30 Aug 2017

"ჩიკო" ასპინძაში

ბავშვობაში, მეორე მსოფლიო ომამდელ ევროპულ შავ-თეთრ კინოებს რომ ვუყურებდი, ერთი რამის  მშურდა ყოველთვის: ფრანგული ან იტალიური სოფლების ცენტრში გაშლილი. ყვავილებითა და ქოლგებით მორთული ღია კაფეების, სადაც დამღლელი დღის ბოლოს სოფლის მცხოვრებლები იკრიბებოდნენ, წრუპავდნენ ყავას და იქვე გამომცხვარ ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს მიირთმევდნენ. აგერ ამდენი წელი გავიდა, 21-ე საუკუნე დაგვიდგა და სოფლის კაფეები ჩვენში დღემდე ეგზოტიკის სფეროში რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ ჩამომსხდარ და ყავის წრუპვაში გართულ გლეხებზე. სამაგიეროდ, ამჯერად ამერიკულ ფილმებში ნანახი კიდევ ერთი კარგი ტრადიცია ავითვისეთ მეტ-ნაკლებად: სულ უფრო და უფრო მეტი და საბედნიეროდ, ხარისხიანი საგზაო კაფეები ჩნდება ტრასაზე.
სწორედ ასეთი კაფეების ნაირსახეობას მიეკუთვნება ამავე სახელწოდების სასტუმროსთან არსებული კაფე „ჩიკო“, ასპინძის შესასვლელში, რომელიც  ტრადიციულ ქართულ რესტორანს დიდი და დახურული დარბაზით, ტერასას ულამაზესი ხედით, ლუდის ბარს და სახაჭაპურეს აერთიანებს.
გარდა იმისა, რომ კარგი ხედია, სიგრილე სამცხე-ჯავახეთის გაუსაძლის ხვატში, მოხერხებული სკამები, უჩვეულო სისუფთავე ყველგან (სამზარეულოს და ტუალეტების ჩათვლით) და გემრიელი კერძები, ჩემი აღფრთოვანება წარმოიდგინეთ, ჩვენებური გაგებით, სადღაც დასაკარგავში ერთნაირ ფორმებში გამოწყობილი, ყურზე მიკროფონით და გულზე სახელიანბეიჯმიმაგრებული მიმტანები და მაგიდაზე დადგმული გამოძახების ზარის ღილაკები რომ დავინახე. მერე ნუ იტყვი, როგორი ღიმილით, გულიანად და როგორი სისწრაფით გემსახურებიან და თბილისის ბევრი ცნობილი რესტორნისგან განსხვავებით, სადაც ვერ გაიგებ გამოძახების ღილაკი მაგიდაზე რატომ აქვთ (აჭირე თითი რამდენიც გინდა, სანამ თვითონ არ ჩათვლიან საჭიროდ არ მოვლენ), აქ დაჭერას ვერ ასწრებ, რომ მორბიან. და არ გეგონოთ, რომ კლიენტები ცოტა ყავთ - მაგიდა გათავისუფლებას ვერ ასწრებს, რომ ახალი და ახალი ჯგუფები სხდებიან.
რა აქვთ გემრიელი? უთხელეს, ღუმელისგან ზუსტად საჭირო დონემდე გაფიცხებულ ცომში ჩაღვენთილი ყველით გაძეძგილი ხაჭაპური, აშკარად ახალი ხორცისგან დამზადებული და კარგად შესუნელებული ზომიერად ცხიმიანი ქაბაბი, საკმაოდ კარგი მწვადი, მართლა კეცში გამომცხვარი და არა მერე სილამაზისთვის გადადებული მჭადები, სვანურ მარილში ამოგანგლული კარტოფილი ფრი და რაც მთავარია, აუცილებლად გასინჯეთ ადგილზე დაყენებული და ქვევრში შენახული მესხური ლუდი.
რა არ მომეწონა? გაგიკვირდებათ და კიტრი-პამიდვრის სალათა. კიტრი იყო აშკარად წინასწარ დაჭრილი და მესხური მზისგან გამომშრალი და მიუხედავად იმისა, რომ უხვად ეყარა მწვანილი და ხახვი, საერთოდ არ ქონდა მარილი ან რამე სხვა საკმაზი - მაგალითად ძმარი. და კიდევ ყველი იყო აი, ძალიან არაქართულად და ევროპულად  დაჭრილი - თხლად, თხლად და სულ არ უხდებოდა კეცის ბუთქუნა მჭადებს. თუმცა, ძალიან გემრიელი კი იყო. 
და ალბათ ყოველივე ზემოთქმულის მერე აღარ არის იმის დამატება საჭირო, რომ „ჩიკოში“ ტერმინალი აქვთ და აქ ბარათითაც შეიძლება გადახდა.

სამზარეულო « « « «
მომსახუება   « « « « «
კომფორტი    « « « « «
ფასები           ₾  ₾  ₾


მისამათი: ასპინძა, E691, ს11

22 Aug 2017

რესტორანი „ზალა“

მიუხედავად იმისა, რომ პირველი რაც მაგონდება „ზალაზე“, ეს არის: „აქანა დავდგამ სტენკას“, თბილისურ „ზალაში“ არც სტენკა დაგხვდებათ და უფრო მეტიც, რამდენიმე პატარა ოთახად დაქსაქსული, თანამედროვე და კომფორტული ინტერიერი სულ არ გავს ჩუქურთმებით და ბროლის ჭაღებით დახუნძლულ უზარმაზარ საბანკეტო დარბაზს ანუ ე.წ. ზალას. აქ ყველაფერს ეტყობა სიყვარული და ზრუნვა: მზრუნველობა ეტყობა საგანგებოდ შერჩეულ ორიგინალურ შპალერს, მოხერხებულ სკამებს, კონკრეტულად „ზალისთვის“ შეკვეთით დამზადებულ და ხელით მოხატულ ჭურჭელს, იდეალური გემოს ძიებაში მრავალღამენათევ და ათასექსპერიმენტგამოვლილ კერძებს. და, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის სიმყუდროვე და სასიამოვნო გარემო, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მოდერნისტული სულიკვეთებით გაფორმებულ სრულიად არაზალურ „ზალაში“ გელით.
ერთი სიტყვით, ყანწების ტრიალი და „სამი დალიე შეგერგება“ თუ მოგწყინდათ, ხინკალი ყელში ამოგივიდათ და ევროპული სტილის კერძები მოგენატრათ ან უბრალოდ კარგად და გემრიელად ჭამა გინდათ კომფორტულ გარემოში, ვინმე განსაკუთრებულს გინდათ მოაწონოთ თავი და წაიმარიაჟოთ, ან სულაც მშვიდ ადგილას გინდათ ლეპტოპთან წამუშავება - მოდით „ზალაში“.
რა დაგხვდებათ „ზალაში“? ზალაბურგერი, ბულიონში ჩალაგებული თითოლუკმა ხინკლუჭები, სულგუნით სავსე ჭვიშტრები, იხვის კონფის სტილში დაბრაწული, გარედან ხრაშუნა და შიგნით ურბილესი ქათმის ბარკალი თბილ ბაჟეში ჩალაგებულ დაბრაწულ ელარჯთან ერთად. საფერავის სოუსმოსხმული საქონლის სუკი მოწალულ ხრამუნა სტაფილო-ბოლოკ-კარტოფილთან ერთდ. თაფლში და დარიჩინში შეპიწკინებული ბურვაკის ხორცი უგემრიელეს სეზონური ხილის სოუსთან ერთად და კიდევ ათასი გემრიელობა.
რა აქვთ საინტერესო? გემრიელი და უნაზესი საფერავის პანაკოტა, რომელიც გემრიელი კი არა დაუვიწყარი გახდებოდა, თავზე მზარეულის გულუხვი ხელით დაუშურებლად მოყრილი გატარებული ნიგოზი უმოწყალოდ რომ არ კლავდეს საფერავის არომატს. აი, ნიგოზს რომ არა ატარებდნენ, უბრალოდ რომ ჭრიდნენ, მერე კნაწაუნა კარამელში ავლებდნენ და სულ რამდენიმე ნატეხს აყრიდნენ პანაკოტას შავი ქლიასვის ჩირთან ერთად... საფერავის გემრიელი არომატი ხომ არომატად დარჩებოდა, გატარებულის და დაჭყლეტილის ნაცვლად მოხალული ნიგოზი ხომ აღარ დატოვებდა ნიგვზის ზეთის გემოს და კარამელიც ხომ საუკეთესოდ შეასრულებდა ხრაშუნა ელემენტის მოვალეობას...
რა არ მომეწონა? მუსიკა. საერთოდ ვერ ვხვდები რა საჭიროა ასეთ ადგილებში კლუბური, საცეკვაო მუსიკა, თანაც დღის საათებში სადილის დროს. წამოხტები და იცეკვებ? უფრო ენერგიულად შეჭამ? არ ვიცი... არ ვიცი...
უნდა მივიდეთ „ზალაში“? აუცილებლად. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რესტორნებსაც ეკუთვნით ადგილი ტრადიციული ქართული რესტორნების გვერდით. იმიტომ რომ 5-6 წლის წინ სანთლით უნდა გეძებნა თბილისში მსგავსი სამზარეულო. იმიტომ, რომ ამ სეგმენტს ძალიან უჭირს ადგილის დამკვიდრება ტრადიციული სახინკლეებისა და ხალტურა-თვალში ნაცრის შეყრაზე აგებული ვითომ ევოპული რესტირნების გვერდით. იმიტომ რომ „ზალა“ მართლა კარგია და იმიტომ რომ მის პატრონს მართლა უყვარს თავისი საქმე.  
და, კიდევ ერთი - ასეთი სამზარეულო, სამწუხაროდ, არაა იაფი .

სამზარეულო  « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « « «
ფასები   ₾ ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, თ. ჭოველიძის 24

16 Aug 2017

ვაგონი № 7

გიყვარდათ ბავშვობაში აგატა კრისტის პუარო და სულ გაინტერესებდათ როგორი იყო აღმოსავლეთის ექსპრესი? საერთოდ არ მოსწრებიხართ თბილისი-მოსკოვის მატარებლის ვაგონ-რესტორნებს? ან სულაც მატარებლით მგზავრობა გიყვართ? მაშინ აუცილებლად უნდა იმგზავროთ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე გახსნილი ვაგონი №7-ით.
აქ დაგხვდებათ პლაცკარტის ტიპის, მაგრამ ლუქსის კლასის ღია კუპეები, სავარძლის თავზე განთავსებული ბადის საბარგულით ხელჩანთისთვის, კუპის შტეფსელი გაფრთხილებით, რომ 220 ვოლტზე არ მუშაობს და მშვენიერი ხედები მატარებლის ფანჯრიდან. მერე რა, რომ 15 წუთში ამოყოფთ თავს ლონდონიდან სან-ფრანცისკოში, ან შიგადაშიგ დრონით გადაღებული კადრებიც გაიელვებს და თავი ღრუბლებში გეგონებათ, სამაგიეროდ, აქ რელსებზე ბორბლების ბრაგუნის ნაცვლად სასიამოვნო მუსიკა ჟღერს და არც რკინიგზაზე მგზავრობისთვის დამახასიათებელი ქვანახშირის და კუპრის სუნი შეგაწუხებთ.
პუაროს აღმოსავლეთის ექსპრესის ვაგონ-რესტორნისგან განსხვავებით საუზმეზე აქ არ დაგხვდებათ ზუთხის ხიზილალა, ნორვეგიული ორაგულის გრავლაქსი და ჭიქა შამპანური, მაგრამ ლანჩზე გასახარ და გასაოცარ ფასად მიიღებთ უზარმაზარ პორცია პასტის მენიუს ქათმის შნიცელით, გოგრის სუპის მენიუს სტეიკ-სალათით ან ბურგერის მენიუს სალათ „ცეზართან“ ერთად, თავისი უგემრიელესი ხილის ცივი ჩაით. ბანანის, კენკრის და მწვანე ვაშლის ცივი ჩაი კი მართლაც საგანგებოდ გამოპრანჭული და საკმაოდ გემრიელი აქვთ, თანაც საკუთარი შემოქმედების. ვისაც თხელი პიცა გიყვართ, თქვენთვის სუპერთხელ ცომზე სუპერხრაშუნა პიცას მოამზადებენ, ოღონდ ბევრი ყველით.
ჯერ ახალგახსნილები არიან და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებენ - იმიტომ რომ მომსახურება აქვთ გასაოცრად კარგი. ახალგაზრდა და სიმპატიურმა ბორტგამცილებელმა, ცვლა რომ დაამთავარა, მოვიდა და დაგვემშვიდობა, ჩვენი მაგიდა კი შემცვლელს გადააბარა. შემცვლელი მთლად გადასარევი აღმოჩნდა და სადილს რომ მოვრჩით, საჩუქრად უზარმაზარი ჭიქით უგემრიელესი კაპუჩინო მოგვართვა, ასევე გემრიელ შოკოლადის ბურთულებთან ერთად, რომელიც ყავასთან თითო ცალი კი არა, ჩადგმით მოგვიტანეს. თქვენ ხომ არ იცით, როგორ ორმაგად გემრიელი და ორმაგად არომატული იყო უფასოდ მორთმეული ყავა?
რა გითხრათ? გავგიჟდი, გადავირიე-მეთქი? ნამდვილად, არა, მაგრამ ერთხელ მისვლა მაინც მართლა ღირს. ახლო-მახლო თუ მუშაობთ სადმე, ლანჩზე სიარული ხომ საერთოდ. და გულწრფელად გეტყვით: სადილად ნაკლებად, მაგრამ ცივი ჩაის ან ყავის დასალევად და საჭორაოდ უკვე რამდენჯერმე გამიწია გულმა და ვიყავი.

