კარგი და კარგად შესრულებული პოპულარული სიმღერები, ტრადიციული ირლანდიური პაბის კარგი იმიტაცია და შესაბამისი გარემო - აი, ასეთია “ ნალი ” ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების გასაყარზე. რითი განსხვავდება „ნალი“ თბილისის სხვა პაბებისგან? პირველ რიგში „ნალიბენდით“. რომელიც ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში რამდენიმე საღამო რეგულარულად უკრავს. „ნალიბენდი“ როცა არ არის, სხვა ჯგუფები ეცვლებიან ერთმანეთს. ასე, რომ ცოცხალი მუსიკა აქ ყოველ საღამოს გელით. კიდევ იმით, რომ უკვე ბევრზე ბევრი წელია სტაბილურად ერთნაირი კარგი ხარისხი უჭირავთ - თბილისური ტრადიციის მიხედვით, არ უმჯობესდებიან, მაგრამ უარესობაც არაა, რაც თავისთავად კარგი ფაქტია. ფასებიც დღევანდელი თბილისისთვის საკმაოდ კარგია - მისაღები. მომსახურებაც სწრაფი და ზომიერად ყურადღებიანია, პაბში რომ უნდა იყოს ზუსტად ისეთი. პუბლიკაც პაბისტური - ლუდის და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული კარგი ტიპები - მხიარული, ხმაურიანი და ალბათ ხვდებით, რომ აქ ყველა თუ არა, ყოველი მეორე მაინც ეწევა, ამიტომ ბუღიც ტრადიციულად პაბური დგას, მაგრამ მაღალი ჭერი შველის. ...