26 Sep 2017

მანდარინი საბურთალოზე

ტურიზმში არის ერთი ასეთი საკმაოდ საჩოთირო მომენტი - მოლოდინი და რეალობა. ეგვიპტის პირამიდების სანახავად წასულ ადამიანს უდაბნოს ყვითელი ქვიშისა და კამკამა ლაჟვარდოვანი ცის ფონზე აღამრთული გიგანტური ნაგებობების ულამაზესი პეიზაჟის ნახვის მოლოდინი აქვს. ადგილზე კი ბუღი, ათიათასობით მოზიმზიმე ტურისტი, ყაყანი, ტურისტული ავტობუსებით და გარემოვაჭრეებით ჩახერგილი ტერიტორია, მტვერი და ოფლის სუნი ხვდება, რა თქმა უნდა პირამიდებთან ერთად. რაც პირამიდების სიდიადეს სულაც არ აკნინებს, მაგრამ მაინცდამაინც სასიამოვნო თავგადასავალი ვერაა.
ასეა „მანდარინშიც“. ფეისბუქის გვერდზე ოსტატურად გადაღებული, მადის და ნერწყვის ერთნაირად მომგვრელი ფოტოების დათვალიერების მერე ერთი სული გაქვს, როდის ჩაჯდები რბილ, მოხერხებულ სავარძელში და მოწრუპავ უჰ, ნერწყვის როგორ მომგვრელ ულამაზეს კოქტეილებს, ჩაასობ კბილს მრავალათასი კალორიით და მრავალი კილოგრამი ბედნიერებით ერთნაირად გაჯერებულ ჰამბურგერში, მარწყვით, სნიკერსებით, ორეობეით და ამ ქვეყნად თუ რამე გემრიელი შოკოლადის ბატონი ან კამფეტი არსებობს ყველათრით ერთად გაძეძგილ ნამცხვრებში, კნაწუნა პიცაში და ამ მენიუსთან სრულიად მიუსადაგებელ, მაგრამ პოპულარულ და ადვილად დასამზადებელ სუშიში... სინამდვილეში კი:
ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, ნაფიქრი ინტერიერი, კარგი და კომფორტული ავეჯი, ლამაზი ჭურჭელი, ყურადღებიანი მომსახურება... ოღონდ, იცით როგორი შთაბეჭდილება იქმნება? თითქოს ოდესღაც ორმხრივ გასასვლელიანი სადარბაზო ახლა კაფედ გადააკეთეს, შები შიკის სტილში კარგად გაარემონტეს და მერე კარგად შენახული, მაგრამ მაინც მეორადი ავეჯით (სავარძლის გახეხილი კიდეები და სახელურები, აქა-იქ ოდნავ დამსკდარი ტყავი) მოაწყვეს. ოღონდ შები შიკი ხელოვნურად დაძველებულს ნიშნავს და არა ნატურალურად გაცვეთილს.  
ორივე კარი თუ გააღეს, ორპირ ქარში ზიხარ. გეგონება, კინოსტუდიაში ხარ გადაღებაზე, შენ კი ხარ გადასაღები მოედნის ლამაზად მოწყობილ  სცენაზე, მაგრამ ტელეეკრანის მეორე მხარეს სავარძელში მოკალათებული მაყურებლისგან განსხვავებით, დეკორაციებს იქით მოუწესრიგებელ გარემოსაც ხედავ - კედელზე არააკურატულად მიმაგრებული სადენები, დრო-ჟამისგან გაყვითლებულ ჭერზე ძველი ჭაღისგან დარჩენილი ჭუჭყიანი რგოლები, საჭმელად შემოსულ ხალხს შორის სველი ტილოთი და იატაკის საწმენდი ჯოხით მოსეირნე დამლაგებელი, ხელისგულივით გადაშლილ უკანა ოთახში კომპიუტერთან მსხდომი ვიღაც ხალხი... ერთი სიტყვით, „მანდარინში“ თითქოს ყველაფერია იმისთვის, რომ თავი კარგად და კომფორტულად იგრძნო, მაგრამ მაინც არ ხარ შენს გემოზე. თან ამ ყველაფერს ორპირი ქარის ზმუილს, უაზროდ ჩართულ მუსიკას და კედელზე დაკიდებულ გალიაში მსხდომი თუთიყუშების ტვინისწამღებ და საკმაოდ ხმამაღალ ჭყიპინს თუ დავუმატებთ, ხომ საერთოდ. სიმყუდროვე არ არის. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვიგრძენი თავი კომფორტულად. 
ახლა რაც შეეხება სამზარეულოს - ძალიან გემრიელია „ორეოს ქეიქი“, მსუყე, გულისწასვლამდე ტკბილი, შოკოლადით გაძეძგილი. ორიგინალურია ბლინის ტორტებიც, განსაკუთრებით ნუტელათი და თხილით, მაგრამ არ გადავირიე. ძალიან ახალგამომცხვარი თუ არ არის ბლინი, მერე უგემურდება და ტყავივით შრება. ნორმალური და ტიპიურია პიცა, ყველიანი მაკარონი. ჰამბურგერიც. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, არ მესმის რა უნდა ერთ მენიუში ჰამბურგერს და სუშის. გასაგებია, რომ დღეს თბილისში ყველაზე პოპულარული კერძების ათეულში შედის პიცაც, ჰამბურგერიც და სუშიც, მაგრამ კაფეში სიარული უბრალოდ კუჭის ამოყორვის პროცესი არ არის. აქ სიამოვნებისთვის მოდიხარ და პიცა და ჰამბურგერი თუ არ მოითხოვს გამორჩეულ გარემოს, სუშის ნამდვილად უნდა. და კაი, ასე აღარ დავწვრილმანდები და აღარ ვიტყვი, რომ ოთხი ყველის პიცას კვადრო ფორმაჯი არ ქვია, კვატროა ოთხი იტალიურად და ჯალაპინოც მექსიკური, საკმაოდ პოპულარული წიწაკაა და ხალაპენიოდ იკითხება.
ხომ ვთქვი, თავისუფალი გასასვლელი იპოვეს შენობის პირველ სართულზე და რესტორანი გახსნეს-თქო. მენიუც სწორედ ასევე აქვთ შედგენილი. დასხდნენ და იფიქრეს, რა შეუკვეთავდა ხალხი ყველაზე ხშირად, მერე რაც კი იცოდნენ და არ იცოდნენ უცხო დასახელებებიც ჩაამატეს შიგნით და ფასებიც შესაბამისი მიაწერეს - მაღალი.
იცით ეს რა შემთხვევაა? გარემოც რომ კარგია, მენიუც, შესრულებაც, მაგრამ მაინც რომ არ არის შენი სიდედრი. პოტენცია და მონდომება არის. ოღონდ მარილი აკლია ამ ყველაფერს, მარილი.  

სამზარეულო « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, შარტავას 18

19 Sep 2017

ქარვის ბარი

დათუნია დრუნჩასა ერბო ერგო ქარვისა, რაგინდ ბევრი ეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა...
ერბოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ „ქარვის ბარს“ ქარვისფერი და არა მარტო, ღვინოების დიდი თუ ფართო ასორტიმენტი ნამდვილად ერგო. აღარ მახსოვს სად, მაგრამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ მისი გახსნის მიზანიც სწორედ სხვადასხვა ღვინოების დეგუსტაცია და მათი პოპულარიზაცია ყოფილა. და, ბარის დასახელებაც - „ქარვის ბარი“ მართლაც ქარვისფერი ღვინიდან მოდის.
იდეაც მშვენიერია და უნდა ვაღიარო, რომ განხორციელებაც საკმაოდ კარგი - ორიოდე პატარა ნიუანსი რომ არა. რა და, ჯერ ეს ერთი - ღვინოების ფართო ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი სახეობის წითელი ღვინო და ორი თეთრი იყიდება ჭიქებით (ყოველ შემთხვევაში მე რამდენჯერაც ვიყავი, ასე იყო) და რამის გასინჯვა თუ გინდა მაინცდამაინც ბოთლით უნდა იყიდო. ბოთლებით ღვინის სმა კი რამდენად ჯდება დეგუსტაციაში, ცოტა არ იყოს, საკითხავია. მეორე - ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, „ქარვის ბარის“ კლიენტების 80%-სთვის აბსოლუტურად არაფრისმთქმელია ღვინის მენიუში ჩამოთვლილი „ეთერის მოსავალი“, „კობას მარანი“, „მანანას მწვანე“, „ამირანის საწყობი“, „გურამის ქვევრი“, „ჩემი გაზაფხული“, „ვიღაცის სიხარული“, „მეზობლის ბედნიერება“ და ამდაგვარი დასახელების ღვინოები. რაც სამართლიანობის გამო უნდა ვაღიარო, რომ ქართული მეღვინეობის არასწორი მარკეტინგის ბრალი უფროა, ვიდრე „ქარვის ბარის“, მაგრამ კარგი და სასურველი იქნებოდა,  ღვინოზე და მის პოპულარიზაციაზე ორიენტირებული რესტორანია რახან არის, რამე განმარტებაც რომ იყოს დასახელების გვერდით ან ქვეშ მიწერილი, ჯანდაბას ღვინის ხარისხის აღმნიშვნელი ვარსკვლავები მაინც. სიმართლე გითხრათ, იმასაც ვხვდები სწორედ ამ ღვინის მწარმოებლები რომ არ აძლევენ სადეგუსტაციოდ მოტანილი ღვინის ჭიქით გაყიდვის უფლებას - ხომ დაიღუპნენ ნახევარი ბოთლი ღვინო თუ იზარალეს, თითო წვეთიდან უნდა ნახონ მოგება.
მოკლედ, რაღა გასაკვირია, რომ ღვინის დეგუსტაციაზე გათვლილი რესტორნის მოკლე მენიუც ძირითადად ღვინოზე მისაყოლებელი დაფებისგან და წასახემსებელი კერძებისგან შედგება: ევროპული ყველის დაფა, ქართული ყველის დაფა, ქართული და ევროპული ყველის დაფა, ძეხვის დაფა, ძეხვის და ყველის დაფა... მიხვდით ხომ? რაც ცუდი სულაც არ არის, მართლაც საკმაოდ გემრიელი აქვთ ბრუსკეტების ასორტი, რომელშიც 6 ცალი სხვადასხვა სახეობის ბრუსკეტა შედის.
რაც შეეხება ძირითად კერძებს, ყველაზე პოპულარული - წიწილა ბროწეულის და ქლიავის სოუსში უბრალოდ არ მომეწეონა. ჯერ ვერ მივხვდი რამდენი წიწილა უნდა ყოფილიყო ერთ პორციაში. წესით ან ერთი უნდა იყოს, ან ნახევარი ან მეოთხედი. ჩვენს წიწილს რაღაც ნაწილები სულ არ ქონდა, რაღაც კი ისეთი ახლდა ორი, რაც ბუნებამ ერთი უბოძა ქთამს.  მაგალითად მკერდი სულ არ ქონდა, ფრთა კი სამი იყო, კურტუმო ორი. არაფრად ვარგოდა სოუსიც - ტკბილ წყალში აქა-იქ დაცურავდა რგოლებად დაჭრილი ორი ცალი შავი ქლიავის ჩირი და მეოთხედი მუჭა ქიშმიში, ბროწეულის გემო კი საერთოდ არ იგრძნობოდა. არადა, როგორ დახატავდა ცოტა შესქელება და ზედმეტი სიტკბოს გასანეიტრალებლად ცხარე წიწაკა ან ლიმონის წვენი. სოუსი უნდა იყოს სქელი, სქელი და სქელი, სანელებთან ერთდ მრავალსაათნახარში და არომატებით გაძეძგილი. ვისაც თხელი სითხე უყვარს ის წვნიანს სვამს.
როგორც მიმტანმა გვითხრა, „ქარვის ბარში“ ქონიათ თბილისში საუკეთესო, „ძველებური“ და „ნამდვილი“ სალათა „ცეზარი“, რომელიც მიმტანის დაჟინებული რეკომენდაციისა და ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, მაინც ვერ გავსინჯეთ. მისი მოტანა უბრალოდ დაავიწყდათ, მერე რა, რომ თვითონვე გვირჩიეს და დაგვაძალეს. პერსონალის სასარგებლოდ უნდ ითქვას, რომ მომსახურება აქვთ საკმაოდ სწრაფი და დიდი ხალისით და კმაყოფილებით გააუქმეს დავიწყებული „ცეზარის“ შეკვეთაც - როგორც ჩანს, აქაური სამზარეულოც ვერ აუდის ბოლომდე შევსებულ მაგიდებს.
ღვინის და ბრუსკეტების გარდა კიდევ რა აქვთ კარგი? მთლად გადასარევი ქვთ ცოცხალი მუსიკა. სხვისი არ ვიცი და მე უზარმაზარ სიამოვნებას ვღებულობ ლევან ჯაფარიძის და მისი გიტარისგან ოთხშაბათობით.

სამზარეულო « «
მომსახურება « « «
კომფორტი    « « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: დავით აღმაშენებლის 49, ახალი ტიფლისი

12 Sep 2017

სამოთხე აჭარაში

დედამიწაზე სად არის სამოთხე, ნამდვილად არ ვიცი და ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზუსტად შემიძლია მიგასწავლოთ სად არის „სამოთხე აჭარაში“.
მოკლედ, ქობულეთს რომ გასცდებით და პირველივე გადასახვევში ხელმარცხნივ, რკინიგზას რომ გადაჭრით, დაადგებით სოფელი კვირიკეს გზას და ივლით სულ პირდაპირ და პირდაპირ ზემო კვირიკესკენ, ჯერ ჩაის პლანტაციების, შემდეგ მდინარე კინკიშას გასწვრივ, მერე კვირიკეს მეჩეთის და კვირიკეს ეკლესიის გზაგასაყარს რომ მიადგებით და გვერდს შეაქცევთ მეჩეთს და ხელმარჯვნივ, კვირიკეს ეკლესიის მიმართულებით გადაუხვევთ, გადახვალთ მდინარე კინკიშაზე გადებულ ხიდს და აუყვებით მდინარე თუ შენაკადი ქობრუნეს თუ ქობრონას თუ ქოფრონეს (ადგილობრივებიც კი სხვადასხვანაირად ეძახიან) ხეობას, ზღვის ჰავისგან მოშიებულზე ცდუნებას გაუძლებთ და არ შეხვალთ „ვახტანგურში“, გაცდებით „ედემს“ (არ ვხუმრობ, აჭარულ სამოთხეში ედემის გავლის გარეშე ვერ მოხვდებით) და დაადგებით „კარუზოს“ გზას, აი, სწოედ აქ შეგხვდებათ მდინარის ნაპირებს შეფენილი, მწვანე „ჯუნგლებში“ ჩაფლული პაწაწინა რესტორანი „სამოთხე აჭარაში“, რომელსაც უკვე თითქმის ათეული წელია ერთნაირი შემართებით მართავს ადგილობრივი ოჯახის თავი - ბატონი ზაფითი თავის შვილებთან და რძლებთან ერთად.
რა დაგხვდებათ აჭარულ სამოთხეში? პირველ რიგში, როგორც ერთ ძველ და საკმაოდ ცნობილ ანეკდოტში ამბობენ - ბუნება? ბუნება გადასარევი. მაცოცხლებელი სიგრილე, აჭარის მცხუნვარე მზისგან გამოქცეულებისთვის. მთის გრილი მდინარე და მდინარის ნაპირებზე ჩიტის ბუდეებივით შეფენილი და ხიდად გადებული ფაცხები, ბანანის პალმები, პატარა კასკადოვანი ჩანჩქერები, ხელოვნურ აუზში გაშვებული ზუთხები და კალმახები და მეტი ნატურალიზმის მოყვარულთათვის, იქვე, მდინარის ჩაგუბებულ ნაწილში გონიერი რესტორნის მეპატრონის ხელით წინასწარ გაშვებულ კალმახებზე თევზაობის საშუალება - რასაც დაიჭერთ, გნებავთ იქვე დაგიბრაწავენ, გნებავთ გამოგატანენ.
რაც შეეხება სამზარეულოს:
თქვენი არ ვიცი, და კარგი, გემრიელი საჭმლის პრობლემას აჭარაში და განსაკუთრებულად მის ტურისტულ ზონაში, მე განსაკუთრებულად განვიცდი. აღარ მინდა ერთ თარგზე მოჭრილი ოცი ათასი დასახელების მაიონეზიანი სალათების და ხახვით და კარტოფილით „გაბერილი“ ყბადაღებული „მადამ ბოვარის“ ან ზემოდან 2-პუნწკლ ხორცმოყრილი „ოჯახურის“ ჭამა. ამიტომ ზაფითის ეზოში გაზრდილი ქათმის ხორცი, მისი ცოლის ხელით გემრიელად შეკმაზული ტყემალი ან იქვე, სოფლად ნაბალახები ძროხის ყველით გაძეძგილი ხაჭაპური მაწვნიანი ცომით, ყოველ ჯერზე ნამდვილ ნეტარებად მეჩვენება. გემრიელია ცეცხლზე დამზადებული „ოსტრი“ და „ჩაშუშულიც“, ბლომად სუნელებით და შეშისგან ოდნავ შებოლილი არომატით. კარგია ისეთი აჭარული კერძებიც, როგორიცაა იახნი (რაღაც საშუალო მეგრულ საქონლის ხარჩოსა და იმერულ ცხელ საცივს შორის) და გნებავთ ქობულეთური (ყველიანი ერბოკვერცხი) და გნებავთ აჭარული (დამწვარ კარაქში შემწვარი მთის ყველი) ბორანო. არ ვიცი, მართლა სამოთხისდარი გარემოს ბრალია თუ დიასახლისს აქვს ოქროს ხელები, აქ სრულიად არა-ფრის შესახედაობის  კარტოფილი ფრიც კი სხვანაირად გემრიელია, აღარაფერს ვამბობ მჭადზე და სადღაც იქვე ახლოს, სოფლად გამომცხვარ პურზე, სოფლის ნაჩვრეტებიან ყველზე, კიტრზე და პამიდორზე.
რა არ უნდა შეუკვეთოთ აქ: სოკო კეცზე - შეიძლება ზედმეტად მიეწვათ. მწვადი შამფურზე - რა ესაქმება აჭარაში მწვადს? თუმცა, ხბოს მწვადი ტაფაზე მშვენიერი აქვთ. ერთი სიტყვით, არაა აჭარის მთებში და საერთოდ არსად მთებში „მადამ ბოვარის“ და მსგავსი ძალით მოგონილი და გაპიარებული კერძების ადგილი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, აქაური ბოვარი ნებისმიერ ქობულეთურ ბოვარის ჯობნის.
მომსახურებაა სწრაფი, სირბილით და ზრდილობიანი. მუსიკალური გაფორმება - ტრადიციული, ქართული, ხანდახან შეიძლება თბილისი- ქუთაისის მარშუტკაშიც გეგონოთ თავი, მაგრამ იქაურობას უხდება.
არ ვიცი, რაც ამ ადგილს მივაგენი მას მერე, ჩემთვის აჭარაში დასვენება აღარ არსებობს ზაფითის და მისი ფაცხების გარეშე. არა, არც ორი მოსახვევით ქვემოთ გახსნილი „ედემია“ ცუდი, თავისი ხელოვნური საბანაო აუზით და არც შორიახლო „კარუზო“, რომელსაც სახელი მეპატრონის ფარული ტალანტის - სიმღერის სიყვარულის გამო შეურჩიეს, მაგრამ „სამოთხე“ მაინც სამოთხეა რა.  

სამზარეულო « « « «
მომსახურება  « « «
კომფორტი  « « « « «
ფასები   ₾  ₾  ₾


მისამართი: ქობულეთი, სოფელი კვირიკე

8 Sep 2017

ფოთის ჯარგვალი

აჭარაში ან გურიაში რომ ხარ და კაცმა არ იცის რატომ, მეგრული საჭმელი მოგენატრება, სად უნდა წახვიდე? რა თქმა უნდა - ფოთში. მერე შვებულების განმავლობაში ნაჭამ მეგრულ საჭმელს რა ფასი აქვს ბუნებაში, მეგრულ ოდაში, ფაცხაში ან ჯარგვალში, ხის ტაბლაზე და კერიასთან ახლოს თუ არ მიირთვი. ჰოდა, სწორედ ასეთი ადგილია ასწლოვან ევკალიპტებში საგულდაგულოდ შემალული „ჯარგვალი“ მალთაყვაში, ზედ ფოთის შესასვლელთან. ოღონდ, არის ერთი პატრა პრობლემა: გეფიცებით, თუ არ იცი სადაა და თვალებგაფაციცებული თუ არ ზიხარ მანქანაში, გზიდან ასე 20 მეტრზე შეწეულ და გარემოს იდეალურად შეხამებულ ეზოს, შანსი არაა, ვერ მიაგნებ. და, შესახვევთან თუნდაც პაწაწინა მაჩვენებლის დაყენება აგერ უკვე მერამდენე წელია, არავის მოსდის აზრად. განსაკუთრებულად მონდომებულები ისედაც აგნებენ - გაგიკვირდებათ და საღამოსკენ შეიძლება ადგილიც არ დაგხვდეთ.
ეჰ. ადრე ყველაფერი კარგი ქონდათ, ახლა კი: ელარჯი, შემწვარი წიწილა, მეგრულად შეკმაზული კიტრი-პამიდვრის სალათა და მეგრული სულგუნი საკმაოდ კარგად ინარჩუნებს უწინდელ ხარისხს. შარშან, შარშანწინ და იმის წინ ხაჭაპურიც კარგი ქონდათ, კუპატიც და მეგრული შაშხიც. წელს მთელი სამეგრელოს მასშტაბით თავისმომჭრელი ხაჭაპური გამოგვიცხვეს. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე რომ არ უქნიათ არც ერთხელ ისეთი. მეგრულ ხაჭაპურს რომ ეკადრება ისეთი ყველი ზემოდან კი არა, შიგნითაც არ იდო, ცომი კი იყო ისეთი თხელი და გადამჟავებული იყო რომ, ფქვილის ნამცეცები ერთმანეთს ებღაუჭებოდნენ, რომ არ დაშლილიყო. თან წაღება ვცადეთ და 200 მეტრში სასტუმრომდე არ მიგვყვა - დაიტკეპნა, დაიზეპა და დაიფშვნა.
სამეგრელოში თავის ვერგამოსაყოფი იყო ქონის ნაჭრებით, ღვიძლით და ფილტვით დატენილი ვითომ მეგრული კუპატიც. არადა, მეგრული კუპატის თავისებურება სწორედ ისაა, რომ შიგნით ღვიძლს, გულს, ფილტვს და სხვა მაგარფაქტურიან შიგნეულს არ დებენ. კრაწუნა კანში მოთავსებული შიგთავსი ენაზე უნდა დნებოდეს და სუნელების არომატით გაბრუებდეს.
ისედაც ერთ თაბახის ფურცელზე ერთ რიგად დატეული მენიუდან აღარ ქონდათ მეგრული შაშხი და მეგრული ხარჩო, ეგ ზამთრის საჭმელებიაო... ჰო, რაც შეეხება მენიუს და მომსახურებას: სამზარეულო საკმაოდ სწრაფია. სანამ სხვები სამზარეულოში ტრიალებენ, ერთი შუახნის ქალი, გამწარებული დარბის მაგიდასა და მაგიდას შორის. თქვენს შერჩეულ მაგიდას ეზოს ნებისმიერ ნაწილში გადაგიტანთ და თეფშებსაც კი გამოგიცვლით კუპატსა და ქათამს შორის. მენიუ ერთი ცალი აქვთ, ფაილში ჩადებული, მრავალჭირნახული და უკვე გვარიანად გაცვეთილი ამოპრინტერებული და მერე ფანქრით და პასტით "რედაქტირებული" თაბახის ფურცელი. ასე, რომ ჯობია არ მოითხოვოთ, ბევრი მაინც არაფერი წერია.
არ ვიცი, პატრონი შეიცვალა თუ ერთჯერადი შემსვლელები რომ ვიყავით იმიტომ დაგვიბრიყვეს ასე, ან დღე (უკაცრავად, დღეები - ორჯერ ვიყავით) ქონდათ განსაკუთრებულად ცუდი... ყველაფერი ხდება ხოლმე. ამდენი წელი კარგები იყვნენ და ახლა რა ეტაკათ, მართლა არ ვიცი. თანაც შეუძლებელია ასეთ ხაჭაპურს აცხობდნენ იქ სადაც ამდენი ადგილობრივი დადის. ერთი სიტყვით, ძალიან მწყდება გული კიდევ ერთი კარგი და მრავალნაცადი ადგილი რომ ფუჭდება.

სამზარეულო   « «
მომსახურება   « « «
კომფორტი     « « « «
ფასები   ₾ ₾ ₾

მისამართ: ფოთი, გურიის ქუჩა 220, მალთაყვის უბანი 

4 Sep 2017

ნომერი პირველი სახაჭაპურე ქალაქში

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, თბილისს კინოთეატრების სიახლოვეს სახაჭაპურეების ახალი ქსელი „სახაჭაპურე №1“ შეემატა.
რა გითხრათ? სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს სწრაფი კვების ობიექტი. თუმცა, ცოტათი უფრო სუფთა, ცოტათი უფრო კომფორტული, ჩამოსასხმელი ლაღიძის წყლებით და სახაჭაპურესთვის ცოტა უცნაური დესერტებით - ტირამისუ, ჩიზქეიქი, ბრაუნი, ხაჭოს პუდინგი, შოკოლადის მუსი, მაფინები და ასე შემდეგ.   
რა აქვთ კარგი? პირველ რიგში - ღია და ხელისგულზე გადაშლილი სამზარეულო, სადაც ხედავ რა და როგორ სისუფთავეში მზადდება. არ დგას დამწვარი ზეთის და გადამჟავებული ყველის სუნი. აკურატულად და სუფთად ჩაცმული პერსონალი. ხაჭაპურების ძალიან დიდი არჩევანი, მოხარშული ყველიანი კვერები და საკმაოდ გემრიელი, ბარაქიანი და კრემით გაძეძგილი ძველებური პონჩიკები. კიდევ, შეფ-მზარეულის მასტერკლასების ხაჭაპურის ცხობაში დაოსტატების მსურველთათვის.
როგორია ხაჭაპური? ზუსტად ისეთი, როგორიც მასაზე გათვლილ მსგავსი ტიპის რესტორნებში. ერთ ღუმელში გამომცხვარი ერთნაირი ყველით, ერთნაირი ცომით, სხვადასხვა დანამატებით და განსხვავებული ფორმით: კლასიკური ცომი, ჩვეულებრივი ყველით - იმერული, იგივე თავზე მოყრილი დაფშვნილი ყველით და კვერცხით - მეგრული, იგივე თავზე სულგუნის ნაჭრებით - ლაზური, იგივე მოხარშული კარტოფილით და ყველით - ხაბიზგინი, იგივე მოხარშული კვერცხით და ნახევარმთვარის ფორმით - გურული ღვეძელი, იგივე ჭარხლის ფოთლებით და უველით - ჭახრაკინა, იგივე ნავის ფორმით, კარაქით და უმი კვერცხით - აჭარული, იგივე ყველის გარეშე და ხორცით - კუბადრი, ლობიანი, აჩმა....
მოკლედ აქაური ხაჭაპურები ცუდი არაა და კინოდან ან საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოსულმა შეიძლება შევიარო, მაგრამ მართლა კარგი, ხაჭაპურული ხაჭაპური თუ მომენატრა, სხვაგან წავალ. არც უცხოელს მივიყვან ხაჭაპურის გასასინჯად. შეიძლება მომედავოთ, ამხელა არჩევანი თუ აქვთ, მეტი რა გინდაო. მაგრამ, ზოგადად, არც ყველა ხაჭაპური ცხვება ერთი ცომით და არც ამათი ყველია მთლად სახაჭაპურე. ხომ ვთქვი, მასიურ წარმოებაზე და სწრაფ კვებაზე გათვლილია-მეთქი და გასაგებია, რომ დიდი რაოდენობის მომხმარებელზე გათვლილ რესტორანში არ დაიწყებენ ხუთნაირი ცომის ზელას. აღარ ვლაპარაკობ რა ძნელია ქართულ ბაზარზე ერთნაირი ხარისხის და რამდენიმე სახეობის ყველის შოვნა: იმერულს უფრო მარილიანი ყველი უნდა და უბრალო ცომი, მეგრულს სასულგუნე, უმარილო ჭყინტი და კვერცხზე და კარაქზე და მაწონზე მოზელილი ცომი და ა.შ.
27 ლარი რომ ღირს ერთი ხაჭაპური, იქ უნდა ურტყა მზარეულს თავში ერთნაირად გაკეთებული იმერული და მეგრული ხაჭაპურები, თორემ აქ რას ვემართლები? პრეტენზია არ მაქვს. პირიქით, მადლობა ასეთი არჩევანისთვის, ეგებ სხვებმაც მიბაძონ. 
ერთი სიტყვით, როცა გეჩქარება და გშია - წავა. მით უმეტეს, რომ მომსახურებაა სწრაფი. უბრალოდ, ფასებია სასადილოს ტიპის სწრაფი კვების დაწესებულებისთვის და ზემოთ რომ ვამბობდი იმ ყველისთვის ცოტა მაღალი, მაგრამ მაინც მისაღები.

სამზარეულო « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი  ««««
ფასები ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 5