სამზარეულო « « «
მომსახურება « « « « «
კომფორტი « « « «
ფასები  ₾  ₾  ₾  ₾


მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 7

11 Aug 2017

ბორჯომის ხეობის სახელგანთქმული „ნიავი“

ჩვენში მგზავრობა და მწვადი, მოგზაურობა და მწვადი, პიკნიკი და მწვადი, დასვენება და მწვადი, ქეიფი და მწვადი რომ სინონიმებია, ამაზე აღარავინ დავობს. ჰოდა, სად ვიპოვით ლამის საქართველოში საუკეთესო მწვადს ბორჯომის ხეობაში? სად და ბორჯომამდე არმისული, სოფელ ახალდაბის სუპერპოპულარულ და სუპერსახელგანთქმულ „ნიავში“.
მოდი, სამართლიანობის ხათრით ვაღიარებ, რომ ლამის საქართველოში საუკეთესო მწვადი „ნიავში“ 2-3 წლის წინ იყო, ახალგახსნილზე. სანამ ქართული ბაზრის ტრადიციის თანახმად, პოპულარობის ზრდასთან ერთად ხარისხს გააფუჭებდნენ. ახლა კი აწსახელმოხვეჭილი და მუდამ ხალხით სავსე „ნიავი“ მხოლოდ ბორჯომის ხეობაში საუკეთესო მწვადის ტიტულისთვის თუ შეძლებს ბრძოლას.
ერთი სიტყვით, სტრატეგიულად სწორ ადგილას გახსნილი „ნიავი“ მწვადის მოყვარულებს ზაფხულში მდინარეზე გადებული და ხეობის ნიავისგან კარგად განიავებადი ღია კუპეებით და ზამთარში საერთო დარბაზითა და დახურული, შეშის ღუმელით გაღუღუნებული კუპეებით იზიდავს.
ახლა, რატომ არის „ნიავის“ მწვადი ასე სახელგანთქმული? იმიტომ რომ იდეალურადაა დაბრაწული და სწორედ ზომიერი „დამწვრობა“ აძლევს განუმეორებელ გემოს. საქართველოში საუკეთესო კი იმიტომ აღარ არის, რომ ამ ბოლო დროს მწვადი აღარაა ცვრიანი და კრაწუნა ზედაპირს შიგნით ცოტა ზედმეტად მშრალია. არ ვიცი, ან ნაჭრებია ძალიან პატარა და შეწვის პროცესში ხორცი უცებ შრება, ან ხორცია განაყინი... მოკლედ, მწვადი უგემრიელესია, მაგრამ ხორცი არ არის როგორიც უნდა იყოს ისეთი რბილი. რაც შეეხება დანარჩენს, კარგია თონემში გამომცხვარი პური, მთის ცხიმიანი ყველი, ტყემალი, კიტრი და პამიდვრის სალათა... ხინკალი არ ვარგა (რა უნდა ბორჯომის ხეობაში ხინკალს?) და ხაჭაპურიც ვერაა მაინცდამაინც ყოჩაღი. კარგი ხაჭაპური თუ გნდათ, „ნიავს“ ცოტათი გაცდით ხაშურს მიმართულებით და „ფორიაში“ მიირთვით, სადაც  შეუდარებლად უკეთესი აქვთ. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ „ფორიაც“ და „ნიავიც“ ერთ კაცს ეკუთვნის, დიდ განსხვავებას მენიუში ვერ ნახავთ. პროდუქტები ერთია, მხოლოდ მზარეული ყავთ სხვადასხვა და შესაბამისად, ერთგან მწვადია კარგი, მეორეგან ხაჭაპური.
ახლა რაც შეეხება მომსახურებას „ნიავში“: ბარაქიანი პორციები საკმაოდ სწრაფად და ცოცხლად მოაქვთ, მაგრამ ქართულად უთავბოლოდ და ხშირად დაღლილობისგან ჩამოშვებული ცხვირით. მოგეხსენებათ, კლიენტები ბევრი ყავთ. თქვენს გვერდით მაგიდას საუკუნე არ ალაგებენ და უფრო მეტიც, შეიძლება თქვენი მაგიდის მეორე ბოლოც (გრძელი მაგიდები დგას) აულაგებელი დატოვონ სანამ თქვენ სადილობთ. ერთი სიტყვით, სანამ ახალი კლიენტი არ მოვა, ალაგებით თავს არ იწუხებენ. როგორც ჩანს „ნიავის“ პერსონალს დალაგება უყვარს და ალაგება -  არა. ასევე, თქვენს გვერდით მაგიდის ალაგების პროცესში შეიძლება დატკბეთ მიმტანების დიალოგით და დაწვრილებით მოისმინოთ რა „ტკბილი“ და „თბილი“ შეხედულება აქვთ კლიენტებზე. თან პერიოდულად თქვენსკენ აპარებენ თვალს და ეშმაკურად გიღიმიან, ნუ გეშინია, ეს შენ არ გეხებაო.
მაგრამ იცით რას გეტყვით? ბორჯომის ხეობის სიგრილე, მდინარეზე გადგმული მაგიდები და გრილი ნიავი ამ ყველაფერს შესანიშნავად იტანს. არც მიმტანების მოღუშული სიფათები გადარდებს და არც ირგვლივ მაგიდებზე დატოვებული ნაგავი. და თან შემწვარი ხორცის ისეთი გემრიელი სუნი დგას ირგვლივ, რომ იმ მომენტში, მერწმუნეთ, მწვადის გარდა არ არსებობს არაფერი.

სამზარეულო « « «
მომსახურებ  « «
კომფორტი  « « « «
ფასები    ₾  ₾


მისამართი: ბორომის ხეობა, სოფელი ახალდაბა

7 Aug 2017

ვეგეტარიანული "ლეილა" და მარინა ცვეტაევას პეროგი

ტურიზმზე ორიენტირებულ ახალ თბილისში ნაწვიმარზე წამოჩიტული სოკოებივით მომრავლებული #სახლშიუსარგებლოდდახვავებულიძველიავეჯ-ჭურჭელიჭკვიანურადგავასაღე და #სამზარეულოშიერთიგაზიდაერთიტაფამაქვს კონცეფციის კაფე-რესტორნების ტრადიციას წარმატებულად აგრძელებს კონკასთან, მარონეტების თეატრის სიახლოვეს გახსნილი ვეგეტარიანული კაფე „ლეილა“.
ზოგადად, მსგავსი ადგილების საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, მართლა ყოველი ბუჩქის ქვეშ რომ არ იყოს თითო-ორი. და კიდევ ერთი: ასეთი კონცეფცია, ძველს და ბინძურს კი არა, ახალს დაძველების ეფექტით ან ძალიან კარგად მოვლილ და განახლებულ ძველს გულისხმობს. მართლა აღარ მინდა გაქონილ ფარდაგებზე და ბალიშებზე ჯდომა და კიდეებატკეჩილი თეფშებიდან ჭამა. და აღარც სახლის, არაკომერციულ მაცივარში რაც ეტევა იმდენ ნახევარფაბრიკატზე და გაყინულ ქათმის ფილეზე ნახალტურები საჭმლის ჭამა. თანაც, საუკეთესოს ფასად, სახლიდან გადაყრილი უსარგებლო ავეჯის და ფარდებს ცვეთისთვის დამატებული უზარმაზარი პროცენტით.
„ლეილა“ ასეთი არაა. რითია განსხვავებული? ირანულ სტილში მოჩუქურთმებული ზღაპრული ჭერი და კედლები მე-17 საუკუნის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნისდან" მამუკა თავაქარაშვილის მინიატურებით და სარკის მოზაიკით. იმდენად ლამაზით, რომ მერწმუნეთ, არც მართლა ხარისხიანი და ახალი მაგიდები დაგამახსოვრდებათ როგორია და არც დასაჯდომად საკმაოდ მოხერხებული სკამები. თუმცა, სიმართლიანობისათვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არაფერში ჯდება მასიური ხის ბარის მაგიდა, ზედ მიმაგრებული საახალწლო ნათურებითა და სხვადასხვა ზომის კოვზებით, ისევე როგორც ბარის თაროებზე კეკლუცად შემოლაგებული საბჭოთა პერიოდის კოპლებიანი ჩაის სერვიზი. რაც, სამწუხაროდ, ერთიანი იდეის ან კონცეფციის კი არა, ზემოთ რომ ვამბობდი სწორედ იმ #სახლიდანგამოვყარედააბასადწამეღოს პრინციპის შედეგია. მაგრამ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ბოლოსდაბოლოს ზურგით დაჯექით.
უგემრიელესია საჭმელიც!
ახლა კიდევ ერთი გადახვევა უნდა გავაკეთო: ვაღიარებ, ძალიან მიკერძოებული და ტენდენციური დამოკიდებულება მაქვს ვეგეტარიანელების და ყველაფერი ვეგეტარიანულის მიმართ. არა, მოდი, დავაზუსტებ. ვეგეტარიანლელებს არაფერს ვერჩი - ფესევდო-ვაივეგეტარიანელების და ვითომვეგეტარიანულის მიმართ. აი, იმათზე ვსაუბრობ, სადღაც 30 წლის ასაკში მოულოდნელად რომ აღმოაჩინეს, რომ ქათმის ბარკალი ხეზე არ იზრდება და ქათამს აბია, ცვრიანი მწვადი კი თურმე ოდესღაც ღორი ყოფილა. თევზს ცოცხლებში არ თვლიან და მიუხედავად იმისა, რომ კვერცხს და რძის პროდუქტს ჭამენ, თავი მაინც ვეგანი გონიათ - ასე უფრო მოდურად ჟღერს (ვეგანი მარტო ბოსტნეულს ჭამს) და თანაც, ქაჯები კი არ არიან, მხოლოდ ნატურალურ აბრეშუმს, ნატურალური ტყავის ფეხსაცმელს და ჩანთებს ატარებენ და არც ბუმბულის ბალიშზე თავის დადებისგან უფრთხებათ ტკბილს ძილი. და მეორე კატეგორია - ვეგეტარიანელობა აუცილებლად პირსინგს, ფერად თმას და მსგავს იდეებს რომ გულისხმობს. სწორად გამიგეთ, ფერადი თმაც მომწონს და პირსინგიც, მაგრამ როგორც კი ვეგეტარიანელობა, მწვანე თმა ან ტატუ უბრალოდ ცხოვრების სტილი კი არა, სხვებზე ამაყადაღმატებულობისა და გამორჩეულ-პროგრესულობის დიადი სიმბოლო ხდება, მართლა მბურძგლავს.
ამიტომ, ვაღიარებ, რომ „ლეილაში“ წინასწარ ნეგატიურად და კრიტიკისთვის განწყობილი მივედი და რა დამხვდა? ჩრდილში დადგმული რამდენიმე კოხტა მაგიდა გარეთ. შიგნით სიგრილე და როგორც უკვე გითხარით - ზღაპრული ინტერიერი. გემოვნებიანი მუსიკა ნორმალურ ხმაზე. გულწრფელი ღიმილი, თავაზიანი მომსახურება და ბევრი ყურადღება. იმდენად შინაური ატმოსფერო, რომ მეპატრონემ თავისი ტელეფონი დასატენად შეიძლება შენს მაგიდასთან შეაერთოს, რაც არ გაწუხებს, მაგრამ ცოტა არ იყოს გაუგებარია. უქორფესი და უხარისხიანესი პროდუქტისგან დამზადებული ახალი და გემრიელი საჭმელი. მოგეხსენებათ, ვეგეტარიანული საჭმელი, ძალიან კარგი პროდუქტისგან და ძალიან კარგად თუ არ გააკეთე, არ ვარგა. ბალახი მწვადი არაა, მარტო წალმის კვამლის სუნის ხარჯზე რომ იყოს გემრიელი.
რა უნდა გასინჯოთ? პრინციპში ყველაფერი. ოსპის სუპი. ჭვიშტარი. ავოკადოს და სოკოს სალათის უზარმაზარი ხონჩა ორნაირი სოკოთი და თბილი, უგემრიელესი სოუსით. უგემრიელესი ყველით გაძეძგილი ფხლოვანი უთხელეს და უნაზეს ფენოვან ცომში, რომელიც ენაზე დნება. დიახ, ფხლოვანი სადაც ბალახზე მეტი ყველია! ცვეტაევას ვაშლის ღვეზელი, არაჟნის გულსართით და ადგილზე დამზადებული რეჰანის, პიტნის და ტარხუნის უგემრიელესი ლიმონათი. ჰო, გაითვალისწინეთ ისიც, რომ პორციებია დიდი.  
„ლეილაში“ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ სუფთა ქართული ტკბილეული, უგემრიელესი ე.წ. „ორბელიანების ნუგბარი“ ანუ მდაბიურად კაკლუჭები, რომელიც დღეს დელიკატესად და იშვიათობად იქცა და რომლის რეცეპტსაც საუნჯესავით იცავენ, გეგონება სახელმწიფო საიდუმლო იყოს. არადა, გასული საუკუნის 90-იან წლებში, გაგანია ყველაფრის დეფიციტის დროს ყველა „პადზემკის“ და მეტროს ჩასავლელთან იყიდებოდა 20 თეთრად.
და კიდევ, ნიყვს ნუ გამოტოვებთ სეზონზე.

სამზარეულო « « « « «
მომსახურება « « « « «
კომფორტი « « « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, შავთელის 18

1 Aug 2017

პიადა ზესტაფონში

დასავლეთისკენ მოგზაურ ქართველთა წმინდათწმინდა ტრადიციად იქცა ზესტაფონში ყავის სმა. რა ფასი აქვს ისე მგზავრობას, ერთმანეთის გვერდზე მძივებივით ჩაკიწიკიწებული კაფეების წინ თუ არ გააჩერე მანქანა და არ მიიღე აპარატის ყავის აუცილებელი დოზა. მეზობლის წარმატებული ბიზნესით წაქეზებული ახალგამოჩეკილი მცხობელების თუ ყავის მომდუღებლების შეჯიბრის წყალობით ზოგი აშენდა, ზოგი გაფართოვდა, ზოგიც დაიხურა, ზოგმა ხაჭაპური გააფუჭა, ზოგმა ისეთი ლორით და ყველით გაძეძგილი და ცხიმში ჩაჭიპჭიპებული „ავსტრალიურების“ რეცეპტი მოიგონა, რომ გზაში გაგაძღობს კი არა მთელი ორი დღე ვეღარ შეჭამ ვერაფერს. მაგრამ მშვიდად, სიგრილეში წახემსება, ნორმალური პარკინგი და შეძლებისდაგვარად სუფთა საპირფარეშო შესვლა თუ გინდათ, თამამად ჩაუარეთ სალავაცეების უწყვეტ რიგს და მანქანა  ზესტაფონიდან გასასვლელში „პიადასთან“ გააჩერეთ.
მერე რა, რომ 16 ლარის ხურდა პარკში ჩაყრილი 20-თეთრიანებით შეიძლება დაგიბრუნონ, ან კაპუჩინო დაგისხან ამერიკანას ჭიქაში, ხაჭაპური აქვთ უზარმაზარი და ჭყინტი, კრაჭუნა ყველით გაძეძგილი. ხანდახან ცოტა ნაკლებად გაძეძგილი, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი. ეტყობა ხაჭაპურში ყველის რაოდენობა მცხობელის განწყობაზე ან ყველის შემოტანის გრაფიკზეა დამოკიდებული.
„პიადას“ მენიუში ხაჭაპურის ყველა ნაცნობი სახეობის გარდა შეგიძლიათ ნახოთ ისეთი მოდური კერძები, როგორიცაა ხინკალი, ცეზარი და ბერძნული სალათა, ქლაბ სენდვიჩი და პელმენი ქოთანში. მაგრამ იცით რა? არ გინდათ ექსპერიმენტები ტრასის კაფეში. ზესტაფონის ტრასაზე უნდა ჭამოთ ხაჭაპური და დააყოლოთ ყავა, ისიც იმიტომ რომ ყავაც „ლავაცასია“ და მისი გამოსახდელი აპარატიც. 
კარგი მჭადი, კრაჭუნა ჭყინტი ყველი, პრასი, ბჟიტი ტყემალში და წიწილა მაყვალში თუ გინდათ, გადაუხვიეთ ტრასიდან და შედით რომელიმე რესტორანში. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ „პიადას“ სალათები ცუდია. სულ არ ჩამორჩება ნებისმიერ საუშალო სტატისტიკურ რესტორანს და ზოგადად, კარგია რომ არჩევანი გაჩნდა. ეგებ დიეტაზე ვარ და არ მინდა ეს ცომი და ცხიმი ან ლავაცების ქუჩაზე სუპერპოპულარული ქადა. და მაინცდამაინც ამ ქადის მოყვარული თუ ხართ - ქადაც აქვთ.

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « «
კომფორტი    « « «
ფასები           ₾ ₾


მისამართი: ზესტაფონი, თბილისი-სენაკის მაგისტრალი