26 Apr 2017

კიოტო - იაპონია რუსთაველზე

სუში, ნიგირი, მისოშირუ, იაკიტორი, უდონი, რამენი, ტატაკი, ტემპურა, შაბუ შაბუ, ბენტო, გიოძა... თბილისში ძალიან პოპულარულ იაპონურ რესტორან „კიოტოში“ მართლაც შეგიძლიათ გასინჯოთ იაპონური სამზარეულოს რამდენიმე კერძი, ზუსტად იმისთვის, რომ რაღაც წარმოდგენა შეგექმნათ. დიახ, წარმოდგენა შეგექმნათ, როგორია იაპონური სამზარეულო და მეტი არა.
გარემო ერთი შეხედვით სასიამოვნო - სანამ დაჯდები და მიხვდები რომ მაგიდები ვიწრო ოთახში დადგმული სკოლის მერხებივითაა მიჭეჭყილი ერთმანეთზე. პრაქტიკულად მეზობლის მაგიდასთან ზიხარ. ხელს ვერ გაანძრევ გვერდით მაგიდასთან მჯდომ უცნობს რომ არ შეეხო. ასევე ქტიურად თუ არა, პასიურად მაინც მონაწილეობ მეზობელ მაგიდებთან მიმდინარე პროცესებშიც, რასაც იქ ლაპარაკობენ, გინდა თუ არ გინდა, მაინც გესმის. 
სივიწროვიდან გამომდინარე, ყიდვისას „ჭკვიანურად“ შერჩეული მაგიდები გვერდულად დგას. მაგიდის გვერდულად დადგმა რას ნიშნავს? ახლავე აგიხსნით: „კიოტოში“ მაგიდებს, საოფისე მერხების მსგავსად, ორი გვერდი მთლიანი ფეხი აქვთ. ანუ მარტო ორი გვერდიდან შეიძლება შემოსხდომა. ჰოდა, აქ სკამები თავისუფალი გვერდებიდან კი არ შემოუწყვეს, მთლიან ფიცარს მიუდგეს და ფეხები სად წაიღო არ იცი, საკმაოდ გემრიელ სავარძელზე გვერდულად ზიხარ. იაპონია კი არის ცნობილი ადგილის დეფიციტით და სივიწროვით მაგრამ ჭამის დროს იქაურ რესტორნებშიც არ უზიხარ გვერდით მჯდომს კალთაში. ისედაც ერთ ბეწო სივრცეში იქვე დგას ჭურჭლის შესანახი კომოდიც. რაც ლოგიკურია, აბა, პირველი სართულიდან ხომ არ ზიდავენ ჭურჭელს. მაგრამ ადგილის დეფიციტზე მეტად აქ იმის პრობლემაა, რომ კომოდში მაგიდის გასაწყობ თეფშებს, მაგიდის საწმენდ სითხეს, უკვე ნახმარ ჩვარს და სხვა ქიმიკატებს გვერდიგვერდ ინახავენ. უფრო მეტიც, რომელიმე მაგიდა გთავისუფლდება თუ არა, სითხეს გამოაქვთ და მაგიდის წმენდას იწყებენ, რაც მისასალმებელია, საწმენდის სითხის შხეფები თქვენს საჭმელსაც რომ არ ხვდებოდეს და ქიმიკატების საკმაოდ მძაფრ სუნში რომ არ გიწევდეთ ჭამის გაგრძელება. თანაც ოთახში, რომელიც არ ნიავდება. 
ჭურჭელი ნამდვილად ხარისხიანი და ლამაზი  აქვთ, რასაც ვერ ვიტყვი მართალია „კიოტოს“ სახელით დაბრენდილ, მაგრამ სახლში მაკრატლით გამოჭრილ A4-ის ფორმატის თაბახში გახვეულ ძალიან უხარისხო  და ხიწვიან ჩხირებზე. ჩხირის გამოცვლა და ჩანგლის მოტანა რომ მოვითხოვე, რაშიც არაფერია მოსარიდებელი - მაინცდამაინც ბებია თუ არ გყავთ იაპონელი არ ხართ ვალდებული იცოდეთ ჩხირების ხმარება - მიმტანმა ისეთი შეურაცხყოფილი სახით შემომხედა, გეგონება „კიოტოს“ მენიუში რუდუნებით ჩაწერილი სამი სახეობის ტაილანდური ტომ-იამ სუპი, კალიფორნია როლი და იტალიური მასკარპონეს დესერტი ყოფილიყო ძირძველი იაპონური კერძები.
ქართულ მომხმარებელზე გათვლილ და მზარეულის შესაძლებლობებსა და რესტორნის მეპატრონის შემოსავალზე მაქსიმალურად მორგებულ რესტორანში არც ატმოსფერო დაგხვდებათ მთლად იაპონური: მომსახურება უხეში, ქედმაღლური, ელემენტარული ენთუზიაზმის გარეშე. განსაკუთრებით ანტრესოლზე (მეორე სართულეზე) თუ მოინდომეთ დაჯდომა. ეტყობა ვიღაცამ ურჩიათ მიმტანისგან ზედმეტი ღიმილი არაა იაპონიაში მიღებულიო, მაგრამ  იაპონური მომსახურება თვალებში სიძულვილს და აქ რამ მოგათრიათ გაომეტყველებას კი არ გულისხმობს. ან სადაა მაშინ ტანზე კიმონო, სახეზე თეთრი ფერ-უმარილი და ხის გეტები ფეხზე?
ახლა რაც შეეხება კერძებს. რა მომწონს იაპონურ „კიოტოში“ ყველაზე მეტად? ერთდროულად ტკბილი და მჟავე, საოცრად არომატული და ცოცხალი ქინძით შეკმაზული ტომ-იამ სუპი. მართლა კარგად აკეთებენ. თუმცა, ადრე უკეთესი იყო, ტომ-იამ პასტის გემო უფრო ინტენსიურად იგრძნობოდა. მზარეული გამოცვალეს აშკარად, რომლის ხელიც უხერხულად და ძალიან არააკურატულად მოხვეულ კალიფორნია როლებსაც დაეტყო, რომლებიც მაგიდასთან მოტანამდე, გზაში ავარიაში მოყოლილ და შიშისგან თმა, უკაცრავად, ხიზილალაყალყზედამდგარ სუშის უფრო გავს, ვიდრე რეტორანში დამზადებულს. თუმცა, ახალი ქათამს წვავს ბევრად უკეთესად, ადრე ქათმის ხორცი ისეთი მშრალი იყო, პრაქტიკულად არ იღეჭებოდა. 
სამაგიეროდ, ახლა სუშიში დატანებული ნორია (დაპრესილი წყალმცენარე) ტყავივით. სუში კი იჭმევა ერთ ლუკმად, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ინდაურივით დაუღეჭავად უნდა გადაყლაპო. ვერ გეტყვით რა განსხვავებაა „კიოტოს“ მისო სუპსა და ზღვის პროდუქტებიან მისოშირუ სუპს შორის, მისოშირუ იაპონურად მისოს სუპს ნიშნავს, მაგრამ მისი სპეციფიკური გემო აუცილებლად მოგეწონებათ ვისაც აბრეშუმივით რბილი და სრიალა ტოფუ (სოიოს ხაჭო), ღლაჭუნა სოკო და თევზის ბულიონი გიყვართ. კარგია ვოკში მომზადებული ხორციც. თუმცა, ქართულად გულუხვად მოყრილი ცოცხალი ქინძით და რეჰანით და ცხიმში გულუხვად ჩაბუჟბუჟებული კერძი ჩინურს მიმგვანებული უფროა ვიდრე იაპონური.
რაც შეეხება ფასებს - აი, ფასები თითქმის იაპონური აქვთ. ხომ იცით, ტოკიოში ერთი ცალი მანგო დაახლოებით 182 $ ღირს. აქაც ასეა, ოღონდ, საბედნიეროდ, მანგო არა აქვთ მენიუში. 

სამზარეულო « « «
მომსახურება « «
კომფორტი « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾ ₾ 

მისამართი: თბილისი, რუსთაველის 16

20 Apr 2017

ლაუნჯ-ბარი „სიცილია“ ახალ ტიფლისში

რა არის ტიფლისურ „სიცილიაში“ სიცილიური? მხოლოდ სახელი. ლაუნჯ-ბარი რატომ ქვია? ალბათ ნათლიამაც არ იცის.  
პაწაწინა, კოხტა კაფე, შიგნით სამი თუ ოთხი მაგიდით, მაგრამ გარეთ კარგად მოსაჯდომი სავარძლებით, სიცილიურობის და ლაუნჯობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ზოგადად საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი შეხედვით კიდევ უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება პერსონალი, რომელიც თავს არ ზოგავს თქვენს შიგნით შესატყუებლად. აქებენ და ადიდებენ მენიუს. რაც არ აქვთ, დაგპირდებიან, რომ ძალიან მალე ექნებათ. სიამაყით მოგიყვებიან, რომ თვითონ მზარეული თუ არა, მისი უახლოესი მეგობარი მაინც ცხოვრობდა იტალიაში წლების მანძილზე და ამიტომ ყველაფერი ეხერხება. ერთი ბეწო ოთახის ჩახუთულობაზე და სუნზე თუ დაიწუწუნებთ, საკმაოდ ხმაურიან გამწოვსაც ჩართავენ, თუმცა ლაპარაკში გაერთობით თუ არა, მალევე გამორთავენ.
გვერდით ოთახში გახაზირებულ სამზარეულოს ქუჩის კედელი მთიანად მინის აქვს. ამიტომ მართლა ძალიან სახალისოა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვიტრინაში გამოფენილ, საქმეში გართულ და პიცის ცომთან მოფუსფუსე ლოყებღაჟღაჟა ახალგაზრდა მზარეულზე დაკვირვება. მაგრამ ეს პროცესი მხოლოდ ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან ჩანს კარგად და თვითონ კაფის სტუმრებისთვის, სამწუხაროდ, მიუწვდომელია.
ახლა რაც შეხება მენიუს: მიუხედავად იმისა, რომ აბრაზე წარწერით სუფთა სიცილიურ სამზარეულოს გვპირდებიან, საკმაოდ მწირია დ არც ერთი ცნობილი სიცილიური კერძი არ არის. კიდევ უფრო ცნობილი იტალიური კერძების სახელები კი შეცდომით წერია. მაგ: კვადრო ფორმაჯო (უნდა იყოს: კვატრო ფორმაჯი), სიცილია კლასიკი (უნდა იყოს: სიჩილია კლასიკა) და ა.შ. 
პიცა იყო ძალიან ჩვეულებრივი. პურის ცომზე გაკეთებულ „მარგარიტას“ (უნდა იყოს „მარგერიტა“) თავისი სამად-სამი ინგრედიენტიდან, პამიდვრის სოუსი, ყველი და ბაზილიკო, ერთი - ბაზილიკო - აკლდა. ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ სიცილიურ პიცასთან შედარებით... სიცილიური პიცა იცით როგორია? აი, როგორც ნამდვილი მეგრული ხაჭაპური სამეგრელოში. ოთხი ყველის (კვატრო ფორმაჯი) პასტაც "ისე რა" იქნებოდა, საშინლად მლაშე რომ არ ყოფილიყო. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ სოუსის ზედმეტი სიმლაშე ზუსტად იმ ქართული მარილიანი ყველის ბრალი იყო ოთხი სახეობის იტალიური ყველი რომ ჩაანაცვლეს.
პერსონალის ინტერესიც თქვენდამი შეკვეთის მიცემის პარალელურად კლებულობს. კი კითხულობენ როგორ მოგეწონათო, მაგრამ პასუხს აღარ უსმენენ, არ აინტერესებთ. არ ვიცი, გამოუცდელობის ბრალია თუ რამე სხვა მიზეზიც არსებობს, ორი მაგიდა თუ გაივსო, მესამეს ვეღარ აუდიან უკვე.
მართლა იპოვით ახალ ტიფლისში სიცილიას? ვერა. უფრო მეტიც, კედელზე გამოკრულ უზარმაზარ პანორამაზეც კი სიცილიის ულამაზესი ხედების ნაცვლად ჩრდილოეთ იტალიის, ლიგურიის პატარა დასახლების ჩინკვე ტერეს ფოტოა აღბეჭდილი. ერთადერთი ნათელი მომენტი ისაა, რომ სიცილიური მუსიკაც არ აქვთ ჩართული - მართლა საშინელია მოსასმენია. 

სამზარეულო « 
მომსახურება « « 
კომფორტი « « 
ფასები ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის 38, ახალი ტიფლისი

8 Apr 2017

„კანაპე“ აბაშიძეზე

2000-იანი წლების მოდური რემონტი, 2000-იანი წლების მოდური მენიუ, 2000-იანი წლების მოდური ატმოსფერო - აი, რა დაგხვდებათ „კანაპეში“. სტაბილურად კოხტა, სტაბილურად მოვლილი, სტაბილურად ხალხმრავალი, მაშინ როდესაც 2000-იანი წლების კიდევ უფრო მოდური და პოპულარული „ყავის სახლისა“ და „ლიტერატურული კაფის“ სახელი კი არა ძვლებიც აღარ არის დარჩენილი. 
საჭმელი... რა გითხრათ? კედელზე გამოკრულ დაფაზე ჩამოწერილი საკმაოდ ამბიციური დღის კერძებისა და სალათების მიუხედავად -  პიცა, ძალიან ისე რა, 2000-იანი წლების კლასიკა პურის ცომზე, ჯერ კიდევ რომ სწავლობდნენ კეთებას. პასტა ცუდი არაა, მაგრამ სხვაგან უკეთესსაც ნახავთ. მუდმივ კლიენტებში ყველაზე პოპულარული კერძია კარტოფილი ფრი და კეტჩუპი. ერთი სიტყვით, ეს არაა ადგილი სადაც მშიერი მიხვალ. ან თუ მიხვალ, შეეცდები მსუბუქად გადაიარო.
აქ საჭორაოდ და საღამოს (ან შუადღის) მშვიდ, სასიამოვნო ატმოსფეროში გასატარებლად, ან სულაც საკუთარ ლეპტოპთან გემრიელად ჩასაჯდომად დადიან, უაზრო ფონური მუსიკისა და კედელზე ასევე უაზროდ ჩამოკიდებული და ჩართული ტელევიზორის გარეშე. და კიდევ კარგ ყავას სვამენ, ასევე 2000-იან  წლებში პოპულარულ ოჯახურ, გემრიელ ნამცხვრებთან ერთად. რა აქვთ კარგი? ტარტალეტკა მარწყვით, ირისი, მოხარშულ „სგუსჩონკიანი“  ნამცხვრები, მუსები, ხილის ტორტები და რამდენიმე სახეობის ჩიზქეიქი. ძალიან გემრიელია ბარაქიანად და დაუნანებლად ჩამოსხმული შოკოლადის, კარამელის ან ვანილის მილქშეიკიც (2000-იან წლებამდე გლიასე). თბილისური კაფეების დიდი ნაწილის მსგავსად, მადლობა აპარატებს და იტალიური ყავის შემომტანებს, კარგია ყავაც. ჩაი ისე რა. ნორმალურია ტირამისუს ერთპავეზინიანი (პეჩენია) თბილისისთვისაც კი ძალიან მოკრძალებული პორციაც.
არ ვარგა ბრაუნი, რომელიც მეტისმეტად მშრალია და ჩვეულებრივი შოკოლადის კექსისგან არაფრით განსხვავდება. მართალია, გემრიელია, მაგრამ ხანდახან ჩიზქეიქს და ტორტებსაც „კანაპეს“ რომ არ შეეფერება ისე სამარცხვინოდ ხელოვნური წითელი ჟელეს იაფფასიანი სარკალა ასხია თავზე. საშინელებაა ნოვატორული ოპიუმი, რომელსაც კატეგორიულად არ გირჩევთ, კბილებში გამოუმცხვარ ბეზეში გაუმდნარი შაქრის კრაჭუნი თუ არ განიჭებთ სიამოვნებას. არის კარგად ნაცადი და ძველი ნამცხვრების კატეგორია, რომლებიც გადაკეთებას და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს. უკვე დაცულია იდეალური ბალანსი - ხრაშუნა და ტკბილი ბეზე, აბრეშუმივით ნაზი მოხარშული კრემი, ფხვიერი ცომი და ლიმონი ან ალუბალი, რომელიც თავისი სიმჟავით ბეზეს ზედმეტ სიტკბოს ანეიტრალებს. ოპიუმიც ზუსტად ასეთია და აღარაა საჭირო ველოსიპედის ახლიდან გამოგონება.
მომსახურებაც ნორმალური, თბილისური. ფასებიც თბილისური - არსებულ სერვისზე და კონკრეტულ პროდუქციაზე 1/3-ით მაღალი.
კიდევ მივალ? რა თქმა უნდა, თანაც ხშირად.

სამზარეულო « « «
მომსახურება « « «  
კომფორტი « « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, აბაშიძის 14

2 Apr 2017

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი.
აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით.
„მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალია, კოტოში (მეგრული თიხის ქოთანი) მრავალსაათნახარში ლობიო და ჭვიშტარი, გაპიწკინებული წიწილა ფუჩხოლიაჩახარშულ ღომთან და მეგრულ პამიდვრის საწებელთან ერთად, თავზეჭყინტყველდახუჭუჭებული მეგრული ხაჭაპური... არადა, ეს ყველაფერი აქვთ, თან ძალიან ნორმალური, მაგრამ რად გინდა? მიდი და ეძებე პარმეზანმოყრილ ქათმის სალათებსა და სოკოს კრემსუპებს შორის ან მიატანე რომელიმეს.
მენიუ უნდა იყოს ჰარმონიული - ერთი კერძი მეორეს უნდა უხდებოდეს. რაც გაგიგონია, სადმე გიჭამია და რაც გეხერხება (ან გგონია რომ გეხერხება) ყველაფერი კი არ უნდა ჩაწიხლო შიგნით. რესტორნის სახელი კი მისი კონცეფციის განუყოფელი ნაწილია და ქარხანაში დამზადებულ და ადგილზე გაცხელებულ ბელგიურ ვაფლს, ასევე ქარხნული სიროპით და ქარხნული ნაყინით არაფერი, არაფერი (!) ესაქმება ნამდვილ „მეგრულ სახლში“. ისევე როგორც პიკანტურ ქათმის ფილეს ბეკონით და კარტოფილით. ეგებ ამიხსნათ ვინმემ, რატომ არის „მეგრული სახლის“ საფირმო კერძი ოქროსფერი კალმახი ბრინჯით და ბოსტნეულით და არა ელარჯის დაბრაწული ბურთები ბაჟესთან ერთად. აღარ ვლაპარაკობ, რომ სახლი რეალურად „წაისასახლევებს“ და მისი საკმაოდ მაღალი ფასებიც აქედან გამომდინარეობს და არა საჭმლის ხარისხიდან. რესტორანს „მეგრული სახლის“ ნაცვლად „დადიანების სასახლე“ რომ ერქვას, ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა ევროპულს ძალით მიტმასნებული მენიუც და თეთრ ხელთათმანებში გამოწყობილი მიმტანებიც.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ „რუსეთებში ბიზნესების“ მქონე მეგრელი პატრიოტი ჩამოვიდა, დაფიქრდა ნაშოვნი დიდი ფული სად წავიღოო და მომხმარებელზე კი არა საკუთარი ოჯახის გემოვნებაზე და საყვარელ კერძებზე მისადაგებული რესტორანი გახსნა. დაახლოებით ასე: აბა, სიდედრო, შენ რა გიყვარს, ამოლესილი ლობიო? კარგი. შენ ცოლისძმავ? კალმახი გაქვს პარმეზანში ნაჭამი როსტოვების მაგარ რესტორანში? კარგი. შვილო, მოსკოვებში რომ ვიყავით, იქ რა მოგეწონა? ბელგიური ვაფლი და კრუასანი? იქნება. საყვარელ ცოლს კი იტალიური ყავა და ტირამისუ და ნატრული ბიცოლას დაწეწილი ხორცის სალათაც არ დაგვავიწყდეს, თითებს ჩაატან...
მოკლედ, დროა მოვრჩე ქირქილს და მშრალ ხიდთან, ტურისტულ ცხელ წერტილში გახსნილი საკმაოდ სიმპათიური და კარგი პოტენციალის მქონე რესტორნის მენეჯერებს ვუთხრა, რომ ტურისტები საქართველოში ბელგიური ვაფლის ან დანარჩენი მსოფლიოსთვის უცნობი და სუფთა პოსტსაბჭოური ნოუ-ჰაუს - ვითომ მექსიკური კარტოფილის საჭმელად არ ჩამოდიან. ქართველები კი მეგრულ სახლში საუკეთესო ელარჯს და გებჟალიას ველოდებით, რომელიც კონცენტრირებულ ბალზამიკო და მაიონეზ უხვადმოწუწული სალათებისგან განსხვავებით, მართლაც კარგი გაქვთ. ასევე, შეეშვით ბელგიურ ვაფლებს და მართლა უგემრიელეს და თბილისში სანთლით საძებნელ მეგრული ადესის  ფელამუშს მიაწექით.
კიდევ მივალ „მეგრულ სახლში“? ამ ეტაპზე არა. ასეთივე გემრიელ მეგრულ კერძებს, სხვაგან, უფრო მეგრულ ატმოსფეროში და ბევრად უფრო იაფად შევჭამ. ისევე, როგორც 90-იანი წლების მაიონეზიან სალათებს.  კრუასანების და ვაფლების საჭმელად კი, იქ სადაც თვითონ აცხობენ, კაფეებში და საკონდიტროებში დავდივარ.


ამას წინათ, ვიღაცამ მითხრა, კლიენტი არ ყავთ და იხურებიანო. რატომ არ მიკვირს, ნეტავ?

სამზარეულო « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, ათონელის 31 მშრალ ხიდთან