Skip to main content

„წყალწმინდა“ გურიაში

ბათუმის გზაზე თუ შემოგაღამდათ ან პირიქით, ძალიან ადრე მოგიწიათ ჩასვლა, ან დაღლილი ხართ და დაბინავება გეჩქარებათ, გზაზე სწრაფად და გემრიელად წასახემსებლად იდეალური ადგილია რესტორანი „წყალწმინდა“, ზედ ტრასაზე, სუფსის გადასახვევიდან ურეკამდე არმისული, მარჯვენა მხარეს. ზაფხულში ღია, მაგრამ მოჩრდილული ვერანდით და ზამთარში კარგად გაღუღუნებული პატარა კუპით.
აქ დილის ცხრა საათზეც კარგად გაჭმევენ, შუაღამითაც და ზამთარშიც, როცა ირგვლივ ყველაფერი დაკეტილია უსეზონობის გამო. რა დროსაც არ უნდა შეხვიდეთ, თავაზიანი და სოფლის ყაიდაზე ჯანსაღად ჩაკურატებული, სიმპატიური ქალბატონები მაშინვე მოწყდებიან რომელიმე არხის რომელიმე სერიალს და დაუზარლად და ღიმილით მოგემსახურებიან და თქვენი ყველა ახირების თუ კაპრიზის დაკმაყოფილებასაც შეეცდებიან შეძლებისდაგვარად - როგორც კი გაიგეს, რომ კრაჭუნა ჭყინტი ყველი მიყვარს, სასწრაფოდ დაჭრეს ახალი თავი. თანაც ზამთარში, კლიენტის სიმწირის დროს.
რა აქვთ კარგი? პირველ რიგში, იქვე, პალიასტომზე ახალდაჭერილი კეფალი, რომელსაც საგანგებოდ თქვენთვის შეაპიწკინებენ და ლიმონის ნაჭრით გაპრანჭულს მოგართმევენ სახლის ტყემალთან ერთად. საკუთარი ხელით დამწნილებული ხრაშუნა მწვანე პამიდორი და კიტრი. სოფლის ყაიდაზე დაჭრილი და კარგად შემწვანილებული კიტრი-პამიდვრის სურნელოვანი სალათა. კრაჭუნა ყველი, ახალგამომცხვარი მჭადები და ტრადიციული იმერული ხაჭაპური - ხან ნორმალური, ხან კიდევ უკეთესი.
და, არ დაგავიწყდეთ, ზღვის სანაპიროს სურნელის ბოლომდე გასასიგრძეგანებლად და  ყელის ჩასაკოკლოზინებლად, აუცილებლად გასინჯეთ ახლომახლო ბაღებში დაკრეფილი ხილისგან სახლში მოდუღებული ფეიხოას "შინაური" კომპოტი.

სამზარეულო  « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « «
ფასები  ₾ ₾

Comments

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი...

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს...

„ვეფხი და მოყმე“ - იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა

დაცდილი მაქვს, ოდესმე ვინმეზე რამე ცუდი დაუმსახურებლად თუ მითქვამს ან მიფიქრია, უკან დამბრუნებია... არ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სანაპიროზე, „ვეფხის და მოყმის“ ობელლისკის მოპირდაპირე მხარეს, გაგარინის აღმართზე, უტროტუარო, მისასვლელად მოუხერხებელ, მანქანის გასაჩერებლად მიუდგომელ და გაგანია საცობებით გადატვირთულ ადგილას ამაყად აღმართულ, არც მეტი არც ნაკლები, ოთხსართულიან რესტორანს, რომელიც შენობის თანამედროვე, ევროპული არქიტექტრურისთვის და კლასიკური ტიპისთვის სრულიად შეუფერებელ და აშკარად ადგილმდებარეობას მისადაგებულ სახელწოდებას - „ვეფხ და მოყმეს“ ატარებდა, იმდენი ვფიქრობდი: ღმერთო, რამდენი ზედმეტი ფული, უაზრო ამბიციები და ცოტა ტვინი უნდა გქონდეს, ასეთ შეუფერებელ ადგილას, რომ მოგების და ხეირის ნახვის იმედით, ამხელა რესტორანი ააშენო-მეთქი. ჰოდა, როგორც უკვე გითხარით, ჩემი უსამართლო ფიქრებისთვის მალევე დავისაჯე და განგების ნებით, ძველით ახალი წლის ღამეს, წინასწარ შეკვეთილ სუფრაზე „ვეფხისა და მოყმის“ ე.წ ვეროპულ დარბაზში ამოვყავი თავი. რა დამხვდა? სუფთა, ე...