ოდესღაც ერთმა გამოცდილმა
და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა
გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას
მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის
ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად
ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი.
აი, სწორედ ასეთია
„მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ
მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან
90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად
წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე)
და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით.
„მეგრული სახლის“
ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა
და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალია,
კოტოში (მეგრული თიხის ქოთანი) მრავალსაათნახარში ლობიო და ჭვიშტარი, გაპიწკინებული
წიწილა ფუჩხოლიაჩახარშულ ღომთან და მეგრულ პამიდვრის საწებელთან ერთად, თავზეჭყინტყველდახუჭუჭებული
მეგრული ხაჭაპური... არადა, ეს ყველაფერი აქვთ, თან ძალიან ნორმალური, მაგრამ რად
გინდა? მიდი და ეძებე პარმეზანმოყრილ ქათმის სალათებსა და სოკოს კრემსუპებს შორის ან
მიატანე რომელიმეს.
მენიუ უნდა იყოს
ჰარმონიული - ერთი კერძი მეორეს უნდა უხდებოდეს. რაც გაგიგონია, სადმე გიჭამია და რაც
გეხერხება (ან გგონია რომ გეხერხება) ყველაფერი კი არ უნდა ჩაწიხლო შიგნით. რესტორნის
სახელი კი მისი კონცეფციის განუყოფელი ნაწილია და ქარხანაში დამზადებულ და ადგილზე
გაცხელებულ ბელგიურ ვაფლს, ასევე ქარხნული სიროპით და ქარხნული ნაყინით არაფერი, არაფერი
(!) ესაქმება ნამდვილ „მეგრულ სახლში“. ისევე როგორც პიკანტურ ქათმის ფილეს ბეკონით
და კარტოფილით. ეგებ ამიხსნათ ვინმემ, რატომ არის „მეგრული სახლის“ საფირმო კერძი ოქროსფერი
კალმახი ბრინჯით და ბოსტნეულით და არა ელარჯის დაბრაწული ბურთები ბაჟესთან ერთად. აღარ
ვლაპარაკობ, რომ სახლი რეალურად „წაისასახლევებს“ და მისი საკმაოდ მაღალი ფასებიც აქედან
გამომდინარეობს და არა საჭმლის ხარისხიდან. რესტორანს „მეგრული სახლის“ ნაცვლად „დადიანების
სასახლე“ რომ ერქვას, ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა ევროპულს ძალით მიტმასნებული მენიუც
და თეთრ ხელთათმანებში გამოწყობილი მიმტანებიც.
თქვენი არ ვიცი,
მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ „რუსეთებში ბიზნესების“ მქონე მეგრელი პატრიოტი
ჩამოვიდა, დაფიქრდა ნაშოვნი დიდი ფული სად წავიღოო და მომხმარებელზე კი არა საკუთარი
ოჯახის გემოვნებაზე და საყვარელ კერძებზე მისადაგებული რესტორანი გახსნა. დაახლოებით
ასე: აბა, სიდედრო, შენ რა გიყვარს, ამოლესილი ლობიო? კარგი. შენ ცოლისძმავ? კალმახი
გაქვს პარმეზანში ნაჭამი როსტოვების მაგარ რესტორანში? კარგი. შვილო, მოსკოვებში რომ
ვიყავით, იქ რა მოგეწონა? ბელგიური ვაფლი და კრუასანი? იქნება. საყვარელ ცოლს კი იტალიური
ყავა და ტირამისუ და ნატრული ბიცოლას დაწეწილი ხორცის სალათაც არ დაგვავიწყდეს, თითებს
ჩაატან...
მოკლედ, დროა მოვრჩე
ქირქილს და მშრალ ხიდთან, ტურისტულ ცხელ წერტილში გახსნილი საკმაოდ სიმპათიური და კარგი
პოტენციალის მქონე რესტორნის მენეჯერებს ვუთხრა, რომ ტურისტები საქართველოში ბელგიური
ვაფლის ან დანარჩენი მსოფლიოსთვის უცნობი და სუფთა პოსტსაბჭოური ნოუ-ჰაუს - ვითომ მექსიკური
კარტოფილის საჭმელად არ ჩამოდიან. ქართველები კი მეგრულ სახლში საუკეთესო ელარჯს და
გებჟალიას ველოდებით, რომელიც კონცენტრირებულ ბალზამიკო და მაიონეზ უხვადმოწუწული სალათებისგან
განსხვავებით, მართლაც კარგი გაქვთ. ასევე, შეეშვით ბელგიურ ვაფლებს და მართლა უგემრიელეს
და თბილისში სანთლით საძებნელ მეგრული ადესის ფელამუშს მიაწექით.
კიდევ მივალ „მეგრულ
სახლში“? ამ ეტაპზე არა. ასეთივე გემრიელ მეგრულ კერძებს, სხვაგან, უფრო მეგრულ ატმოსფეროში
და ბევრად უფრო იაფად შევჭამ. ისევე, როგორც 90-იანი წლების მაიონეზიან სალათებს. კრუასანების და ვაფლების საჭმელად კი, იქ სადაც თვითონ
აცხობენ, კაფეებში და საკონდიტროებში დავდივარ.
ამას წინათ, ვიღაცამ
მითხრა, კლიენტი არ ყავთ და იხურებიანო. რატომ არ მიკვირს, ნეტავ?
სამზარეულო « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾ ₾
მისამართი: თბილისი, ათონელის 31 მშრალ ხიდთან
Comments
Post a Comment