Skip to main content

საბატონო გრიბოედოვზე

პატარა, კოხტა ტავერნა, ხეში ჩასმული საკმაოდ სუფთა, სასიამოვნო ინტერიერით, ფანჯრის დარაბებზე ჩამოწერილი მენიუთი და ბევრზე ბევრი ეგზოტიკური თუ „შინაური“ ცოცხალი ყვავილებით - ბალბებიანი თუ ბეგონიებიანი ქოთნებით ფანჯრის რაფებზე და იასამნებით თუ გვირილბით დატენილი ვაზები ბარის მაგიდაზე.
მომსახურება კარგი, ზრდილობიანი, ღიმილით, თუმცა ზედმეტ კითხვას არ დაგისვამენ. პიკი საათებში ცოტა ნელი, მაგრამ ასატანად.
სამზარეულო - ტიპური, ტრადიციული ქართული თავისი ხინკალ-ქაბაბით, სალათებით, ფხალეულითა და ცხელი კერძებით. ხინკალი - ჩვეულებრივი, ქაბაბიც. სამაგიეროდ, სხვა რესტორნებისგან განსხვავებით ქაბაბთან საწებელი მოაქვთ ბლომად, სამყოფი. 
ხაჭაპურები თბილისური, ერთი ცომით და ერთი ყველით ერთნაირად ღუმელში გამომცხვარი. მეგრული თავზე ყველით და კვერცხით, იმერული თავზე ყველის გარეშე. გამოვყოფდი საუკეთესო რაჭულ ლორს და ქათმის მწვადს. ამ უკანასკნელს რატომ? იმიტომ, რომ ჩემდა გასაოცრად, აქ ხორცი ცოცხალი ქონიათ და არაფერი შეედრება გაუყინავი ქათმის სწორად შემწვარ, ცვრიან ხორცს, კბილებს რბილად რომ ჩაასობ და ენაზე რომ დადნება. არ ვიცი, მე გამიმართლა თუ სულ ასეა, მაგრამ ასე კარგად და გემრიელად შემწვარი ქათამი და მით უმეტეს ფილე ჯერ არ მიჭამია თბილისში.
აქვე შეგიძლიათ გადაჭრათ ქართული ლიტერატურის ცნობილი დილემაც და თავად გადაწყვიტოთ ბოზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა. ორივე ძალიან გემრიელი აქვთ.
რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, ტავერნა "საბატონოდ" წოდებულ ამ ქართული ტრადიციული დუქნისა და ევროპული პაბის საკმაოდ წარმატებულ ნაზავში ძალიან გემრიელი აქვთ ჩაი, რომელსაც ტავერნისთვის უჩვეულოდ კარგი და ლამაზი ჩაიდნით მოგართმევენ.
აქვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ისეთი ექსკლუზიური სერვისი, როგორიცაა ქართული ტრადიციული სუფრა - ტრადიციული თამადითა და მაგიდასთანვე მოწვეული ქართული ხალხური სიმღერების პრფესიონალი შემსრულებლებით. ჩვეულებრივ დღეებში კი აქ დაგხვდებათ ბევრი უცხოელი, კარგი სმა ჭამის მოყვარული ადგილობრივები და დაბალ ხმაზე ჩართული უცხოური, მაგრამ საბედნიეროდ, საკმაოდ გემოვნებიანი მუსიკა და რაც მთავარია, კედელზე ყოველი შემთხვევისათვის ჩამოკიდებული, მაგრამ გამორთული, დიახ, გამორთული ტელევიზორი.

სამზარეულო « « « «
მომსახურება  « « « «
კომფორტი    « « « «
ფასები  ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, გრიბოედოვის 30

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი...

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს...

„ვეფხი და მოყმე“ - იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა

დაცდილი მაქვს, ოდესმე ვინმეზე რამე ცუდი დაუმსახურებლად თუ მითქვამს ან მიფიქრია, უკან დამბრუნებია... არ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სანაპიროზე, „ვეფხის და მოყმის“ ობელლისკის მოპირდაპირე მხარეს, გაგარინის აღმართზე, უტროტუარო, მისასვლელად მოუხერხებელ, მანქანის გასაჩერებლად მიუდგომელ და გაგანია საცობებით გადატვირთულ ადგილას ამაყად აღმართულ, არც მეტი არც ნაკლები, ოთხსართულიან რესტორანს, რომელიც შენობის თანამედროვე, ევროპული არქიტექტრურისთვის და კლასიკური ტიპისთვის სრულიად შეუფერებელ და აშკარად ადგილმდებარეობას მისადაგებულ სახელწოდებას - „ვეფხ და მოყმეს“ ატარებდა, იმდენი ვფიქრობდი: ღმერთო, რამდენი ზედმეტი ფული, უაზრო ამბიციები და ცოტა ტვინი უნდა გქონდეს, ასეთ შეუფერებელ ადგილას, რომ მოგების და ხეირის ნახვის იმედით, ამხელა რესტორანი ააშენო-მეთქი. ჰოდა, როგორც უკვე გითხარით, ჩემი უსამართლო ფიქრებისთვის მალევე დავისაჯე და განგების ნებით, ძველით ახალი წლის ღამეს, წინასწარ შეკვეთილ სუფრაზე „ვეფხისა და მოყმის“ ე.წ ვეროპულ დარბაზში ამოვყავი თავი. რა დამხვდა? სუფთა, ე...