Skip to main content

საკე სუში ბარი

პაწაწინა, კოხტა ბარი, საკმაოდ სასიამოვნო წაიაპონურო ინტერიერით და ქართული დაუდევრობით. აბა, ელემენტარული პრეტენზიის მქონე რომელ რესტორანში ნახავთ ჭურჭლის შესანახ კარადაზე დალაგებულ და ჩამოკიდებულ ტანსაცმელს? თანაც, გამოსაჩენად, თორემ ქართული რესტორნების სამზარეულოებში და სათავსოებში რა ხდება, ისედაც არაა ძნელი მისახვედრი. ამაზე ჯობია არ ვიფიქროთ, თორემ ცხოვრების ბოლომდე სახლში მოგვიწევს საკუთარი გაკეთებულის ჭამა. 
მოკლედ, გარდა სასიამოვნო ინტერიერის, პატარა სივრცისა და თეფშებზე ჩამოკონწიალებული ქურთუკების გარდა რა დაგხვდებათ „საკე სუში ბარში“? შესახედად სიმპათიური, მაგრამ დასაჯდომად ცოტა მოუხერხებელი სავარძლები, ძალიან ზრდილობიანი და ყურადღებიანი მენეჯერი, ენერგიული ქალბატონი, რომელიც წინ და უკან დაქრის ისედაც პატარა დარბაზში და ხან საბუღალტრო საკითხებს აგვარებს ბოლო ხმაზე, ხანაც სხვა პრობლემებს, აშკარად ნიჭიერი მზარეული, რომელიც ერთნაირად ოსტატურად ამზადებს როგორც იაპონურ, ასევე ჩინურ კერძებს, საჭმლის დიდი და გემრიელი პორციები და კარგი მომსახურება.
რა მომეწონა და რატომ მივალ კიდევ ბევრჯერ?
შეკვეთის წინ მადის გასაღვიძებლად მზარეულისგან საჩუქრად გამოგზავნილი ორი ლუკმა დაბრაწული ქათამი. პატარა, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტი. მით უმეტეს, რომ „შეფის კომპლიმენტი“ ზუსტად ორი ლუკმა უნდა იყოს. 4 საათის შემდეგ შემოთავაზებული  ბენტოს ლანჩბოქსების ეკონომიური მენიუ, მიუხედავად იმისა, რომ აქცია ოთხის ნახევარზე მთავრდება. სუშის ძალიან აკურატული და ბარაქიანი პორციები. სოიოს სიუსი მაგიდაზ ჩადგმით და არა გამოზომილი მოცულობით. უგემრიელესი ქათმის სეჩუანი - მერე რა, რომ იაპონურ სუში ბარში მხოლოდ ქართული სამომხმარებლო ბაზრის მუხანათობის წყალობით მოხვედრილი ჩინური კერძია. და კიდევ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ნებით, ხის ჩხირებთან ერთად მოტანილი დანა-ჩანგალი.

სამზარეულო « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « «
ფასები  ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, ბესიკის 4

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი...

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს...

ფოთის ჯარგვალი

აჭარაში ან გურიაში რომ ხარ და კაცმა არ იცის რატომ, მეგრული საჭმელი მოგენატრება, სად უნდა წახვიდე? რა თქმა უნდა - ფოთში. მერე შვებულების განმავლობაში ნაჭამ მეგრულ საჭმელს რა ფასი აქვს ბუნებაში, მეგრულ ოდაში, ფაცხაში ან ჯარგვალში, ხის ტაბლაზე და კერიასთან ახლოს თუ არ მიირთვი. ჰოდა, სწორედ ასეთი ადგილია ასწლოვან ევკალიპტებში საგულდაგულოდ შემალული „ჯარგვალი“ მალთაყვაში, ზედ ფოთის შესასვლელთან. ოღონდ, არის ერთი პატრა პრობლემა:  გეფიცებით, თუ არ იცი სადაა და თვალებგაფაციცებული თუ არ ზიხარ მანქანაში, გზიდან ასე 20 მეტრზე შეწეულ და გარემოს იდეალურად შეხამებულ ეზოს, შანსი არაა, ვერ მიაგნებ. და, შესახვევთან თუნდაც პაწაწინა მაჩვენებლის დაყენება აგერ უკვე მერამდენე წელია, არავის მოსდის აზრად. განსაკუთრებულად მონდომებულები ისედაც აგნებენ - გაგიკვირდებათ და საღამოსკენ შეიძლება ადგილიც არ დაგხვდეთ. ეჰ. ადრე ყველაფერი კარგი ქონდათ, ახლა კი: ელარჯი, შემწვარი წიწილა, მეგრულად შეკმაზული კიტრი-პამიდვრის სალათა და მეგრული სულგუნი საკმაოდ კარგად ინარჩუნებს უწინდელ ხარისხს. შარშან, შარშანწინ და იმ...