28 Jan 2017

Paul - ჩრდილოეთ საფრანგეთის პატარა ნაწილი თბილისში

ამ ბოლო დროს მართლაც კარგი და ხარისხიანი საცხობების გახსნის სასიხარულო ტენდენცია შეინიშნება ჩვენს ქალაქში. „ბელას“ ტორტებისა და „მადას“ იაფფასიანი და საკმაოდ დაბალი ხარისხის მასმარკეტის პროდუქციის ფონზე აშკარად გამოკვეთილ და შედეგად, უნამუსოდ ფასებამაღლებულ „ანტრეს“ უკვე ბევრი ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა.
მათ შორისაა ფრანგული „პოლიც“, რომელიც 1989 წლიდან არსებობს და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში 500-ზ მეტი ფრანშიზა აქვს გახსნილი. ერთი სიტყვით, როგორც იქნა ჩვენც ჩავეწერეთ ევროპასთან მიახლოებული თუ დაახლოებული ქვეყნების სიაში და აბაშიძეზე, ყოფილი კინო „ყაზბეგის“ ადგილას, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი „პოლის“ ფიალიალი გაიხსნა.
სუფთა, სასიამოვნო გარემო, სწრაფი მომსახურება, მწეველთა და არამწეველთა დარბაზები და უგემრიელესი ასორტიმენტი. ერთადერთი რამაც მადა შეიძლება დაგიკარგოთ, შესასვლეთან გაჩერებული სარკესავით პრიალა, მონიკელებული „მერსედესია“, რომელიც პარკინგის საათების ხანგრძივობით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად მეპატრონეს ეკუთვნის. არა რა, არ შეიძლება კარგ მანქანას ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო, მერე რა რომ ფული გაქვს, კოლუმბიელი ნარკობარონი ხომ არ ხარ? ეს ლირიული გადახვევა იყო და ახლა ისევ საქმეზე:
რა შეიძლება გასინჯოთ? უგემრიელესი ქათმის, კრევეტენის, თინუსის და, არამხოლოდ, ტარტები და ტარტინები, ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი სალათის ბარაქიანი პორციები, გემრიელი სუპები (მომიტევეთ, ვიცი რომ ქართულად ასე არ ქვია, მაგრამ სიტყვა „სუფი“ ყურს მჭრის და წერის ხალისს მაკარგინებს), ქათმის რულეტი გოგრის პიურესთან ერთად, სხვადასხვანაირი სტეიკები და ადგილზე დამზადებული ლიმონათი, რომლის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ გემო ყოველ ჯერზე ეცვლება. ხან მეტი პიტნა აქვს, ხან ნაკლები ლიმონი და ა.შ. ალბათ იმ მომენტისათვის მარაგში არსებული პროდუქტის რაოდენობიდან გამომდინარე. პრინციპში ძალიან მაგარი აქვთ შებოლილი იხვის სენდვიჩიც, მაგრამ მე რომ შევუკვეთე, როგორც ჩანს ქართველი რესტორატორებისათვის ჩვეულმა მომჭირნეობა იჩინა თავი და საცხობში, სადაც პურს ადგილზე აცხობენ, სენდვიჩი წინა დღის პურით მომიტანეს. შიმშილს რა ვუთხარი, თორემ რაც მე ვიწვალე - ვიჯექი და რეზინადქცეულ პურის ბაგეტს კბილებჩასობილი ორივე ხელით ვექაჩებოდი, რომ მომეკბიჩა. 
დესერტებიდან გვერდს ნუ აუვლით უნაზეს, ჰაეროვან ჟოლოს შარტლოტს  და გიგანტურ მაკარონებს, უკაცრავად მააკააღუუნებს, როგორც იქაური მიმტანები ეძახიან ფრანგულ ყაიდაზე. თუმცა, იმათ არ ვეტყვი, მაგრამ თქვენ გაგიმხელთ, რომ ფრანგულ კულინარიაში ორი განსხვავებული ნამცხვარი არსებობს - მაკარონი და მაკარუნი. პოლში მაკარონებს აცხობენ. პროფესიონალმა მცხობელმა წესით კი უნდა იცოდეს რას აცხობს, მაგრამ მაგათზე ბევრად მცოდნე კულინარებსაც უჭირს ამ პატარა ნიუანსში გარკვევა და ამიტომ ეს უმნიშვნელო შეცდომა ვაპატიოთ. მით უმეტეს, რომ აქვე შეგიძლიათ გასინჯოთ საკმაოდ ნორმალური ყავის და შოკოლადის ორამაგი შუ, ანუ რელიჟუსები, ეკლერები, შტრუდელი, ელზასური და ჩვეულებრივი ფლანები და კიდევ ბევრი გემრიელობა.
რას არ გირჩევთ? ულამაზეს და უგემრიელეს შიგთავსიან ტარტალეტებს, რომლებსაც ნაზი, ფხვიერი ცომის ნაცვლად ფრანგულ საკონდიტროს ნამდვილად რომ  არ ეკადრება ისეთი მაგარი ძირი აქვთ. ტარტალეტის გასინჯვას მაინც თუ გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ თითქმის რკინა-ბეტონად ქცეულ ცომთან კოვზით ცხარე ომის და რაკარუკის გამართვა მოგიწევთ. არ მომეწეონა შოკოლადის ჩიზქეიქიც, რომელსაც ნაღების ყველის ნაცვლად აშკარად ხაჭოს მომჟავო გემო აქვს.
ერთი სიტყვით, თბილსს კიდევ ერთი ნამდვილად კარგი ობიექტი შეემატა.
ნაღების ყველის ნაცვლად ხაჭო და ძველი პური რას შეგვაშინებს, ეგეთები აგვიტანია?

სამზარეულო «««
მომსახურება «««
კომფორტი «««
ფასები ₾ ₾ ₾ ₾

27 Jan 2017

ჩაის სახლი ოპერასთან

ძველი თბილისის იტალიური ეზოს იდილია:
სარეცხის თოკზე გაფენილი ჩითის კაბები.
ნაცნობ-მეგობრებსა თუ ძველმანების ბაზარზე საგანგებოდ მოგროვებული და ახლა თავმომწონე დეკორაციებად ქცეული თითბირის ტაშტები, ფანჯრის დეკორატიული გისოსები, იმიტირებულ აივანზე გასამზეურებლად გამოფენილი ნაირფერი საბნები და ფარდაგები, ახლა უკვე ბარის მაგიდად  ქცეული ძველებური ლოგინის თავი, ცისფერ ცაზე  მოლივლივე მერცხლებით მოხატული ჭერი.
ფერად-ფერად ფართლეულ გადაფარებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის მაგიდები.
აღმოსავლური სარდაფი ქვედა სართულზე და ზამთარ-ზაფხულ ღია დასაჯდომი ტერიტორია მწეველებისთვის.
პირდაპირ გეტყვით: სარდაფში ჩასვლა არ მიყვარს. აღმოსავლურ სტილში - ჭრელა-ჭრულა ხალიჩებით, დაბალ ტახტებზე დაყრილი სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის ბალიშებით გაფორმებულ ინტერიერს ერთი ძალიან დიდი ნაკლი აქვს. უზადოდ მოვლილი თუ არ არის, მრავალ სტუმარ ნაჯდომ-ნაწოლ-მინაყუდები ბალიშები და ტახტის გადასაფარებლები ხალხმრავლობაში ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება და ფაქტურიდან გამომდინარე, ერთგვარ სიბინძურის განცდას ტოვებს. და თან, ჩახუთული ჰაერი. ასევე, თბილისური რესტორნების 90%-ის მსგავსად ადგილის ეკონომიის მიზნით მაგიდები ისე ახლო-ახლოსაა მიდგმული, რომ ნახევრადწამოწოლილ უცხო ხალხს შორის მოუხერხებელ სავარძელზე უხერხულად წამოკოტრიალებულს თავი რომაული ნადიმის მონაწილე გგონია. ვერ დაილაპარაკებ, ვერ მოისვენებ, აი, ზურგს კი ნამდვილად იტკენ. რა თქმა უნდა, თუ არ გაგიმართლა და ერთადერთ ევროპულ მაგიდასთან არ მოხვდი.
სამაგიეროდ, ზედა სართულზე, თბილისურ ეზოში სიამოვნებით დავდივარ.
რატომ?
მართლაც სასიამოვნო გარემოა და Althaus-ის უგემრიელესი ჩაიც აქვთ - ცივიც და ცხელიც. ჩაისთან აუცილებლად შეუკვეთეთ მურაბები, კარგი არჩევანი აქვთ. საკუთარი ნამცხვრებიც გემრიელი აქვთ, ამიტომ არ დახარბდეთ და ვიტრინაში გამოფენილ „აზატოს“ ნამცხვრებს არ ეტაკოთ და ადგილზე გამომცხვარი ვაშლის ღვეზელი ან სხვა ნუგბარი შეარჩიეთ მენიუდან.
სასიამოვნო სურპრიზი გელოდებათ ჩაის სახლში სადილობას თუ გადაწყვეტთ. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სპაგეტი კარბონარა, სრულიად დამაკმაყოფილებელი სალათა „ცეზარი“ და უგემრიელესი აღმოსავლეთევროპული ხორციანი კერძები. ბერძნული მუსაკაც (ბადრიჯნისა და ხორცის მობრაწულა) იდეალური იქნებოდა, რომ არა ხორცის ეკონომიის მიზნით თავზე მოსხმული ბეშამელის (თეთრი სოუსი) არარეალურად სქელი ფენა. 
ძალიან უცნაურად და სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ გემრიელი და არაქართული საჭმელი თუ მოგენატრათ, ჩაის სახლში წადით ოპერასთან.
ოღონდ, გაითვალისწინეთ: დაახლოებით ყოველ მესამე-მეოთხე მისვლაზე ან შეკვეთა ავიწყდებათ საერთოდ, ან ძალიან აგვიანებენ მოტანას, ან ჯერ დესერტი მოაქვთ და მერე საჭმელი. ერთი სიტყვით, ძალიან დაბნეული მიმტანები ყავთ. ოღონდ ყოველთვის არა, კარგი და ცუდი დღეები აქვთ. და ცუდი დღე თუ დაგემთხვათ, მკაცრი გაფრთხილებაც კი არ ჭრის, რომ ძალიან გეჩქარებათ, ან შიმშილით კვდებით. ზრდილობიანად გიღიმიან, თავს გიქნევენ, გაიმედებენ და ამბავი არ მიაქვთ სამზარეულომდე. რამდენჯერმე გაირკვა, რომ მიმტანებს საერთოდ არ ქონდათ გადაცემული შეკვეთა. ასეთ სიტყვაძვირ მესაიდუმლეს მიმტანად კი არა, მეგობრად ინატრებდა კაცი.
მაგრამ იტალიურ ეზოში მირთმეული და პარმეზანდაუშურებლადმოყრილი კარბონარა ნამდვილად ღირს ამად. 

სამზარეულო ««««
მომსახურება ««
კომფორტი «««
ფასები ₾ ₾ ₾ 

24 Jan 2017

MacLaren’s ირლანდიური პაბი, სადაც კლიენტები უყვართ

გიყვართ კარგი ლუდი? ხმაურიან, სასიამოვნო გარემოში გართობა და ხარისხიანი ცოცხალი მუსიკა?
მოგბეზრდათ თბილისურად უნირო მომსახურება და გემრიელი, გულით მომზადებული კერძები მოგენატრათ?
მაშინ რკინის რიგში MacLaren’s უნდა ესტუმროთ.
შარდენული ბარების თვალშისაცემ და აჭრელებულ ვიტრინებს შორის, ჰარი პოტერისეული მრუდე ქუჩის „გახვრეტილი კარდალასავით“, საგულდაგულოდ მიმალულ მწვანე კარს თუ შეაღებთ, შიგნით ჭეშმარიტად ბრიტანული პაბის ატმოსფერო და ყბადაღებული და სრულიად თბილისს მოდებული კანჭის მენიუც კი სხვანაირად გემრიელი დაგხვდებათ.
უჩვეულოდ ზრდილობიანი, თბილი და ყურადღებიანი მიმტანები, ღიმილიანი ბარმენი, რომლებიც, გაგიკვირდებათ, მაგრამ მართლაც ზრუნავენ თქვენზე. გემსახურებიან დაუზარებლად და ღიმილით, გულდაგულ გირჩევენ მაგიდას, ერთხელ მაინც თუ დარეკეთ დასაჯავშნად - ახსოვთ თქვენი სახელი, ოდნავი საშუალება მაინც თუ არის, გადაჭედილ დარბაზშიც კი ჩაგიდგამენ დამატებით მაგიდას, საკუთარი ინიციატივით დაგპატიჟებენ ყავაზე, ჩიპსებზე, ლუდზე და დენი თუ ჩაქრა, თავისი ნებით, ყოველგვარი დაძალების გარეშე, ქვედა სართულზე განთავსებული საპირფარეშოსკენ მიმავალი კიბის ყველა საფეხურზე დადგამენ ანთებულ სანთლებს.
რა უნდა შეუკვეთოთ? სიმინდის ფქვილისგან ადგილზე დამზადებული ჩიპსები პამიდვრის სალსით, ადგილზე დამზადებული სოსისები ზეთში დაბრაწული ოხრახუშის ფოთლებით, ხორცის რულეტი, სტეიკი სხვადასხვა სოუსებით, საფირმო ბურგერი, მეცხვარის ღვეზელი ცხვრის ხორცით და თბილისში საუკთესო გახუხული პური ნივრით... გჯერათ, რომ უგემური კერძი არ აქვთ? აღარაფერს ვამბობ, პაწაწინა, ადგილზე გამომცხვარ პეჩენიებზე, ყავას რომ მოყვება თან.
და ლუდი - გამბრინიუსი! ეს ცალკე თემაა, პოეტი რომ ვიყო, ალბათ ქების ოდას მივუძღვნიდი გამბრინიუსს. ეს უნდა გასინჯოთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ? კარგი როკი და ხმაური თუ არ გიყვართ, მიდით დღისით. საღამოს 10 საათის მერე ცოცხალი მუსიკა იწყება და მაგიდასთან საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. უქმე დღეებში აქ „ბლუზ ფაქტორი“ უკრავს - კიდევ ერთი მსხვილი პლიუსი MacLaren’s-ის სასარგებლოდ.
ღამის პირველი საათის მერე კარაოკე იწყება. სხვათა შორის, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავებით, დღესასწაულებზე კარაოკე „ბლუზ ფაქტორ“-ის ცოცხალი მუსიკის აკომპანიმენტით მიმდინარეობს.
დღესასწაულებზე და უქმე დღეებში მაგიდა აუცილებლად უნდა დაჯავშნოთ, ისე ადგილი არ იქნება.
P.S. და, არ შემიძლია არ აღვნიშნო...  ერთ ძალიან აქტუალურ, მაგრამ მიწიერ თემას უნდა შევეხო. როგორი გადაჭედილიც არ უნდა იყოს პაბი, რამდენი მთვრალი ადამიანიც არ უნდა იყოს ერთდროულად, თბილისის რესტორნების 99%-სგან  განსხვავებით, საპირფარეშო ყოველთვის სუფთაა!

სამზარეულო «««««
მომსახურება «««««
კომფორტი «««««
ფასები ₾ ₾ ₾

20 Jan 2017

ამრა – აფხაზური სამზარეულო თბილისში


კეთილმოწყობილი, მშვიდი, სასიამოვნო გარემო.
სწრაფი და ზრდილობიანი მომსახურება.
კომპანია „მაქს. არეალისგან“ ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში მინიჭებული 2016 წლის „წლის საუკეთესო საოჯახო რესტორნის“ ტიტული.
უგემრიელესი, კარგად შეკმაზული აფხაზური და მეგრული სამზარეულოს კერძები. 
სწორად შედგენილი მენიუ კარგად გატკუცუნებული წიწილებითა და აფხაზური შაშხით.
უკვე თითქმის მოვიწყებას მიცემული სოხუმური ნაყინი, ქვიშაზე მოდუღებული სოხუმური ყავა... და საერთო დარბაზის შესასვლელში 90–იანი წლების პირველი კერძო რესტორნებისთვის ჩვეული და უკვე კარგახნის წარსულს ჩაბარებული სცენა -  წესით სტუმრისთვის განკუთვნილ მაგიდასთან საბუღალტრო დავთრებითა და სტაციონარული ტელეფონით გემრიელად მოკალათებული ადმინისტრატორი.
ასევე, 90–იანი წლებიდან შემორჩენილი რესტორნის მეპატრონის ახლობლების მაგიდა. რომელიც ცალკე კი არ დგას, ან რამე განსაკუთრებული კი არ აწერია. უბრალოდ, დაჯდომას თუ დააპირებთ, სხვაგან გადაგიყვანენ და სხვამ თუ დაიკავა ვინმემ, მაშინვე შენიშნავთ ახალმოსულების  სხვებისგან განსხვავებულ შინაურულ ქცევასა და მიმტაცების განსხვავებულად მოწიწებულ მომსახურებას.
თითქოს ყველაფერი კარგია, წესრიგშია – გარემო, სისუფთავე, მომსახურება, ფასები, აღარაფერს ვამბობ, მართლაც უგემრიელეს და საკმაოდ ბარაქიან კერძებზე. მაგრამ, არ ვიცი ზუსტად როგორ ვთქვა... აი, ძალიან 90–იანების პატარა და მანამდე უცნობ, კაპიტალისტურ გარემოზე ჯერ კიდევ ვერმორგებული ერთგვარად უხერხული, გამოუცდელი რესტორნების ატმოსფერო ტრიალებს ირგვლივ. თავისი, საჭოთა კავშირის ნგრევის მერე ახალგამოჩეკილი და ახალნაშოვნი ფულისგან ცოტა გათავხედებული თუ გათამამებული „ბიზნესმენებითა“ და მათი ახლობლებით. ალბათ სწორედ ამიტომ არ გტოვებს ბოლომდე უცხოობისა და დისკომფორტის შეგრძნება - რომ აქ შენი ადგილი არ არის.
მაგრამ ჩაიხედავ მენიშუში, მოგიტანენ შეკვეთას და ყველაფერი გავიწყდება. ხარბად ჩაასობ ჩანგალს საფირმო, უგემრიელეს, თავზე სულგუნდამდნარ, საკმაოდ მსუყე სოხუმურ კატლეტში და მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად მარილიანი კი არა, აშკარად მლაშეა ჭამ... ჭამ...ჭამ...ჭამ... ვერ წყდები. ვერ ძღები. ვერ ჩერდები და მერე რა, რომ თავში სულ ერთი ფრაზა გიტრიალებს: „ზედმეტ მარილც ფარშში ხორცის სიძველის დასამალად უშვებიან... ზედმეტ მარილს ფარშში ხორცის სიძველის დასამალად უშვებიან“... ისეთი გემრიელია, ისეთი მიმზიდველი, მაინც ჭამ... ჭამ... ჭამ... და ჭამ... სანამ კატლეტში „სკვაზნოიზე“ ჩაყოლებულ, დაახლოებით 15–სანტიმეტრიან თმის ღერს არ გადააწყდები....

თმა კალტლეტში


სამზარეულო ««
მომსახურება «««
კომფორტი «««
ფასები ₾ ₾ ₾ ₾