Skip to main content

ინგლისური ჩაის სახლი მარჯანიშვილზე

ნამდვილი „ბრაუნი“ - ბევრი შოკოლადით, ბევრი ნიგვზით. გარედან გამომცხვარი, ხრაშუნა. შიგნით სველი, დაზეპილი და თბილი. ზემოდან შოკოლადის და კარამელის სოუსებით მოწუწული, ნაყინის ბურთებით - აი, რისთვის უნდა მიხვიდეთ „ინგლისურ ჩაის სახლში“. ასეთ „ბრაუნს“ სხვაგან ვერსად ნახავთ. ეს „ბრაუნი“ სამუდამოდ შეცვლის თქვენს შეხედულებას „ბრაუნზე“. აღმოაჩენთ, რომ „ბრაუნი“ არ ყოფილა ჩვეულებრივი კაკაოს კექსი, რომელსაც კაცმა არ იცის რატომ ჭამენ ნაყინთან ერთად. პირდაპირ გეტყვით, საერთოდ ბევრად გემრიელი და უკეთესად მომზადებულებიც არსებობს, მაგრამ მოცემულ მომენტში ესაა თბილისში საუკეთესო. მართლა გემრიელი, მართლა არომატული და ზუსტად ისეთი ჩაცომებული, როგორიც უნდა იყოს „ბრაუნი“. ზუსტად ეს თვისება გამოარჩევს „ბრაუნს“ ჩვეულებრივი კექსისგან და არც ნაყინის მიტანებაა სავალდებულო. თუმცა, ძალიან უხდება, ოღონდ თბილს.
ზოგადად, კულინარიაში მიღებული წესია, რომ ტექსტურის დასაბალანსებლად და კიდევ უფრო გასაკეთილშობილებლად მშრალ, უკრემო ნამცხვართან მისატანებლად კრემის ნაცვლად სოუსს ამზადებენ. ამიტომ მოაქვთ თბილი კექსები და პეროგები ნაყინთან ერთად (ნაყინი დნება და სოუსის მოვალეობას ასრულებს), ან ცივი კექსები თბილ სოუსთან ერთად, რაც გარდა ტექსტურისა, ტემპერატურის სასიამოვნო კონტრასტსაც იძლევა. „ბრაუნი“ იჭმევა ცხლად და ამიტომაც ძალიან უხდება ნაყინი.
მოკლედ, „ინგლისური ჩაის სახლის“ „ბრაუნი“ ეს ის შემთხვევაა, როცა მარტო ერთი კერძისთვის მიდიხარ სადმე. მერე რა, რომ სხვა ნამცხვრებიც მეტ-ნაკლებად კარგი და ნორმალური აქვთ. კარგია Whittard-ის ჩაიც, თუმცა „ჩაის სახლში ოპერასთან“ ასევე კარგ ჩაის უფრო იაფად დალევთ. იგივეს გეტყვით დანარჩენ მენიუზეც - ყველაფერი  უფრო ძვირი, ძვირი და ძვირია, ვიდრე ბევრგან. გამორჩეულ „ბრაუნში“ ცოტა მეტს და უფრო მეტსაც სიამოვნებით იხდი, მაგრამ ასეთივე და უფრო გემრიელ ბლინებს კი სხვაგან უფრო იაფად შეჭამ.
ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია რა უნდა თუნდაც ინგლისურ, მაგრამ მაინც ჩაის სახლში ფახიტასს, ბეფსტროგანოვს, საქონლის სუკს სოკოთი და ნაღებით, სტეიკს გარნირით და პაბის (ბრიტანული ლუდის ბარის) სხვა კერძებს. ამ ფონზე ბევრად უფრო ლოგიკურია მოხარშული ხაჭაპური, რომელიც საღი აზრიდან და სურათიდან როგორც ჩანს, მოხარშული ხაჭაპური კი არა, რაც არ უნდა დაარქვა, მაინც მეგრული კვერი ანუ მრგავლი და დაბრტყელებული პელმენია.  
