13 Nov 2017

კიდევ ერთი „ჯარგვალი“ - ამჯერად ხევში

საქართველოს ოდესღაც სამხედრო და ახლა მთავარ გზაზე კიდევ ერთი „ჯარგვალი“ გაჩნდა. რიკოთზე, იმერეთის მხარეს, თბილისიდან წასულებს აწ უკვე სახელგანთქმულ „მალხაზიმდე“ არმისულზე, სოფელ ხევში, უნდა გითხრათ, რომ მენიუთი არანაკლები და ბუნებით ბევრად ლამაზი ადგილი გელოდებათ. 
მთის ხეობაში, მოჩუხჩუხე მდინარე რიკოთულას პირას, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშლილი „ჯარგვალი“ განგებამ და პატრონის მადლიანმა ხელმა ერთნაირად გულუხვად  დააჯილდოვა გადახურული თუ ღია ტერასებით, ზაფხულში ბევრი სიმწვანით და როგრც იმერეთში იტყვიან, კარგი ჩეროთი, უზარმაზარი ეზოთი, ფართო პარკინგით და  აქ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად, მენიუც საკმაოდ ვრცელი და იმერულად გემრიელი აქვთ.
რას არ ნახავთ აქ, იმერულად გაპიწკინებულ ქათამს, ცივად მოხარშულ დედალს, ადგილზე, თონეში გამომცხვარ პურს, ისეთს თითებს თან რომ ჩაატან, ახალამოყვანილ კრაჭუნა ყველს, თუ რამე არსებობს ყველა ჯურისა და ჯიშის ფხალეულს ნიგვზით, სოკოს კეცზე, იმერულად შესუნელებულ ხორცის კუპატს, კახურზე არანაკლებად გემრიელ და ცვრიან მწვადს, დაღეჭვა რომ არ უნდა და ენაზე რომ დნება ისეთს და სამეგრელოშიც რომ ვერ დაიწუნებენ იმნაირ ელარჯსაც კი. აღარ ვლაპარაკობ ისეთ წვრილმანებზე, როგორიცაა კეცის მჭადი, ნიგვზიანი კიტრი-პამიდვრის სალათა, იმერული ხაჭაპური და მექსიკურად, თუ უბრალოდ ტაფაზე, ერბოში შემწვარი კარტოფილი.
მომსახურება? მომსახურება კაცური - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. დაჯდომას ვერ ასწრებ, მრავალრიცხოვანი, ძირითადად მამრობითი სქესის მომსახურე პრესონალიდან ერთ-ერთი  (როგორც ჩანს, აქაც „ქალი ქუხნაშის“ პრინციპი მოქმედებს) მაშინვე მაგიდასთან ჩნდება და უსიტყვოდ გიყურებს. ძველებურად, ქართულ-მამა-პაპურადაა მიჩვეული მენიუში ჩახედვის გარეშე შეკვეთის მიღებას. არადა, მართლა საინტერესო, მრავალგვერდიანი და საკმაოდ მდიდარი მენიუ აქვთ - თუ მოითხოვთ, უპრობლემოდ მოგცემენ. შეკვეთას რომ მისცემთ, ასევე იმერულად და სწრაფად იშლება სუფრაც და იფ, რა ახალი, ადგილობრივი და გემრიელია ყველაფერი...
ჩემი მოგონილი წესი მაქვს ასეთი: ერთზე რომ ვწერ, რაც არ უნდა „ცოცხალი“ და „გადაუდებელი“ შედარება მადგეს პირზე, არასდროს ვადარებ სხვა ობიექტს. ერთგვარად არაეთიკური მგონია. ამიტომ ახლაც არ ვახსენებ სახელს, მაგრამ ცოტათი ვუღალატებ ჩვევას და იმერულად შემოვლით ვიტყვი - ძალიან კარგი და ძალიან სახელგანთქმული ტრასის, საოჯახო რესტორნები, წლიდან წლამდე ძალიან რომ ფართოვდებიან და ადგილი აღარ ყოფნით, ვეღარც კლიენტს იტევენ, აღარც სოფლის ბაზარში ნაყიდი  ახალი ხორცი ყოფნით მწვადისთვის და, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაყინულზე გადადიან, ხარისხ აფუჭებენ, ფასებს კი ზრდიან და ზრდიან, მასეთებს ყოველთვის ხევის „ჯარგვალინაირები“ ჯობია. მომსახურებაც უფრო თბილი და სწრაფი აქვთ, ადგილიც მეტი, პროდუქტიც უკეთესი და ფასებიც უფრო დაბალი. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც სანამ ესენიც ისევე გაითქვამენ სახელს - ამას კი წლები ჭირდება და მანამდე თქვენი არ ვიცი და მე „ჯარგვალში“ ვივლი და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ვუღალატებ ასეთივე რესტორანს, სადაც ბოლო 15 წლის მანძილზე, ყოველი მგზავრობისას, ჯერ მართლა უგემრიელესი მწვადისთვის და მერე მხოლოდ ინერციით და ჩვევიდან გამომდინარე შევდიოდი

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « «
კომფორტი    « « « «
მისამართი: თბილისი-სენაკის მაგისტრალი, სოფელი ხევი

7 Nov 2017

ზაზანოვა


„ზაზანოვა“ - მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან შემორჩენილი კიდევ ერთი კარგი ადგილი თბილისში. ცოტა შერემონტებული, ცოტა განახლებული, ცოტა სახელშეცვლილი და სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც ძველებური - მაშინდელი ატმოსფეროთი, იმ დროიდან შემორჩენილი ერთგული კლიენტებით და გემოვნებიანი მუსიკით.
აქ ახლაც ძველებურად ეწევიან - მერე რა რომ ცალ-ცალკეა გამოყოფილი მწეველების და არამწეველების სივრცე. ვინ მოვტყუვდებით ფიზიკას სკოლის დონეზე მაინც თუ ვიცნობთ? ქუჩის ყაიდაზე მოხატულ ინტერიერსაც მაშინდელი გემოვნებიანი პატრონის ხელი ეტყობა და მენიუსაც. 
ჰო, მენიუ ცალკე თემაა: თბილისის ბარ-რესტორნების 90%-სგან განსხვავებით აქ მენიუზე ნაფიქრი აქვთ. ნაფიქრი კი არა, ბევრი და კარგად ნამუშევარიც. ფორმაც, ფაქტურაც, შესახედაობაც, დიზაინიც, შინაარსიც და შემადგენლობაც კარგადაა შერჩეული და შედგენილი. რას არ ნახავთ ოპერის საიუბილეო ალბომის ყაიდაზე დაბეჭდილ და დასურათებულ უზარმაზარ ფოლიანტში -  ისეთი სახელგანთქმული კერძების შექმნის ისტორიასა და ავტორების ბიოგრაფიებს როგორიცაა ბიფსტროგანოვი და სალათა ცეზარი, კერძის ავტორების ფოტოებს, ძველებურ კულინარიულ გრავიურებს და გრაფიკულ ნახატებს.
მოკლედ, დაახლოებით 15 წუთიდან ნახევარ საათამდე, გარანტირებულად, მრავალ გვერდიანი და ღრმა შინაარსიანი მენიუს თვალიერებით და კითხვით იქნებით დაკავებული: ქათმის მწვადი „სატეი“, ქათმის შნიცელი ვენურად, ქათამი ლუიზიანურად, ზღვის პროდუქტები ახალორლეანურად, კრევეტების ეტიუფე და ჯამბალაია, ღორის სუკის მედალიონები ბეკონით, ღორის სუკი შავი ქლიავითა და დიჟონური მდოგვით თავადის ქალის მარიამ იშხნელის რეცეპტების რვეულის მიხედვით (თან ახლავს მარიამ იშხნელის ფოტო), საქონლის სუკი გრაფი სტროგანოვის რეცეპტით (გრაფის ფოტო და კერძის შექმნის ისტორიით), გამბო, ფობოი, გასპაჩო ტეკილათი, ქათმის კესადია, ბურიტო საქონლის ხორცით, ფეტუჩინი ალფრედო (ალფრედო დე ლელიოს ისტორიით), ტარტი ტატინი დები ტატინების ბიოგრაფიით, ცალკეა ვეგეტარიანული მენიუ... მოგადგათ ნერწყვი? ჩავარდით საგონებელში რა აირჩიოთ? სულ ტყუილად...
მენიუდან კერძების დაახლოებით 85% არ აქვთ. საქონლის ხორცი და ღორი არაა, შემოგთავაზებენ მხოლოდ გაყინულ ქათამს. ისიც ყველაფერს ვერა. ქათმის მკერდს ფორთოხლის, გორგონძოლას ან რომელიმე სხვა სოუსში. ქათმის შნიცელს რომელიც ცნობისთვის, ისევე მკერდისგან მზადდება და ალბათ პიცას და ერთი-ორ სალათას. მაგრამ რომ იცოდეთ რა გემრიელია ქათამი ფორთოხლის სოუსში და მისი ტყუპისცალი, რომელსაც ფორთოხლის სოუსის ნაცვლად გამდნარი გორგონძოლას სოუსი ასხია, ქათმის სალათა ფორთოხლებით და სტეიკსალათა... მენიუც გავიწყდება და აღარც მაგიდებს შორის დიდი პარკებით წინ და უკან მორბენალი ბარის თანამშრომელი გიშლის ნერვებს, რომელიც ყოველ მეორე შეკვეთის მერე „სმარტში“ ან რომელიმე ახლო-მახლო სუპერმარკეტში გარბის შეკვეთილი პროდუქტების: კოკა-კოლის, შამპანურის, კვერცხის, ძეხვის და ა.შ. მოსატანად.
წარმოუდგენლად კარგია „ტეკილა სანრაიზის“ მოტივებზე დამზადბული შინაური ლიმონათიც, რა თქმა უნდა ტეკილას გარეშე. აუცილებლად გასინჯეთ. კარგია თბილი შოკოლადის დეკადენტური ნამცხვარიც. და, როგორც ზემოთ გითხარით, მთლად გადასარევია ცოცხალი მუსიკა, მათთვის ვისაც ბარის მყუდრო გარემოში მშვიდად ჯდომა და ხანგრძლივი საუბარი უყვარს. 
ეს არის ბარი, სადაც განსაკუთრებულად კარგია შემოდგომის და ზამთრის ცივი და გრძელი საღამოები და ეს არის ადგილი, სადაც მშიერიც სიამოვნებით მივალ. 

სამზარეულო « « «
მომსახურება  « « «
კომფორტი   « « « «
ფასები           ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, რევაზ ლაღიძის 2, ოპერასთან 

1 Nov 2017

პიცერია და სტეიკჰაუსი „პომიდორისიმო“

ოდესღაც - ცოტა თუ ბევრი წლის წინ „პომიდორისომოს“ საფირმო პიცა თბილისის ყველა პიცაზე მეტად მიყვარდა: დაბრაწული, კრაწუნა ცომი კარგი ყველით, უგემრიელესი პამიდვრის სოუსით, ზემოდან მთლიან ნაჭრებად გულუხვად დალაგებული სალიამით და პროშუტოთი... ერთი სიტყვით, საუკეთესო ცომი, საუკეთესო პროდუქტებით. დღეისათვის რა არის დარჩენილი „პომიდოისიმოს“ საფირმო პიცისგან? მარტო სახელი და ინგრედიენტების ჩამონათვალი მენიუში. ქვევიდან გაზეთილ ცომზე დასხმული სოუსი, გემრიელი ყველი და - ისე წვრილად დაჭრილი, რომ სახეხზე გახეხილი გეგონება, რაღაც გაურკვეველი სახეობისა თუ ჯიშის ლორი და სალიამი. არადა, როგორ მონდომებით დამიქნია თავი მიმტანმა, კი, პროშუტოთიო, როცა გადავამოწმე პიცის „შემადგენლობა“ შეკვეთის მიცემის მომენტში... არ ვიცი, შეიძლება მაინცდამაინც იმ დღეს გაუთავდათ პროშუტო და ნარჩენები მოაყარეს აქა-იქ, მაგრამ მაინცდამაინც საფირმო კერძზე რატომ აკეთებ ეკონომიას?  ნუ მიიღებ შეკვეთას. ხომ შეიძლება ჩემნაირი ინტრიგანი კლიენტი იყოს შემოსული, რომელსაც კარგად ახსოვს, რომ ადრე მთელ-მთელი ნაჭრები ელაგა? თუმცა, მგონია რომ არ იყო ჩემი პიცა გამონაკლისი და ახლა სწორედ ასეთია „პომიდორისიმოს“ საფირმო.
მოდით, ობიექტურობის გამო ვიტყვი, რომ სხვაგან ასეთ პიცაზე ამდენი პრეტენზია არ მექნებოდა. პიცა არ იყო ცუდი, მაგრამ კარგიც არ იყო. საქმე იმაშია, რომ ამჯერად პიცერიაში ვიყავი და თან იქ, სადაც ადრე და თან ბევრჯერ კარგი კი არა, ძალიან კარგი პიცა მქონდა ნაჭამი. 
უფრო უარესი იყო ბრუსკეტა - ღუმელში გამდნარი ყველისგან გასული ცხიმისგან თუ პამიდვრისგან გასული წვენისგან დამბალი, ნახევრადგახუხული პურის ნაჭრები უგემურად შეკმაზული პამიდვრით, რომელსაც არაფრის, საერთოდ არაფრის გემო არ ქონდა. არადა, სადა და მარტივად მოსამზადებელი ბრუსკეტას ერთადერთი ღირსება კარგ  პროდუქტებშია - სურნელოვან  პურში, გემრიელ და ცხიმიან ყველში, ხორციან პამიდორში და საუკეთესო ხარისხის, არომატულ ზეითუნის ზეთში და ჰო, კიდევ პური უნდა იყოს თბილი, ზემოდან ხრაშუნა და შიგნით რბილი და არა სველი და დამბალი. თითქოს პატარა და უმნიშვნელო დეტალია - ჩვეულებრივი „ზაკუსკა“, უბრალოდ პამიდვრიანი პური, მაგრამ ისეთი უგემური იყო, ისეთი, რომ ზემოთ და ავადმოხსენიებული პიცისგან რამე კარგი გემო თუ მქონდა პირში დარჩენილი და ორიოდე კეთილი აზრი თავში, ისიც გაანოლა და წაშალა და ეძახე ახლა წვრილმანი.
ადრე, „პომიდორისიმოში“ სტეკიც კარგი ქონდათ. შეიძლება ახლაც კარგია. მაგრამ ბრუსკეტას მერე სხვა რამის გასინჯვა აღარ მომინდა.
სხვა რა გითხრათ? გარემო კომფორტული. მომსახურება ნორმალური. სიტუაციაც სასიამოვნო - საჭორაოდ და წასახემსებლად. ყავა კარგი. ნამცხვრებიც გემრიელი. უბრალოდ, „პომიდორისიმოში“ წლებთან ერთად ისევე შემოცვეთიათ მენიუ, როგორც უკვე აქა-იქ გადამსკდარი დერმატინი სავარძლებზე და კიდეები მაგიდის გადასაფარებლებზე. ეჰ, კიდევ ერთი კარგი ადგილი გაბანძებულა თბილისში.

სამზარეულო « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილის, ი. ჭავჭავაძის 33