25 Dec 2017

ნალი და ნალიბენდი

კარგი და კარგად შესრულებული პოპულარული სიმღერები, ტრადიციული ირლანდიური პაბის კარგი იმიტაცია და შესაბამისი გარემო - აი, ასეთია ნალი ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების გასაყარზე.
რითი განსხვავდება „ნალი“ თბილისის სხვა პაბებისგან? პირველ რიგში „ნალიბენდით“. რომელიც ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში რამდენიმე საღამო რეგულარულად უკრავს. „ნალიბენდი“ როცა არ არის, სხვა ჯგუფები ეცვლებიან ერთმანეთს. ასე, რომ ცოცხალი მუსიკა აქ ყოველ საღამოს გელით. კიდევ იმით, რომ უკვე ბევრზე ბევრი წელია სტაბილურად ერთნაირი კარგი ხარისხი უჭირავთ - თბილისური ტრადიციის მიხედვით, არ უმჯობესდებიან, მაგრამ უარესობაც არაა, რაც თავისთავად კარგი ფაქტია. ფასებიც დღევანდელი თბილისისთვის საკმაოდ კარგია - მისაღები. მომსახურებაც სწრაფი და ზომიერად ყურადღებიანია, პაბში რომ უნდა იყოს ზუსტად ისეთი. პუბლიკაც  პაბისტური - ლუდის და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული კარგი ტიპები - მხიარული, ხმაურიანი და ალბათ ხვდებით, რომ აქ ყველა თუ არა, ყოველი მეორე მაინც ეწევა, ამიტომ ბუღიც ტრადიციულად პაბური დგას, მაგრამ მაღალი ჭერი შველის.
რა არ უვარგათ? გაგიკვირდებათ და კანჭი, რომლის კარგად გაკეთებაც თბილისის ლამის ყველა ლუდის სოროში ისწავლეს: ზომითაც რაღაც უდღეურია, კანიც არააა რომ უნდა იყოს ისეთი დაბრაწული, იწელება ცუდად გამოყვანილი ტყავივით, იჭრება წვალებით, იღეჭება სიმწრით. მოკლედ, კანჭი ვერაა კანჭურად ვაჟკაცური. თუმცა, მწნილების ნაკრები კარგი მოყვება. ნეკნები გემრიელია, მაგრამ არ აწყენდა ცოტა უფრო რბილი იყოს. კარგი კბილები თუ არ გაქვთ, შეკვეთა არ ღირს.
სამაგიეროდ, ქათმის ფრთები აქვთ, სხვისი არ ვიცი და მე ხელიდან ვერ გამაგდებინეს, ისეთი. უგემრიელესი აქვთ ჩიპსებიც პამიდვრის სალსით. ენაზე დნება ხრაშუნა ცომში ამოვლებული დაბრაწული ხახვის რგოლები და... სადმე პაბში კი არა, დიდი ხანია არსად, არსად, თბილისის არცერთ პიცერიაში არ მიჭამია ასეთი გემრიელი „მარგერიტა“ - უთხელესი, უკნაწუნესი ცომით და თავზე მოყრილი ტონა პარმეზანით.
სხვა რა გითხრათ? გიყვართ ლუდი, ვისკი და ლუდს რომ უხდება ისეთი გარემო? ირლანდიური რაგუ ან მეცხვარეების მობრაწულა? შეზარხოშებული, მოგუგუნე საზოგადოება „სამი დალიე შეგერგებას“ და შალახოს ცეკვის გარეშე? მაშინ წადით „ნალში“ - არ ინანებთ.

სამზარეულო « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი    « « « «
ფასები  ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ლ. ქიაჩელის 4/1

17 Dec 2017

იტალიური „გარაჟი“ ვაკეში

პიცერია „გარაჟი“ ყოველთვის მომწონდა - იტალიურად გემრიელი იყო ყველაფერი. სხვა პიცერიების და მსგავსი „დაწესებულებების“ ფონზე, ერთადერთი არ მომწონდა ფასები. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და არ ვიცი, კარგი ამბავია და უნდა გვიხაროდეს თუ ცუდი, მაგრამ იგივე ხელფასების და იგივე შემოსავლის ფონზე, ამასობაში ჩვენი ინფლაციის და დოლარის კურსის გადამკიდე, თბილისის ყველა პიცერია თავისი ფასებით დაეწია კი არა, ბევრმა კარგად გადაუსწრო „გარაჟს“. მოკლედ, ახლა „გარაჟი“ საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა.  
რა დაგხვდებათ აქ? ტრადიციულ იტალიურ პიცერიულ, კუბობკრულ წითელ-თეთრ მაგიდის გადასაფარებლებზე, უბრალო სასადილოს სტილში მოწყობილ, სადა ინტერიერზე და კედლებზე ჩამოკიდებულ, ჩვენებურად მაკარონის და იტალიურად - პასტისგან შექმნილ, მხატვრულ კომპოზიციებზე არ შევჩერდები, იმიტომ რომ „გარაჟი“ დღე-დღეზე სხვა მისამართზე გადადის და იქ რა იქნება არ ვიცი. ამიტომ აქაურ გარემოზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.
სამაგიეროდ მენიუ ექნებათ იგივე და იმედია, მომსახურებაც. იმიტომ, რომ მეპატრონეც იგივე, წარმოშობით სარდინიელი, იტალიელი რჩება.
რა მიყვარს „გარაჟში“ ყველაზე მეტად? შენი შეკვეთილის მოტანამდე საჩუქრად მორთმეული ბრუსკეტა - გახუხულ პურზე, წვრილ კუბიკებად დაჭრილი, ნივრით და ზეთუნის ზეთით შეკმაზული პამიდვრის განცხრომად ქცეული გემრიელობა, სართად მოყოლებულ ფოკაჩას პაწაწინა ნაჭერთან ერთად. რა უნდა იყოს ცარიელი პური, პამიდორი და ზეთი? სწორედ სისადავეშია დამალული ნამდვილი ნეტარება. ან სად ნახულობენ ყოველ ჯერზე ასეთ გემრიელ პამიდვრებს?
მოკლედ, სადაც პამიდორს კმაზავენ ასე კარგად, ხომ ხვდებით რომ პიცერიაში პიცაც კარგი აქვთ? კარგი აქვთ სალათებიც, გრლზე შემწვარი ბოსტნეული და სხვა წვრილმანებიც. მაგრამ, განსაკუთრებულად კარგი აქვთ ლაზანია ბოლონეზეს სოუსით. რომელიც ისე სწრაფად მოაქვთ, რომ დიდი ეჭვი მაქვს, წინასწარ გამზადებულს ყინავენ და მერე მიკროტალღურ ღუმელში აცხელებენ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია - ბევრი პარმეზანით, ბევრი ბეშამელის სოუსით, კარგი პასტით და ბლომად პამიდორში ჩათუთქული უგემრიელესი ხორცით. ერთი სიტყვით, ძალიან მსუყე და დიდად შესარგი კერძია.
გაერთობით „გარაჟში“? ვერა. „გარაჟი“ გასართობი ადგილი არაა, აქ კარგად ჭამისთვის და მშვიდად საუბრისთვის დადიან. აქ არ ყაყანებენ, არც ბუღია, თუმცა, ეწევიან მემგონი. არც უაზროდ ჩართული ტელევიზორი ან მუსიკა მოგაბეზრებთ თავს. სტუმართან აქ ვერაფრით მოიწონებთ თავს კარგი და გემრიელი საჭმლის სიყვარულის გარდა.
მართლა კარგია „გარაჟი“.

სამზარეულო «««
მომსახურება « « «
კომფორტი    « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, მოსაშვილის 24 (სულ მალე გადადიან სადღაც აბაშიძეზე)

