7 May 2017

ჰარდ-როკ კაფე თბილისში

პირველი „ჰარდ-როკ კაფე“ ლონდონში 1971 წელს გაიხსნა და ცნობილი როკ-შემსრულებლების ნაქონი ნივთების გამოფენებითა და მხიარული პერსონალით სახელგანთქმულ სასადილოს, მას მერე 60-ამდე ქვეყანაში 200-ზე მეტი ფილიალი აქვს. შარშან ჩვენც გვეღირსა ჩვენი წილი ბედნიერება და თბილისში პირველი „ჰარდ-როკ კაფე“ გაიხსნა.
260 სტუმარზე გათვლილი ართბილისური, კარგი და ხარისხიანი მომსახურება. 1300 კვადრატულ მეტრზე და ორ სართულზე გაშლილი სასიამოვნო გარემო. სტერილური სისუფთავე. ცოცხალი მუსიკა - ხშირად ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის შესრულებით. აბა, სხვაგან სად გიმღერებთ ქვეყნის პარლამენტარი? აწყობილ ქვეყნებში სიმღერისთვის სად ცალიათ ხალხის რჩეულებს, საქმე აქვთ საკეთებელი. ჟან-პოლ გოტიეს ოქროს ხელებით შექმნილი მადონას ბიუსტიე, მაიკლ ჯეკსონის  ბლუზა და სხვა რელიკვიები. ამერიკულად ბარაქიანი და გულუხვი, არაჯანსაღი, მაგრამ გემრიელზე გემრიელი ამერიკული კლასიკური სამზარეულო - ბურგერებით, სტეიკებით, სენდვიჩებით და ამერიკულ ყაიდაზე გადაკეთებული ქართული კერძებით. და, რასაკვირველია, როგორც „ჰარდ-როკ კაფეს“ ქართველი მესვეურები ამბობენ, ქართველ მომხმარებელზე გათვლილი, მაგრამ სინამდვილეში სრულიად არაქართული ფასებით. ეტყობა, მაღალი გადმოსახედიდან ძალიან გაზვიადებული შეხედულება აქვთ ქართველი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მეტ-ნაკლებად გემრიელ ბურგერს და სტეიკს უკვე ბევრგან შეჭამთ, სხვაგან ბევრად უკეთესი ცოცხალი მუსიკითაც დატკბებით. აბა, რისთვის უნდა მიხვიდეთ?
1. საფირმო ქათმის და რუკოლას სალათისთვის. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ მომდევნო მისვლაზე სალათში ქათმის ხორცისა და ფორთოხლის რაოდენობა კლებულობს, სალათის ფოთლების წილი კი იზრდება. შტოში, რომელიც განუმეორებელ გემოს ანიჭებს სალათს, ყოველ მისვლაზე სულ უფრო და უფრო შრება და ფშიკინდება - ბოლოს აღარ იღეჭებოდა. აბა, რაღა აქვს სალათს კარგი? განუმეორებელი ლიმონის და ბალზამიკოს ვინეგრეტი, რომელიც ქვას რომ მოასხა და გალოკო, ისიც სასწაულად გემრიელი იქნება. თანაც, ადრე თუ გვიან ხომ გაუთავდებათ დაძველებული შტოში და სად წავლენ? ახალს შემოიტანენ. 
2. ორეოს ჩიზქეიქის მსუქანი ნაჭრისთვის.
3. კარგად გაწერილი და მკაცრად დაწესებული მომსახურების პროტოკოლისთვის. გულიანად გაგიღიმებენ, თავს ადამიანად გაგრძნობინებენ, ზუსტად განსაზღვრულ წუთებში, წინასწარ შედგენილი და კარგად ნასწავლი ტექსტით მოგიკითხავენ, შენს კაპრიზებს ზომიერების ფარგლებში და ცოტა მეტადაც შეასრულებენ და დამღლელი დღის მერე, სამზარეულო, ბარი, სუვენირების მაღაზია რომ დაიხურება და რესტორანიც კარგა ხნის დახურული რომ უნდა იყოს, რამდენი ხანიც არ უნდა დარჩე, მორჩილად ისხდება მთელი პერსონალი და არავინ გეტყვის წადიო და არავინ გაგრძნობინებს ამ დროს გულში რას ფიქრობენ შენზე.

სამზარეულო « « « 
მომსახურება « « « « «
კომფორტი « « « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, პეტრიაშვილის 1

0 comments:

Post a Comment