2 Mar 2018

სალობიე ბია - „Gault&Milliau” - 11 ქულა 20-დან


სახელგანთქმული ფრანგული კულინარიული გზამკვლევი „Gault&Milliau”-ს ქართულმა გამოცემამ „სალობიე ბიას“ 20 მაქსიმალურიდან 11 ქულით თბილისის 40 საუკეთესო რესტორანს შორის საპატიო 21-ე ადგილი მიანიჭა. 21-ე ადგილს არასერიოზულად ნუ შეხედავთ, იმის გათვალისწინებით, რომ „სალობიე ბიასთან“ ერთად ამ ადგილს იგივე ქულით კიდევ 5 რესტორანი იყოფს, 12 ქულა კი ერთდროულად 8 რესტორანს აქვს მინიჭებული. მოკლედ, გზამკვლევის მესვეურებმა ნაწყენი არავინ დატოვეს და თბილისის რესტორნების მიერ დამსახურებულ მაქსიმალურ 14,5-სა და 10 ქულას შორის, არც მეტი არც ნაკლები 32 რესტორანი მოხვდა. ასე, რომ 12 ქულა მართლაც ძალიან კარგი შედეგია.
ახლა, მე რას ვფიქრობ „სალობიე ბიაზე“? რესტორნის სტანდარტებამდე აღზევებული და ნეტარების განზომილებაში გადაყვანილი ოჯახური კერძები თუ მოგწონთ, ძალიან კარგი. გასართობად და დროის სატარებლად კი სხვაგან უნდა წახვიდეთ. სოლოლაკის ნახევრადსარდაფისა და სარდაფის ორ პატარა ოთახში განთავსებული და კლიენტების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე გათვლილი ბისტრო არ ღალატობს ბოლო პერიოდის ელიტარულობაზე პრეტენზიის მქონე თბილისური რესტორნებისთვის ტრადიციად ქცეულ დიზაინს, რომელიც, რომ არ მოგატყუოთ, ცოტა არ იყოს მოსაწყენი გახდა უკვე: უბრალოდ შეთეთრებული კედლები, არცთუ ისე მოხერხებული მინიმალისტური სტილის მაგიდები და სკამები, თაროებზე შემოდგმული ახლობლებში შეგროვებული ძველი ნივთები, იატაკზე გაცვეთილი, მრავალჭირნანახი ფარდაგები და თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები კედლებზე (ამჯერად საკმაოდ კარგი). საბედნიეროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგიდის გასაწყობი ჭურჭელი მაინც არის ახალი. პირველყოფილი ადამიანის და გამოქვაბულის არ იყოს, უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში ყველაფერი კარგი ნესტიან სარდაფში ან აგურის შეულესავ კედლებში ხდება. სახასიათო რეჟისორების ერთ თარგზე მოჭრილი ფილმების არ იყოს, პირველი ნახვის აღფრთოვანებამ გამიარა უკვე და მიწის ზემოთ და გაშლილ სივრცეში, დღის სინათლეზე მინდა ჭამა.
რაც შეეხება ხელნაწერ, სისტემატიურად განახლებად(!), შეფი გიორგი იოსავას ერთგვერდიან და სულ რამდენიმეკერძიან მენიუს, ყველაფერი ერთმანეთზე უფრო გემრიელია: ლობიო ქოთანში მჭადთან და აქვე, „სალობიე ბიაში“ დამწნილებულ მჟავეულთან ერთად, ლობიანი რაჭული ლორით, ადგილზე გამომცხვარი პური, ადგილზე დამზადებული ლიმონათი, ადგილზე მოთუხთუხებული ტყემალი, "სალობიე ბიასთვის" გამოხდილი და ჩამოსხმული არაყი. სულ მიკვირს ხოლმე ქართული რესტორატორების, როგორ შეიძლება კარგი რესტორანი გქონდეს და თვითონ არ აკეთებდე და სხვისგან ყიდულობდე მწნილს, ტყემალს, პამიდვრის საწებელს, არ ასაწყობებდე სეზონურ მარაგს. ნამდვილად ჭკვიანი და საქმის მოყვარული ხალხია „სალობიე ბიაში“ და ამიტომაც აქვთ ყველაფერი ასეთი გემრიელი.
ამბობენ, რომ ღომის ღომი და ნიგვზიანი ხარჩო აქვთ ზღაპარი. მაგრამ რად გინდა? დღის 5 საათზე, თარიღს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მთელ თბილისში რომ ყველა რესტორნის ყველა მაგიდა დაჯავშნილი იყო ისეთ დღეს არ ქონდათ. თურმე წინა დღეს გაუთავდათ და ახლა ხარშავდნენ. ამიტომ იძულებული გავხდი და ხარჩოს ნაცვლად შქმერული შევუკვეთე და არც ვინანე. ნივრიან სოუსში ჩადებული საარაკოდ შემწვარი ქათმის ხორცისთვის მზად ვარ მის შემოქმედს მივუძღვნა ოდა, ვუმღერო დითირამბები, დავადგა დაფნის გვირგვინი და მივანიჭო ნობელის პრემია ჩემი გემოვნების რეცეპტორებისთვის უდიდესი სიამოვნების მინიჭების დარგში. თუმცა, თვითონ სოუსს ცოტა უფრო შესუნელებულს, ცოტა მეტი „ტაფით“ ვისურვებდი. მოგეხსენებათ, ქათამში ყველაზე გემრიელი მისი შენაწვავი ტაფა, ანუ ტაფაზე დარჩენილი ცხიმია.
სამაგიეროდ მინიმუმ სამჯერ ნაკლებ ქაცვის პორციას ვისურვებდი ჩიზქეიქის ყაიდაზე დამზადებულ ქაცვის ნამცხვარში. ქაცვის საკმაოდ მწკლარტე და მძაფრ გემოს აშკარად ვერ ანეიტრალებდა ნაღების საკმაოდ სქელი ფენა. მოკლედ, ქაცვის ნამცხვარი კარგია (განსაკუთრებით ფერები), მაგრამ ძირითად კერძებთან ახლოსაც ვერ მიდის, კომპონენტების პროპორციებში აქვს პრობლემა. სამაგიეროდ არაჩვეულებრივია ტარხუნის პანაკოტა, თუ გაგიმართლათ და დაგხვდათ  - სეზონურია და უფრო ზაფხულის თვეებში აქვთ. 
ეკუთვნის „სალობიე ბიას“ თბილისის საუკეთესო რესტორნების სიაში მოხვედრა? შეფ-მზარეულ გიორგი იოსავას აუცილებლად, ცალსახად, სავალდებულოდ, თბილისის კი არა, საქართველოს საუკეთესო მზარეულების სათავეში მოქცევაც, რესტორანს კი - არა. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ სარდაფში განთავსებულ სალობიეში ნესტის და დახშული ჰაერის სუნი წაგაქცევთ, განსაკუთრებით სამზარეულოში რამე კერძს თუ ხარშავენ მაშინ. 2. როგორც უკვე გითხარით, ჩემი სტუმრობის დღეს ისედაც რამდენიმე კერძიანი მენიუდან, ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე მოთხოვნადი კერძი გაუთავდათ და ხარჩოს კლიენტების მოსვლის მერე ხარშავდნენ. მსგავსი რამისგან არავინ დაზღვეული არ არის, მაგრამ როცა მთელი მენიუ ისეთი კერძებისგან შედგება - ნიგვზიანი ხარჩო, ამოლესილი ლობიო, სოკოს მარინადი, ლობიანის ცომი და გული - რომელიც დიდი ქვაბით წინასწარ მზადდება, ლამის ერთ კვირაზეა გათვლილი და შეკვეთისას მხოლოდ აცხელებენ, ასეთი რამ არ უნდა დაგემართოს. გააკეთე რა ახალი სანამ წინა პორციის ქვაბი ამოსალოკი გახდება.

სამზარეულო «««««
მომსახურება ««««
კომფორტი    «««
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, ი. მაჩაბლის 14

Reactions:

0 comments:

Post a comment