვერცერთ უცხოურ გამოცემას ვერ ნახავთ, სადაც თბილისის საუკეთესო ბარების ჩამონათვალში Black Dog Bar-ი არ მოხვდა. აქებენ ბარის კრეატიულობას, კომფორტს, მომსახურებას და რაც მთავარია, სამზარეულოს.
კარგი, კრეატიულობაზე არ ვდავობ - ჯერ ეს ერთი, როგორც „სათაურიდან“ ჩანს, ბარში ძაღლთან ერთად გიშვებენ. მეორე, საღამოობით (განსაკუთრებით უქმე დღეებში), ბარმენი საკმაოდ მარტივ მაგრამ მართლაც სახალისო თამაშებს და კონკურსებს სთავაზობს ბარის სტუმრებს. მაგალითად, ზარის წკრიალს გაიგონებთ თუ არა, სასმელი შეგიძლიათ მოითხოვოთ უფასოდ. მესამე, მაგიდის თამაშების მოყვარულთათვის აქვთ მაგიდის ფეხბურთი. შეიძლება კრეატივში ჩაითვალოს ნათურებზე აბაჟურის ნაცვლად შემოხვეული გაზეთის ფურცლებიც, რომლებიც საკმაოდ სასიამოვნო ყვითელი შუქით ანათებს იქაურობას.
გარკვეული კრეატივია მენიუშიც -  ყველით დატენილ წიწაკას თუ შეუკვეთავთ, ოთხი ცალიდან ზოგი ცხარე შეგხვდებათ და ზოგიც ტკბილი - ასეა ჩაფიქრებული. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ მთავრდება მენიუს მთელი კრეატიულობა. არა, ცუდი არაა, არც ბურგერი და არც ბურიტო. მაგრამ, სხვადასხვა ჟურნალებში გასაწერი და საქებიც არაა ნამდვილად. ტიპურად თბილისურია ბურგერი, ზედმეტად გამომშრალი კატლეტით და  პამიდვრის ერთი ნაჭერით. ასეთივე მშრალი ქათმის ფილეა გახვეული სომხურ ლავაშში ბოსტნეულთან ერთად, რომელსაც მექსიკური ბურიტო ალბათ მარტო იმიტომ ქვია, რომ რამდენიმე ლობიოს მარცალია სოუსში - არც მექსიკური სიცხარე, არც სუნელების არომატი, მექსიკაში ასე პოპულარული ცოცხალი ქინძიც კი არ არის.
არ მომეწონა ასევე ნაქები და ლამის ცამდე აყვანილი გაფილტრული ლუდიც, რომელსაც მომკალით და აშკარად პარფიუმერული არომატი დასდევს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში იგივე საპნის არომატი ქონდა რამდენიმე სხვა ბარშიც საქართველოში გამოხდილ ლუდს, როგორც ჩანს ლუდის ფხვნილია შემოტანილი ასეთი. მოკლედ, ლუდს თუ მოითხოვთ, გაუფილტრავი შეუკვეთეთ, გაფილტრულს ბევრად ჯობია.
რაც შეეხება მომსახურებას, მართლა კარგია: სწრაფი, თავაზიანი და ღიმილიანი.
ახლა კომფორტი: აქ კომფორტი არაა. ერთ ციდა ოთახში, სამიოდე მაგიდასთან ორადორი ზურგიანი სკამი დგას. ზურგი ოდნავ მაინც თუ გაწუხებთ, ეს თქვენი ბარი არ არის. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ის უზურგო ტაბურეტიც ლამის მაგიდის სიმაღლე და შესაბამისად, ძალიან მოუხერხებელი დასაჯდომია. საუკეთესო ვარიანტია, ჩამოჯდეთ ბართან, შეუკვეთოთ ყველით დატენილი წიწაკა ან ნაჩოსი და დალიოთ ლუდი, ოღონდ გაუფილტრავი, იხალისოთ ბარმენთან ერთად და მიიღოთ მონაწილეობა საყოველთაო მხიარულებაში - Black Dog Bar-ში ყოველთვის ხალხმრავლობაა. ჰო, და ფასებია აქ კიდევ სასიამოვნოდ დაბალი. 

სამზარეულო « «
მომსახურება « « « «
კომფორტი    « « «
ფასები          

მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანის 33

12 Feb 2018

გრაუნდ 84 - კიდევ ერთი კარგი ადგილი თბილისში


არცთუ ისე დიდი ხნის წინ კიდევ ერთი კარგი ბისტრო გაიხსნა: კოხტა და სასიამოვნო გარემო, ზრდილობიანი, კარგად გაწვრთნილი, ახალგაზრდა პერსონალი, საინტერესო და გემრიელი მენიუ. როგორ გითხრათ? უფრო ზუსტად რომ ვთქვა, „ბროტმასიტერები“ იცით? ჰოდა, „ბროტმაისტერს“ კიდევ ერთი ტყუპისცალი გაუჩნდა - გარეგნულადაც, შინაარსითაც და სტილითაც, რაც სულაც არ არის ცუდი.
„გრაუნდ 84-ში“ შეკვეთას მისცემთ თუ არა, ლიტრიანი ბოთლით ლიმონიან და პიტნიან დეტოქს-წყალს მოგართმევენ საჩუქრად. საჩუქრად მოაქვთ ადგილზე გამომცხვარი (ასე ამბობენ) სამი სახეობის თბილი პურიც: ხმელ ბაზილიკომოყრილი ფოკაჩა, გრისინი სეზამის მარცვლებით და ფრანგული ბაგეტი ნივრით და კამის თუ ცერეცოს თესლით. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, „გრაუნდ84-ის კონცეფციის ნაწილია - ანისის არომატი იგრძნობა პასტაზე მოსხმულ უგემრიელეს პამიდვრის სოუსშიც და ლიმონის ცედრამოხეხილ  კარტოფილ ფრიშიც.
საინტერესო და ხარისხიანი, მაგრამ საშუალო სტატისტიკური თბილისელი მომხმარებლისთვის ცოტა არ იყოს დამაბნეველი და მოუხერხებელია მენიუ: ტყის სოკოს წვნიანი ვერმუტით და ტრიუფელის ზეთით, ტენდერლოინი წითელი პესტოთი, რიზოტო გოგრით და შაფრანით, პიცა ნაღებით, რიკოტათი და გორგონძოლათი, პასტა ქათმით და ყაბაყით... მიუხედევად იმისა, რომ ამერიკულ-იტალიურ სტილშია ყველაფერი, აქ არ დაგხვდებათ ისეთი ნაცნობი და გაცვეთილი სახელები, როგორიცაა პიცა პეპერონი, მარგერიტა ან პასტა კარბონარა, არც ჩვეული გემოთშეთანხმებები. უფრო მეტიც, კერძის შეკვეთის მერე არჩევანს გთავაზობენ პასტის სახეობაშიც, რომელსაც მიმტანს თუ დავუჯერებთ, ადგილზე ამზადებენ. მაგრამ, მომკალი და ჩვენთვის მოტანილი პენე მაინც მაღაზიის მგონია. ვერ იყო ადგილზე ახალდამზადებული პასტა რომ უნდა ყოფილიყო ისეთი ყოჩაღი. და არც „ალ-დენტე“ იყო მე რომ შევუკვეთე მთლად ისეთი. 
სამაგიეროდ, შეფის საავტორო ბურგერი აქვთ ზღაპარი, სეზამმოყრილი ხრაშუნაკანიანი ფუნთუშით, წიწმატით, დაკარამელებული ხახვით, "განსაკუთრებული" სოუსით და ზუსტად თქვენი სურვილის მიხედვით შემწვარი კატლეტით. აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვჭამე თბილისში გაუყინავი ხორცისგან საშუალო მზაობამდე გარედან იდეალურად დაბრაწული და შიგნით ცვრიანი ბურგერი. ზუსტად საშუალო მზობამდე იყო ხორცი შემწვარი უგემრიელეს როსტბიფის პიცაზეც: ხრაშუნა ცომი, ფართო კიდით, მზეზე გამომშრალი პამიდვრები, წიწმატი, საგანგებოდ პიცისთვის მომზადებული პამიდვრის სოუსი და პარმეზანი. ნაკლს ვერ უპოვი. არა, როგორ ვერ უპოვი: ვისურვებდი ოთხ ვეებერთელანაჭრიან პიცაზე, ცოტა მეტი ხორცი და ოთხი პაწაწუნა ნაკუწი პამიდვრის ჩირის ნაცვლად ცოტა მეტი მოეყარათ და უფრო დიდი ნაჭრები, მაგრამ მაინც ღვთაებრივად გემრიელი იყო ყველაფერი. ისე, ბარემ რადგან დავიწყე, ბოლომდე ვიტყვი: მენიუში რუკოლაც ეწერა და პიცას მარტო წიწმატი ეყარა. თუმცა ამით არაფერი დააკლდა, მით უმეტეს, რომ წიწმატიც და რუკოლაც ერთი ყაიდის მწვანილებში გადის, იგივეა რამეს კამა და ცერეცო რომ მოაყარო ერთად, მაგრამ რადგან მენიუში ეწერა მაგიტომ ვამბობ, თორემ პრეტენზია არ მაქვს...
აქვთ ადგილზე დამზადებული ლიმონათიც, ლიმონით, ფორთოხლით და ყავა კენკრით. ლიმონით კარგია, ფორთოხლით - ისე რა. აი, ყავის და კენკრის გასინჯვას კი თქვენი არ ვიცი და მე დიდხანს ვერ გავრისკავ. მომკალი და არ უნდა იყოს კარგი. მაგრამ, ეგებ ვცდები, აქ ხომ ყველაფერი გემრიელი აქვთ. კარგია ყავა და ნამცხვრებიც.
ამ კულინარიულ სამოთხეში მაინც არის ერთი პრობლემა: სივიწროვე და მაგიდების ზომა. ორი კაცის მოკრძალებულ შეკვეთასაც კი უჭირს ერთ მაგიდაზე მოთავსება, აღარ ვლაპარაკობ რა იქნება, მშიერი თუ შეხვედი. ჩვენი შეკვეთის ნაწილი გვერდით მაგიდაზე ელაგა. მით უმეტეს, რომ ცალ-ცალკე ჭიქები მოაქვთ წყლისთვის და ლიმონათისთვის (რაც ძალიან კარგია). ამ გახსენებაზე, ერთ საინტერესო ფაქტსაც აქვს ადგილი: ლიმონათი ლიტრიანი გრაფინით 13 ლარი ღირს, მაგრამ 400 მლ-იანი ჭიქით თუ შეუკვეთავთ - 7. ერთი სიტყვით, ლიმონათის ჭიქაში დასხმაში 2 ლარს იხდით.
რა გითხრათ, ხშირად ვივლი? არ ვიცი, ალბათ არა. მაგრამ რამდენი ბურგერი ან კარგად შემწვარი ხორცი მომინდება, ყოველ ჯერზე მივალ - მენიუში ტენდერლოინიც აქვთ, რომელიც აუცილებლად უნდა გავსინჯო. ჩემი აზრით, ფართია პატარა და ადგილია რაღაც უპერსპექტივო. მით უმეტეს, ასეთი კონცეფციის ბისტროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ძალიან მომწონს „გრაუნდ 84“, სამწუხაროდ, არ გვიყვარს ქართველებს საჯაროდ ახლის სწავლა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ ასეთ დროს, განსაკუთრებით პატარა ბისტროში. ძვირიანი რესტორნისგან, ჯანდაბას, ავიტანთ კიდევ, მაგრამ არამგონია ბევრს ესიამოვნოს, როცა მიმტანი გიმარცვლავს საჩუქრად მორთმეული სამი სახეობის პურის დასახელებას. უარეს დღეში გვაგდებს მენიუში ჩამოთვლილი უცნობი პროდუქტები და ასარჩევად შემოთავაზებული ოთხი სახეობის სვეცკურად პასტა და ჩვენებურად მაკარონიც - ფეტუჩინი, ტალიატელე, პენე და ა.შ. არ ვართ ჯერ ამისთვის მზად... ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, პეკინის 8