13 Dec 2017

ლიტერატურული კაფე

გამოგიტყდებით და მუდამ ახლის და „აქამდეჯერუნახავის“ ძებნაში გართულს, როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს, სტაბილურობაც ძალიან მიყვარს. ამიტომ, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, აბაშიძეზე, უამრავ  კაფეებსა და მაღაზიებს შორის მიყუჟული 90-იანი წლების „ლიტკაფე“ რომ შევნიშნე.
ოდესღაც მთელ თბილისს, უკაცრავად, მხოლოდ თბილისის ცენტრს მოდებული სუპერ პოპულარული და სუპერ მოდური და შემდეგ ბევრისგან კარგა ხნის და მყარად დავიწყებული კაფეების ქსელისგან სასწაულით გადარჩენილი რამდენიმე ფილიალი თურმე კიდევ არსებობს.  არსებობს კი არა, დინოზავრების ეპოქიდან უცვლელად შემორჩენილი მწერებივით, დღემდე ფუსფუსებს, ცხოვრობს და ერთგულ კლიენტებს უცვლელ ინტერიერში უცვლელ ასორტიმენტს და მომსახურებას თავაზობს -  თანაც, ძალიან კარგს.
რა დაგხვდებათ აქ? მაშინდელივით გემრიელი სახლში გამომცხვარი ნამცხვრები. გახსოვთ? „ლიტკაფის“ ნამცხვრების რეცეპტების წიგნიც კი გამოიცა. სახელგანთქმული ირისი, შუ, ალუბლის ნამცხვარი, ტარტალეტკა. მაშინ უცხო და დღეისთვის უკვე ყოველდღიურობად ქცეული ჩიქზეიქი და ტირამისუ. უფაფუკეს და უფხვიერეს ფენოვან ცომში გახვეული და ქისასავით თავმოკრული, თითების თან ჩასაყოლებლად შეკმაზული „ლიტკაფის“ საავტორო ლობიანი, ტარხუნის და ისპანახის ღვეზელი, ხორცის ღვეზელი, ბარაქიან თეფშზე ბარაქიანად დახვავებული სალათები, სუპები... ერთი სიტყვით, 90-იანების კლასიკური მენიუ, ოღონდ ძალიან კარგი და ხარისხიანი შესრულებით.
მომსახურება როგორია? ესეც 90-იანი წლების. შინაურული და მეგობრული. შეკვთას რომ მოგიტანენ ღიმილით მერე, ისე ადგებიან და დედაბუდიანად გაიკრიფებიან ხოლმე უკანა ოთახში, ასე სტუმარს ვერა და სოფლიდან დიდი ხნით ჩამოსულ ნათესავან ან ძალიან ახლობელს  თუ მიატოვებ მხოლოდ.
ატმოსფერო - ესეც მაშინდელი, მშვიდი, თბილი, ოჯახური. წიგნის თაროებით გარშემორტყმული კედლები, პატარა ფართი და სივიწროვე. სხვადასხვა ოჯახებიდან შეგროვებული ნაირ-ნაირი კოპწია მაგიდები და სკამები. თეთრი, თანამედროვე ჭურჭელი. უფრო მეტიც, აქ სიგარეტის ბუღიც კი 90-იანი წლების დგას. შემთხვევით შემოხეტებულ რამდენიმე უცხოელს თუ არ ჩავთვლით, კლიენტებიც მაშინდელი დადიან. ერთ საღამოში დიდი ხნის უნახავ 40 ნაცნობს ნახავ. არც ყაყანი, არც უაზროდ და უმისამართოდ ჩართული მუსიკა. ფასები, განსაკუთრებით ნამცხვრის, გადასარევი. მენიუში, ასევე 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი კლასიკური შეცდომები - კარბონარე, ბოლონეზი, ფოკაჩო. რაც უნდა დაარქვან, გემრიელი კია და რაც მთავარია, ქართულ სიტყვებს არ ამახინჯებენ და იციან რომ ტოსტს ულამაზესი სახელი აქვს - გახუხული პური. 
რა შეიცვალა? ოდესღაც წიგნის სიყვარულით და ყავასთან და ნამცხვართან წიგნის მშვიდ გარემოში საკითხავად გახსნილ კაფეში ახლა აღარავინ კითხულობს. კი, ბატონო, ლაპტოპს ხსნიან და ფეისბუქში იქექებიან, მაგრამ წიგნს ვერცერთ მაგიდაზე ვერ ნახავთ. თაროებზე აშკარად გასაყიდად და არა წასაკითხად გამოფენილ რომელ წიგნსაც არ უნდა წაავლო ხელი, აშკარად ეტყობა რომ გადაშლილიც არაა, ზოგიერთს ცელოფანიც კი არ აქვს შემოხსნილი. ეგ კი არა და პერსონალის საყვედურით სავსე მზერაც არ აგცდებათ, წიგნისკენ ხელს გაიწვდენთ თუ არა. არა, არც შენიშვნას მოგცემენ და არც რამეს გეტყვიან, უბრალოდ, აშკარად არ სიამოვნებთ.
რა გითხრათ? სულ ერთი თვის წინ მივაგენი ამდენი წლის მერე ხელმეორედ, უკვე 12-ჯერ ვიყავი და დღესაც ვაპირებ - ვიცი, რომ ბევრი ძველი ნაცნობი, უცვლელი სიმშვიდე, სითბო, ცხელი ყავა და ალუბლის ნამცხვარი მელოდება...

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « « «
ფასები  ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, აბაშიძის 22

5 Dec 2017

„ალუბალი“ახვლედიანის ქუჩაზე

სადღაც  გიორგი ახვლედიანისა და ია ეკალაძის ქუჩებს შორის, უკანა ეზოში, უზარმაზარ გალავანს ამოფარებული, უმაჩვენებლოდ და უსახელოდ ერთი  პატარა, თანამედროვე ყაიდის მეგრული რესტორანი „ალუბალი“ იმალება:  მეზობელი სახლების კედლებშუა გამომწყვდეული, ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული ზაფხულის ბაღით, რომელიც სულ ახლახანს ზამთრისთვისაც შეფუთეს და გაათბეს, მეორე სართულისკენ მიმავალი #ფრთხილადფეხიარმოიტეხო საცალფეხო რკინის კიბითა და თანამედროვე ყაიდაზე, საჯარო სკოლის კედლებივით #ვითომრემონტიარდამიმთავრებია  სტილში დეკორატიული ცემენტით შელესილი კედლებითა და #გაშალაშინებავერმოვასწარი ხის ავეჯით გაწყობილი რამდენიმე პატრა ოთახით. მოკლედ, ძალიან უნდა მოინდომო, რომ მიაგნო. ჩემსავით სიჯიუტეს თუ გამოიჩენთ და გუგლის ნავიგატორს ჩართავთ, ან ვინმე უკვე ნამყოფს გაყვებით და მაინც მიადგებით მოყვავილე ქრიზანთემებით გადაპენტილ ბაღს, ნახავთ რომ:
სწრაფი, ღიმილიანი და ზრდილობიანი მომსახურება, მაინცდამაინც გულთბილობით არ დაიკვეხნის - ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მაგიდის გათავისუფლებას ჩქარობენ და ერთი სურვილი აქვთ, როდის გაგისტუმრებენ სხვა რომ დასვან. მაგრამ, სანამ გაგიშვებენ, აი, ძალიან მაგრად და ძალიან გემრიელად გაჭმევენ.
რა უნდა შეუკვეთო აქ? მენიუ უნდა აიღო და საკმაოდ მწირ ჩამონათვალს თავიდან მიყვე და ბოლომდე გახვიდე: აშკარად კარგი მეგრელი დიასახლისის ხელით ადგილზე ამოყვანილი ყველისგან სულ ახლახანს დამზადებული სულგუნი. იქვე გადაზელილი გებჟალია მზრუნველად კანგაცლილი პამიდორით. მეგრულად შეკმაზული ამოლესილი ლობიო. ცოტა „ფერმკრთალი“, მაგრამ თავბრუდამხვევად შესუნელებული ნიგვზიანი ხარჩო კარგად ჩახარშული საქონლის ხორცით. აყვავებული ქინძით შეკმაზული კიტრი-პამიდვრის სალათა და ჭვიშტარი, რომელიც სულ არ გავს ღომისთვის სქლად დაფქული ღერღილიდან გამოცრილი უხეში ჭადის ფქვილით, მაწვნით, კვერცხით და ყველით გაკეთილშობილებულ ტრადიციულ, მეგრულ ჭვიშტარს. ეს რაღაც სხვაა - ახლა, აქამდე მიუწვდომელ განზომილებაში აყვნილი და მანამდე, უბრალო და გლეხური კერძი - კეცზე აშიშხინებული ნეტარება, რომელსაც „არც ცხვირი უგავს და არც ტუჩ-ნიკაპი“ ჩვენთვის აქამდე კარგად ნაცნობ ჭვიშტარს. მოკლედ, რას მალაპარაკებთ ამდენს, მიდით და გასინჯეთ.
ახლა რაც შეეხება დესერტს: მითხრეს, რომ მეგრულ რესტორანში იტალიური პანაკოტა ქონიათ საოცარი. მენიუშიც წერია. არ ვიცი, მართლა გამოსტუმრება უნდოდათ ჩვენი თუ ნამდვილად ასეა, მიმტანმა გვითხრა: კაცმა არ იცის რატომ  წერია მანდ, არც არასდროს გვქონიაო. თუმცა, სანაცვლოდ ალუბლის მუსი და აღარ მახსოვს, ბავარიული თუ ინგლისური კრემი შემოგვთავაზა, რომლებიც სხვათა შორის, მენიუში არ არის. 

სამზარეულო « « « « «
მომსახურება « « «
კომფორტი  « « «
ფასები   ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, გ. ახვლედიანის 6