Skip to main content

Wendy’s ბარი

კარგად მახსოვს აჟიოტაჟი თბილისში პირველი „ვენდისის“ ქსელის სწრაფი კვების რესტორანი როცა გაიხსნა რუსთაველზე. კარგად მახსოვს პირველი ბეკონატორიც, კვადრატული კატლეტით, კნაწუნა, დაბრაწული ბეკონით, ხრაშუნა აისბერგის სალათის ფოთლებით და სოკოს და ყველის სოუსით გაძეძგილი პორტაბელა მელთიც, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენში უკვე კარგად დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ყოველ გასინჯვაზე სულ უფრო და უფრო უგემური ხდება.
აღარ დავიწყებ მოყოლას, როგორი არაჯანსაღია მსგავსი საკვები, აღარც იმაზე ვიდავებ „მაკდონალდსის“ ფრი ჯობია თუ „ვენდისის“. ამჯერად, არც იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ „მაკდონალდს“ ყველაფერი შემოაქვს, „ვენდისი“ კი ადგილობრივ პროდუქტს იყენებს და სწორედ ამიტომ აქვს თავის კატეგორიაში ამდენი „ზაგატის“  ოქროს მედალი. არც ისაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ „ვენდისმა“ აიძულა „მაკდონალდს“ მენიუში სალათების შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საჭმლის დიდი მოყვარული ვარ, მაინც არ მომწონს ამათი ბურგერები და რა ვქნა? არ მომწონს სრულიად უმარილო ხორცის კატლეტი, რომელიც სოუსის გარეშე პრაქტიკულად არ იჭმევა, აღარ მომწონს შემწვარი ბეკონი, რომელიც ხრაშუნის ნაცვლად ცუდად დამუშავებული ტყავივით იწელება, აღარც ის მომწონს, რომ ბურგერზე მოსხმული სოუსი და ბოსტნეული წილი თვალსა და ხელშუა მცირდება... და არც ის მომწონს ქვითარზე ნაღდი ფულის ქვეშ, ხურდის ნაცვლად „შეცვლას“ რომ აწერენ. რას იზამ? თავის დროზე ასე თარგმნა ვიღაც გენიოსმა ინგლისური change და გასწორებით თავს არავინ იწუხებს. მოკლედ, ძალიან ბევრი მსხვილმანი თუ წვრილმანი არ მომწონს "ვენდისში".
სამაგიეროდ, ძალიან მომწონს „ვენდისის“ ბარი. განსაკუთრებულად ვაკის „ვენდისში“, ჭავჭავაძის „სმარტში“. აქ ღიმილით გხვდებიან, რაც არ უნდა ბევრი ხალხი ყავდეთ გკითხავენ, გირჩევენ, დაგეხმარებიან და იმასაც გთხოვენ, არ დაიზარო და მათ შერჩეულზე გასინჯვის მერე აზრიც გაუზიარო. აქ კარგი ნამცხვრებიც აქვთ - "ვენდისის" რეცეპტებით აქვე, "სმარტის" სამზარეულოში გამომცხვარ. თანაც როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, თურმე "სმარტს" ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და სანიტარული ნორმების დაცვით მოწყობილი სამზარეულო აქვს თბილისში. 
ძალიან გემრიელია ალუბლის, კენკრის და შოკოლადის ტარტები - არომატული გულსართით და ფხვიერი, უნაზესი ბისკვიტით, საკმაოდ ნორმალურია ჩიზქეიქიც და ჭიქაში ჩალაგებული პროფიტროლები თეთრი და შავი შოკოლადის სოუსში. არც მეტი, არც ნაკლები თვით იტალიიდანაა ჩამოტანილი ჰაეროვანი  ნუშის ტორტი ამარეტოს არომატით, რომელიც ენაზე დნება და ნიგვზით დატენილი ვაშლის ნამცხვარი. რა თქმა უნდა, კონსერვანტებით გაძეძგილი (აბა, ამდენი ხანი რა ინახავს?), მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი.
გაგიკვირდებათ და კარგი აქვთ გაზიან სასმელებზე დამზადებული კოქტეილებიც - მოხიტო (სეზონურად), კუბა ლიბრე, ჯემისონ ჯინჯერი, ჯინ ტონიკი და სხვა. შეიძლება, გადამრიე და დაუვიწყარი შთაბეჭდილების მომნიჭებელი არაა, მაგრამ ზაფხულის ცხელ დღეს, დღისით-მზისით, დათრობა რომ არ გინდა, მაგრამ ცოტა ალკოჰოლზე უარს არ იტყვი, ტრადიციულ, ნახევრადჩაბნელებულ და ჩახუთულ ბარში ჯდომა კი გეზარება, ასეთ დროს ნამდვილად შესანიშნავი ვარიანტია. 
ყავა და მსგავსი სასმელები რომ კარგია, მაგაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. "ვენდისის" სათამაშო ოთახი კი, სადაც დიდებიც მშვენივრად ვერთობით, ხომ მთლად გადასარევი.  

სამზარეულო  « « «
მომსახურება « « « «
კომფორტო  « « « «
ფასები ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე. არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესი