26 Mar 2017

სირაჯხანა - ღვინის სარდაფი

არის რესტორნები, სადაც ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც შარზე ხარ და რაღაც არ მოგწონს. არის ადგილები, სადაც შეხვალ თუ არა, ყველაფერი უკუღმა მიდის და მაინც ყველაფერი მოგწონს. აი, სწორედ ასეთია „სირაჯხანა“.
შევედით, ზედ არავინ გვიყურებდა, არადა ბევრნი იყვნენ. ერთი მხრიდან მოვუარეთ - საკმაოდ დიდ დარბაზს ღვინის თაროები ყოფს ორ ნაწილად - არაფერი. მეორე მხრიდან შემოვუარეთ და ისევ არაფერი. შემოგვხედავენ და ურეაქციოდ გვერდზე გაიხედავენ. წინასწარ დაჯავშნული მაგიდა მოვიძიეთ თვალებით, არაა. მერე, გვერდზე ჩაქროლებულ მიმტანს ვტაცეთ მკლავში ხელი და ჩვენი ჯავშანი მოვიკითხეთ. არ ახსოვდათ, მაგრამ დაფაცურდნენ: ერთმა მეორეს კითხა, მეორემ მესამეს... თავისუფლად დარჩენილი ორი მაგიდიდან საუკეთესო შემოგვთავაზეს - შემოსასვლელ კართან. გაგვიღიმეს, მენიუ მოგვართვეს, თავზე ხელი გადაგვისვეს და დაგვიყვავეს.
მიუხედევად იმისა, რომ ნაბუხრალში შეჭუჭყნულ მინიატურულ მაგიდასთან შედარებით, ჩვენი ბევრად უფრო პერსპექტიულად გამოიყურებოდა, მოგეხსენებათ შესასვლელში იდგა და  კარი რამდენი იღებოდა, იმდენი გვიბერავდა და ქარს მივქონდით. თან რესტორნის დაცვაც რომ ვერ გაძღა სიგარეტის მოწევით? ერთი რომ შემოდიოდა, მეორე გადიოდა. 
საჭმელად რაც კი შევარჩიეთ, ყველაფერზე გვითხრეს, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ და თან დიდსულოვნად გაგვაფრთხილეს, რომ დარბაზი სავსეა და დიდხანს მოგვიწევდა ლოდინი. 
გარემო ისეთი კარგია და ატმოსფერო ისე სასიამოვნო, რომ სიამოვნებით დაიცდი. მით უმეტეს, თუ არ გშია. არც ხმაურია, არც ქართული რესტორნებისთვის დამახასიათებელი ჩახუთულობა, ყურსაც კარგი და გემოვნებით შერჩეული ქალაქური მუსიკა ატკბობს, მეტწილად ქართული კინოფილმებიდან. აი, კართან რომ არ იჯდე და არ გიბერავდეს, ხომ საერთოდ. ჩვენდა საბედნიეროდ, შორიახლო მაგიდა გათავისუფლდა და გადაჯდომის იმედი გაჩნდა, მაგრამ რად გინდა? ვუყურებ, როგორ მოდიან რიგ-რიგობით ამ მაგიდასთან სირაჯთა ტრადიციულ ტყავის წინსაფრებში გამოწყობილი მიმტანები დგანან, დინჯად აკვირდებიან და მერე ერთმანეთს ჩურჩულით ეკითხებიან, წავიდნენ თუ არაო. და ასე გრძელდება 20 წუთზე მეტი. მოგეხსენებათ, კერძებს აგვიანდება და მე საქმე არ მაქვს, გარემოს ვზვერავ და ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები. ამას წინათ „ტვიტერზე“ ერთი ვიდეო გავრცელდა: გზაზე მკვდარი კატა აგდია და გარეული ინდაურები ფერხულში ჩაბმულებივით უვიან გარშემო. "სირაჯხანის" მიმტანებიც ზუსტად ასე უვლიდნენ და უტრიალებდნენ ირგვლივ დაცარიელებულ მაგიდას, სანამ მენეჯერი არ მოვიდა და არ აალაგებიან. ჩვენც დაუყოვნებლივ და თანაც საკუთარი ინიციატივით გადაგვსვეს. 
