28 Jul 2017

„წყალწმინდა“ გურიაში

ბათუმის გზაზე თუ შემოგაღამდათ ან პირიქით, ძალიან ადრე მოგიწიათ ჩასვლა, ან დაღლილი ხართ და დაბინავება გეჩქარებათ, გზაზე სწრაფად და გემრიელად წასახემსებლად იდეალური ადგილია რესტორანი „წყალწმინდა“, ზედ ტრასაზე, სუფსის გადასახვევიდან ურეკამდე არმისული, მარჯვენა მხარეს. ზაფხულში ღია, მაგრამ მოჩრდილული ვერანდით და ზამთარში კარგად გაღუღუნებული პატარა კუპით.
აქ დილის ცხრა საათზეც კარგად გაჭმევენ, შუაღამითაც და ზამთარშიც, როცა ირგვლივ ყველაფერი დაკეტილია უსეზონობის გამო. რა დროსაც არ უნდა შეხვიდეთ, თავაზიანი და სოფლის ყაიდაზე ჯანსაღად ჩაკურატებული, სიმპატიური ქალბატონები მაშინვე მოწყდებიან რომელიმე არხის რომელიმე სერიალს და დაუზარლად და ღიმილით მოგემსახურებიან და თქვენი ყველა ახირების თუ კაპრიზის დაკმაყოფილებასაც შეეცდებიან შეძლებისდაგვარად - როგორც კი გაიგეს, რომ კრაჭუნა ჭყინტი ყველი მიყვარს, სასწრაფოდ დაჭრეს ახალი თავი. თანაც ზამთარში, კლიენტის სიმწირის დროს.
რა აქვთ კარგი? პირველ რიგში, იქვე, პალიასტომზე ახალდაჭერილი კეფალი, რომელსაც საგანგებოდ თქვენთვის შეაპიწკინებენ და ლიმონის ნაჭრით გაპრანჭულს მოგართმევენ სახლის ტყემალთან ერთად. საკუთარი ხელით დამწნილებული ხრაშუნა მწვანე პამიდორი და კიტრი. სოფლის ყაიდაზე დაჭრილი და კარგად შემწვანილებული კიტრი-პამიდვრის სურნელოვანი სალათა. კრაჭუნა ყველი, ახალგამომცხვარი მჭადები და ტრადიციული იმერული ხაჭაპური - ხან ნორმალური, ხან კიდევ უკეთესი.
და, არ დაგავიწყდეთ, ზღვის სანაპიროს სურნელის ბოლომდე გასასიგრძეგანებლად და  ყელის ჩასაკოკლოზინებლად, აუცილებლად გასინჯეთ ახლომახლო ბაღებში დაკრეფილი ხილისგან სახლში მოდუღებული ფეიხოას "შინაური" კომპოტი.

სამზარეულო  « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « «
ფასები  ₾ ₾

