Skip to main content

„ბრედბარი“ - საკონდიტრო ყიფშიძეზე

მოხალული ნიგვზით გაძეძგილი, ახალგამომცხვარი, ჯერ კიდევ თბილი ვაშლის კექსი, უგემრიელესი სტაფილოს ნამცხვარი, თბილისში საუკეთესო „ზებრა“, ძალიან გემრიელი ჟოლოს და ფორთოხლის ჩიზქეიქები, კლასიკური ჩიზქეიქი, კლასიკური, კენკრის და ალუბლიოს „ოპიუმი“, თბილისში საუკეთესო „ოპერა“ ნამდვილი შოკოლადის განაშით, ფენოვანი ცომის უნაზესი ხვეულები, ანანასის ბონდები,  თბილისში საუკეთესო ქათმის ღვეზელი, საკმაოდ კარგი აჩმა, კარგად შეკმაზული სალათების ფართო არჩევანი, ქათმის და საქონლის კატლეტბი  და თბილისში ერთ-ერთი უგემრიელესი თეთრი პური...
უკვე მერამდენეჯერ გავიმეორე „თბილისში საუკეთესო“? დიახ, ამ ყველაფრის გასინჯვა ყიფშიძის დასასწყისში, პაწაწუნა და საკმაოდ კოხტა კაფე „ბრედბარში“ შეგიძლიათ.
რა არ მოგეწონებათ? „ოპერა“ სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება ასორტიმენტში. ქათმის ღვეზელი ერთი დღე ძალიან გემრიელია და მეორე დღეს უბრალოდ გემრიელი, როგორც ჩანს, მზარეული იცვლება, წინა დღის ნაყიდი კი ისეთი უგემური ხდება, რომ საერთოდ აღარ იჭმევა - შიგთავსი ფუჭდება. ნამდვილად ვერ ვხვდები რატომ. სამაგიეროდ, კექსები ინახება არაჩვეულებრივად - მთელი კვირა თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ერთნაირად ფაფუკი და ნოტიო ნამცხვარი. უბრალოდ არ ვარგა იმერული ხაჭაპური. ხან მარილიანი ყველია, ხან უგემური ყველი, მოკლედ, რამდენჯერ არ ვიყიდე, არც ერთხელ არ გაამართლა და შევეშვი. მით უმეტეს, როცა იქვე გეგულება ძალიან გემრიელი ქათმის ღვეზელი, კიში ან თუნდაც აჩმა. მომსახურებაც უმარილო, თბილისური: გააჩნია რა ხასიათზე არიან, ხან შემოგხედავენ ხან არა. თან ისეთი სახით გიყურებენ, აშკარად ვალი გაქვს მათი. საბედნიეროდ, მენეჯერს ეცოდება ხოლმე სალაროსთან მორიდებულად ატუზული ხალხი და ინიციატივას თვითონ იღებს ხელში. სამი ღვეზელის ნაცვლად რამდენჯერმე ორი გამატანეს, ოთხის ნაცვლად სამი. პური არ დამიჭრათ-თქო, დამიჭრეს. ერთი სიტყვით, დიდი ყურადღებით არ გისმენენ. შეკვეთით დამზადებული რვანაჭრანი პიცა სახლში მიტანილზე ექვსნაჭრიანი აღმოჩნდა...
რა უნდა გაითვალისწინოთ - ძალიან, ძალიან გემრიელ (ლამის თბილისში საუკეთესო) ბრუსკეტას თუ შეუკვეთავთ, ყურადღება მიაქციეთ, კარგად გააცხელონ, თორემ აშკარად ნიჭიერი მზარეულის მზრუნველი ხელით პამიდორზე გულუხვადდახეხილი ყველი თუ არ გადნა, თავადაც მოგეხსენებათ, რა საშინლენელებაა უმი პარმეზანით გამოვსებული პირი.  როგორც ზემოთ უკვე გითხარით, ქათმის და ხორცის ღვეზელს ნუ იყიდით „ხვალისთვის“ ან „დილისთვის“, იმ დღესვე ჭამეთ. სამაგიეროდ, თამამად შეგიძლიათ ხელს გააყოლოთ სალათა „ცეზარი“, რომელიც გარდა იმისა, რომ გემრიელია, იმდენად ჭკვიანურადაა მომზადებული, რომ სახლში „ცოცხლად“ მიგყვებათ და არ მოგიწევთ მაიონეზში დამბალი და ფაფადქცეული ორცხობილის სალაფავში მომჩვარული სალათის ფოთლების ხრევპვა. 
გამომცხვარ ჩიზქეიქს უმად მომზადებული ჯობია (თუმცა, კაცია და გუნება) და მთლიანი ტორტის ყიდვაზე მეტად, ნამცხვრების ასორტის წაღებას გირჩევთ. 
და, აუცილებლად, აუცილებლად გასინჯეთ ვაშლის და სტაფილოს კექსები, უფრო მეტიც, სადაც თავის მოწონება გინდათ, თამამად წაიღეთ ყველგან. მერწმუნეთ, ყველგან და ყველა იკითხავს, საიდან ეს უგემრიელესობაო.

სამზარეულო « « « «
მომსახურება « «
კომფორტი «««
ფასები ₾ ₾ ₾ ₾

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე. არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესი