28 Jun 2017

დონატები და დანკინური ხაჭაპური


გახსოვთ, თბილისში პირველი „დანკინ დონატსი“ რომ გაიხსნა? არნახული აჟიოტაჟი მანამდე არნახული სასწაულის მოლოდინში, კილომეტრიანი რიგები ღამისთევით და ოთხ დღეში ამოწურული დონატების საცხობი ფხვნილის მარაგი?
არადა, რა არის „დანკინ დონატსში“ ყველაზე უხარისხო? დონატების ფხვნილისგან დამზადებული და ხელოვნური არომატიზატორებით და ცხიმით გაძეძგილი დონატები. გინდა, „ნატოს დღეები 2017“ წააწერონ ზემოდან და გინდა გრეის ორმოცდაათივე ელფერის სარკალით მოჭიქონ, ძნელად თუ იპოვი ადამიანს, თუნდაც ყველაზე გემრიელი, არომატული და ფუმფულა „დანკინის“ დონატის ჭამის მერე უსიამოვნო და ხელოვნური გემო რომ არ რჩება პირში. ასეთივე ხელოვნური და უსიამოვნოდ მძაფრი გემოა აქვს ნუშის ესენციით გაჯერებულ დანკაჩინოსაც.
აბა, რა აქვთ კარგი? ყავა, ფუნთუშები და ხვეულები ფრანგული საცხობის სერიიდან და არ დაიჯერებთ, მაგრამ ქართული კარტოფილის ღვეზელი, ლობიანი, ხაჭაპური და ქაბაბი.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოში პირველი ისევ ამერიკული ფირმები მიხვდნენ (რას იზამ? მარკეტინგი აქვთ კარგი), რომ აქ, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, ხალხი რესტორანში ადგილობრივი საჭმლისთვის დადის. „უცხო ხილით“ ადგილობრივ კლიენტს დიდხანს ვერ შეინარჩუნებ, ადრე თუ გვიან ბეზრდება და უცხოელი ხომ ისედაც ადგილობრივის და მანამდე გაუსინჯავის გასასინჯად მოდის.
სად გამოვტყდე სირცხვილით, რომ სწორად გაკეთებული და სამეგრულხაჭაპურე ყველით გაძეძგილი მეგრული ხაჭაპურის საჭმელად „დანკინ დონატსში“ დავდივარ? ვისაც ყველი არ გიყვართ, კარგად შესუნელებული და კარგად ჩახრაკული ლობიოთი დატენილი, ფენოვან ცომში ხინკალივით მოხვეული ლობიანი ხაჭაპურსაც ჯობია. პატარა, მაგრა, ძალიან კარგია ქაბაბიც - რომელიც ჩვენს ქაბაბს არ გავს. გარედან დაბრაწულობა აკლია. მაგრამ ისეთი რბილი, ისეთი ცვრიანია ხორცი და პამიდვრის საწებელზე ისე ბევრად უფრო მეტად უხდება კეტჩუპი... ბოლომდე ისე გავედი და მეორე ისე მომინდა, რომ გულწრფელად მეგონა არ მომწონდა...
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში „დანკინ დონატსიც“ გახდა ქართული ბაზრის მსხვერპლი: ხაჭაპურში ყველი შეცვალეს. ალბათ მომწოდებელმა ვეღარ მიაწოდა ან ახლა სხვანაირ ყველს აწვდის.  სტანდარტების არარსებობის გამო, არ მახსოვს ერთი და იგივე გამყიდველთან ათჯერ მივსულიყავი და ორჯერ ზედიზედ ერთნაირი პროდუქტი მეყიდა. არადა, ადრე უკეთესი იყო, ენაზე დნებოდა ყველი და ახალგადაზელილი სულგუნივით ღლაჭუნობდა პირში, ზუსტად ისე, როგორც მეგრულ ხაჭაპურში. ახლა ცოტა უფრო მძიმეა და ცოტა მეტად ფშიკინდება გაცივებასთან ერთად, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია. 
და ბოლოს, პატარა ლირიკული გადახვევა უნდა გავაკეთო. ხშირად მესმის ხოლმე დავა, რომელია უფრო სწორი - დონატი თუ დონატსი? პირადადაც არა ერთხელ გავლანძღულვარ და მიმიღია ჭკუა-დარიგება ინგლისურენა წვრთნილთაგან დონატების გამო. არადა, ერთი ცალი არის დონატი, რამდენიმე კი დონატსი და დონატების მაღზიასაც (ადგილს სადაც ბევრი დონატია) შეიძლება ერქვას დონატსი ინგლისურად ან დონატები ქართულად. აი, დონატსები კი დონატებებს ნიშნავს, მაინცდამაინც დონატების საცხობებზე თუ არ ლაპარაკობთ. ჩემი ვისაც არ ჯერა იმათთვის კი, მადლობა ღმერთს, ინგლისური ენის განმარტებით ლექსიკონი არსებობს.

სამზარეულო « « «
მომსახურება « « « « «
კომფორტი « « « «

ფასები  ₾ ₾ ₾ 

18 Jun 2017

Ci Gusta! - იტალიური კაფე ძალიან გემრიელი სახელით

თბილისის ლიტერატურული კაფეების სასიამოვნო ტრადიციას ძალიან კარგად აგრძელებს „ბიბლუს გალერიში“ გახსნილი იტალიური ბრენდი „Ci Gusta!” - წიგნებით გარშემორტყმული მშვიდი, სასიამოვნო გარემო, რბილი სავარძლები, მაგიდებში სურამელი ზურაბივით ჩაყოლებული გადაშლილი წიგნები, ახალ მოდუღებული ყავის სასიამოვნო არომატი... ერთი სიტყვით, ყველა პირობაა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ ნაყინის მაცივრის ტვინისწამღები და საქმიანი ბურდღუნ-გუგუნის ფონზე ნამდვილ წიგნის მოყვარულად და გურმანად ერთდროულად იგრძნო თავი.
მოგეხსენებათ, „Ci Gusta!” იტალიური ბრენდია და მენიუ შინაარსის მიხედვით რომ გადასარევი აქვთ, ამაზე აღარ ვილაპარაკებ დიდხანს. მთავარი ისაა, რომ მზარეული ყავთ კარგი და კერძების შესრულებაც შესანიშნავია. თუმცა, პორციებია ძალიან პატარა, რასაც მეტ-ნაკლებად ანაზღაურებს მზარეულის ოსტატობა. აქ გაყინულ ქათმის მკერდსაც კი გემრიელად წვავენ. ასევე მოკრძალებული, მაგრამ კარგია გადაჭრილ მორზე მხატვრულად დალაგებული რვა ნაჭრად დაჭრილი 6-ნაჭრიანი პიცებიც. ერთი სიტყვით, რაც არ უნდა გასინჯოთ, კმაყოფილი დარჩებით, მაგრამ რამდენად გეყოფათ, ეს ცალკე თემაა - ევროპულ კაფეში ევროპული ზომისაა პორციებიც.
ცალკე თემაა დესერტი: აუცილებლად გასინჯეთ კრემ-ბრულე და შოკოლადის ფონდანი. არა, სხვა ნამცხვრებიც გემრიელი აქვთ, მაგრამ ეს ის ორი დესერტია, რასაც ბევრგან ვერ ნახავთ და მით უმეტეს ვერ ნახავთ სწორად მომზადებულს. „Ci Gusta!”-ს მზარეულმა ეს გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.
ახლავე აგიხსნით რაშია საქმე. კრემ-ბრულე ფრანგული დესერტია. მოხარშული კრემი ღუმელში ცხვება წინასწარ და მაცივარში ცივდება. ჭამის წინ კი კრემს თავზე აყრიან შაქარს, რომელსაც სპეციალური სანთურით ადნობენ. დამწვარი შაქარი დნება და რბილ, აბრეშუმივით ნაზ და უგემრიელეს ვანილის კრემს თავზე კარამელის თხელ ფენად ეკვრება. კრემ-ბრულეს მთავარი მუღამი იცით რაშია? კარამელზე რომ კოვზს დააკაკუნებ და მისი მსხვრევის ხმას გაიგონებ. „Ci Gusta!”-ს კრემ-ბრულეზე კარამელი ტყდება, კრემიც სასწაულად გემრიელია. თუმცა, ამართლიანობისთვის უნდა გამოვტყდე, რომ შაქარი ბოლომდე ყოველთვის არ არის გამდნარი და ამ დროს შაქრის კრისტალები პირში ქვიშასავით გხვდება, კბილებში ხრაშუნობს და უნაზესი კრემის და კნაწუნა კარამელის ერთობლიობის მთელ კაიფს აფუჭებს. სულ 5, რაღაც ხუთი წამით არ აცალეს ბოლომდე გადნობა და 5 წამი აკლია იდეალამდე. მაგრამ, მაინც ძალიან ღირს გასინჯვა. თან ეგებ გაგიმართლოთ და თქვენ კარგად გამდნარი კარამელი მოგიტანონ. სადაც ამდენი ვილაპარაკე, ბარემ იმასაც ვიტყვი, კარამელის ფენა სულ ოდნავ მეტად სქელიც რომ იყოს, ხომ საერთოდ ღვთაებრივი იქნებოდა ნეტარება.
არაჩვეულებრივია შოკოლადის ფონდანიც, იგივე გამდნარი შოკოლადის ნამცხვარი. ეს ის დესერტია, რომელიც შეკვეთის მერე ცხვება და რომლის შეკვეთის დროსაც ყველაზე გამოცდილი მზარეულებიც კი იდეალური შედეგის მისაღებად ერთის ნაცვლად ორს დგამენ ხოლმე ღუმელში - კლიენტთან მისატანის მზაობის შესამოწმებლად. თხელ და არომატულ შოკოლადის ცომს ასხამენ პატარა ფორმაში და აცხობენ ზუსტად იმდენი ხანი, გარედან რომ შეიკრას და შიგნით აბსოლუტურად თხევადი დარჩეს. ნახევარმა წუთმა შეიძლება გააფუჭოს ყველაფერი - ცომი ბოლომდე შეიკრას და ჩვეულებრივ კექსის ტიპის ნამცხვრად იქცეს. ეს ნამცხვარი, სხვადასხვა სახელით, თბილისის ძალიან ბევრ პრეტენზიის მქონე კაფეს აქვს მენიუში, მაგრამ სწორად მომზადებული მხოლოდ ერთგან, ისიც ამერიკულ სწრაფი კვების რესტორანში მქონდა ნაჭამი, სადაც უკვე მზა და გაყინულ ნხევარფაბრიკატს აცხელებენ მიკროტალღურ ღუმელში. „Ci Gusta!”-ს მზარეულმა თვისი საქმე მართლა იცის, აქაურ ფონდანს შუაზე რომ გაჭრი, ცხელი, სურნელოვანი, წებოვანი შოკოლადის ნაკადი მართლა ლავასავით მოედინება. მერე რა, რომ ფონდანთან ნაყინი მოაქვთ ერთი პუნწკლი, დაახლოებით პირველი მოსავლის ატმის კურკისხელა და ისიც საკმაოდ დაბალი ხარისხის. 
ახლა ცუდიც: მომსახურებაა გასაოცარი. 5-6 მიმტანი უთავბოლოდ დადის, მენიუს მოგიტანენ და დაიკარგებიან. შეკვეთას მისცემ და... მოკლდე, მშიერი არ უნდა მიხვიდე. აშკარაა, რომ ტრადიციულად პატარა სამზარეულო ვერ აუდის ელემენტარულ დატვირთვასაც. მართალია, დრო რომ გაიყვანო და არ მოიწყინო, თეფშის ქვეშ დასაფენ ქაღალდებზე სხვადასხვა თამაშები უხატიათ - „ქალაქობანა“, „ევროკავშირობანა“ და ა.შ. მაგრამ არ მოაქვთ პასტა, რომ შეავსო და დაკავდე და მაშინ ამ გასართობის აზრი? საუკეთესო შემთხვევაში, ოცი წუთის შემდეგ მოაქვთ თეფშები, მერე პიცა და კიდევ 5 წუთის მერე დანა-ჩანგალი. მე კი მიყვარს პიცის ჭამა ხელით, მაგრამ, რა იცი რა ხდება? მირჩევნია როცა მაგიდაზე ყველაფერი ალაგია. წვენს მოგიტანენ პიცას რომ მორჩები მერე. მაგიდის წევრებთან კერძები მოაქვთ ცალ-ცალკე. ანუ სანამ შენ ჭამ, შენი თანამესუფრე გიყურებს და თავის კერძს ელოდება. დესერტებს შორის 25 წუთი იყო ინტერვალი, თან მაშინ როცა ერთი (კრემ-ბრულე) მზა იყო და მეორე (ფონდანი) ცხვებოდა. თავისუფლად შეეძლოთ მზა დალოდებოდა გამოსაცხობს და ერთად მოეტანათ. 
„Ci Gusta!”-ს მენეჯმნეტს აშკარად ავიწყდება, რომ ჭამა მარტო გაძღომის პროცესი არაა, ეს კომუნიკაციის და მით უმეტეს, ლიტერატურულ კაფეში, სასიამოვნო კომუნიკაციის ფორმაცაა. მარტო საჭმელი თუ გინდა, გვერდზე შეხვალ „შემოიხედე გენაცვალეში“, აქ კი დასასვენებლად და მშვიდი საათების გასატარებლად მოდიხარ და სხვისი ჭამის პროცესზე დაკვირვება და მოწყენილი ჯდომა ნამდვილად არ გაქვს გეგმაში. იქაურობას რომ პატრონი არ ყავს, ყველაფერზე ეტყობა. უფრო სწორად, პატრონი კი ყავს კარგი, ყველაფერი სწორად დაგეგმა, მოიფიქრა, გააკეთა, ააწყო, მაგრამ ადგილზე არაა კონტროლი. ან შეიძლება, რაც კარგია იტალიური ბრენდის მოთხოვნაა - კარგი გამწოვი, მომსახურე პერსონალის სავალდებულო რაოდენობა, დატრენინგებული მზარეული... დანარჩენი კი ქართულადაა - ის პერსონალი რას და როგორ აკეთებს, არავინ აკონტროლებს.
ჰო, კიდევ ჭაღები კიდია ძალიან დაბლა, მაღალი თუ ხართ, ფრთხილად ადექით ფეხზე, განსაკუთრებით დაბალი სავარძლებიდან.

სამზარეულო « « « « « (ფონდანისთვის)
მომსახურება « «
კომფორტი    « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 7, „ბიბლუს გალერი“

13 Jun 2017

„ხინკლის სამეფო“ და გრანდიოზული ქაბაბი

აბა, თუ გამოიცნობთ, სად შეიძლება იყოს ხინკლის სამეფო? ფშავში? ხევსურეთში? ჯანდაბას, ფასანაურში? არა. თბილისში, გლდანის ხიდის ქვეშ.
ტრადიციული ქართული სახინკლე, ტრადიციულად ხეში ჩასმული ღია და დახურული კუპეებით, კაცმა არ იცის ინტერიერის დიზაინის რომელი პრინციპებით მოწყობილი და მეპატრონის ან მენეჯერის გემოვნებით გაფორმებული სასადილოს სტილის საერთო დარბაზით, კედლის აკვარიუმში თევზებით, მაგიდაზე შემოდგმულ გალიაში თუთიყუშებით, გამწვანებულობაზე პრეტენზიის მქონე ეზოში მაგიდებით, საღამოობით ხმამაღალი და  უგემოვნო ცოცხალი მუსიკით, როცა შეკვეთები არაა სასადილოს დახლთან მოყაყანე და იაფფასიან შავ-თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი მიმტანებით, ქართული თუ უცხოური ლუდის მწირი არჩევანითა და მსხლის და ტარხუნის ლიმონათის უსასრულო მარაგით.
ასევე ტრადიციული მენიუთი - ნორმალური ხინკლით, ნორმალური მწვადით, ნორმალური ხაჭაპურით, ნორმალური სოკოთი კეცზე და ძალიან მისაღები ფასებით.
აბა, რა აქვთ განსაკუთრებული „ხინკლის სამეფოში“?
„ხინკლის სამეფოს“ საფირმო კერძი რა არის?
არა, ხინკალი არა. გრანდიოზული ქაბაბი - არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით ერთ მეტრზე გრძელი, საკმაოდ მსუქანი, საგანგებოდ მისთვის გამოთლილ ხის თეფშზე მოთავსებული, კარგად შესუნელებული, კარგად დაბრაწული, ზომიერად ცხიმიანი, ზომიერად ცვრიანი და თანაც, ძალიან გემრიელი ქაბაბი. არც იფიქროთ, რომ მარტო მოერიოთ. ძალიან მშიერი თუ არ ხართ, ორსაც გაგიჭირდებათ და რამის მიტანებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ცოტა ფასი აქვს საეჭვოდ იაფი, მაგრამ სხვაგან თუ ძვირს იხდი, სულ არაა იმის გარანტია, რომ უფრო ახალ და უფრო ხარისხიან ხორცს გაჭმევენ. თანაც, ისეთი მუშაობა აქვთ, იმდენი ხალხი დადის, რომ იმედს ვიტოვებ, არაფერი უძველდებათ.
და კიდევ, მთავარ - გრანდიოზული ქაბაბის გასინჯვა შეგიძლიათ კვრის შვიდი დღე, ნებისმიერ დროს. დიახ, დიახ, ნებისმიერ დროს. „ხინკლის სამეფო“ 24 საათი ღიაა და რომ იცოდეთ ხანდახან რა გემრიელია ქაბაბი ან მწვადი ღამის სამ საათზე...

სამზარეულო  « « «
მომსახურება  « « «
კომფორტი  « « «
ფასები  ₾ ₾


მისამართი: თბილისი, შეშელიძის 10, გლდანის ხიდთან

7 Jun 2017

კოფი-ბრეიქი და მხიარული ჟირაფები

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს რა ვუთხარი, თორემ რა უნდა ჭავჭავაძეზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ორ ულამაზეს სახლს შორის 2-სართულიან მინის კუბიკს, გვერდებზე გაკრული ჟირაფებიანი პანოთი, სადაც ხუთმეტრიანი ჟირაფები გამვლელ გამომვლელს აყოლებენ თვალს. კი არ ვხუმრობ, მართლა. ასეთი ეფექტია, საითაც წახვალ, ჟირაფებიც იქით ატრიალებენ თავებს.
ჯერ ტურისტული სააგენტო მეგონა. აბა, რა უნდოდა ჟირაფებს ვაკეში? მერე შესასვლელთან დადგმული ქოლგები და მაგიდებიც შევნიშნე და მივხვდი, რომ ვცდებოდი. ბოლოს, გემოვნების საკითხში ძალიან სანდო და კომპეტენტურმა მეგობარმა მითხრა, რომ კაფეა, სადაც თურმე თბილისში საუკეთესო კაპუჩინო და ჩიზექიქიც ქონიათ. აბა, რა? აფრიკული პეიზაჟის ფონზე გამოჯგიმულ ჟირაფებს დაინახავ თუ არა, პირველი რაც გაგონდება ჩიზქეიქი და იტალიური ყავაა. მივედი, ჯერ ანცი ჟირაფების თავის აქეთ-იქით ქიცინით გავერთე, მერე მაგიდასთანაც დავჯექი...
გითხარით ხომ უკვე, რომ გარეთ აქვთ ღია დასაჯდომი? მიდი, დაჯექი, მეორე დილამდე დარჩი. არც იფირქო, რომ ვინმემ გამოგაკითხოს, დაინტერესდეს რა გინდა ან რამე შემოგთავაზოს. შენი მიხვედრილობის იმედზე სხედან და ელოდებიან, როდის მოგაფიქრდება და შენით შეხვალ შიგნით. თუმცა, მგონი არც ელოდებიან, რაც ნაკლებად შეაწუხებ, მით უკეთესი. შიგნით დაგხვდებათ პირად კომპიუტერში თავჩარგული მეპატრონე, მეგობრებთან საუბარში გართული შვილით. არა, ცუდად არ გხვდებიან და არც ცუდად გემსახურებიან. აქ საერთოდ არ გხვდებიან და საერთოდ არ გემსახურებიან. სანამ იქით არ მიმართავ, იქით არ იკითხავ, იქით არ მოითხოვ და იქით არ გამოიჩენ ჯიუტ ინტერესს. გინდ ყოფილხარ და გინდ არა. 
არც იმას გეტყვიან მეორე სართულზეც რომ აქვთ კიდევ ერთი დარბაზი - თანამედროვე დიზაინის, მინის კედლებიან, აფრიკული ჟირაფებით მორთულ, ამერიკული ნამცხვრით და იტალიური ყავით თავმომწონე კაფეში, ფრანგული პროვანსული სოფლის სტილში მოხატული და გაფორმებული დარბაზი. ნეტავ, რა მოწია ასეთი დიზაინერმა ან დამპროექტებელმა ამ კაფის კონცეფციაზე მუშაობის პროცესში?
„კოფი-ბრეიკის“ მომსახურების მანერაზე და გვერდით თიბისი ბანკის ოფისის დანახვაზე ვუდი ალენის ერთი ძველი ფილმი მახსენდება ყოველთვის: ბანკის გასაქურდად გვერდით შენობაში საცხობს ხსნიან და სანამ ზემოთ, მაღაზიაში პეჩენიებს ყიდიან, სარდაფიდან გვირაბს თხრიან ბანკის საცავამდე. ან შეიძლება მაფიოზების რომელიმე კლანს ეკუთვნის "კოფი-ბრეიქი" და კაფე თვალის ასახვევად გახსნეს, ნამდვილ საქმეებს კი უკან, მოფარებულში აკვარახჭინებენ.  
მოკლედ, კაპუჩინო მართლა კარგი აქვთ, ჩემნაირად ნახევარი ჭიქა თუ არ მოგიტანეს - ქაფი რომ ამოვაჭამეთ, ჩემ მეგობარს ყავით სავსე ჭიქა ხვდა წილად, მე ჭიქის მხოლოდ ერთი მესამედი. ჩიზქეიქიც მართლა კარგი აქვთ, თუ გაგიმართლათ - ბოლო ორ მისვლაზე არ ქონდათ. შოკოლადის ნამცხვარი ისე რა, ძალიან ნამამაძაღლარ-ნახალტურებია კრემიც და ბისკვიტიც. არადა, მახსოვს ბევრი წლის წინ პირველად რომ ვიყავი, რა კარგად დაიწყეს - კაპუჩინო სამი სხვადასხვა ზომის ჭიქით, ჩიზქეიქი კი ორნაირი - გამომცხვარი და ცივად მომზადებული შემომთავაზეს.

