Skip to main content

ბროტმაისტერი რიგის (თაქთაქიშვილის) ქუჩაზე

შიგნით - ახალმოდუღებული, ხარისხიანი ყავისა და ახალგამომცხვარი ფუნთუშების საიამოვნო სურნელი. სალათების მენიუ. ადგილზე გამომცხვარი პურის ფართო ასორტიმენტი. შინაური ლიმონათი. თავაზიანი და მომღიმარი, ენერგიული, ახალგაზრდა მიმტანები. კომფორტული და მეგობრული გარემო.
გარეთ - მოუხერხებელი პარკინგი, დაუსრულებელი მშენებლობა, ფეხებწასამტვრევი ტროტუარი... მოკლედ, ყველაფერი იმისთვის, რომ დიდი ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის რჩევისამებრ „ჯერ მწარე ჭამო, კვლავ ტკბილი“ და ასე გაიორმაგო სიამოვნება.
მიუხედავად ამისა, ნამდვილად ღირს ამ პატარა უხერხულობების გადალახვა იმისთვის, რომ მოხვდე მოდერნისტული (ჰაი-ტექსანათები, დახლები, მაგიდები), შები შიკისა (სავარძლები, კრაკელურიანი კარადა) და გრანჟეს (საჰაერო ბურთის ფორმის რკინის ჭაღი, ჰექსაგონის ფორმის მეტლახი) დიზაინერული მიმდინარეობების უცნაური ნაზავით შეკოწიწებულ, მაგრამ მაინც თავისებურად კოხტა კაფეტერიაში. 
რა დაგხვდებათ
გემრიელი საჭმელი - ახალდამზადებული სენდვიჩები და ბრუსკეტები ადგილზე გამომცხვარი პურით, არომატული სუპები, სალათების მაგიდა სადაც თვქენი სურვილისამებრ ირჩევთ ინგრედიენტებს და სოუსებს, ახალგამომცხვარი ნამცხვრების საცხობისთვის მცირე, მაგრამ გემრიელი არჩევანი (ჩიზქეიქი, ავსტრიული ტოტი „ზახერი“, კენკრის ტარტი, ვაშლის შტრუდელი, ქაფქეიქები და ეკლერები), ყავის რამდენიმე სახეობა, შინაური ლიმონათი, კომპოტები...
კარგი მომსახურება - მომღმარი, თავაზიანი, სხარტი და კონტქატური მიმტანები. საბავშვო მენიუ, ბავშვის სავარძელი, ფერადი ფანქრები და გასაფერადებელი ალბომები ბავშვებისთვის. ერთი სიტყვით, იდეალური ადგილია სახლიდან ბავშვებთან ერთად გასვლისთვის.
რას გირჩევთ
თუ გშიათ, თამამად ჩაიხედეთ მენიუში და რაც არ უნდა შეუკვეთოთ, კმაყოფილი დარჩებით.
„ზახერს“ - შოკოლადის, ზომიერად ნოტიო კექსს გარგრის ჯემით.
ვენურ ყავას - კარგი ყავა, შოკოლადით, ჯავზის კაკლით და დარიჩინით.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ორივე ისეთი მსუყეა, რომ ნამცხვარს ჯობია ამერიკანა ან ნებისმიერი სხვა „შეუსუნელებელი“ ყავა მიატანოთ, ვენური და ავსტრიული ყავები კი თვითონ ასრულებენ დესერტის მოვალეობას.
როსტბიფის სალათს და ბრუსკეტას ლორით.
"შტრუდელს" - ბოლოსდაბოლოს, ავსტრიულ კაფეში მოხვედით.
ფსტის, ყავის და ვანილის ეკლერებს, რომლებიც გაცილებით უფრო გემრიელია ვიდრე გამოიყურება. 
აუცილებლად გასინჯეთ შინაური ლიმონათიც. აქ ხილის წვენს უბრალოდ კი არ წურავენ, სიფონით გაზავენ კიდეც.  გაზიანი და ყუბულებიანი გამაგრილებელი სასმელი თუ არ გსურთ, აქვთ ადგილზე მომზადებული კომპოტებიც. განსაკუთრებულად ორიგინალურია ლეღვის კომპოტი დარიჩინით.
„ბროტმაისტერში" იმდენად თბილი ატმოსფეროა, რომ "რა არ მომეწონაზე" ენა არ მიბრუნდება, ამიტომ - რას გავაუმჯობესებდი
