12 Feb 2018

გრაუნდ 84 - კიდევ ერთი კარგი ადგილი თბილისში


არცთუ ისე დიდი ხნის წინ კიდევ ერთი კარგი ბისტრო გაიხსნა: კოხტა და სასიამოვნო გარემო, ზრდილობიანი, კარგად გაწვრთნილი, ახალგაზრდა პერსონალი, საინტერესო და გემრიელი მენიუ. როგორ გითხრათ? უფრო ზუსტად რომ ვთქვა, „ბროტმასიტერები“ იცით? ჰოდა, „ბროტმაისტერს“ კიდევ ერთი ტყუპისცალი გაუჩნდა - გარეგნულადაც, შინაარსითაც და სტილითაც, რაც სულაც არ არის ცუდი.
„გრაუნდ 84-ში“ შეკვეთას მისცემთ თუ არა, ლიტრიანი ბოთლით ლიმონიან და პიტნიან დეტოქს-წყალს მოგართმევენ საჩუქრად. საჩუქრად მოაქვთ ადგილზე გამომცხვარი (ასე ამბობენ) სამი სახეობის თბილი პურიც: ხმელ ბაზილიკომოყრილი ფოკაჩა, გრისინი სეზამის მარცვლებით და ფრანგული ბაგეტი ნივრით და კამის თუ ცერეცოს თესლით. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, „გრაუნდ84-ის კონცეფციის ნაწილია - ანისის არომატი იგრძნობა პასტაზე მოსხმულ უგემრიელეს პამიდვრის სოუსშიც და ლიმონის ცედრამოხეხილ  კარტოფილ ფრიშიც.
საინტერესო და ხარისხიანი, მაგრამ საშუალო სტატისტიკური თბილისელი მომხმარებლისთვის ცოტა არ იყოს დამაბნეველი და მოუხერხებელია მენიუ: ტყის სოკოს წვნიანი ვერმუტით და ტრიუფელის ზეთით, ტენდერლოინი წითელი პესტოთი, რიზოტო გოგრით და შაფრანით, პიცა ნაღებით, რიკოტათი და გორგონძოლათი, პასტა ქათმით და ყაბაყით... მიუხედევად იმისა, რომ ამერიკულ-იტალიურ სტილშია ყველაფერი, აქ არ დაგხვდებათ ისეთი ნაცნობი და გაცვეთილი სახელები, როგორიცაა პიცა პეპერონი, მარგერიტა ან პასტა კარბონარა, არც ჩვეული გემოთშეთანხმებები. უფრო მეტიც, კერძის შეკვეთის მერე არჩევანს გთავაზობენ პასტის სახეობაშიც, რომელსაც მიმტანს თუ დავუჯერებთ, ადგილზე ამზადებენ. მაგრამ, მომკალი და ჩვენთვის მოტანილი პენე მაინც მაღაზიის მგონია. ვერ იყო ადგილზე ახალდამზადებული პასტა რომ უნდა ყოფილიყო ისეთი ყოჩაღი. და არც „ალ-დენტე“ იყო მე რომ შევუკვეთე მთლად ისეთი. 
სამაგიეროდ, შეფის საავტორო ბურგერი აქვთ ზღაპარი, სეზამმოყრილი ხრაშუნაკანიანი ფუნთუშით, წიწმატით, დაკარამელებული ხახვით, "განსაკუთრებული" სოუსით და ზუსტად თქვენი სურვილის მიხედვით შემწვარი კატლეტით. აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვჭამე თბილისში გაუყინავი ხორცისგან საშუალო მზაობამდე გარედან იდეალურად დაბრაწული და შიგნით ცვრიანი ბურგერი. ზუსტად საშუალო მზობამდე იყო ხორცი შემწვარი უგემრიელეს როსტბიფის პიცაზეც: ხრაშუნა ცომი, ფართო კიდით, მზეზე გამომშრალი პამიდვრები, წიწმატი, საგანგებოდ პიცისთვის მომზადებული პამიდვრის სოუსი და პარმეზანი. ნაკლს ვერ უპოვი. არა, როგორ ვერ უპოვი: ვისურვებდი ოთხ ვეებერთელანაჭრიან პიცაზე, ცოტა მეტი ხორცი და ოთხი პაწაწუნა ნაკუწი პამიდვრის ჩირის ნაცვლად ცოტა მეტი მოეყარათ და უფრო დიდი ნაჭრები, მაგრამ მაინც ღვთაებრივად გემრიელი იყო ყველაფერი. ისე, ბარემ რადგან დავიწყე, ბოლომდე ვიტყვი: მენიუში რუკოლაც ეწერა და პიცას მარტო წიწმატი ეყარა. თუმცა ამით არაფერი დააკლდა, მით უმეტეს, რომ წიწმატიც და რუკოლაც ერთი ყაიდის მწვანილებში გადის, იგივეა რამეს კამა და ცერეცო რომ მოაყარო ერთად, მაგრამ რადგან მენიუში ეწერა მაგიტომ ვამბობ, თორემ პრეტენზია არ მაქვს...
აქვთ ადგილზე დამზადებული ლიმონათიც, ლიმონით, ფორთოხლით და ყავა კენკრით. ლიმონით კარგია, ფორთოხლით - ისე რა. აი, ყავის და კენკრის გასინჯვას კი თქვენი არ ვიცი და მე დიდხანს ვერ გავრისკავ. მომკალი და არ უნდა იყოს კარგი. მაგრამ, ეგებ ვცდები, აქ ხომ ყველაფერი გემრიელი აქვთ. კარგია ყავა და ნამცხვრებიც.
ამ კულინარიულ სამოთხეში მაინც არის ერთი პრობლემა: სივიწროვე და მაგიდების ზომა. ორი კაცის მოკრძალებულ შეკვეთასაც კი უჭირს ერთ მაგიდაზე მოთავსება, აღარ ვლაპარაკობ რა იქნება, მშიერი თუ შეხვედი. ჩვენი შეკვეთის ნაწილი გვერდით მაგიდაზე ელაგა. მით უმეტეს, რომ ცალ-ცალკე ჭიქები მოაქვთ წყლისთვის და ლიმონათისთვის (რაც ძალიან კარგია). ამ გახსენებაზე, ერთ საინტერესო ფაქტსაც აქვს ადგილი: ლიმონათი ლიტრიანი გრაფინით 13 ლარი ღირს, მაგრამ 400 მლ-იანი ჭიქით თუ შეუკვეთავთ - 7. ერთი სიტყვით, ლიმონათის ჭიქაში დასხმაში 2 ლარს იხდით.
რა გითხრათ, ხშირად ვივლი? არ ვიცი, ალბათ არა. მაგრამ რამდენი ბურგერი ან კარგად შემწვარი ხორცი მომინდება, ყოველ ჯერზე მივალ - მენიუში ტენდერლოინიც აქვთ, რომელიც აუცილებლად უნდა გავსინჯო. ჩემი აზრით, ფართია პატარა და ადგილია რაღაც უპერსპექტივო. მით უმეტეს, ასეთი კონცეფციის ბისტროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ძალიან მომწონს „გრაუნდ 84“, სამწუხაროდ, არ გვიყვარს ქართველებს საჯაროდ ახლის სწავლა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ ასეთ დროს, განსაკუთრებით პატარა ბისტროში. ძვირიანი რესტორნისგან, ჯანდაბას, ავიტანთ კიდევ, მაგრამ არამგონია ბევრს ესიამოვნოს, როცა მიმტანი გიმარცვლავს საჩუქრად მორთმეული სამი სახეობის პურის დასახელებას. უარეს დღეში გვაგდებს მენიუში ჩამოთვლილი უცნობი პროდუქტები და ასარჩევად შემოთავაზებული ოთხი სახეობის სვეცკურად პასტა და ჩვენებურად მაკარონიც - ფეტუჩინი, ტალიატელე, პენე და ა.შ. არ ვართ ჯერ ამისთვის მზად... ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾

მისამართი: თბილისი, პეკინის 8

Reactions:

0 comments:

Post a comment