სამზარეულო « « 
მომსახურება « «
კომფორტი « « «


მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 9

1 Jun 2017

ამო რამე

ბოლო პერიოდის თბილისის პოპულარული და უცხოელების მოზიდვაზე გათვლილი კაფე-რესტორნებისთვის უკვე კლიშედ ქცეული ინტერიერი - შეულესავი აგურის კედლებით, მართლა ძველი თუ ძალით დაძველებული ჩითის ფართლეულით, რამდენიმე პაწაწინა ოთახის და ეზოს ყოველ კუთხე-კუნჭულში ჩადგმული, სხვადასხვა ეპოქის, ზომისა და ფორმის, ნაცნობ-მეგობრების ოჯახებში მოძიებული და მრავალპატრონგამოცვლილი თუ ზოგიც ახალნაყიდი ავეჯით, ძველი აბაჟურებითა და ნაკლებადცნობლი მხატვრების ნახატებით კედლებზე. აი, ზუსტად ასეთია „ამო რამე“.
მენიუ მწირი, მწირი და მწირზე მწირი, თითებზე ჩამოსათვლელი კერძებით. ზოგადად, მოკლე მენიუ კარგია - იმას ნიშნავს, რომ კერძებს ყოველ დღე და ახალ-ახალს ამზადებენ. მაგრამ მარტო გაყინული ქათმის მკერდის და თევზის კერძები, ასევე გაყინულ პელმენს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სამზარეულო აქვთ ძალიან პატარა. სადაც ერთი ქურა და ერთი მაცივარი დგას - გაყინული პროდუქტის შესანახად და კლიენტების მომსახურებაზე არაა გათვლილი.
ახლა რაც შეეხება იმ ხუთიოდე კერძს - გემრიელია და ხვავიანიც. კარგია სოკოს სუპი ადგილზე გახუხული შავი და თეთრი პურის ორცხობილებით. კარგია პელმენიც ქოთანში. კარგი იქნებოდა ქათმის კერძებიც, რომ არა სიზარმაცე და გაყინული ქათამი. არომატულ, ფანტასტიკურად შესუნელებულ ბოსტნეულთან ერთად დაბრაწული ქათამის ხორცი ჯერ საყინულეში საუკუნე დებისგან, მერე გალღვობისგან, მოხარშვისგან, გაცივებისგან, ისევ მაცივარში შენახვისგან და ბოლოს, შეკვეთის მერე, კერძის დანარჩენ ინგრედიენტევთან ერთად ჩახრაკვა-გაცხელებისგან პრაქტიკულად პლასტმასად რომ არ იყოს ქცეული და იღეჭებოდეს. 
ძალიან მიხარია, ახალი თაობის მზარეულებმა რომ ისწავლეს კერძის სწორად მომზადების პრინციპები, სხვადასხვა ფაქტურისა და ტემპერატურის, გემოების შეხამება, სალათებსა და ხორცის კერძებისთვის ხრაშუნა ელემენტის დამატება -  ნიგვზის, თხილის და არახისის მოყრა (ჯანდაბას, არ შევიმჩნევ ამ ეფექტისთვის უფრო რთული და კომპლექსური კომპონენტის მოფიქრებაც რომ შეიძლება).  მაგრამ არსებობს პროდუქტის დამუშვების და მისი მომზადების, მათ შორის, ხორცის სწორად შეწვის ტექნიკაც. ძალიან უხდება ფერად ბულგარულ წიწაკასთან ერთად მოხრაკულ ქათამას ზემოდან მოყრილი მოხალული არაქისი, მაგრამ რა ჯანდაბად მინდა მიწის თხილის კნატუნი, კერძის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქათამი თუ არ ვარგა? ცოცხალი ქათმის მკერდის შეწვას 15-18 წუთი უნდა, უკვე მოხარშულის გაცხელებას 7-8. თქვენი არ ვიცი და უბრალოდ კარგი კერძის ნაცვლად იდეალური რომ მივიღო, მე მზად ვარ კიდევ 10 წუთი მოვიცადო.
მზარეულს ტექნიკამ უღალატა შოკოლადის ნამცხვრის მომზადების პროცესშიც. დაუვიწყარი შთაბეჭდილების ნაცვლად, კოვზს რომ ჩაარჭობ შოკოლადის კექსში და შიგნიდან ცხელი, არომატული, უგემრიელესი, თხევადი შოკოლადი რომ გადმოვა... მოკლედ, კექსი გემრიელია, მაგრამ ოდნავ, სულ 2 წუთით ზედმეტადაა გაჩერებული ღუმელში (შეიძლება მიკროტალღოვანშიც) ან გამოსაცხობად ან გასაცხელებლად.
რაც შეეხება „ამო რამეს“ საფირმო ბურგერს, ვერ გეტყვით როგორია. არ ქონდათ. საფირმო ლიმონათს კი, ძვირიანი და მენთოლიანი კბილის პასტის გემოზე თუ არ გიჟდებით, ნუ შეუკვეთავთ. ლიმონიან წყალში გახსნილი მენთოლის ხელოვნური არომატიზატორის გემო წაგაქცევთ.
კარგი აქვთ დასაყენებელი ჩაი.
ფრთხილად იყავით ობობის ქსელივით გაბმულ-გამობმულ  და ცუდად იზოლირებულ სადენებთანაც - აქ ელექტრო უსაფრთოების საქმეც აშკარად ვერაა კარგად. 
ერთი სიტყვით, რა გითხრათ? არსებობს არაქართული, მაგრამ ძალიან ზუსტი და მრავლისმთქმელი სიტყვა - ხალტურა. „ამო რამეში“ თვალს გიხვევენ მარტივად, მაგრამ ეფექტურად მოწყობილი ინტერიერით. თვალს გიხვევენ თავისთვის გაიოლებული და მინიმალურ შრომაზე და ხარჯზე გათვლილი მენიუთი. თვალს გიხვევენ ღიმილიანი მომსახურებით - თვალებში არ ეტყობათ გულწრფელობა, თვალები აქვთ გულგრილი.
კიდევ მივალ? ახლო-მახლო თუ აღმოვჩნდი, ალბათ კი და ალბათ მალე არა. ოღონდ, საჭმელად არა. ჩაის დასალევად და საჭორაოდ.

სამზარეულო « «
მომსახურება « « «
კომფორტი    « « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ინგოროყვას 4