ამასობაში გაირკვა, რომ ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე, წასახემსებლების დაფა - ოთხი სახის ბაჟე (ნუშის, თხილის, ნიგვზისა და აღარ მახსოვს კიდევ რისი), ფხალეულის ასორტი და ჰუმუსი, გაუთავდათ და ახლა აკეთებენ თავიდან. როდის იქნება, კაცმა არ იცის და ამიტომ, კარგს ვიზამდით, სხვა რამეს თუ შევუკეთავდით... ჯერ არ მახსოვს ქართული რესტორანი, რომლის სამზარეულოც სრული დატვირთვის დროს აუდის შეკვეთებს და დარბაზში არსებული ადგილების რაოდენობას. ან პროდუქტი თავდება, ან გაზქურას არ ცალია, ან მზარეულები არ ყავთ საკმარისი. ისე ცნობისთვის, ცნობილ მზარეულს, გორდონ რამზის თავის პირველ რესტორანში მესამე მიშლენის ვარსკვლავის აღება რომ უნდოდა,  38 სკამზე, სტაფი (მზარეულები, მიმტანები, დამლაგებლები...) 57-კაციანი ყავდა. ერთი სიტყვით, ისე კარგი იყო ყველაფერი, რომ ვერც ამან გაგვიფუჭა განწყობა და სიამოვნებით მივირთვით რაც შეგვხდა, ყველაფერი.
რა უნდა გასინჯოთ? მიყევით მენიუს თავიდან და ნუ გამოტოვებთ ნურაფერს. აუცილებლად გასინჯეთ დესერტიც. კაი, ჯანდაბას, გამოვტყდები. ქაბაბის ბურთები შინდის საწებლით ქაბაბისთვის ცოტა მშრალი იყო, მაგრამ წიწილა მაყვლის სოუსში ისეთია... არა, არ გეტყვით. წადით და გასინჯეთ! წადით! წადით! ბევრი ასეთი რესტორანი საქართველოს და არაუშავს, ლოდინსაც მოვითმენ და დავიწყებულ ჯავშანსაც. დალიეთ შეფის საავტორო ლიმონათიც. ძალიან კარგია და გასინჯეთ ღვინოც.
მერე რა, რომ სომელიე, თქვენ რომ ღვინოს შეუკვეთავთ მერე მოდის. კარგი ღვინოც აქვთ და ღვინის კარგი არჩევანიც. შეუკვეთეთ ბოთლით, ჭიქით მეტი დაგიჯდებათ. და ნუ მოუსმენთ სომელიეს, რომელიც გეტყვით, რომ, რა თქმა უნდა საუკეთესო არჩევანი გააკეთეთ, მაგრამ ეს ღვინო ზაფხულში უკეთესი იქნება, მაცივარში ჩაცივების მერეო. ღვინო ახლაც კარგია, თანაც ღვინის არომატი და გემო ბოლომდე რომ „გაიხსნას“, თავისი კონკრეტული ტემპერატურა ჭირდება და არა მაცივარში გაყინვა. ან ახლა ვინ უშლით ზომიერად ჩაცივებას? ისე, როგორ არ უნდა გაგიმარლოს სომელიეს, უაზრობას რომ იტყვი ღვინოზე და მაგიდასთან ერთი ღვინის ტექნოლოგი და მეორე სომელიეს კურსდამთავრებული რომ გიზის? მოკლედ, კარგია მარტო ღვინის გახსნას რომ ანდობენ და არა მის შერჩევას და, თავისთავად, სასიამოვნო ფაქტია ღვინის სარდაფში სომელიე რომ ყავთ საერთოდ.
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ზურიკელასი არ იყოს თუ თოვდა, წვიმდა, ქარი ქროდა და ქვეყანა იქცეოდა, შენ რა გიხაროდა შე უბედუროო, თუ მკითხავთ, გიპასუხებთ, რომ მეც ის მიხარია თბილისში კიდევ ერთი ძალიან მაგარი რესტორანი რომ გახსნილა. აუცილებლად მიდით „სირაჯხანაში“, გასინჯეთ უგემრიელესი ქართული კერძები, ღვინის სარდაფში ისუნთქვეთ სუფთა ჰაერი და საკუთარი თვალით ნახეთ ტრადიციული ქართული რესტორანი სადაც არ ეწევიან. და, რაც შეეხება „სირაჯხანაში“ არსებულ ჰაიებს, ერთი რესტორანი მანახეთ მათ გარეშე და ბლოგპოსტს კი არა ოდას მივუძღვნი.

სამზარეულო « « « « «
მომსახურება « « « 
კომფორტი    « « « « 
ფასები ₾ ₾ ₾ ₾ ₾

ესეც ინდაურები და მკვდარი კატა






მისამართი: თბილისი, ვახტანგ ორბელიანის 8/10.


22 Mar 2017

„დაინჰოლი“ რუსთაველზე

რესტორნის, პატისერიის (საკონდიტრო), ღვინის სარდაფის, ბარისა და არტგალერეის რამდენიმე დარბაზი პირველ სართულზე და სარდაფში. მწეველთა და არამწეველთა განყოფილებები. ევროპული და ქართული სამზარეულო. მიწის ზევით თანამედროვე, კომფორტული ატმოსფერო, ქვევით კი სარდაფისთვის დამახასიათებელი აგურის კედლები და დაბალი თაღები, თუმცა სუფთა და მოვლილი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ჯერჯერობით-თქო იმიტომ ვამბობ, რომ არ ვიცი, განათების, ინტერიერისა და ავეჯის ჭუჭყისატანას იდეალურად მისადაგებული ფერების ბრალია თუ შემოსასვლელში, ზედ იატაკთან შპალერზე ჭუჭყიანი ტილოს ხშირად გასმისაგან დარჩენილი ზოლისგან დატოვებული შთაბეჭდილება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დიდხანს არ გაგრძელდება ასე. შეიძლება ვცოდავ, ღმერთმა ქნას.
მოგეხსენებათ, აქ უბრალოდ კი არ ჭამენ, ხელოვნებითაც ტკბებიან და ალბათ სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჭაღებზე ალაგ-ალაგ გადამწვარი ნათურები ან მინის პლაფონები ჩამოტეხილი კუთხეებით.
სამზარეულო უფრო მეტი პრეტენზიით, ვიდრე გემოთი: ისე რა პიცა, ისე რა შნიცელი, ისე რა სალათები. მომსახურებაც ისე რა. გიღიმიან, გეკონტაქტებიან, მაგრამ უგულოდ. პირველად „დაინჰოლში“ ერთ-ერთი ორგანიზაციის ახალი პროდუქტის პრეზენტაციაზე მოვხვდი. სარდაფში იყო მიღება. მენიუ ყველა მაგიდისთვის ერთნაირად იყო განსაზღვრული - თითო მაგიდაზე თითო თეფში. მიმტანებს შემოსასვლელთან მდგარ მაგიდებზე ოთხი ერთნაირი კერძი მიქონდათ, უფრო მოშორებით კი არც ერთი. შედეგად, ერთმა ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა მენეჯერთან აღშფოთება რომ გამოთქვა, თქვენს მიღებაზე მშიერი დავრჩიო, მიმტანებს კი არ მისცეს შენიშვნა, სანამ სხვა ნაკლებადცნობილი სტუმრები გვერზე ჩავლილ, საჭმლით დახუნძლულ მიმტანებზე ნადირობდნენ რაიმე კერძის წარმთმევის იმედით, ინტრიგანი „სელებრითი“ გასაჩუმებლად ბარში აიყვანეს და ცალკე აჭამეს. რა თქმა უნდა, დაწესებულების ხარჯზე. 
აბა, რისთვის უნდა მიხვიდეთ „დაინჰოლში? დესერტის საჭმელად. ნამცხვრები მართლა კარგი აქვთ. განსაკუთრებით კრემ-კარამელი და რამდენიმე სახეობის ჩიზქეიქი. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ შაქარი არ ენანებათ და ნამცხვრები ცოტა ზედმეტად ტკბილია. ასევე, გაემზადეთ იმისთვის, რომ არტსაკონდიტროსთან გაქვთ საქმე და საკმაოდ შთამბეჭდავფასიანი ნამცხვრის ორ ნაჭერს შორის ზომაში ასევე შთამბეჭდავი განსხვავება შეიძლება დაგხვდეთ. ერთნაირი ნამცხვრის უნამუსოდ სხვადასხვა ზომის ნაჭრები მოაქვთ ერთ მაგიდასთან და თანაც ერთ ფასად.
რამდენიმე ნაირსახეობა ნამცხვრის გასინჯვის მიზნით, ერთ კაცს 5 ნაჭერი რომ არ ეჭამა, ვთხოვეთ პორციები შუაზე გაეჭრათ და ისე მოეტანათ მაგიდასთან. დაგვპირდნენ, რა პრობლემააო, მაგრამ გაუჭრელი მოიტანეს და გვითხრეს, ვერ დავჭრით, თვითონ უქენით რაც გინდათო. კარგი, ზოგიერთ მაღალი კლასის რესტორანში პორცია პორციაა და სამზარეულოდან ერთი, დასრულებული სახით გამოდის. მაგრამ კლიენტს თუ უნდა, უკვე მაგიდასთან მოტანილს, კლიენტის სურვილის მიხედვით მიმტანი ჭრის, ანაწევრებს, ანაკუწებს და რა ვიცი კიდევ რას უშვება, გიჟი თუ ხარ და ასე გინდა, კეტჩუპსაც ასხამს თავზე. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სულაც ნახევარი პორციის შეკვეთაც არ უნდა იყოს წესით პრობლემა, არათუ ორად გაყოფილი მთელის.  მაგრამ, როგორც ზემოთ გითხარით, მზარეულს აშკარად პრობლემა აქვს თვალის ზომასთან და დანის ხმარებასთან და ზედმეტ შარს ერიდება ეტყობა.
უფრო მეტიც, შეკვეთის მიცემიდან 5 წუთში ნამცხვრის სახეობის შეცვლა მოვინდომეთ და ვერა, უკვე მოვჭერითო დაიწუწუნეს. რაც იგივეა,  გითხრან რომ ჩაის შეკვეთას ვერ გავაუქმებ, ჩაიდნით წყალი უკვე დგასო. ღუმელში შესაწვავად შედგმული ქათამი ხომ არ იყო, რომ გაფუჭებულიყო, ნამცხვარი ისედაც დაჭრილი იყიდება. თუმცა, უკვე მოჭრილი ამ განცხადებიდან ნამცხვარი 20 წუთის შემდეგ მოგვიტანეს.
ერთი სიტყვით, რა გითხრათ? ყავაზე და ნამცხვარზე  ნამდვილად ღირს შესვლა და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მაგიდების დიდი ნაწილი რომ ყანყალებს. ყოველ უმცირეს მოძრაობაზე კი დატკბით ყავის ლამბაქზე დადებული კოვზის სიმღერით: წკარ-წკარ-წკარ-წკარ-წკარ-წკარ... წკარ-წკარ-წკარ-წკარ-წკარ-წკარ... წკარ-წკარ-წკარ-წკარ-წკარ-წკარ... წკარ-წკარ-წკარ-წკარ-წკარ-წკარ... სანამ მიმტანი არ მოვა და ცარიელ ფინჯანს არ წაიღებს.

სამზარეულო « « «
მომსახურება « «
კომფორტი « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, რუსთაველის 28

17 Mar 2017

სახლი მადათოვზე

კიდევ ერთი კარგი და საინტერესო ადგილი თბილისში -
ფეხის და კისრისმოსამტვრევი შესასვლელით - პირდაპირ კიბეზე შედიხარ. სარდაფში მწეველთა და მიწის ზედაპირზე არამწეველთა დარბაზებით. სასიამოვნო გარემო, მარტივად, მაგრამ ეფექტურად გადაწყვეტილი ინტერიერით. მოკლე და შინაარსიანი მენიუ აქაოდა ძველებური ყაიდის, ზოგი კარგად მოძიებული და გათანამედროვებული და ზოგიც კარგად ნაფიქრი და მოგონილი ახალი ქართული კერძებით. მომსახურება ნორმალური, გულთბილი მაგრამ ქართული ხუშტურებით. კერძის მოლოდინიში დროის გასაყვანად საგანგებოდ შექმნილი ერთჯერადი მაგიდის გადასაფარებლები "ქალაქობანას" და „კრისტიკ-ნოლიკის“ სათამაშო ცხრილებით, რომლებიც პასტასთან ერთად მოაქვთ და თაროებზე გამოფენილი საბჭოთა პერიოდის სათამაშოები.
რაც მთავარია, ადგილი რომელიც ტურისტებზე და მათ შორის ადგილობრივ ტურისტებზე, ანუ ქართველებზეც სწორადაა გათვლილი. არ უნდათ, ბატონო, უცხოელებს კაცმა არ იცის საიდან მოტანილი პიცისა და თითიდან გამოწოვილი ბეფსტროგანოვის ჭამა, რომელსაც ბუსტრუგუნიდან დაწყებული და ბიფსტროგანოვით დამთავრებული რას არ ეძახიან სხვადასხვა რესტორნებში. ისინი საქართველოს და ქართული სამზარეულოს გასაცნობად ჩამოდიან და ქართველებსაც ძალიან გვიყვარს, მაგრამ მაინც მოგვწყინდა ყველგან ერთ თარგზე გამოჭრილი ხაჭაპური, ხინკალი და ქაბაბი. 
აქ შენზე იზრუნეს, შეწუხდნენ, რა მოეწონებაო - დაფიქრდნენ. ნაცნობ-მეგობრების და ბიცოლა-ბებიების კარგად ნაცად რეცეპტებთან ერთად იუმორიც მოიშველიეს და მოიგონეს: იხვის ტოლმა, კომშში ჩაშუშული ხბოს ხორცი, "ბროწლის წვენ" მოწუწული მწვადები, ხაჭაპური კეცზე, თაფლა გოგრის სალათა, სხვადასხვა ჯურის შეჭამანდები... და „მაჭამე რამეს“ რუბრიკაში გაერთიანებული ბოსტნეულის, რძის ნაწარმისა და ხორცეულის დაფები.
მენიუს კულინარიაში კარგად გარკვეული მოყვარულის ან კულინარიულ სასწავლებელში ბეჯითი, მაგრამ ჯერ ახალბედა პროფესიონალის ხელი ეტყობა. კონცეპტუალურად და შინაარსით ყველა კერძი სწორადაა მოფიქრებული, მაგრამ უმეტესობას იდეალურობამდე რაღაც სულ პატარა, პუნწკლი ნიუანსი აკლია. აი, სულ ოდნავ, სულ ცოტათი სქელი რომ იყოს კომშთან ერთად ჩაშუშული ხბოს ხორცის საოცრად არომატული და უგემრიელესი სოუსი... მოკლედ, ყველაფერი ერთნაირად გადასარევია-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ცუდი არც ერთი არაა. ზოგი კარგია, ზოგი უკეთესი.
მაგალითად: რძის პროდუქტების დაფაზე, რომელიც ორი სახეობის ყველის (სულგუნი და ჭყინტი), მჭადისა და შოთის, წიწაკიანი კახური ზეთის, აჯიკიანი და კიტრიანი მაწვნისა და ლეღვისჩირიანი და თხილიანი ნადუღისგან შედგება, ყველაფერი ერთნაირად გემრიელი არაა, მაგრამ ერთიანობაში ყველა კარგია. უგემრიელესია დაფის ყველაზე უბრალო ნაწილი - კიტრიანი და სუნელებიანი მაწონი და ჭადი ყველით. აჯიკიანი მაწონი ისე რაა და წიწაკიანი ზეთი, უბრალოდ სოუსი მოვალეობას ასრულებს.  დაფის ყველაზე ძვირიანი და ნაფიქრი კომპონენტი - ნადუღი ლეღვის ჩირით და თხილით კი... დააკვირდით რა მადისაღმძვრელად ჟღერს? ყველაზე უგემურია. რაღაც აკლია, რაღაც ჭირდება, რომ ყველა გემო გამოიკვეთოს და სიმფონიასავით შეიკრას. ან მარილი, ან პილპილი, ან სიცხარე ან სამივე ერთად და ჯავზის კაკალი... მოკლედ, რაღაც გემოს დამატება უნდა და სასწაული გახდება.
პორციებია მსუყე, ფასები კარგი, გემოთა შეთანხმებები საინტერესო. მზარეულმა აშკარად კარგად იცის, რომ საჭმელს კონტრასტული გემოს გარდა განსხვავებული ტექსტურაც ჭირდება და კერძებში საკმაოდ კარგადაა შეხამებული ტკბილის (კომში, გარგრის და ლეღვის ჩირები), მჟავესა (კოწახური, შინდი, ბროწეული) და ცხარეს (წიწაკა, პილპილი), რბილისა (მოთუშული ხორცი, ბოსტნეული და ხილი)  და ხრამუნას (მოხალული თხილი, ნიგოზი, ნუში) ბალანსი.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დესერტები: გამომცხვარი ვაშლი ჩირით და ნიგვზით, მოთუშული კომში ტკბილი ნადუღით, მსხლის ფელამუში და ხაპის ტკბილი. ერთი სიტყვით, ის დესერტები, რომლის მომზადებასაც დიდი ოსტატობა არ უნდა, მაგრამ კარგი და ხარისხიანი პროდუქტი თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა.
სახლში გემრიელად, სიყვარულით მომზადებული კერძები და შინაური, არაოფიციალური ატმოსფერო თუ გიყვართ, ეს ადგილი თქვენთვისაა. ამიტომ ნუღარ ატეხთ განგაშს, რომელიმე კერძზე კოვზი თუ დაავიწყდებათ, ან ადგილზე მოუდღებული კომპოტის ნაცვლად იქვე დაწურულ ლიმონათს თუ მიიღებთ (ორივე კარგია). ეს არაა საქეიფო რესტორანი, აქ საჭმელად და საღამოს მშვიდ საუბარში გასატარებლად დადიან.

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾ ₾ 


მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 23 (ახალი ტიფლისი)

13 Mar 2017

Café le France - ფრნაგული ბულანჟერეა თბილისში

არ მახსოვს „ლა ფრანსი“ ზუსტად რამდენი წლის წინ გაიხსნა, მაგრამ ძალიან მალევე ვეწვიე და ზაფხულის ცხელი და ხვატიანი დღის გასანელებლად ცივი ყავა ნაყინით შევუკვეთე. დარბაზში სულ ორი მაგიდა იყო დაკავებული და ერთიანობაში ალბათ 5-6 კაცი ვისხედით. ბარმენმა შეკვეთა ზუსტად 2 წუთში შეასრულა და მადისაღმვძრელი სასმელი ბარის დახლზე გამომწვევად შემოდგა.
აბსოლუტურად თავისუფალი სამი მიმტანი, აბსოლუტურად საქმიანი სახით, მაგრამ აბსოლუტურად უსაქმოდ დიდხანს ჭორაობდნენ, მაგიდებს შორის აღმა-დაღმა დაყიალობდნენ და ზედ არ გვიყურებდნენ. ეტყობა ხელს არ გვიშლიდნენ სიტუაციით ტკბობაში. შეკვეთის შესრულებიდან 25 წუთის თავზე ერთ-ერთი მათგანი ქუჩაში უაზროდ ყურებისგან დაიღალა, ბართან მიიზლაზნა და უკვე კარგად შემთბარი ცივი ყავა რძედქცეული ნაყინით მომართვა. უკან გავატანე. მეგონა ჭკუას ისწავლიდნენ.
მერე კიდევ რამდენჯერმე ვიყავი. ხან მე შევცდი, ხანაც სხვებმა დამპატიჟეს. ყოველ ჯერზე - მომსახურება ძველებურად ცუდი. გემრიელი ნამცხვრები ხშირად ძველი. კოქტეილები წყალ-წყალა. კედლის გასაფორმებელ წვრილ კანტებზე მტვრის სქელი ფენა და სრულიად გენიალური მიგნება: საერთო დარბაზში მწეველებისთვის გამოყოფილი მაგიდების ერთი რიგი, გეგონება გვერდით მაგიდასთან მსხდომი არამწეველები სხვა ჰაერს სუნთქავდნენ.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, „ლა ფრანსში“ ალბათ 4-5 წლის მანძილზე აღარ შემედგა ფეხი. არადა, საკმაოდ ხშირად მიწევს გავლა და ვხედავ რომ ხალხი სულ ზის, თანაც ბევრი. ეგება გამოსწორდნენ-მეთქი ვიფიქრე და გადავწყვიტე კიდევ ერთი შანსის მიცემა.
ამჯერად ყველგან და  ყველა მაგიდასთან ეწევიან.
დავჯექი, სამი თუ ოთხი მიმტანი კვლავაც უსაქმურად დაყიალობდა.
15 წუთის მერე შეწუხებული სახით იკითხეს, მენიუ არ გინდათო? მოიტანეს, უკაცრავად, მოზიდეს. ხის უზარმაზარ, დაახლოებით 2-კილოგრამიან დაფაზე დაკრული ფურცელი, რომელმაც მაგიდის ¾-ზე მეტი დაიკავა. მენიუ იმხელაა და იმსიმძიმე, ხელში ვერ აიღებ, მაგიდაზე რამე თუ გიდევს ვერ დადებ, სად წაღო აღარ იცი. ახლა გასაგებია, რატომ ეზარებათ ისედაც ენერგიულ მიმტანებს მისი თრევა. 
ფრანგული ბულანჟერიის ანუ ჩვენებურად ფრანგული საცხობის საკმაოდ ლამაზად შედგენილ და მხატვრულად აღწერილ ასორტიმენტში, ფრანგი ხელოვანების სახელქვეშ ამოფარებულ სალათებში ევროპულ-აზიური მენიუს ისეთი  ნაზავი დამხვდა, რომ დავიბენი. თურმე სალათა „მონე“ შებოლილი უნაგით (იაპონურად გველთევზა), მზადდება, „ტობიკო-ოლივიე“ კი სუფთა ფრანგული კერძია. „ტობიკო“ უმი ბოსტნეულის იაპონური სალათაა, „ოლივიე“ კი, სახელმა არ მოგატყუოთ, სუფთა რუსული, მოხარშული ბოსტნეულის სალათა. აღარ ვლაპარაკობ ტაილანდურ „ტომი იამ“ სუპზე და ამ ფონზე ესპანური სანგრია ან იტალიური აკვაფრესკა საერთოდ რაღა სახსენებელია.
ერთი სიტყვით, ისე დავიბენი, რომ გადავწყვიტე, „ლა ფრანსის“ ფესვებს დავბრუნებოდი და რისთვისაც ასეთი პოპულარულია -  რაიმე დესერტი გამესინჯა. მივედი მაცივართან. დიდხანს ვუყურე საკმაოდ სიმპათიური და აშკარად გემრიელი ნამცხვრების ფართო ასორტიმენტს, დიდხანს ვებრძოლე ჩემს თავზე, ეკლერის სარკალაზე, მაცივარში რამდენიმე დღე დებისგან სქელ ფენად დადებულ წყლის წვეთებს ნუ მიაქცევ ყურადღებას, ნურც ჩიზქეიქის შემხმარ გვერდებს შეიმჩნევ, მაინც გემრიელი იქნება-თქო, მაგრამ ამ დროს გვერდით დახლზე დალაგებულ სენდვიჩებსა და პანინებში უმოწყალოდ დამჭკნარი სალათის ფოთლები შევნიშნე და გამოვტრიალდი...
ორი დღის წინ „ლა ფრანსში“ დამპატიჟეს. ოთხი მაგიდა იყო დაკავებული. სადაც გაახსენდათ, თეფშის ქვეშ დასაფენი, რეზინის, მრავალჯერადი, პატარა ოთკუთხედი სუფრები მიიტანეს და დაალაგეს. სადაც დაეზარათ არა. ზოგან არც გაახსენდათ და შესაბამისად არც დაეზარათ მიტანა. ჩვენს გვერდით მაგიდასთან მენიუს 20 წუთი ელოდნენ და სანამ გვერდზე ჩავლილი მიმტანი არ დაიჭირეს, ვერ ეღირსნენ. ჩვენ ვიაქტიურეთ, მაცივართან მივიჭერით. არჩევის პროცესში ძალით ჩავრთეთ მომსახურე პერსონალი და შეკვეთა რომ დავაპირეთ, დავრჩით პირდაღებული და გაღიმებული. სამივე მიტრიალდა და ერთმანეთში საუბარი გააბეს.
ეკლერს ნაწილს ისევ ნამი ედო. უგემრიელეს ოპერას, გვერდები კაიგვარიანად ქონდა მომხმარი. ნამცხვარი სავალდებულო კი არ არის დაობდეს, ორი-სამი დღის მერე საჭმელად კი, მაგრამ გასაყიდად აღარ ვარგა. შოკოლადის ჩიზქეიქს ქერქი კიდეში ისეთი სქელი და ისეთი გამხმარი ქონდა, რომ კოვზი ვერ ერეოდა...
ერთი სიტყვით, ჭკუა ვერ ვისწავლე. თბილისში გაფუჭებული ბევრი კარგი მინახავს, მაგრამ ცუდი გამოესწორებინოთ, არც ერთხელ. არადა, „ლა ფრანსს“ ყველა მონაცემი აქვს ძალიან კარგი კაფე იყოს.

სამზარეულო « «
მომსახურება «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 33.

11 Mar 2017

Cantina by Bontempi და პინსა ქართულად

რითი განსხვავდება „კანტინა ბაი ბონიტემპი“ თბილისის ყველა დანარჩენი კაფეებისგან? აქ შეგიძლიათ გასინჯოთ პინსა.
რა არის პინსა?
მარტივად, რომ ავხსნათ, პინსა თანამედროვე პიცის ანტიკური წინაპარია. თანაც, სანამ პიცის წარმოშობაზე დავობენ, პირველი შუმერები აცხობდნენ თუ ძველი ეგვიპტელები, სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურმე პინსას თავად დიდი ვერგილიუი მოიხსენიებდა თავის „ენეიდაში“. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც წაკითხული მაქვს (თავის დროზე ანტიკური ლიტერატურის გამოცდა მაქვს ჩაბარებული), „ენეიდას“ გმირები მართლა მიირთმევენ თუ არა პინსას ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ასე ამბობენ და ვენდოთ, იმათ ვინც იცის.
გარდა იმისა, რომ ვერგილიუსი წერდა პინსაზე, პიცასა და პინსას, ფორმის გარდა - პიცა მრგვალია და პინსა ელიფსური (რაღაც საშუალო მართკუთხედსა და ოვალს შორის), ცომის შემადგენლობა და ტექსტურაც განასხვავებს. „კანტინაში“ ვიკითხე,  თქვენ როგორ აკეთებთ-თქო, მაგრამ მიმტანებმა ვერ მითხრეს: ფქვილი იტალიიდან ჩამოგვაქვს და იმიტომ აქვსო სხვა გემოო. მაგრამ, მე გეტყვით - განსხვავებულ ტექნოლოგიასთან ერთად, ხორბლის ფქვილს ბრინჯის, სოიოს ან სხვა მცენარეების ფქვილსაც უმატებენ, მანანის ბურღულის ჩათვლით. კონკრეტულად „კანტინაში“, რომელ ფქვილს ხმარობენ ვერ გეტყვით, მთლად ეგეთი დეგუსტატორიც ვერ ვარ, პირში ქიმიური ლაბორატორია არ მაქვს, მაგრამ, პირადად მე, სერიოზული ეჭვი მაქვს მანანის ბურღულზე.
მოკლედ, „კანტინას“ პინსა კარგია და თანაც ნამდვილი - გემრიელი, ნოყიერი, ზუსტად ისეთი ხრუშუნა, როგორც უნდა უყოს და ზომიერი.
გემრიელია პასტაც და რაც მთავარია... პასტას ადგილზე ამზადებენ, რაც დამეთანხმეთ, თბილისისთვის ნამდვილი ფუფუნებაა. მართალია „არაბიატა“ ანუ „გაავებული“ პასტა, მთლად ისეთი ავი ვერაა, როგორიც უნდა იყოს, სიცხარე აკლია, მაგრამ ძალიან კარგია. დიახ, ორიგინალს „ავი“ მხოლოდ  იმიტომ ქვია, რომ ცხარეა და ვისაც არაცხარე პამიდვრისსოუსიანი პიცა უყვარს, იმათთვის „პუტანესკა“ არსებობს.
ადგილზე აცხობენ ბისკვიტს ტირამისუსთვის. ძალიან გემრელია. კარგია, ორიგინალურად მინის ქილებში ჩასხმული პანაკოტაც. თუმცა, პანაკოტას მთავარი ღირსება - ყოველ შერხევაზე ითახთახოს თეფშზე - იკარგება, მაგრამ პრაგმატული მიგნებაა. მინის ქილებში ჩასხმული დესერტი დიდხანს ინახება. რასაც ვერ ვიტყვით, ჩიზქეიქზე. თვითონ ნამცხვარი კარგია, მაგრამ თბილისის კაფეების უმრავლესობის მსგავსად, შეიძლება მთლად ახალი ვერ იყოს. არა, გაფუჭებული არაა, მაგრამ მაცივარში დებისგან გვერდები შეიძლება ქონდეს მომხმარი ან შემშრალი.
აქვე აცხობენ უგემრიელეს ბრეცელებს. აი, რა აქვთ სულ ცხელ-ცხელი და ახალ-ახალი.
აუცილებლად გასინჯეთ ნაღებიანი ყავა კორტადო, რომელიც წყალთან, კარამელიან შაქართან და საგანგებოდ „კანტინასთვის“ დაფასოებულ შაქართან ერთად მოაქვთ. კიდევ ერი სასიამოვნო წვრილმანი, რომელიც კარგ მენეჯმენტზე მეტყველებს.
ფასები - ცოტა ძვირია. ყველაფერი 2-3 ლარით მეტი ღირს, ვიდრე სხვაგან. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იტალიიდან ჩამოტანილი და ხორბლის ფქვილზე უფრო ძვირიანი ფქვილით მოზელილი პინსას ცომი, ადგილზე მომზადებული პასტა, ადგილზე გამომცხვარი ბისკვიტი და „ბეილისით“ დანამული უგემრიელესი ტირამისუ (მერე რა რომ „ბეილისის“ გემო სულ არ იგრძნობა, საბოლოო შედეგია კარგი), კი ღირს 2-3 ლარით ძვირი. სხვათა შორის, დესერტია იაფი, მაგრამ სამაიეროდ, პორციებია პატარა. 
გარემო - კომფორტული, სასიამოვნო, გემოვნებით გაკეთებული, მაგრამ უჩვეულო. ვინც ყოფილხართ, ნამდვილად მკითხავთ, რა ნახე უჩვეულოო. გეტყვით - გამვლელები. იდეაში ძალიან მყუდრო კაფეში არ წყდება „უცხო“ ხალხის ტრანზიტული მოძრაობა: შემოსასვლელი კარიდან უკანა კარისკენ, უკანა კარიდან მეორე სართულის კარისკენ, მეორე სართულიდან უკანა კარისკენ და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ კარგად გარემონტებულ სადარბაზოში სვამ ყავას. ვერ დავიჟინებ, მაგრამ მემგონი მართლა მრავალსართულიანი ოფისის სადარბაზოშია კაფე გახსნილი.  
საკმაოდ სუფთა და კარგად დალაგებული დარბაზის ფონზე გამოირჩევა მტვრის სქელი ფერით დაფარული უზარმაზარი სარკე კედელზე. არ ვიცი, ალბათ ზედა ოფისს ეკუთვნის...
სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ცინცაძის 12. 

5 Mar 2017

„რეტრო“ და გიას ცომგაცლილი ხაჭაპური

როგორია „რეტრო“? ზუსტად ისეთი, ქართველების წარმოდგენაში როგორიც უნდა იყოს ტიპური სწრაფი კვების ობიექტი - რაღაც საშუალო ტრადიციულ სახინკლესა და სასადილოს შორის, ცოტა უკეთესი სუნით. მასიური ხისგან გამოთლილი უხეში მაგიდები და სკამები, ხით მოპირკეთებული კედლები და ინტერიერი, რომელიც არაფრით გამოირჩევა მთელ საქართველოში მიმოფანტული უამრავი მსგავსი ტიპის დაწესებულებებისგან. 
სიმართლე გითხრათ, ახლა ვფიქრობ, ვფიქრობ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირად დავდივარ, იმდენად ტიპურია ყველაფერი, რომ ინტერიერის რაიმე კონკრეტულ დეტალს ვერ ვიხსენებ. ამიტომ „რეტროს“ ფეისბუქგვერდს მივმართე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, და ობიექტურობის გამო აუცილებლად უნდა დავწერო, რომ თურმე სადღაც ფართო, ნათელი და თანამედროვე სტილის დერმატინგადაკრულ, რბილ სკამებიანი ფილიალიც ქონიათ. სამ „რეტროში“ ვარ ნამყოფი: თბილისში, ქობულეთსა და ბათუმში: ღმერთი-რჯული მსგავსი არსად არაფერი შემხვედრია. არადა, გვერდი სწორედ მსგავსი ფოტოებითაა სავსე ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ სადღაც (სავარაუდოდ თავისუფლების მოედანზე) ნამდვილად არსებობს ასეთი "რეტრო". თუმცა, ხის უხეშ სკამებს თავისი დანიშნულება აქვს - დიდხანს ვერ დაჯდები. მსგავს ადგილას საჭორაოდ და გასართობად არ დადიხარ, უნდა ჭამო, ადგე და წახვიდე.
მომსახურებაც ტიპური: შეძლებისდაგვარად სწრაფი და ყურადღებიანი, გადაჭედილი დარბაზის ფონზე. მიმატანები ისე დარბიან, რომ თქვენთან ზედმეტი ცერემონიებისთვის და პრეტენზიების მოსასმენად უბრალოდ არ ცალიათ.
ატმოსფერო - გადაჭედილი, ზუზუნი, გუგუნი და დანა-ჩანგლის საქმიანი ჩხაკუნი.
მენიუ - „მაჭახელას“ მენიუს ანალოგი. იმერული და მეგრული ხაჭაპურები, ქართული ყაიდის პიცები, საკმაოდ ბარაქიანი და გემრიელი სალათები, სხვა ტრადიციული კერძები, აჭარული სტილის ლობიანი წიწაკის მწნილით და რა თქმა უნდა, საფირმო კერძი - გიას ცომგაცლილი ხაჭაპური.
ქართული სამზარულო იმდენად ნელა ვითარდება (ბაბუაჩემი რასაც ჭამდა ახალგაზრდობაში, იმას ვჭამთ დღესაც), რომ ნებისმიერ სიახლეს და მით უმეტეს კარგს მივესალმები. არა, მოვიტყუე, ნებისმიერს ვერა: ვარდისფრად და ცისფრად შეღებილი ხინკალი და კუჭში ჩათხრილი საწუპავი ნამდვილად კატასტროფაა, მაგრამ გია აგირბას მიგნება, აჭარული ხაჭაპურისთვის ცომი გამოეცალა, მართლა ძალიან მაგარია. ნეტავ, ბევრი გიასნაირი ყავდეს საქართველოს. 
მოკლედ, აჭარული ხაჭაპუი თუ გიყვართ, მიდით „რეტროში“ და მიირთვით მისი პატარა, საშუალო, დიდი, გიგანტური და სულაც უკიდეგანო, გნებავთ ცომგაცლილი და გნებავთ ტრადიციულად ცომიანი ვარიანტი. როგორია?
ბევრი ყველით, ზუსტად ისეთი ჭყინტით, ხაჭაპურში რომ უნდა იდოს.
კარგი ცომით.
კვერცხით, „კოდას“ ქათმები რასაც დებენ ისეთით, მეტი არჩევანი არ გვაქვს.
კარაქით... ნამდვილი კარაქი დახატავდა, მაგრამ „რეტროს“ კლასის დაწესებულებას რა უნდა მოთოხოვო, როცა ხარისხიანი კარაქი საქართველოში სახლისთვისაც სანთლით საძებნელი გახდა.
და, წადით აუცილებლად მშიერი, ყველაზე პატარა ბაჭაპურიც კი ძალიან მსუყე და დიდია!

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾ 

2 Mar 2017

კაფე „ივერია“ ველოსიპედთან, ვარდების მოედანზე

მოდაში დაბრუნებული მე-20-ე საუკუნის 70-იანი წლების ევროპული გარემო, მოხერხებული სავარძლები, ნათელი, კომფორტული გარემო. იდელურია 2-3 მეგობართან შეხვედრისთვის ან სიმშვიდეში დროის გასაყვანად, განსაკუთრებით მაშინ, ერთად ჭამაზე მეტად საუბარს ან ჟურნალის კითხვას თუ ხართ მონატრებულია.  აქ არ დაგხვდებათ უადგილო, გულისგამაწვრილებელი მუსიკა, რომელიც ძალიან ხმადაბლაა ჩართული, იმისთვის რომ მელოდიით დატკბეთ, მაგრამ საკმაოდ ხმამაღალია იმისთვის რომ ყური წაიღოს და ლაპარაკში ხელი შეგიშალოთ. არ არის, კაცმა არ იცის რისთვის, უაზროდ ჩართული ტელევიზორი. არ ისმის ხალხის ზუზუნი და გუგუნი. მაგიდებიც ისე დგას, რომ თქვენთვის ყოფნაში არავინ გიშლით ხელს. არის არამწეველთა შიდა დარბაზი და ზაფხულში იდეალური, მცოცავი ვარდებით გადაპენტილი და ქუჩას კარგად მოფარებული ვერანდა  გარეთ.
აქვთ სხვადასხვა ლამაზ სახელს ამოფარებული ბუტერბროდისნაირების (სენდვიჩები, ტოსტები, პანინოები, კროსტინები და ა.შ.) და სალათების მწირი, მაგრამ გემრიელი არჩევანი. ზუსტად ის, რა არსებულ გარემოს, სიმშვიდეში, ჟურნალების მაგიდასთან სავარძელში ჯდომას, დაბალ ხმაზე საუბარს ან წიგნის კითხვას და ყავის, ადგილზე დამზადებული ლიმონათის ან რაიმე სხვა მსუბუქი სასმელის წრუპვას უხდება.
მომსახურება, კარგი, ზრიდლობიანი, გარემოს სტილში. თავს არც უყურადღებოდ იგრძნობთ და არც გადაგყვებიან.
ნამცხვრები... მშვიდი გარემოს გარდა, აი, რისთვის არ უნდა დაიზაროთ აქ მოსვლა! უცხოეთსა და თანამედროვეობას ნაზიარები, უგემრიელესი, მსუყე, კრემით გაძეძგილი ტორტებისა და ნამცხვრების, თბილისიდან ძველი დროის დინოზავრებივით გადაშენებული და დავიწყებიული ზომის, გიგანტურ პორციებს ალბათ, სწორედ პორციის ზომის, არაქარხნული კრემისა და სულ ოდნავ ზედმეტი სიტკბოს გამო ისეთი, ისეთი შინაური, სახლში გამომცხვარი ნამცხვრის გემო აქვს... მოკლედ, მიდით და გასინჯეთ! გაითვალისწინეთ, ერთ ჯერზე ორ ნაჭერს ვერ შეჭამთ. მეგობართან ერთად შეუკვეთეთ სხვადასხვა სახეობა და თამამათ გააყოფინეთ ორად. ნამცხვრის ნაჭრის ზომა ამის საშუალებას იძლევა. გასინჯეთ შოკოლადის ტორტი, წითელი ხავერდი, ჩიზქეიქი, ტირამისუ, თხილით, ნიგვზით, ქიშმიშით და კიდევ ათასი ნუგბარით გაძეძგილი ტორტი მოხარშული შესქელებული რძის კრემით... რასაც ნახავთ ყველაფერი გასინჯეთ. (ფოტოზე, ჩიზქეიქის ნახევარია).
და მომსუყებულზე თამამად დააყოლეთ კიტრის სმუზი - საკმაოდ უსახური, მაგრამ ნამცხვრისგან მომსუყებული გულისა და სიცხის გასანეიტრალებლად იდეალური სითხე.
ოღონდ ... მერე ნუ შეხვალთ ტუალეტში, მოითმინეთ. მიუხედავად იმისა, რომ კაფე „ივერია“ მთვრალი საზოგადოებით გადავსებული თითქმის არასდროს მინახავს, დილით მაინცდამაინც ახალგაღებულზე თუ არ მოგიწიათ  მისვლა, ტუალეტში შესასვლელად შარვლის აკაპიწება მოგიწევთ.  
რას ვიზამთ, თბილის თბილის ხომ არ იქნება, იდეალური რესტორნისთვის აუცილებელი სამი რგოლიდან - მენეჯმენტი, სამზარეულო და მომსახურე პერსონალი - ყველა ერთნაირად კარგად რომ ასრულებდეს თავის მოვალეობას. სისუფთავის უზრუნველყოფა ხელმძღვანელობას ანუ მენეჯმენტს ეხება (დამლაგებლები მთელი დღით უნდა აიყვანონ და გააკონტროლონ მერე) და სამწუხაროდ, თბილისის რესტორნების 80%-ში ეს რგოლი მოიკოჭლებს ზუსტად. ისე, სხვათა შორის,  ეს კაფე „რედისონ ბლუს“ ეკუთვნის.
და ბოლოს, აუცილებლად ესტუმრეთ „ივერიას“ ღამე, წვიმაში და ისიამოვნეთ მინის კედლებზე მორბენალი, გარე განათებისაგან აბრჭყვიალებული წვიმის წვეთების ყურებით.

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი    « « (ტუალეტისთვის)
ფასები ₾ ₾ ₾ ₾