11 Aug 2017

ბორჯომის ხეობის სახელგანთქმული „ნიავი“

ჩვენში მგზავრობა და მწვადი, მოგზაურობა და მწვადი, პიკნიკი და მწვადი, დასვენება და მწვადი, ქეიფი და მწვადი რომ სინონიმებია, ამაზე აღარავინ დავობს. ჰოდა, სად ვიპოვით ლამის საქართველოში საუკეთესო მწვადს ბორჯომის ხეობაში? სად და ბორჯომამდე არმისული, სოფელ ახალდაბის სუპერპოპულარულ და სუპერსახელგანთქმულ „ნიავში“.
მოდი, სამართლიანობის ხათრით ვაღიარებ, რომ ლამის საქართველოში საუკეთესო მწვადი „ნიავში“ 2-3 წლის წინ იყო, ახალგახსნილზე. სანამ ქართული ბაზრის ტრადიციის თანახმად, პოპულარობის ზრდასთან ერთად ხარისხს გააფუჭებდნენ. ახლა კი აწსახელმოხვეჭილი და მუდამ ხალხით სავსე „ნიავი“ მხოლოდ ბორჯომის ხეობაში საუკეთესო მწვადის ტიტულისთვის თუ შეძლებს ბრძოლას.
ერთი სიტყვით, სტრატეგიულად სწორ ადგილას გახსნილი „ნიავი“ მწვადის მოყვარულებს ზაფხულში მდინარეზე გადებული და ხეობის ნიავისგან კარგად განიავებადი ღია კუპეებით და ზამთარში საერთო დარბაზითა და დახურული, შეშის ღუმელით გაღუღუნებული კუპეებით იზიდავს.
ახლა, რატომ არის „ნიავის“ მწვადი ასე სახელგანთქმული? იმიტომ რომ იდეალურადაა დაბრაწული და სწორედ ზომიერი „დამწვრობა“ აძლევს განუმეორებელ გემოს. საქართველოში საუკეთესო კი იმიტომ აღარ არის, რომ ამ ბოლო დროს მწვადი აღარაა ცვრიანი და კრაწუნა ზედაპირს შიგნით ცოტა ზედმეტად მშრალია. არ ვიცი, ან ნაჭრებია ძალიან პატარა და შეწვის პროცესში ხორცი უცებ შრება, ან ხორცია განაყინი... მოკლედ, მწვადი უგემრიელესია, მაგრამ ხორცი არ არის როგორიც უნდა იყოს ისეთი რბილი. რაც შეეხება დანარჩენს, კარგია თონემში გამომცხვარი პური, მთის ცხიმიანი ყველი, ტყემალი, კიტრი და პამიდვრის სალათა... ხინკალი არ ვარგა (რა უნდა ბორჯომის ხეობაში ხინკალს?) და ხაჭაპურიც ვერაა მაინცდამაინც ყოჩაღი. კარგი ხაჭაპური თუ გნდათ, „ნიავს“ ცოტათი გაცდით ხაშურს მიმართულებით და „ფორიაში“ მიირთვით, სადაც  შეუდარებლად უკეთესი აქვთ. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ „ფორიაც“ და „ნიავიც“ ერთ კაცს ეკუთვნის, დიდ განსხვავებას მენიუში ვერ ნახავთ. პროდუქტები ერთია, მხოლოდ მზარეული ყავთ სხვადასხვა და შესაბამისად, ერთგან მწვადია კარგი, მეორეგან ხაჭაპური.
ახლა რაც შეეხება მომსახურებას „ნიავში“: ბარაქიანი პორციები საკმაოდ სწრაფად და ცოცხლად მოაქვთ, მაგრამ ქართულად უთავბოლოდ და ხშირად დაღლილობისგან ჩამოშვებული ცხვირით. მოგეხსენებათ, კლიენტები ბევრი ყავთ. თქვენს გვერდით მაგიდას საუკუნე არ ალაგებენ და უფრო მეტიც, შეიძლება თქვენი მაგიდის მეორე ბოლოც (გრძელი მაგიდები დგას) აულაგებელი დატოვონ სანამ თქვენ სადილობთ. ერთი სიტყვით, სანამ ახალი კლიენტი არ მოვა, ალაგებით თავს არ იწუხებენ. როგორც ჩანს „ნიავის“ პერსონალს დალაგება უყვარს და ალაგება -  არა. ასევე, თქვენს გვერდით მაგიდის ალაგების პროცესში შეიძლება დატკბეთ მიმტანების დიალოგით და დაწვრილებით მოისმინოთ რა „ტკბილი“ და „თბილი“ შეხედულება აქვთ კლიენტებზე. თან პერიოდულად თქვენსკენ აპარებენ თვალს და ეშმაკურად გიღიმიან, ნუ გეშინია, ეს შენ არ გეხებაო.
მაგრამ იცით რას გეტყვით? ბორჯომის ხეობის სიგრილე, მდინარეზე გადგმული მაგიდები და გრილი ნიავი ამ ყველაფერს შესანიშნავად იტანს. არც მიმტანების მოღუშული სიფათები გადარდებს და არც ირგვლივ მაგიდებზე დატოვებული ნაგავი. და თან შემწვარი ხორცის ისეთი გემრიელი სუნი დგას ირგვლივ, რომ იმ მომენტში, მერწმუნეთ, მწვადის გარდა არ არსებობს არაფერი.

სამზარეულო « « «
მომსახურებ  « «
კომფორტი  « « « «
ფასები    ₾  ₾


მისამართი: ბორომის ხეობა, სოფელი ახალდაბა

Reactions:

0 comments:

Post a comment