26 Oct 2017

„ლა ფონდიუს“ პიერადი - ქვაზე დაბრაწული ნეტარება

დაბალ ხმაზე ჩართული ფრანგული რადიო, უზარმაზარ თეთრ კედელზე პროეცირებული ფრანგული ფილმები, დიდი სივრცე, მყუდრო ატმოსფერო, უგემრიელესი და თბილისში უიაფესი აპარატის ყავა და ულამაზესი ახალგაზრდა ოჯახი - ფრანგი მზარეული ქმარი და ქართველი ცოლი ორი არაჩვეულებრივი შვილით. აი, რა დაგხვდებათ თბილისის ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო და ცოტა განსხვავებულ რესტორანში.
და, რა აქვთ „ლა ფონდიუში“ განსხვავებული? - მენიუ. ფრანგული, ხარისხიანი და გემრიელი.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფონდიუ - ცეცხლზე შემოდგმული პატარა ჩახანით მორთმეული, ღვინით და სანელებლებით შესუნელებული გამდნარი ყველი გახუხული პირის კუბიკებთან ერთად. გიყვართ ევროპული ყველი? მაშინ ეს კერძი თქვენთვისაა. ტკბილეულის მოყვარულებისთვის ცალკე აქვთ შოკოლადის ფონდიუ - სადაც გახუხული პურის ნაცვლად,  აბრეშუმივით რბილ და არომატულ შოკოლადის სოუსში ამოსავლებად ხილის და ზეფირის ნაჭრები მოაქვთ. ამას ბევრგან ნახავთ, ამიტომ მერწმუნეთ, ყველიან ჯობია, მით უმეტეს, რომ „ლა ფონდიუს“ შეფმზარეული ადრიენ პერშერონი პროდუქტის ხარისხზე ნამდვილად არ აკეთებს ეკონომიას და აქ ყველი მართლა ძალიან გემრიელი აქვთ.
ფონდიუზე კიდევ უფრო საინტერესო აქვთ პიერადის ანუ გავარვარებულ ქვაზე შესაწვავი პროდუქტების რამდენიმე კომბინაცია. მაგიდაზე ჩადგამენ თანამედროვე, ელექტრო პიერადს - ნატურალური ქვის ტაფას, გაავარვარებენ შენს თვალწინ. მოგართმევენ პორციებად დაჭრილ საქონლის, ღორის და ქათმის ხორცს, სოკოს, რამდენიმე სახის ბოსტნეულს, სულგუნის ან ევროპული ყველის ნაჭრებს, რომელსაც შენი ხელით, შენთვის სასურველ დონემდე შეწვავ ქვაზე პატარა შამფურების და ყველის გასადნობი ნიჩბების დახმარებით. იცით რა სასიამოვნო, მხიარული და გასართობია ეს პროცესია? ეს ის შემთხვევაა, როცა ჭამა მარტო საჭმლის მიღების პროცესი კი არა, ურთიერთობის და საინტერესო დროსტარების კიდევ ერთი საშუალებაა. იხალისებ, შეიწვავ, გაიმზადებ და მიირთმევ გემრიელ სალათასთან და სამი სხვადასხვა სახის სოუსთან ერთად. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ მსგავსი ტიპის მომსახურება პირდაპირ კავშირშია პროდუქტის საუკეთესო ხარისხთან - თერმულად დაუმუშავებელ და შეუკმაზავ პროდუქტზე ყოველთვის ჩანს როგორია მისი მდგომარეობა. შემწვარზე და შესუნელებულზე ვერასდროს მიხვდები ახალი იყო თუ არა ხორცი, მაიონეზმოსხმულ სალათში წარმოდგენა არ გაქვს გაყვითლებული და ძველი ხომ არ იყო შიგნით ჩაჭრილი ყველი ან როგორი იყო ყველი სანამ გადნებოდა  ხაჭაპურში, მაინცდამაინც გემოზე თუ არ არის ამძაღებული.  აქ კი ზუსტად ხედავ როგორი ახალია ხორცი, როგორი რძიანია სულგუნი ან როგორი ქორფა და ახალდაჭრილია ბულგარული წიწაკა. და ალბათ იმასაც ხვდებით, რომ ასეთი პროდუქტები ვერ იქნება იაფი და მით უმეტეს, გაუყინავი ხორცი, რომელიც საგანგებოდ მოაქვთ რაჭის რომელიღაც ფერმიდან. თუმცა, აქ კარგი ყავა და დესერტია თბილისისთვის საარაკოდ იაფი.
უფრო მსუბუქი კვების მოყვარულთათვის აქვთ სხვადასხვა სახეობის ტკბილი და არატკბილი, ჩვეულებრივი, წიწიბურას ფქვილის და კიდევ ათასნაირი ბლინები და მათ შორის, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების კლასიკის „კრეპ-სუზეტის“ გათანამედროვებული და გადიეტურებული ვარიანტი, რომელსაც მაღალკალორიული  ფორთოხლის კარამელის სოუსის ნაცვლად, გახეხილი სტაფილოთი და ნუშის ფანტელებით მოგართმევენ. გემრიელია, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ მე მაინც ძველი მირჩევნია: თავისი სქელ, ძველმოდურ, დეკადენტურ სოუსში ჩაჭიპჭიპებული და ალმოდებული,  თვით ჯულია ჩაილდი, რომ აშიშხინებდა ტაფაზე, ლიქიორი „გრან-მარნიეთი“, რომელსაც ვერ დავიჟინებ, მაგრამ „ლა ფონდიუში“, მემგონი „კუანტროთი“ ცლიან. მოკლედ, ხომ ვთქვი, კლასიკის თანამედროვე და დიეტური ვარიანტია, თუმცა გემრიელი. 
საინტერესო აქვთ სასმელებიც - სანგრია (წითელი ღვინო ციტრუსებთან ერთად) და ჟოლოს კული კრემ შანტილით - რაღაც საშუალო მუსსა და ბლომანჟეს შორის.
სხვა რა გითხრათ? მომსახურება... თვითონ უნდა ნახოთ. მოვლენ, მოგიკითხავენ, ადამიანურად დაგელაპარაკებიან, არ დაგზარდებიან, აგიხსნიან რა-რა არის. მოგიყვებიან, გასწავლიან, გაგაშინაურებენ და გაგიშანურდებიან. ახალგაზრდა და უსაყვარლეს მიმტანს შეცდომებიც მოუვა, რაღაც დაავიწყდება, რაღაც არ იცის, მაგრამ იმწუთშივე მოიკითხავს, გამოასწორებს, არ შეგაწუხებს, არ გაგაღიზიანებს და თავისი ყურადღებით და გულწრფელობით ყველაფერს გამოისყიდის.
ბევრი ასეთი ადგილი მინდა თბილისში - გულწრფელი, განსხვავებული და ხარისხიანი. აქ კლიენტები უყვართ.

სამზარეულო « « « «
მომსახურება  « « « «
კომფორტი  « « « «
ფასები     ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ტატიშვილის 7, ფლარმონიასთან 

17 Oct 2017

ამირა - ლიბანური სამზარეულო თბილისში

რა დაგხვდებათ თბილისის ლამის ერთადერთ ლიბანურ რესტორანში?
შესასვლელთან გაჩერებული მრავალათასიანი მანქანები, ჰიჯაბში გახვეული ერთ თარგზე გამოჭრილი ქალები ტანზე ასხმული ტონანახევარი ოქროთი და  მაგიდაზე დაუდევრად შემოგდებული „ჰერმესის“ ბირკინის ჩანთებით, განგების წყალობით ნავთობის საბადოზე შემთხვევით დაბადებული ან რაღაც ამდაგვარი და ამიტომ მძიმე შრომის გარეშე ნაშოვნი მეტისმეტი ფულისგან გატუტუცებული კაცები, რომლებსაც დავიწყებული აქვთ უცხო ქვეყანაში სტუმრად ყოფნის შეგრძნება და არაბულ ყაიდაზე თუ არ გამოიყურებით, ისე აიღებენ თქვენი მაგიდიდან ხელსახოცს, კბილის საჩიჩქნს, სამარილეს, არათუ მობოდიშებას, ზედ შემოხედვასაც არ კადრულობენ. საერთოდ ძაღლს მეტ ყურადღებას აქცევენ ხოლმე კბენის შიშით.
სუფთა და კოხტა ინტერიერი, რომელიც ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს თბილისის ტიპური ბარი, ბერძნული რესტორანი, იტალიური პიცერია ან ნებისმიერი სხვა საზკვების ობიექტი. აქ, წაწვეტებულად ამოჭრილ თაღს და კედელზე გაკრულ ლიბანური კედარის გამოსახულებას თუ არ ჩავთვლით, ერთი შეხედვით, დასახელების და გვერდით მაგიდებთან მსხდომი შავ-შავი ხალხის გარდა არაფერი მეტყველებს რესტორნის მაშრიყულ წარმოშობაზე.
მომსახურება სწრაფი, ენერგიული და ცოტა თავხედობაში გადასული თამამი - მომართვა შენობით. სანამ სხვას ემსახურებიან იმათი მაგიდის გაშლის და მოწესრიგების პროცესში მათ კერძებს შენი მაგიდის კუთხეზე დროებით უბოდიშოდ ჩამოდგამენ. ისე გულწრფელად უკვირთ, როცა კითხულობ რისი ხორცისგან ამზადებენ ქაბაბს, გეგონება მაშრიყული სამზარეულოს ძირითადი პროტეინი ცხვრის ხორცი არ იყოს. ასევე გულწრფელ აღშფოთებას გამოხატავენ პურს თუ არ შეუკვეთავთ: „შენ რა ქაბაბის ჭამას უპუროდ აპირებ?“. არადა, ნებისმიერი კერძი რამის გარეშე კატეგორიულად თუ არ იჭმევა, ის რაღაც მისი ნაწილი უნდა იყოს. ამიტომაა ხოლმე ქაბაბი გახვეული ლავაშში და პურიც ქაბაბის ფასში შედის. 
მაშინ ამ ყველაფრის მიუხედავად, რატომ უნდა მიხვიდეთ „ამირაში“? იმიტომ რომ სამზარეულო აქვთ მართლა გადასარევი.
მოკალათდით კარგად, არააღმოსავლურ, მაგრამ საკმაოდ კომფორტულ სავარძლებში, თქვენც აუბზუეთ ცხვირი ირგვლივ დაბუდებულ ცხვირაბზუებულ არსებებს - ნუ მიაქცევთ ყურადღებას, იყვნენ თავისთვის. მენიუში გამოტოვეთ და უკანმოუხედევად გადაახტით ისეთ კერძებს, როგორიცაა  სალათა „ცეზარი“, კლაბსენდვიჩი,  პიცა მარგერიტა, სპრინგ როლი, კალმარი კრისპი, სტეიკი კონტინენტალი, ფახიტასი... ანუ ის რასაც თბილისის ნებისმიერ კაფეში შეჭამთ და თამამად შეუკვეთეთ ნამდვილი ლიბანელი მზარეულის ხელით მომზადებული ქორფა ოხრახუშის ვიტამინებით გაძეძგილი სალათა ტაბულე, ტაჰინით (სეზამის პასტა) შეზავებული გრილზე გარუჯული ბადრიჯნის მუტაბალი ან ბაბა ღანუში თავბრუდამხვევი შებოლილი არომატით, უნაზესი და უგემრიელესი მუხუდოს ჰუმუსი, ბურგულის და ხორცის კებე... პრინციპში, ამ ყველაფრის ერთად გასინჯვაც შეიძლება, „მეზეს“ (აღმოსავლური „ზაკუსკების“) დაფის არჩევის შემთხვევაში. ნუ აწყენინებთ მიმტანებს, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი სიამოვნებისთვის გასინჯეთ ადგილზე, სპეციალურ ქვის ღუმელში გამომცხვარი ლიბანური ლავაში. საინტერესოა ლაჰმაჯინიც - აღმოსავლური ხორციანი პიცა.
კარგი, ოღონდ აღმოსავლურად ცხიმიანი აქვთ ხორცის კერძებიც, რომლებსაც შესანიშნავად ანეიტრალებს ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პორციებიც აღმოსავლურად გულუხვია და საკუთარი მუცლისთვის ნადიმთან ერთად სანახაობის მოწყობასაც თუ განიზრახავთ აუცილებლად მოითხოვეთ რამდენიმე კილო მარილის „ცემენტში“ ჩაბეტონებული და ღუმელში გამომცხვარი მთლიანი თევზი, რომელსაც გამოიტანენ და თქვენს თვალწინ დაამტვრევენ მარილის გარსიდან თევზის არომატული და წვნიანი ნაჭრების გამოსახსნელად.
რაც შეეხება დესერტს - დესერტიც აქვთ, თანაც აღმოსავლური. მაგრამ როგორია არ ვიცი. უნდა გამოვტყდე, რომ რამდენჯერაც ვიყავი და როგორ არ ვეცადე, იმდენი გემრიელობაა მენიუში, დესერტის ადგილი ერთხელაც არ დამრჩა. მოკლედ, მაგალითისთვის: ერთი „მეზეს“ დაფა და ერთი ლიბანური ქაბაბი თავისი პურით, რაღაც სასწაულად დამშეული თუ არ ხართ, ოთხ კაცს თავისუფლად ყოფნის.

სამზარეულო « « « « «
მომსახურება « « «
კომფორტი    « « « «
ფასები    ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილის, მოსაშვილის 24     

12 Oct 2017

"ახალი მზიური" ძველ მზიურში

ცხელი ზაფხულის საღამოს ან სულაც გვიანი შემოდგომის მზიანი დღის მშვიდ გარემოში და ქალაქის ცენტრში შემთხვევით თუ განგების ძალით შემორჩენილ ბუნების ნაგლეჯში გასატარებლად შესანიშნავი ადგილია „ახალი მზიური“ - ახალგაზრდა პრესონალით, ლამაზი ვერანდით, ქოლგებით და პარასკევ ან შაბათ საღამოს ტრადიციული ღიაცისქვეშ კინოჩვენებებით და გემოვნებიანი მუსიკით.
გარდა კარგი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების, კონცერტების და სუფთა ჰაერისა „ახალ მზიურში“ დაგხვდებათ: ასევე კარგი და კიდევ უკეთესი აპარატის ყავა, საოცრად გემრიელი და მაცივარში კარგად ჩაცივებული, ნიგვზის ნატეხებით სავსე და ზუსტად როგორც უნდა იყოს ისეთი დაზეპილი ბრაუნი, მიხაკ-დარიჩინიანი, უფაფუკესი სტაფილოს ნამცხვარი, ფორთოხლის პეჩენია, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ანუ ნორმალური პიცა, რამდენიმე სახეობის გემრიელი წვნიანი და სენდვიჩები... რომლებიც, სამწუხაროდ ხშირად "უთავდებათ". მაგრამ ზუსტად ის, რისთვისაც ღირს „ახალ მზიურში“ სიარული, სულ არის: ლამაზი გარემო, ჩიტების ჭიკჭიკი, არომატული ყავა, ზემოთ რომ გიყვებოდით ის ბრაუნი და რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი კონცერტები ძალიან კარგი ხმის აპარატურით. 
ახლა რა არ არის მშვენიერი: პირველ რიგში - ეზოს სკამები. ლითონის საზურგეზე ამაყად მიდუღებული წარწერით - GIPA  კონსტრუქცია ალბათ თავიდან წამების იარაღად იყო ჩაფიქრებული და ბოლო მომენტში გადაწყვიტეს მისი სკამად გადაკეთება. შეუძლებელია დიდხან ჯდომა და რელაქსაცია, განსაკუთრებით ოდნავ მაინც თუ ცივა. არანაირი პლედი არ გიშველის, გემრიელად ვერ მიეყუდები, ვერ მოკალათდები. საბედნიეროდ, თვითონ კაფეში დგას წესიერი სკამები.
გულდასაწყვეტია ერთჯერადი ჭიქით მორთმეული საკმაოდ დაბალი ხარისხის ღვინოც. რას იზამ? ერთ ბეწო კაფეს სამზარეულო პრაქტიკულად არ აქვს და სწორედ ამის შედეგია სულ რამდენიმეპუნქტიანი და მზა კერძებზე გათვლილი მენიუ.  ერთჯერადი ჭურჭელი და ამერიკულ ყაიდაზე პირდაპირ ბოთლიდან დასალევი ლუდი კი დიდი სათავსოს უქონლობის ბრალია. არ აქვთ ყინულიც. გაგანია სიცხეში ხილის ჩაის პაკეტისგან დაყენებული და ცივ ჩაიდ წოდებული, წესით გამაგრილებელი, საკმაოდ უგემური სასმელი, არათუ ყინულებით, ოთახის ტემპერატურის მოაქვთ.
რაც შეეხება მომსახურებას, მის შესაფასებლად ალბათ საუკეთესო ტერმინი იქნება - ძალიან კარგი, მაგრამ ერთჯერადი. სწრაფად და ღიმილით მოვლენ, ყურადღებიანად მოგისმენენ რა გინდა, თავაზიანად და ოპერატიულად მოგიტანენ შეკვეთას და ანგარიშის მოტანამდე მარტივად და მყარად ივიწყებენ შენს არსებობას. ეგებ რამის დამატება გინდა, ან რამე პრეტენზია გაქვს, ან სულაც აღფრთოვანდი და მადლობა გინდა გადაუხადო... არც იფიქრო ვინმე გამოიჭირო. ამიტომ პირველივე შანსზე კარგად უნდა მოიფიქრო რა გინდა. ყველა მაგიდის შეკვეთის ერთხელ შესრულების შემდეგ, მიმტანი თავისთვის მიდის და ნაცნობებთან გემრიელად საუბრობს. სიჯიუტეს თუ გამოიჩენ და მაინც შეაწუხებ მეორეჯერ, შეიძლება ენერგიულმა მიმტანმა სხვისი ყავა შენ მოგართვას, შენი პროტესტის მერე ყავა კი წაიღოს, მაგრამ საშაქრე მაინც შენთან დატოვოს და შემკვეთი დატოვოს უშაქროდ. მე შენ გეტყვი, ადვილად გამოიჭერ კიდევ და მოატანინებ.
ერთი სიტყვით, რა არის კარგი და გამორჩეული „ახალ მზიურში“? გარემო, ხალხი, კინოჩვენებები და ბრაუნი.

სამზარეულო « « «
მომსახურება « «
კომფორტი « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., პარკი „მზიური“

3 Oct 2017

Burger Room - გასტრონომი

უკვე იცნობთ ხაშურელ ბიჭს, ჰოთ გოგის ან ყასბის საყვარელს? არა? მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ საბურგერე გასტრონომს სადაც უგემრიელესი ბურგერების საკმაოდ კარგ არჩევანთან ერთად ჩამოსასხმელი ლუდი, სახლის კომპოტი და სახლის ლიმონათი გელოდებათ.
ლამაზად გაფორმებული მინიატურული სივრცე ბარის მაღალი სკამებით და მაღალი მაგიდებით, კედელზე როი ლიხტენშტეინის პოპ არტის რეპროდუქციითა და თაროებზე ლამაზად ჩაკიწკიწებული კომპოტის, მწნილის, სხვადასხვა კონსერვების, კეტჩუპისა და მაიონეზის ქილებით.  
გააკეთებთ თუ არა არჩევანს საკმაოდ საინტერესო სალათებსა და სხვადასხვა სოუსიან, შიგთავსიან და შინაარსიან ბურგერებს შორის მინიატურულ გრილს დააგიზგიზებენ, ნაკვერჩხალს გაავარვარებენ და არც მეტი არც ნაკლები ნამდვილ ნაღვერდალზე შეაშიშხინებენ საქონლის ხორცის, ანდა სულაც ქათმის ხორცის ბურგერს, შეაპიწკინებენ ბეკონს, გახუხავენ ფუნთუშას დაუმატებენ ქორფა სალათს, მოასხამენ საიდუმლო თუ არასაიდუმლო სოუსს და მოგართმევენ სინზე დახვავებულ კარტოფილი ფრის ბარაქიან გორასთან ერთად.
ბურგერების გარდა, როგორც უკვე გითხარით, აქვთ რამდენიმე საკმაოდ საინტერესო და გემრიელი სალათა და ომლეტიც (საუზმე), რომელიც კაცმა არ იცის რატომ ღირს 12 ლარი (დაახლოებით იგივე, რაც ბურგერი თავისი სალათა-მაიონეზ-კეტჩუპ-კარტოფილიანად). ერთი პორცია ომლეტი ტრადიციულად მზადდება 2 კვერცხისგან. კაი, ვთქვათ რომ ოთხისას აკეთებენ, დავუმატეთ 1 პამიდორი ჩერი ან ნახევარი ჩვეულებრივი, 1 ან 2 ქამა სოკო, ბეკონის 1 ლენტი, ნახევარი ბულგარული წიწაკა... არ ვიცი, ალბათ ან ცოცხალ ტრიუფელს ახეხავენ თავზე ან ფასკუნჯის კვერცხს იყენებენ ქათმის ნაცვლად. 
მოკლედ, შევეშვათ ომლეტს და დავუბრუნდეთ იმას რაც კარგი აქვთ - ბურგერს. ბურგერი მართლა კარგია და თან ბარაქიანიც. გემრიელია ჰოთ გოგი ცხარე წიწაკის მწნილით, ბრუკლინი ტაფამწვარით, ხაშურელი ბიჭი სულგუნით და ქორფა ტარხუნით... ერთადერთი კატლეტია ცოტა ზედმეტად მშრალი (ალბათ განაყინიდა და იმიტომ), მაგრამ აშკარად ხორცისაა და თან კარგად შესუნელებული და გემრიელი. თუმცა სამართლიანობისათვის იმასაც ვიტყვი, რომ სწორად შემწვარი კატლეტი სხვაგანაც არ მეგულება. აქვთ ვერაზე და ვაკეში სახლში უფასოდ მოტანის სერვისიც და კიდევ, პერიოდულად აწყობენ ბურგერების „სეილის“ ღამეს, როცა ყასბის საყვარლის (ორმაგი ჩიზბურგერის) გარდა ყველა ბურგერი ლამის ნახევარფასად იყიდება.

სამზარეულო  « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი    « « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, ი. აბაშიძის 34.