23 Jul 2017

პური გულიანი ფუნიკულიორზე

თბილისის სიცხისგან შეწუხებულები ხან სად ვეძებთ თავშესაფარს და ხან სად. ბევრს გულწრფელად გვჯერა, რომ მაღლა, ფუნიკულიორზე სიგრილე დაგხვდება და ხალისით მივეშურებით მთაწმინდის პარკისკენ შუადღის ხვატისგან დასამალად. ჩვენდა სამწუხაროდ, ზაფხულში იქაც გაუსაძლისად ცხელა და სიამოვნებას აღარც პარკის ატრაქციონები გვანიჭებს და აღარც ქალაქის ლამაზი ხედები.
მოკლედ, ასე თუ მოხდა და სხვდასხვა მიზეზით „ბომბორაზე“ მაინც აღმოჩნდით, გულს ნუ გაიტეხთ და გასაგრილებლად და თბილისის პანორამით დასატკბობად ფუნიკულიორის კომპლექსის პირველს სართულზე განთავსებულ კაფეტერია „პური გულიანს“ ეწვიეთ.
რა დაგხვდებათ აქ? პირველ რიგში: დახურულ სივრცეში ჩართული კონდიციონერი და გარეთ, ღია აივანი გრილი ნიავით. თბილისური დელიკატესი - ლაღიძის წყლები. აქვე დამზადებული, არაქარხნული ნაყინი, რაც დამეთანხმებით, რომ ნამდვილი ფუფუნებაა თბილისში. შეიძლება დაუვიწყარი და არნახული არაა, მაგრამ ხელით გაკეთებულ ნაყინს მაინც სხვა გემო აქვს. ამავე ნაყინისგან ათქვეფილი გლიასე (მილქშეიქი). თბილისში საუკეთესო, ძველებური პონჩიკი. საკმაოდ ნორმალური ტარტალეტკები, თაფლის ნამცხვრები, ჩიტის რძე, გამომცხვარი ჩიზქეიქი და საბჭოთა კლასიკა - ნაპოლეონი, რომელიც მთლად სახლში გამომცხვარი ნაპოლეონივით არ დნება ენაზე, მაგრამ მონატრებულზე გასასინჯად წავა. განსაკუთრებით თუ ახალგამომცხვარია და ფენებმა ჯერ ვერ მოასწრო დანესტვა.
მოშიებულზე აქვე შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური ან პიცა და დააყოლოთ ლუდი. ხაჭაპურიც თბილისის ტრადიციის მიხედვით, ხან კარგი დაგხვდებათ, ხან ძალიან კარგი და ხანაც... მოკლედ, გარეთ სიცხეში წანწალს ნებისმიერ შემთხვევაში ჯდობია „პური გულიანში“ ჯდომა, სადაც ამინდისდა მიუხედავად ყოველთვის არის ადგილი.
ფასები... ფასები თბილისის დღევანდელი ფასების ფონზე მისაღები, მომსახურება კი ასეთი გადატვირთული ადგილისთვის სტანდარტული - გაწამებულ-გატანჯული-გადაქანცული და მოღუშული სახეები, უთავბოლო სირბილი და ცოტა ყურადღება (მაგრამ ხომ გახსოვთ, რომ სიგრლეში რბილად და კომფორტულად ზიხართ?). ნამდვილად ვერ იტყვი, რომ მომსახურე  პერსონალი ცოტაა, უბრალოდ, მაგიდების რაოდენობა და შეკვეთები რაოდენობაა კიდევ უფრო მეტი, ძალიან ბევრი.

სამზარეულო « « «
მომსახურება « « «
კომფორტი    « « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილის, ფუნიკულიორის კომპლექსი, პირველი სართული