პირველ რიგში გამოვცვლიდი ჭურჭელს, რომლითაც სალათა მოაქვთ. თიხის უზარმაზარი ჯამი ემალმოსხმული საბჭოთა ტაშტის ასოციაციას იწვევს. განსაკუთრებით, როცა გვერდით მაგიდიდან უყურებ - საკმაოდ არაესთეტიკური სცენაა უზარმაზარ მათლაფაში თავჩარგული ადამიანი. სხვათა შორის, ტაშტის ვიზუალურ მხარზე შენიშვნა როგორც კი გამოვთქვი, მიმტანმა მაშინვე სალათის დაფაზე მორთმევა შემომთავაზა.  
ნაწილობრივ შევცვლიდი დიზაინსაც - პირველ რიგში მოვაშორებდი მოდერნის ელემენტებს. ალუმინის თანამედროვე სანათები და ლამინატის დახლები ძალიან არ უხდება იმ ავსტრიული ალპების სტილს, რომლის შექმნასაც ცდილობენ. რაც ქვეშეცნეულ დონეზე  გარკვეულ დისკომფორტს იწვევს და ბოლომდე რელაქსაციის და სიამოვნების მიღების საშუალებას არ იძლევა. იცით როგორ? აი, ყველაფერი მოგწონს, მაგრამ მაინც არ ხარ ბოლომდე კმაყოფილი.
პრობლემაა პორციებთანაც - როგორც ჩანს, ნამცხვარს თვალით ჭრიან. მაგიდასთან დიდხანს და მხიარულად ვარჩევდით, ვის უფრო დიდი „ზახერი“ ერგო წილად. ნამცხვრის კუთხეებიც არ იყო მთლად აკურატულად ჩამოჭრილი, რაც უგემრიელეს ნამცხვარს გარეგნულ მიმზიდველობას უფუჭებს და რესტორანში ჭამის შეგრძნებას გიკარგავს, სახლში, ბლაგვი დანით ჩამოჭრილს გავს.
მეტყვით, შარზე ხარ ამ წვრილმანებს რომ დასდევო. კი, ბატონო. მაგრამ წვრილმანები რომაა, მით უფრო მარტივი ხომაა გამოსასწორებლად და მერე იდეალური იქნება ყველაფერი.
ძალიან საყვარელი და სასიამოვნო მიმტანების ფონზე, ვისი ხათრითაც კიდევ არაერთხელ დავბრუნდები "ბროტმაისტერში", თვალში არასასიამოვნოდ მოგხვდებათ აშკარად უფრო მაღალი რგოლის მენეჯერები, რომლებიც მკაცრი სახით და საომარ პოზაში გადაჯვარედინებული ხელებით, ლამის წელამდე სიგრძის გაშლილი თმით, ამაყად თავაწეულები და ქედმაღლური მზერით დეფილირებენ სამზარეულოსა და დარბაზს შორის. ჯანდაბას, გამომეტყველება, ყველა დაუწერელ და დაწერილ კანონში, ყველა ჰიგიენის, სისუფთავისა  და უსაფრთხოების დაცვის ნორმებში თუ წესებში კატეგორიულადაა ჩაწერილი, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სტუმრის გარდა არავინ, არავინ, არავინ დადის და მით უმეტეს „მოღვაწეობს“ გაშლილი თმით.
და, კიდევ... ისე მომწონს „ბროტმაისტერი“, გული მეწურება, მაგრამ რომ არ ვთქვა, მერე დანარჩენი რესტორნების მიმართ ვეღარ ვიქნები ობიექტური. არ შეიძლება თბილისში ყველაფერი ასე კარგად იყოს-მეთქი და ხუმრობით, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის და მოლოდინის ან ეჭვის გარეშე, ავუსვი თითი ზუსტად ჩემი მაგიდის გვერდზე, ნაცრისფერი კარადის კიდეს... თითზე მტვრის სქელი ფენა ამყვა... და პრინციპში იატაკსაც არ აწყენდა (განსაკუთრებულად კუთხეებში) სუფთა ტილოს გამოსმა. 

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « « «
ფასები ₾ ₾ ₾ 

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე. არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესი