22 Aug 2017

რესტორანი „ზალა“

მიუხედავად იმისა, რომ პირველი რაც მაგონდება „ზალაზე“, ეს არის: „აქანა დავდგამ სტენკას“, თბილისურ „ზალაში“ არც სტენკა დაგხვდებათ და უფრო მეტიც, რამდენიმე პატარა ოთახად დაქსაქსული, თანამედროვე და კომფორტული ინტერიერი სულ არ გავს ჩუქურთმებით და ბროლის ჭაღებით დახუნძლულ უზარმაზარ საბანკეტო დარბაზს ანუ ე.წ. ზალას. აქ ყველაფერს ეტყობა სიყვარული და ზრუნვა: მზრუნველობა ეტყობა საგანგებოდ შერჩეულ ორიგინალურ შპალერს, მოხერხებულ სკამებს, კონკრეტულად „ზალისთვის“ შეკვეთით დამზადებულ და ხელით მოხატულ ჭურჭელს, იდეალური გემოს ძიებაში მრავალღამენათევ და ათასექსპერიმენტგამოვლილ კერძებს. და, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის სიმყუდროვე და სასიამოვნო გარემო, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მოდერნისტული სულიკვეთებით გაფორმებულ სრულიად არაზალურ „ზალაში“ გელით.
ერთი სიტყვით, ყანწების ტრიალი და „სამი დალიე შეგერგება“ თუ მოგწყინდათ, ხინკალი ყელში ამოგივიდათ და ევროპული სტილის კერძები მოგენატრათ ან უბრალოდ კარგად და გემრიელად ჭამა გინდათ კომფორტულ გარემოში, ვინმე განსაკუთრებულს გინდათ მოაწონოთ თავი და წაიმარიაჟოთ, ან სულაც მშვიდ ადგილას გინდათ ლეპტოპთან წამუშავება - მოდით „ზალაში“.
რა დაგხვდებათ „ზალაში“? ზალაბურგერი, ბულიონში ჩალაგებული თითოლუკმა ხინკლუჭები, სულგუნით სავსე ჭვიშტრები, იხვის კონფის სტილში დაბრაწული, გარედან ხრაშუნა და შიგნით ურბილესი ქათმის ბარკალი თბილ ბაჟეში ჩალაგებულ დაბრაწულ ელარჯთან ერთად. საფერავის სოუსმოსხმული საქონლის სუკი მოწალულ ხრამუნა სტაფილო-ბოლოკ-კარტოფილთან ერთდ. თაფლში და დარიჩინში შეპიწკინებული ბურვაკის ხორცი უგემრიელეს სეზონური ხილის სოუსთან ერთად და კიდევ ათასი გემრიელობა.
რა აქვთ საინტერესო? გემრიელი და უნაზესი საფერავის პანაკოტა, რომელიც გემრიელი კი არა დაუვიწყარი გახდებოდა, თავზე მზარეულის გულუხვი ხელით დაუშურებლად მოყრილი გატარებული ნიგოზი უმოწყალოდ რომ არ კლავდეს საფერავის არომატს. აი, ნიგოზს რომ არა ატარებდნენ, უბრალოდ რომ ჭრიდნენ, მერე კნაწაუნა კარამელში ავლებდნენ და სულ რამდენიმე ნატეხს აყრიდნენ პანაკოტას შავი ქლიასვის ჩირთან ერთად... საფერავის გემრიელი არომატი ხომ არომატად დარჩებოდა, გატარებულის და დაჭყლეტილის ნაცვლად მოხალული ნიგოზი ხომ აღარ დატოვებდა ნიგვზის ზეთის გემოს და კარამელიც ხომ საუკეთესოდ შეასრულებდა ხრაშუნა ელემენტის მოვალეობას...
რა არ მომეწონა? მუსიკა. საერთოდ ვერ ვხვდები რა საჭიროა ასეთ ადგილებში კლუბური, საცეკვაო მუსიკა, თანაც დღის საათებში სადილის დროს. წამოხტები და იცეკვებ? უფრო ენერგიულად შეჭამ? არ ვიცი... არ ვიცი...
უნდა მივიდეთ „ზალაში“? აუცილებლად. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რესტორნებსაც ეკუთვნით ადგილი ტრადიციული ქართული რესტორნების გვერდით. იმიტომ რომ 5-6 წლის წინ სანთლით უნდა გეძებნა თბილისში მსგავსი სამზარეულო. იმიტომ, რომ ამ სეგმენტს ძალიან უჭირს ადგილის დამკვიდრება ტრადიციული სახინკლეებისა და ხალტურა-თვალში ნაცრის შეყრაზე აგებული ვითომ ევოპული რესტირნების გვერდით. იმიტომ რომ „ზალა“ მართლა კარგია და იმიტომ რომ მის პატრონს მართლა უყვარს თავისი საქმე.  
და, კიდევ ერთი - ასეთი სამზარეულო, სამწუხაროდ, არაა იაფი .

სამზარეულო  « « « «
მომსახურება « « « «
კომფორტი « « « «
ფასები   ₾ ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, თ. ჭოველიძის 24

0 comments:

Post a Comment