17 Jul 2017

თბილი სიო ვერაზე

მოგეხსენებათ, ზაფხულია და გული ყველას სიმწვანისკენ და ჩრდილისკენ მიგვიწევს, განსაკუთრებით კი თბილისში დარჩენილებს და სწორედ ასეთი ადგილია შუაგულ თბილისში, ლამის ჩაბეტონებულ ვერაზე, ძველი ღვინის ქარხნის ეზოში, უზარმაზარ აგურის გალავანს მიღმა საგულდაგულოდ დამალული ბაღი, მრავალასწლიანი ხეებისა და ქოლგების ქვეშ გაშლილი მაგიდებით, საქანელა სკამებით და შემინული, ულამაზესი ფანჩატურით - აბსოლუტურ სიმშვიდეში სულიერად და ფიზიკურად დასვენების მსურველთათვის ნამდვილი სამოთხე.
არ ვიცი თბილისის სიცხის ბრალი იყო, თუ მეგობრებისგან მოსმენილი უარყოფითი გამოხმაურების, შეკვეთა სამი საათი არ მოაქვთო, თუ სულაც მაგიდაზე სქელ ფენად დაყრილი ეზოს მტვერი-წიწვი-ფოთლების, რომელიც გასაგებია, რომ ხეებიდან სულ ცვივა, მაგრამ ახალგადანაწმენდსაც ყოველთვის ეტყობა, რაიმე სერიოზული კერძის გასინჯვის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. მით უმეტეს, სენდვიჩის, მწვადის ან ქაბაბის. 
„თბილი სიოს“ მენიუ ძირითადად მზა პროდუქტების (ყველი, პომიდორი, ჩიპსები),  გრილზე შემწვარი კერძებისგან და წინასწარ მომზადებული საწებლებისგან შედგება, რომლებსაც ამერიკულ მანერაზე ხან დიპს და ხანაც სალსაც ეძახიან (ისპანახის დიპი, ლობიოს დიპი). როგორც ჩანს, მსგავსი ტიპის დაწესებულებების უმეტესობასავით აქაც საველე, პატარა და მოუხერხებელი სამზარეულო აქვთ. რაც იქიდანაც  დასტურდება, რომ ყველა მომსახურების სინელეს უჩივის და რასაც ახალგაზრდა მიმტანებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რომლებიც ასე თუ ისე ხშირად ჩნდებოდნენ თვალსაწიერზე. 
როგორც გითხარით, არ გამისინჯავს და ვერ შევაფასებ, მაგრამ ხორცის მოყვარულთათვის მენიუში აქვთ ისეთი საინტერესო შემოთავაზებები, როგორიცაა: პურ-მარილი (ქართული კერძების ნაკრები), ტაჯ-მაჰალის სიო (ინდური სამზარეულო), არაბული ღამეები (აღმოსავლური სამზარეულო), ოკეანის განძი (ზღვის პროდუქტები) და ა.შ. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ როგორც წესი, ასე ყველაფრის სპეციალისტებს არც ერთი არ გამოდით ხოლმე მაინცდამაინც კარგად.
პირდაპირ ვიტყვი, „თბილი სიოს“ სასიამოვნო ატმოსფერო ჭიქა ღვინის ან ყავის წრუპვისთვის უფრო განგაწყობს, ვიდრე ჭამისთვის და არაა ეს საქეიფო ადგილი. „ქეთო და კოტე“ გახსოვთ? "მე წიგნით ხელში სასწავლებლის ეზოში ვიჯექ, მზე ჩადიოდა, ნელი სიო არხევდა ფოთლებს..." აი, სწორედ ასეთი სიტუაციაა აქ და ღვინოც კარგი აქვთ და ყავაც. თანაც შესანიშნავ ფასად - ჭიქა საფერავი 4 ლარი. აქვთ სანგრიაც (ჩაცივებული წითელი ღვინო ხილით და ხილის წვენით).
აქვთ საინტერესო დესერტიც - ორბელიანის ნუგბარი, ახლა დელიკატესად ქცეული 90-იანი წლების გაჭირვების პერიოდის კაკლუჭები და ადგილზე დამზადებული ბანანის, დარიჩინის და პიტნის მილქშეიქი. მიუხედავად იმისა, რომ კრემ-ბრულეს თავზე კარამელი ტყდება, ცუდი არაა, მაგრამ გადასარევსაც ვერ დავარქმევ. აი, პანაკოტა კი არ ვარგა. არ ვიცი საერთოდ არ ვარგა თუ მე შემხვდა „ცუდი პარტიიდან“, როგორც ჩანს, დამზადების პროცესში ნაღები აუდუღდათ და აეჭრათ. მაწვნის ტიპის აბსოლუტურად უცხიმო და უგემურ მასას თავზე ცხიმის სქელი და საზიზღარი ფენა ქონდა გაკეთებული, რომელიც სადაცაა ამძაღდებოდა.
ახლა მომსახურება: ყურადღება კი არ დაუკლიათ, პერიოდულად მოდიოდნენ, მაგრამ მაგიდაზე ფოთლების დ მტვერის სქელი ფენა იდო, ჩვენი დასხდომის მერე მაინც ხომ შეეძლოთ გადაეწმინდათ? ხელსახოცი არ იყო, გასაგებია ქარს მიაქვს, მაგრამ კერძის მოტანის მერეც არ მოუტანიათ, არც ერთ მაგიდაზე თან. უფრო მეტიც, მილქკშეიქის ცარიელ ჭიქას ისე გააყოლა მიმტანმა ხელს ჩემი ჩანთიდან ამოღებული სველი ხელსახოცი, რომ წარბიც არ შეუხრია. გვერდით მაგიდები რომ გათავისუფლდა, ნახევარ საათზე მეტხანს არ აულაგებიათ. მაგიდას მზე რომ მოადგა, არავის მოსვლია თავში იქვე დამონტაჟებული ქოლგა გაეშალა, ჩვენ თვითონ გადავჯექით სხვა მაგიდასთან ჩრდილში და მარე სხვებმაც მოგვბაძეს. ტერმინალი რომ მოვითხოვე გადასახდელად, დენზეა შეერთებული და ფანჩატურში წამოდითო, გეონება ვერ გამოაერთებდნენ...
სხვა რა გითხრათ? ეზოა ისეთი კარგი, ისეთი ლამაზი, ისეთი მწვანე და ჩრდილიანი. ისეთი სანთლით საძებნელი ცემენტის ჯუნგლებად ქცეულ თბილისში, რომ ყველაფერი ეპატიებათ და ალბათ ამიტომაცაა სულ სავსე. ჰო, კიდევ ჩემმა მეგობარმა მითხრა ერთხელ, სიცხეში თბილი ლუდი მომიტანესო. ჯანდაბას, ლუდსაც სხვაგან დავლევ. აქ კი ცივი ღვინისთვის, სანგრიასთვის, მილქშეიქისთვის და სულაც რამდენიმე საათის ახლა ასე დავიწყებულ და განადურებულ, მაგრამ ოდესღაც სიმწვანეში ჩაფლულ თბილისში გასატარებლად ვივლი.

