ბევრი, ბევრი წლის
წინ ფალიაშვილზე რომ დაიხურა „ლატე“, კარგა ხანი ვგლოვობდი. არა, არც მართლა კარგ მომსახურებას
მივტიროდი, არც მაშინდელი თბილისისთვის უჩვეულოდ კომფორტულ გარემოს და არც პერიოდულად
საჩუქრად მორთმეულ გლინტვეინს. „ჟენეზე“ მწყდებოდა გული - ბლინების ტორტზე, თავზე მოსხმული
ხაისხიანი შოკოლადის სარკალათი და ფორთოხლის ცედრადამატებული ნაღების კრემით, რომელსაც
სხვაგან ვერსად, ვერსად შეჭამდით.
ხომ წარმოგიდგენიათ
ჩემი აღტაცება, ბევრი წლის მერე „ჟენეს“ რომ გადავაწყდი მენიუში. ინტერიერიც მეცნო
- კედლებზე გაკრული რეცეპტებითა და ყავისფერ ტონებში გაფორმებულ გარემოს აშკარად ეტყობოდა "ლატეს" დიზაინერის ხელი. შევუკვეთე, მივირთვი და ტკბილი მოგონებებისგან ცხოვრებაც უცებ გახდა ძველებურად მშვენიერი.
ალბათ მიხვდით,
რომ ვაკის „დაუნთაუნის“ მუდმივი მომხმარებელი გავხდი. არა, ვიტყუები. მოვინდომე, ძალიან მოვინდომე,
გულწრფელად მოვინდომე, მაგრამ ვერ გავხდი. თუ გაგიმართლათ და არავინ ყავთ, იცოცხლე,
სამაგალითოა მომსახურებაც და გარემოც. მაგრამ შაბათ-კვირას ან საღამოს... ბაზრის ყაყანი,
ხმაური, საშინელი მომსახურება, გაუთავებელი ლოდინი და შიმშილი. რამდენიც გაგეხარდება აჭირე თითი მაგიდაზე მზრუნველად
დადებულ გამოძახების ღილაკს, უყურე თვალებში მშიერი და მავედრებელი მზერით გვერდზე
ჩაქროლებულ მიმტანებს - არავინ მოგაქცევთ ყურადღებას. ასე, ერთი საათის მერე თუ გაგიმართლა
და მოგხედეს, კიდევ ერთი საათის მერე ერთდროულად მოაქვთ სუპიც და პასტაც. სანამ სუპს ჭამ - პასტა ცივდება.
თანამედროვე ყაიდაზე
გაპრანჭული და პრეტენზიის მქონე საჭმელი ცუდი არაა, მაგრამ არც დაგამახსოვრდებათ და
შეგიყვარდებათ. რა თქმა უნდა, სენდვიჩში ჩემსავით უმარილო ხორცი თუ არ შეგხვდათ - მტერმა
ჭამა შეუსუნელები ქათმის მკერდი, კარდონის გემო აქვს. სამაგიეროდ, ფასები აქვთ მაღალი
- ვაკის ელიტაზე გათვლილი. რაც თბილისში ძირითადად ამართლებს.
ყველაფერს მოვითმენდი,
ყველაფერს ავიტანდი, სამუშაო საათებში და სამუშაო დღეებში ვივლიდი, როცა ცოტა ხალხია. სწორედ ასეთ დღეს
და ასეთ საათზე, მორიგი სტუმრობისას „ჟენე“ რომ არ მოეტანათ ძველი. არა, არც ამჟავებული
და არც დაობებული არ ყოფილა, უბრალოდ გვერდები ქონდა გამხმარი, ძალიან გამხმარი, კრემი
დამშრალი და ოდესღაც უგემრიელესი შოკოლადი, გაუგემურებული. კაცმა არ იცის რამდენი დღის
წინ იყო გაკეთებული და მორჭილი.
„დაუნთაუნის“ ხარბო
და უყურადღებო მენეჯერო, მზარეულო თუ მიმტანო შენ მე თბილისში ნაჭამი საუკეთესო ნამცხვრის
საუკეთესო მოგონება გამიფუჭე! იცი, როგორ? აი, ძალიან ახლობელ მკვდარს რომ არ უყურებენ
და მისი სახე ცოცხალი რომ უნდათ ახსოვდეთ.
სამზარეულო « « «
მომსახურება « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾
₾
მისამართი: თბილისი,
მოსაშვილის 24