ასევე ძალიან ძვირია ალკოჰოლური სასმელები და კოქტეილებიც. საფირმო ჩაის კოქტეილი არც მეტი, არც ნაკლები 33 ლარი ღირს. ნეტავ, რას ასხამენ შიგნით? ან ის კაცი მანახა ჩაის სახლში რომ წავა დასათრობად ან ბარში კოქტეილის მოსაწრუპად. მე პირადად ძალიან გამიტყდება, მე რომ ჩაის ვსვამ ელეგანტურ კაფეში და გვერდით მაგიდასთან ვიღაც ღრეობს. უფრო მეტიც, ძალიან არ მესიამოვნება „ელ გრეის“ არომატი ღორის კანჭის არომატთან ერთად. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი.
მომსახურება - არც შენ გაწუხებენ და არც თვითონ იწუხებენ ზედმეტად თავს. ძალიან ცივი, ღიმილის გარეშე, მკაცრი სახით - ალბათ კაფის მენეჯმენტის აზრით, ინგლისური.
გარემო? ჰოოო, ერთი შეხედვით საკმაოდ სასიამოვნო კაფეა. მაგრამ კედლები, ჭერი, იატაკი, ბოლო ხმაზე კივის, იხვეწება, მუხლზე დაჩოქილი ითხოვს რემონტს. იატაკზე დაჩეჩქვილი და ამოტეხილი ლამინატი, პლინტუსების გასწვრივ გახსნის დღიდან დაგროვებული და დატკეპნილი ჭუჭყის კანტი, კედლებზე ლაქები და კუთხეებში დაგოფრილი შპალერი, ტალახიანი ფეხსაცმლის ხახუნისგან უმოწყალოდ დაბინძურებული და გატუტყნული რბილი ავეჯი, ვიტრინებზე ოღრო-ჩოღროდ ჩამოკიდებული სურათები, უზარმაზარ ვინტაჟურ ჭაღებზე ალაგ-ალაგ გადამწვარი ნათურები.
და, რაც მთავარია და რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, შემსვლელებისგან კი არა, დრო-ჟამისა და უპატრონობისგან მომსპარი საპირფარეშო: ატკეჩილი მეტლახი, გატეხილი უნიტაზის ავზი უზარმზარაი ბზარებით, ჩამოტეხილი სარკე, წყლის ნალექისგან ყვითლად მოჭიქული ნიჟარა, შტეფსელზე მიწებებული თმები, ხელის საშრობზე  ჭუჭყიანი ჩვრებისგან დარჩენილი ზოლები და მთელ სიგრძეზე უზარმაზარი ღრიჭო კარებში, რომელიც საერთო დერეფანში გადის. სანამ შიგნით ხარ შენ ხომ იცი რა ხდება გარეთ, მაგრამ გარეთ გამვლელებიც საქმის კურსში არიან შენ რას აკეთებ შიგნით.
იცით რაზე დავფიქრდი ახლა? საჯარო და გამოსაჩენი ადგილები რომ ამ დღეშია, წარმოგიდგენიათ სამზარეულოში რა ხდება?
მოკლედ, პირველ ორ აბზაცს ქვემოთ ყველაფერი დაივიწყეთ და წადით „ბრაუნის“ საჭმელად. იმისთვის მაინც, რომ გასინჯოთ როგორია ნამდვილი „ბრაუნი“ და უზარმაზარი სიამოვნება მიიღოთ. და, ჩაის კოქტეილის ან მოხარშული ხაჭაპურის გასინჯვას თუ გარისკავთ ვინმე, გეხვეწებით, არ დაიზაროთ და აზრი გამიზიარეთ.

სამზარეულო « « « «
მომსახურება « «
კომფორტი « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 5 (მარჯანიშვილის თეატრის პირდაპირ) 

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე. არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესი