19 Mar 2018

”მონ კაფე“ აბაშიძეზე


ვაკეში, აბაშიძეზე ბევრი ახალი და ბევრიც ოდესღაც ძალიან პოპულარული და კარგად ნაცნობი კაფეა შემორჩენილი, სადაც ძველი კლიენტები დღემდე ერთგულად და რეგულარულად დადიან. მათ შორისაა „მონ კაფეც“, ნახევრადჩაბნელებული, მუქი მწვანე ინტერიერით, კედელზე ბრინჯაოსფერ ჩარჩოებში ჩასმული ტილოებით, ჩუქურთმებიან სარკეებით,  რელიეფური ჭერით, მძიმე, მასიური, ტყავის დივან-სავარძლებითა და აბაჟურიანი კანდელაბრებით, რომლებიც თანამედროვე თბილისური კაფეების ავეჯისგან განსხვავებით ნამდვილად არაა სახლიდან გამოტანილი ან ნაცნობ-მეგობრებში შეგროვებული. უფრო მეტიც, ფუფუნებასა და სიმდიდრეზე საბჭოთა პერიოდის წარმოდგენის საუკეთესო ტრადიციების სრული დაცვითაა შერჩეული და ნაყიდი.
ახლა, გარდა კომფორტული, ლამაზი და მდიდრული ინტერიერისა, რა გამოარჩევს „მონ კაფეს“ აბაშიძის სხვა კაფე-ბარებისგან? პირველ რიგში, ერთი  საინტერესო მომენტი, რომელსაც აგერ უკვე წლებია ვაკვირდები: რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, საკმაოდ თვალწარმტაც კაფეში ან არავინაა, ან მაქსიმუმ 2-3 მაგიდაა დაკავებული. რაც განსაკუთრებულად თვალშისაცემია, ზუსტად მის გვერდით პრაქტიკულად ყოველთვის გადავსებული „კანაპეს“ ფონზე. და, ზუსტად ამ მიზეზის გამო, წლების მანძილზე არ ვყოფდი ცხვირს „მონ კაფეში“. როგორც  მოგეხსენებათ, კაფის დატვირთულობაა მისი ხარისხის ყველაზე ზუსტი და სწორი მაჩვენებელი და ასევე გაგრძელდებოდა ძალიან დიდხანს, რომ არა აქტიური კამპანია საზკვების ობიექტებში მოწევის წინააღმდეგ და ჩემი მწეველი მეგობრები. დიახ, „მონ კაფე“ სწორედ ის ადგილია, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯერ კიდევ თავისუფლად მოწევთ.
თვითონ კაფე როგორია? კლასიკური სტილი, რბილი, კომფორტული ავეჯი, ოქროსფერი ჩუქურთმები და და გოგენის და მანე-მონეს პერიოდის საფრანგეთი თუ გიყვართ - მშვიდად საჭორაოდ და საჭუკჭუკოდ - იდეალური. სამზარეულოც ნორმალურია, 2000-იანი წლების თბილისის კაფეების ტრადიციული და სტანდარტული ხარისხის კერძებით. ვერ გეტყვით, რომ რამე განსაკუთრებულს გაჭმევენ, მაგრამ ცუდიც არაა - კარგად ნაცნობი სენდვიჩები, ბლინები, სუპები, სალათები, პიცა და პასტა... გემრიელია დესერტიც, თვალს თუ დავხუჭავთ, რომ პანაკოტაში გაუხსნელი ჟელეს კურკუტებია და შტრუდელთან კოვზი მოაქვთ. აბა, მიდით და ცადეთ შტრუდელის გაჭრა კოვზით. ამ გახსენებაზე, არატკბილ კერძებთან არ მოაქვთ მარილი და პილპილი თუ არ მოითხოვე.
განსაკუთრებით საინტერესოა კოქტეილების მენიუ: არის კოქტეილების ერთი საერთო ჩამონათვალი და მეორე, დიფერენცირებული ჩამონათვალი - რომის კოქტეილები, ტეკილას კოქტეილები და ა.შ. იგივე კოქტეილებით და განსხვავებული ფასებით. მიმტანმა არ იცოდა რატომ. მივადექი  ბარმენს. იმან, ერთგან მარტო სახელები წერია და მეორეგან ინგრედიენტებიცაა ქვემოთ მიწერილიო. მაშინ ფასი რატომაა განსხვავებული-თქო. აბა, მანახეო, არ მენდო სიტყვაზე. ეტყობა, არც კოქტეილების ჩამონათვალი იყო მისი შედგენილი. დღემდე ვერ ეგუება ქართული ცნობიერება იმას, რომ კი ხარ შენ რესტორნის მეპატრონე (უფროსი!), შენ ჩადე ფული, მაგრამ კარგად რომ იმუშაოს რესტორანმა, მენიუ მზარეულმა უნდა შეადგინოს და კოქტეილების სია კი ბარმენმა. არაა ეს შენი და შენი სიდედრის საქმე. მოკლედ, ბარმენი მიმტანზე მეტად გონებამახვილი აღმოჩნდა, იხტიბარი არ გაიტეხა და ერთგან მარტო ერთი რომით კეთდება და მეორეგან ორნაირითო. აღარ ჩავეძიე, რომი კია შავი და თეთრი, მაგრამ ტეკილაზე და ჯინზე რას იტყვი-თქო. დაწვრილებით აღარ მოგიყვებით იმაზე, რომ მიმტანები გარტყმაში არ არიან რა კერძი რისგან კეთდება, რისი სოუსი აქვს, კლაბსენდვიჩში კვერცხი შედის თუ არა და უფრო მეტიც, სამზარეულოში რომ მიდიან საკითხავად, იქიდან ამბავი ვერ მოაქვთ შენამდე. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ შემთხვევით გვერდით მაგიდაზე დაქალებთან ერთად მჯდომი და შენი ქირქილისგან შეწუხებული, სავარაუდოდ ბარის მეპატრონე ქალბატონი დგება, ყურით მოათრევს მენეჯერს, რომელიც გიბოდიშებს, რომ მიმტანი ახალია და ჯერ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს. რას ვიზამთ? კლასიკური მაგალითია კარგი იდეის, კარგი სამზარეულოსი და ცუდი მენეჯმენტის. 
მსგავსი მომსახურებით ჩვენში ვერავის გააკვირვებ. მენიუ და კერძები ზუსტად ისეთია, როგორც ბევრგან, უფრო ხალხმრავალ კაფეებში - არც უფრო ცუდი და არ უფრო კარგი. გარემო კი ბარე ბევრი სახელგანთქმული რესტორნისას ჯობია - უფრო ლამაზია, უფრო სუფთა, უფრო კომფორტული და უფრო მდიდრული. მაგრამ, ასეთ ფონზე მგონი მაინც მივხვდი „მონ კაფეს“ ასეთი სიცარიელის მიზეზს: ფასებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ კარგა ხნის წინ შედგენილ მენიუში დღემდემდე 2-5 ლარით ძვირია ყველა კერძი და კოქტეილი თბილისის ანალოგიური სტილის ბარებთან შედარებით. რას იზამ? ძვირიანი ინტერიერის ხარჯებია ამოსაღები. „მონ კაფეს“ გახსნის მერე, არსებული ინფლაციის ფონზე, სხვებიც თითქმის დაეწივნენ მის ფასებს, მაგრამ კლიენტებს როგორც ჩანს, პირველი, ბევრი წლის წინანდელი შოკი ახსოვთ და უბრალოდ, აღარ შედიან. ჩემთვის დღემდე ფენომენს წარმოადგენს, ამდენი წელი როგორ ან რატომ არსებობენ უკლიენტო ობიექტები. მით უმეტეს, ასეთი ნორმალური. სხვა რომ არაფერი, მარტო გათბობის და გაგრილების ხარჯი გაგყიდის, აღარაფერს ვამბობ გაუსაღებელ და გადაყრილ პროდუქტებზე და მზარეულის, დამლაგებლის, ნებისმიერი პერსონალის ტყუილ შრომაზე. თუ გააკეთე, ამუშავე ბარემ. არ ვიცი, შეიძლება მზრუნველი ქმარი უსრულებს საყვარელ ცოლს ოცნებას და დაუშურლად დებს ფულს მშვენიერი მეორე ნახევარის ბიზნესვუმენობის იმიტაციაში. და, ცოლიც საკუთარი სამზარეულოს ნაცვლად, საკუთარ ბარში სვამს დაქალებთან ერთად ყავას. მოკლედ, თუ ასეა, ბევრი ასეთი ქმარი ქართველ ქალებს. მომკალით და, არამგონია კაცის ხელი ერიოს „მონ კაფეს“ დიზაინისა და კონცეფციის შემუშავებაში, ან ასეთი აწყობილი ადგილის უაზროდ მოცდენაში. კარგი, ცოლი თუ არა, დედა მაინც არის ამ საქმეში გარეული.

სამზარეულო  «« «
მომსახურება   ««
კომფორტი  ««««
ფასები   ₾ ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბლისი, აბაშიძის 14

11 Mar 2018

Cocktails&Dreams - კოქტეილები და ოცნებები „ფაბრიკაში“


Cocktails&Dreams-ი „ფაბრიკაში“ - კიდევ ერთი ადგილი, უცხოური გამოცემების თვალსაზრისით, საუკეთესო თბილისური ბარებიდან. რა დაგხვდებათ აქ? ყოფილი საფეიქრო ფაბრიკისთვის დამახასიათებელი ინდუსტრიული დიზაინი, დიზაინერული ავეჯი ხელოვნური დაძველების ეფექტით, კარგი ვენტილაცია, კარგი გათბობის და გაგრილების სისტემით, ცოცხალი ხეები უზარმაზარ ქოთნებში,  „კოკა-კოლას“ ვინტაჟური აპარატები, ძველი რადიოლები, საბჭოთა სასურსათო მაღაზიის სასწორები, საბჭოთა სასკოლო სკამებს მაქსიმალურად დამსგავსებული სკამები, ალუმინგადაკრული მაგიდები, აქა-იქ ამოწვერილი ლურსმნის თავებით (სახელოებს მოუფრთხილდით), საყრდენ ბოძებს შორის გაბმული ჰამაკები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის სავარძლები, საბჭოთა სასადილოს სტილში თეთრი კაფელი და კედელზე გამოკრული ვარდისფრად განათებული ნეონის აბრა: „კოქტეილები და ოცნებები“, ზუსტად ისეთი, ახალბედა ტომ კრუზს რომ ქონდა თავის ბარში, ფილმიდან „კოქტეილი“. როგორც ჩანს, „ფაბრიკის“ მეპატრონემ აისრულა თავისი ახალგაზრდობის ოცნება. აბა, ვინ არ იყო შეყვარებული შავ-ბნელ 90-იან წლებში ტომ კრუზზე და ვინ არ ოცნებობდა ბარზე ნიუ-იორკში.
ახლა, ოცნებების და კოქტეილების გარდა რა აქვთ ბარში: ნორმალური პიცა, ნორმალური ბურგერი, სენდვიჩები, სალათები, გემრიელი სუპები, ნორმალური პასტა, ნიოკიც კი სეიჯით და ბეკონით საკმაოდ ნორმალური აქვთ, მერე რა რომ სეიჯს ქართულად სალბი ქვია და ჩვენთანაც კარგად ხარობს. რამეს დაუვიწყარს შეჭამთ-თქო ვერ მოგატყუებთ, მაგრამ აქ ჭამა ნამდვილად ღირს, უკმაყოფილო არაფრით დარჩებით. საინტერესო აქვთ დესერტიც - საფირმო ვაშლის ნამცხვარი ფრანჯიპანით და ნაყინით. უგემრიელესი, მაგრამ საარაკოდ პატარაა მთლად ტყემლის კურკისხელა არა, მაგრამ ატმის კურკაზე სულ ოდნავ დიდი ნიუ-იორკული ჩისბურგერი ჟოლოს ჯემით. ეს ის შემთხვევაა, როცა შენს პორციას ვერავის გაასინჯებ. ნორმალური აქვთ პაკეტის ჩაიც, რომელთანაც ქაფქაფა წყალი ჩაიდნით მოაქვთ, დაუნანებლად. თორემ, თბილისში ისეთი შემთხვევებიც ვიცი, ჩაის პაკეტს ნახევარი ჭიქა მდუღარე რომ მოაყოლეს. და თან, ჩაის ბონუსად ლიმონთან და შაქართან ერთად, ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა, ბისკოტის სტილის შოკოლადის ნამცხვარიც მოყვება.
მართალია აქ ტომ კრუზი არ დაგხვდებათ, მაგრამ ფაბრიკულ Cocktails&Dreams-ში საღამოს გატარება ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, რომ „ფაბრიკაში“, ჩაის და ყავის სმის გარდა, სხვა გასართობსაც ადვილად და ბევრს იპოვით.




სამზარეულო « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი  « « «
ფასები   ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, ეგნატე ნინშვილის 8

2 Mar 2018

სალობიე ბია - „Gault&Milliau” - 11 ქულა 20-დან


სახელგანთქმული ფრანგული კულინარიული გზამკვლევი „Gault&Milliau”-ს ქართულმა გამოცემამ „სალობიე ბიას“ 20 მაქსიმალურიდან 11 ქულით თბილისის 40 საუკეთესო რესტორანს შორის საპატიო 21-ე ადგილი მიანიჭა. 21-ე ადგილს არასერიოზულად ნუ შეხედავთ, იმის გათვალისწინებით, რომ „სალობიე ბიასთან“ ერთად ამ ადგილს იგივე ქულით კიდევ 5 რესტორანი იყოფს, 12 ქულა კი ერთდროულად 8 რესტორანს აქვს მინიჭებული. მოკლედ, გზამკვლევის მესვეურებმა ნაწყენი არავინ დატოვეს და თბილისის რესტორნების მიერ დამსახურებულ მაქსიმალურ 14,5-სა და 10 ქულას შორის, არც მეტი არც ნაკლები 32 რესტორანი მოხვდა. ასე, რომ 12 ქულა მართლაც ძალიან კარგი შედეგია.
ახლა, მე რას ვფიქრობ „სალობიე ბიაზე“? რესტორნის სტანდარტებამდე აღზევებული და ნეტარების განზომილებაში გადაყვანილი ოჯახური კერძები თუ მოგწონთ, ძალიან კარგი. გასართობად და დროის სატარებლად კი სხვაგან უნდა წახვიდეთ. სოლოლაკის ნახევრადსარდაფისა და სარდაფის ორ პატარა ოთახში განთავსებული და კლიენტების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე გათვლილი ბისტრო არ ღალატობს ბოლო პერიოდის ელიტარულობაზე პრეტენზიის მქონე თბილისური რესტორნებისთვის ტრადიციად ქცეულ დიზაინს, რომელიც, რომ არ მოგატყუოთ, ცოტა არ იყოს მოსაწყენი გახდა უკვე: უბრალოდ შეთეთრებული კედლები, არცთუ ისე მოხერხებული მინიმალისტური სტილის მაგიდები და სკამები, თაროებზე შემოდგმული ახლობლებში შეგროვებული ძველი ნივთები, იატაკზე გაცვეთილი, მრავალჭირნანახი ფარდაგები და თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები კედლებზე (ამჯერად საკმაოდ კარგი). საბედნიეროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგიდის გასაწყობი ჭურჭელი მაინც არის ახალი. პირველყოფილი ადამიანის და გამოქვაბულის არ იყოს, უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში ყველაფერი კარგი ნესტიან სარდაფში ან აგურის შეულესავ კედლებში ხდება. სახასიათო რეჟისორების ერთ თარგზე მოჭრილი ფილმების არ იყოს, პირველი ნახვის აღფრთოვანებამ გამიარა უკვე და მიწის ზემოთ და გაშლილ სივრცეში, დღის სინათლეზე მინდა ჭამა.
რაც შეეხება ხელნაწერ, სისტემატიურად განახლებად(!), შეფი გიორგი იოსავას ერთგვერდიან და სულ რამდენიმეკერძიან მენიუს, ყველაფერი ერთმანეთზე უფრო გემრიელია: ლობიო ქოთანში მჭადთან და აქვე, „სალობიე ბიაში“ დამწნილებულ მჟავეულთან ერთად, ლობიანი რაჭული ლორით, ადგილზე გამომცხვარი პური, ადგილზე დამზადებული ლიმონათი, ადგილზე მოთუხთუხებული ტყემალი, "სალობიე ბიასთვის" გამოხდილი და ჩამოსხმული არაყი. სულ მიკვირს ხოლმე ქართული რესტორატორების, როგორ შეიძლება კარგი რესტორანი გქონდეს და თვითონ არ აკეთებდე და სხვისგან ყიდულობდე მწნილს, ტყემალს, პამიდვრის საწებელს, არ ასაწყობებდე სეზონურ მარაგს. ნამდვილად ჭკვიანი და საქმის მოყვარული ხალხია „სალობიე ბიაში“ და ამიტომაც აქვთ ყველაფერი ასეთი გემრიელი.
ამბობენ, რომ ღომის ღომი და ნიგვზიანი ხარჩო აქვთ ზღაპარი. მაგრამ რად გინდა? დღის 5 საათზე, თარიღს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მთელ თბილისში რომ ყველა რესტორნის ყველა მაგიდა დაჯავშნილი იყო ისეთ დღეს არ ქონდათ. თურმე წინა დღეს გაუთავდათ და ახლა ხარშავდნენ. ამიტომ იძულებული გავხდი და ხარჩოს ნაცვლად შქმერული შევუკვეთე და არც ვინანე. ნივრიან სოუსში ჩადებული საარაკოდ შემწვარი ქათმის ხორცისთვის მზად ვარ მის შემოქმედს მივუძღვნა ოდა, ვუმღერო დითირამბები, დავადგა დაფნის გვირგვინი და მივანიჭო ნობელის პრემია ჩემი გემოვნების რეცეპტორებისთვის უდიდესი სიამოვნების მინიჭების დარგში. თუმცა, თვითონ სოუსს ცოტა უფრო შესუნელებულს, ცოტა მეტი „ტაფით“ ვისურვებდი. მოგეხსენებათ, ქათამში ყველაზე გემრიელი მისი შენაწვავი ტაფა, ანუ ტაფაზე დარჩენილი ცხიმია.
სამაგიეროდ მინიმუმ სამჯერ ნაკლებ ქაცვის პორციას ვისურვებდი ჩიზქეიქის ყაიდაზე დამზადებულ ქაცვის ნამცხვარში. ქაცვის საკმაოდ მწკლარტე და მძაფრ გემოს აშკარად ვერ ანეიტრალებდა ნაღების საკმაოდ სქელი ფენა. მოკლედ, ქაცვის ნამცხვარი კარგია (განსაკუთრებით ფერები), მაგრამ ძირითად კერძებთან ახლოსაც ვერ მიდის, კომპონენტების პროპორციებში აქვს პრობლემა. სამაგიეროდ არაჩვეულებრივია ტარხუნის პანაკოტა, თუ გაგიმართლათ და დაგხვდათ  - სეზონურია და უფრო ზაფხულის თვეებში აქვთ. 
ეკუთვნის „სალობიე ბიას“ თბილისის საუკეთესო რესტორნების სიაში მოხვედრა? შეფ-მზარეულ გიორგი იოსავას აუცილებლად, ცალსახად, სავალდებულოდ, თბილისის კი არა, საქართველოს საუკეთესო მზარეულების სათავეში მოქცევაც, რესტორანს კი - არა. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ სარდაფში განთავსებულ სალობიეში ნესტის და დახშული ჰაერის სუნი წაგაქცევთ, განსაკუთრებით სამზარეულოში რამე კერძს თუ ხარშავენ მაშინ. 2. როგორც უკვე გითხარით, ჩემი სტუმრობის დღეს ისედაც რამდენიმე კერძიანი მენიუდან, ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე მოთხოვნადი კერძი გაუთავდათ და ხარჩოს კლიენტების მოსვლის მერე ხარშავდნენ. მსგავსი რამისგან არავინ დაზღვეული არ არის, მაგრამ როცა მთელი მენიუ ისეთი კერძებისგან შედგება - ნიგვზიანი ხარჩო, ამოლესილი ლობიო, სოკოს მარინადი, ლობიანის ცომი და გული - რომელიც დიდი ქვაბით წინასწარ მზადდება, ლამის ერთ კვირაზეა გათვლილი და შეკვეთისას მხოლოდ აცხელებენ, ასეთი რამ არ უნდა დაგემართოს. გააკეთე რა ახალი სანამ წინა პორციის ქვაბი ამოსალოკი გახდება.

სამზარეულო «««««
მომსახურება ««««
კომფორტი    «««
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, ი. მაჩაბლის 14