სამზარეულო  « «
მომსახურება  « « «
კომფორტი    « « « « «
ფაები ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილის, პეტრიაშვილის 1, ღვინის ქარხნის ეზოში

12 Jul 2017

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает-ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და... 
ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელექტრონული მუსიკით, რაც „ტერასის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ფოტომასალითაც დასტურდებოდა.
სიმართლე გითხრათ, შეიძლება ტენდენციური ვარ, მაგრამ მცხეთის ლაუნჯისგან ბევრს არ ველოდი, თუმცა „ფრენდების“ სელფები რომ მახსენდებოდა, ისე სოლიდურად, ისე მოდურად გამოიყურებოდა ეს ადგილი... არ ვიცი, მე მათ ადგილას ფოტოგრაფიას პროფესიად გავიხდიდი და რეალობის ასე გალამაზებისთვის კაი ფულსაც გავაკეთებდი. მოკლედ, რადგანაც ზაჰესი და პლატინის ქუჩა არაფერს გვეუბნებოდა, ბევრის დასაცინი კი გავხდით, მაგრამ ჩავრთეთ ნავიგატორი და ძალიან ადვილად და სწრაფად მივადექით მტკვრის სანაპიროზე გადმოკიდებულ ტერასიან, უზარმაზარ აივნიან და საკმაოდ სიმპათიურ არც თუ ისე პატარა რესტორანს, რომელიც ერთი შეხედვით, არც ბარს გავდა და არც ლაუნჯს.
შევედით ლუდის ბარის სტილში მოწყობილ, ქვის კედლებიან და მასიური ხის ავეჯიან დახურულ დარბაზში, შემოგვეგებნენ. ვუთხარით, სიმშვიდეში ჭორაობა და ყავა გვინდაო. დიდი ენთუზიაზმით ეგრევე პირველი სართულის ლაუნჯი შემოგვთავაზეს. აივანზე გაგვიყვანეს, ტერასაზე გადაგვახედეს და: იცით, რა? წვიმდა, სავარძლებზე ბალიშები დასველდა და მაინც ჩახვალთო? ბუნებრივია, მეორე სართულის აივანზე შევაჩერეთ არჩევანი, სადაც ლამაზად მომრგვალებულ ნაწილში ერთადერთ დაკავებულ მაგიდასთან ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი ქეიფობდა. არ ვიცი, ხმაურს მოგვარიდეს თუ რამე სხვა მიზეზი იყო, ჩვენ წაგრძელებული აივნის მეორე უკიდურეს ნაწილში გვიკრეს თავი და ნაირ-ნაირი ხინკლებით და ქაბაბ-მწვადებით გაძეძგილი მენიუ მოგვართვეს, რომელშიც ბერძნულ სალათას თუ არ ჩავთვლით, ევროპული ვერაფერი ვნახეთ. „ცეზარი“, თუნდაც სოკოსი, ასე თუ ისე ამერიკულია და ანანასი მწვადი (რომელიც მიმტანმა სულ არ იცოდა რა იყო და როგორც გაირკვა, არც ქონიათ), შეგვიძლია ეგზოტიკურად ჩავთვალოთ.

დიდხანს ვიქექეთ თუ ცოტა, ზოგი არ ქონდათ (გვითხრეს, რომ ფასი რასაც არ აწერია არ აქვთ), ზოგიც მიმტანმა არ იცოდა რა იყო, ბოლოს არჩევანი ისევ ბერძნულ სალათზე და სამეფო ხაჭაპურზე შევაჩერეთ. რაც შეეხება დესერტს - ნუტელას ბლინსა და შოკოლადისა და ბანანის ბლინს შორის მდიდარი არჩევანითა და ჩაროზით (ჩაროზში რა შედიოდა, არც მიმტანმა და არც მე ვიცი. ჩაროზი ხომ ქართულად დესერტს ნიშნავს) შემოიფარგლებოდა. თანაც როგორც გაირკვა ბლინი მხოლოდ საფირმო ქონდათ, ორი სახის ჯემითა და ნიგოზით.
სანამ შეკვეთას ვუცდიდით, აივნის მეორე ბოლოში კომპანია წამოიშალა, ახალგაზრდა, სკმაოდ სასიამოვნო „წაკაიბიჭო“ მამაკაცი გამოეყო და ენერგიული ნაბიჯით გამოემართა ჩვენსკენ, როგორ მოგემსახურნენო? საფირმო სალათა ან მწვადი ქოთანში შემოგთავაზესო? რომ გაიგო არაო, ყურით მოიყვანა ახალგაზრდა ბიჭი, აშკარად მენეჯერი ახლავე შესთავაზე რა გვაქვს საფირმოო. იმან სალათიო. რა არის მერე სალათშიო? ბალახიო. რა ღირს საათიო? 30 ლარო. მერე 30-ლარიან ბალახს აჭმევ ხალხს შე უბედუროო?... მოკლედ, ახალგაზრდა მამაკაცი „ტერასის“ მეპატრონე აღმოჩნდა, როგორც დრომ გვიჩვენა, ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ძალიან ღელავს თავისი რესტორნის ბედზე და დღედაღამ პერსონალის წვრთნაშია. 
ეშველებათ რამე? დღევანდელი მონაცემებით, მე მეპატრონის ადგილას აკაკი წერეთლის „გამზრდელს“ ბოლომდე არ წავიკითხავდი.
ყურადღებას არ გაკლებენ, ყველა მიმტანი სათითაოდ მოდის 5-5 წუთის შუალედში, მაგრამ თეფშს არ გიცვლიან. მარტო ლიმონათს რომ უკვეთავ ორ-ორი ჭიქა მოაქვთ, შენი ინიციატივით გამოცვლილი თეფშებიდან ერთი მიაქვთ, მეორეს ტოვებენ. ორი დაცლილი ლიმონათის ბოთლიდან ერთი მიაქვთ, მეორეს ტოვებენ. მენიუში შეტანილი კერძების „შინაარსის“ შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. არ ვამბობ გასინჯულიც რომ უნდა ქონდეთ, აბა რანაირად უნდა მითხრან, მაგალითად რამე მწარეა თუ არა? სახეზე აწერიათ, რომ დაავალეს რაც შეიძლება მეტი დაგახარჯინონ, თორემ მკაცრადაც დასჯიან, შენ კი არაფერს უკვეთავ. მენიუში შეტანილი კერძების უმრავლესობა რეალურად არ აქვთ. სამაგიეროდ არ არის მენიუში არც საფირმო მწვადი და არც საფირმო სალათა, რომელიც მართლა რომ შემოგთავაზონ და დათანხმდე, წარმოიდგინეთ რამხელა სიურპრიზი აღმოჩნდება სალათში გადახდილი 30 ლარი...
ცალკე თემაა მუსიკა, რომელიც ჩვენს საპატივცემულოდ ბოლო ხმაზე ჩართეს. ქუთაისის მარშუტკით გიმგზავრიათ? თუ არა, ვისაც უმგზავრია, კითხეთ და მიხვდებით. „სამი დალიე შეგერგება“ მოგვენატრა.
კიდევ მივალ? შემოდგომაზე, რომ აგრილდება აუცილებლად - ხომ უნდა ვნახო რა არის ქოთნის მწვადი. ლაუნჯში? აღარასდროს. ისე, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბერძნულ სალათში აშკარად იგრძნობოდა უხვად მოსხმული ცივად დაწურული სუგფთა ზეითუნის ზეთის გემო და ყველიც ფეტა იყო. და არც ხაჭაპურს აკლდა ყველი.

