Skip to main content

მაესტრო ოპერის გვერდით

ცოტაღა შემორჩა თბილისს გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში გახსნილი პოპულარული რესტორნები - „ქალაქური“, „ზაზანოვა“, „კანაპე“, „ბარაქა“... სწორედ ერთ-ერთი მათგანია „მაესტრო“ - არცთუ ისე პატარა, მაგრამ მყუდრო კაფე ოპერის გვერდით. საღამოობით ვიოლინოზე შესრულებული პოპულარული მელოდიებითა და თავისი ერთგული კლიენტებით.
„მაესტროში“ მისვლა წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც მიწევს - მეგობრის დაბადების დღეზე. უკვე ბევრი წელია ასეთი ტრადიცია გვაქვს. რა დამხვდა ამჯერად? ალაგ-ალაგ შეიცვლილი ინტერიერი, რაც საკმაოდ იშვიათია თბილისის კაფეებში და აქა-იქ გადახალისებული მენიუ, ტრადიციული შეცდომებით - გამოტოვებული ასოები, არასწორად დაწერილი დასახელებები. რაც, როგორც ჩანს თბილისის რესტორნების ჯვარია, რომელიც უნდა ატარონ. სანთლით რომ ეძებო, სულ რომ სამი კერძი ეწეროს, მენიუს ხარვეზების გარეშე ვერ ნახავ.
განახლებულია საფირმო კერძებიც - ასევე გასული საუკუნის 90-იანი წლების რესტორნების ამოსაცნობი უტყუარი ნიშანი. რატომღაც ითვლებოდა, რომ აუცილებლად უნდა ქონოდათ საფირმო ძირითადი კერძი ან სალათა ან ნამცხვარი ან სამივე ერთად. მენიუში ასეთი ოპციის არსებობას მაშინ აქვს აზრი, როცა ამ კერძისთვის დადის ხალხი. გაგონდებათ ერთი შემთხვევა მაინც, როცა სადმე საფირმო კერძისთის მიხვედით? აქაც ასეა, საფირმო კერძი აქვთ იმისთვის რომ ქონდეთ. თორემ კაცი არ მეგულება ვინც ერთხელ თუ შეცდა, მეორეჯერ შეუკვეთოს ყველის სოუსში ამოგანგლული დაწეწილი ხორცის თეფშზე დატყეპებული ძალიან არასიმპათიური მასა გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან ერთად. გასაგებია, რომ ასევე 90-იანი წლების ჰიტის - დაწეწილი ხორცის მაიონეზიანი სალათის განახლების მცდელობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ყველის სოუსი ცხელი თუ არაა არ ვარგა და მას მაგიდაზე ჩასადგმელ კერძებთან არ იყენებენ. მხოლოდ პორციულისთვისაა - მოგიტანეს, ჭამე და გათავდა. ამიტომ ზუსტად 15 წუთში კანაფის ძაფივით შრება ცხელსოუსმოსხმული და გადაზელილი ხორცი, თვითონ სოუსი კი უსიამოვნოდ ყვითლდება.  არადა, ხომ შეიძლებოდა აეღოთ ყველაფერი იგივე, ოღონდ ხორცის ნაჭერი შეეწვათ, თხლად დაეჭრათ და მოეტანათ გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან და ყველის სოუსთან ერთად.
არ ვარგა საფირმო დესერტიც - ხაჭოს კრემი, მზა პავეზინები, ტირამისუს ჩხირებს რომ ეძახიან ჩვენში და ჟოლო. კრემში ხაჭო ცუდადაა გათქვეფილი და პირში უსიამოვნო კურკუტები გხვდება, საფირმო კერძში ვერც მზა ბისკვიტების გამოყენებაა მაინცდამაინც მისასალმებელი და თან მოტანილი სამი პორციიდან ერთი აშკარად ძველი იყო - კრემი გამხმარი და დამსკდარი იყო უკვე ზემოდან, ლამის ამჟავების ზღვარზე.
არ მომეწონა კოქტეილებიც - ხილის წვენში მარტივად ჩასხმული ალკოჰოლი. თანაც მენიუში ჩამოთვლილი 5 თუ 6 ლიქიორიდან, ბარში ერთი ედგათ მხოლოდ.
აბა, რატომ უნდა მივიდეთ „მაესტროში“? ქართული ტრადიციული კერძები კარგი აქვთ. მართლა. ბადრიჯანი ნიგვზით, სოკო კეცზე სულგუნით, ხაჭაპური, სალათები... რა ქნას მზარეულმა? ძველი სკოლისაა და ძალით ატენიან თანამედროვე კერძებს.
კარგია უკვე ასაკოვანი, მაგრამ ძალიან სიმპატიური მევიოლინეც, რომელიც განსაკუთრებულს ხდის „მაესტროში“ ჯდომას.
მომსახურება... ზრდილობიანი, მაგრამ უინიციატივო და უყურადღებო. მერე რა, რომ მესამედ კითხულობ, რა სასმელები აქვთ ბარში, აზრათ არ მოსდით რამე შემოგთავაზონ და წაგაქეზონ. უფრო მეტიც, მოქანდებიან, დასვრილ თეფშებს, ჭიქებს და დანა-ჩანგალს აგაცლიან და სამაგიერო არ მოაქვთ. საჭმლით სავსე სუფრასთან თეფშის გარეშე გტოვებენ. რომ დავუძახეთ, რას შვებითო. გვეგონა მორჩით ჭამასო - ჩვენი ღორმუცელობით გაოცებული დარჩნენ.
ფასები? ფასებიც თბილისური - მაღალი, საკმაოდ მაღალი.
ჰოდა, კიდევ იცით რა მოგიშლით ნერვებს? კედელზე უაზროდ ჩამოკიდებული უზარმაზარი ტელევიზორის ციმციმი, სადაც კაცმა არ იცის რატომაა ჩართული ფეხბურთი ვიოლინოს ცოცხალი შესრულების ფონზე. გასაგებია, რომ ტელევიზორით ჩემპიონატების დროს ფეხბურთის მოყვარეულების მოზიდვას ცდილობენ (მერე რა რომ რამდენიმე მაგიდიდდან არ ჩანს), მაგრამ როცა ჩემპიონატი არაა ხომ შეიძლება გამორთონ?

სამზარეულო  « « «
მომსახურება « «
კომფორტი    « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ლაღიძის 2

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი...

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს...

ფოთის ჯარგვალი

აჭარაში ან გურიაში რომ ხარ და კაცმა არ იცის რატომ, მეგრული საჭმელი მოგენატრება, სად უნდა წახვიდე? რა თქმა უნდა - ფოთში. მერე შვებულების განმავლობაში ნაჭამ მეგრულ საჭმელს რა ფასი აქვს ბუნებაში, მეგრულ ოდაში, ფაცხაში ან ჯარგვალში, ხის ტაბლაზე და კერიასთან ახლოს თუ არ მიირთვი. ჰოდა, სწორედ ასეთი ადგილია ასწლოვან ევკალიპტებში საგულდაგულოდ შემალული „ჯარგვალი“ მალთაყვაში, ზედ ფოთის შესასვლელთან. ოღონდ, არის ერთი პატრა პრობლემა:  გეფიცებით, თუ არ იცი სადაა და თვალებგაფაციცებული თუ არ ზიხარ მანქანაში, გზიდან ასე 20 მეტრზე შეწეულ და გარემოს იდეალურად შეხამებულ ეზოს, შანსი არაა, ვერ მიაგნებ. და, შესახვევთან თუნდაც პაწაწინა მაჩვენებლის დაყენება აგერ უკვე მერამდენე წელია, არავის მოსდის აზრად. განსაკუთრებულად მონდომებულები ისედაც აგნებენ - გაგიკვირდებათ და საღამოსკენ შეიძლება ადგილიც არ დაგხვდეთ. ეჰ. ადრე ყველაფერი კარგი ქონდათ, ახლა კი: ელარჯი, შემწვარი წიწილა, მეგრულად შეკმაზული კიტრი-პამიდვრის სალათა და მეგრული სულგუნი საკმაოდ კარგად ინარჩუნებს უწინდელ ხარისხს. შარშან, შარშანწინ და იმ...