სამზარეულო « « «
მომსახურება « «
კომფორტი     « « «
ფასები             ₾ ₾ ₾


მისამართი: ზაჰესი, პლატინის 1, ჯვრის მონასტრიდან პირველი ასახვევი

4 Jul 2017

საკე სუში ბარი

პაწაწინა, კოხტა ბარი, საკმაოდ სასიამოვნო წაიაპონურო ინტერიერით და ქართული დაუდევრობით. აბა, ელემენტარული პრეტენზიის მქონე რომელ რესტორანში ნახავთ ჭურჭლის შესანახ კარადაზე დალაგებულ და ჩამოკიდებულ ტანსაცმელს? თანაც, გამოსაჩენად, თორემ ქართული რესტორნების სამზარეულოებში და სათავსოებში რა ხდება, ისედაც არაა ძნელი მისახვედრი. ამაზე ჯობია არ ვიფიქროთ, თორემ ცხოვრების ბოლომდე სახლში მოგვიწევს საკუთარი გაკეთებულის ჭამა. 
მოკლედ, გარდა სასიამოვნო ინტერიერის, პატარა სივრცისა და თეფშებზე ჩამოკონწიალებული ქურთუკების გარდა რა დაგხვდებათ „საკე სუში ბარში“? შესახედად სიმპათიური, მაგრამ დასაჯდომად ცოტა მოუხერხებელი სავარძლები, ძალიან ზრდილობიანი და ყურადღებიანი მენეჯერი, ენერგიული ქალბატონი, რომელიც წინ და უკან დაქრის ისედაც პატარა დარბაზში და ხან საბუღალტრო საკითხებს აგვარებს ბოლო ხმაზე, ხანაც სხვა პრობლემებს, აშკარად ნიჭიერი მზარეული, რომელიც ერთნაირად ოსტატურად ამზადებს როგორც იაპონურ, ასევე ჩინურ კერძებს, საჭმლის დიდი და გემრიელი პორციები და კარგი მომსახურება.
რა მომეწონა და რატომ მივალ კიდევ ბევრჯერ?
შეკვეთის წინ მადის გასაღვიძებლად მზარეულისგან საჩუქრად გამოგზავნილი ორი ლუკმა დაბრაწული ქათამი. პატარა, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტი. მით უმეტეს, რომ „შეფის კომპლიმენტი“ ზუსტად ორი ლუკმა უნდა იყოს. 4 საათის შემდეგ შემოთავაზებული  ბენტოს ლანჩბოქსების ეკონომიური მენიუ, მიუხედავად იმისა, რომ აქცია ოთხის ნახევარზე მთავრდება. სუშის ძალიან აკურატული და ბარაქიანი პორციები. სოიოს სიუსი მაგიდაზ ჩადგმით და არა გამოზომილი მოცულობით. უგემრიელესი ქათმის სეჩუანი - მერე რა, რომ იაპონურ სუში ბარში მხოლოდ ქართული სამომხმარებლო ბაზრის მუხანათობის წყალობით მოხვედრილი ჩინური კერძია. და კიდევ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ნებით, ხის ჩხირებთან ერთად მოტანილი დანა-ჩანგალი.

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ბესიკის 4